"სტალინმა მიტროპოლიტის გადაყენების ამბავი მშვიდად მოისმინა. ჩიბუხი ამოიღო, მოუკიდა" - ბელადი და უკრაინული ავტოკეფალიური ეკლესია
2018, 10 ოქტომბერი, 11:00
"სტალინმა მიტროპოლიტის გადაყენების ამბავი მშვიდად მოისმინა. ჩიბუხი ამოიღო, მოუკიდა" - ბელადი და უკრაინული ავტოკეფალიური ეკლესია
ხარკოვის საოლქო კომიტეტის მდივანი პაველ პოსტიშევი სტალინმა პირადად მიიღო. ხელი მაგრად ჩამოართვა, სავარძელზე მიუთითა. პოსტიშევი დაჯდა.
- თქვენთან სერიოზული საქმე მაქვს, - სტალინმა ჩიბუხს მოუკიდა.
პოსტიშევმა არაფერი უპასუხა. წელში გაიმართა, სახე დაეძაბა.
- უკრაინიდან ცუდი ამბები მოდის. ჩეკისტები გვატყობინებენ, რომ ანტისაბჭოთა განწყობილებები მასობრივი გახდა. ხალხი პეტლიუროველების დაბრუნებას ელისო, მართალია?
- პეტლიურა უკვე მოკლეს, - ყრუდ მიუგო პოსტიშევმა.
- მართალია, მაგრამ მის ადგილას ახლა სხვაა,
- სტალინმა თავი გააქნია, - საქმე პიროვნებაში როდია! უკრაინაში ანტისაბჭოთა განწყობილებები მასობრივია! რა მოვუხერხოთ ამას?
- უნდა მოისპოს სოციალური ბაზა, რომელიც ნაციონალიზმს ასაზრდოებს.
- და რა ბაზაა ეს?
- კულაკობა, ეროვნული ინტელიგენცია და, რასაკვირველია, უკრაინული ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია. იგი ნაციონალიზმის უმძლავრესი ციტადელია. ყველა საძაგლობა მისგან მოდის.
პოსტიშევი გაჩუმდა. სტალინმა
ასევე დაგაინტერესებთ
"დედა სტალინთან მოსამსახურედ მუშაობდა" - კრემლში დაბადებული ქალის საოცარი თავგადასავალი
"როგორ შეძლო უბრალო ხარაზის შვილმა ასეთ ზენიტში ასვლა?" - რატომ მიიჩნევენ ალბანელები სტალინს თავისად?
ნიკოლოზი თურმე სტალინსა და მის დედას კეკეს მკურნალობდა - რა ელის გაბაშვილების ულამაზეს, ისტორიულ სახლს?!
გაიღიმა და ჩიბუხი მაგიდაზე დადო.
როგორ აღმოჩნდა კიევის მიტროპოლია მოსკოვიაში
კიევის რუსეთმა ქრისტიანობა X საუკუნეში მიიღო. გავიდა ხანი. კიევის რუსეთი დაინგრა. იქ ჯერ თათარ-მონღოლები გაბატონდნენ, შემდეგ - პოლონელები. მოსახლეობის ნაწილი მოსკოვისკენ დაიძრა და ე.წ. მოსკოვის სათავადო შექმნა. მონღოლებს ხარკს აძლევდნენ, სამაგიეროდ, ისინი არ ერჩოდნენ. მოსკოვის სათავადოც ნელ-ნელა გაძლიერდა, შემდეგ მონღოლების ბატონობისგან გათავისუფლდა და მოსკოვის სამეფოდ გადაიქცა. მერე უკიდეგანო სივრცეები დაიპყრო და ძლიერ, დესპოტურ სახელმწიფოდ გადაიქცა.
კიევის სამთავროს ტერიტორიაზე მცხოვრებლებმა კი მონღოლებს პარტიზანული ომი გაუმართეს. სწორედ ამ დროს გაჩნდა ტერმინი კაზაკი. მონღოლურად ის ცხენიან კაცს ნიშნავს. ასე უწოდებდნენ ადგილობრივ პარტიზანებს, რომლებიც ცხენზე ამხედრებული, მოულოდნელად თავს ესხმოდნენ მონღოლებს და ასევე მოულოდნელად უჩინარდებოდნენ.
- კაზაკებს ჰქონდათ თავიანთი სტრუქტურა, იერარქია. ეს იყო თავისუფალი ადამიანების ლაშქარი, რომელიც ატამანებსაც თავად ირჩევდა და სხვა ხელმძღვანელებსაც, - წერს ისტორიკოსი მიხაილო გრუშევსკი.
მოსკოვის სათავადოს ტერიტორიაზე სრულიად ახალი ეთნოსი ჩამოყალიბდა, რუსებისა და თათრების ნაზავი. სახელმწიფო დესპოტურ ყაიდაზე იყო მოწყობილი. მეფე თვითმპყრობელი გახლდათ და აბსოლუტური ძალაუფლება ჰქონდა.
კიევის სამთავროს ტერიტორიაზე კი სამხედრო დემოკრატია დაინერგა, შესაბამისი მენტალიტეტით, ფასეულობებით, ცხოვრების წესით. იგი მოსკოვურისგან დიამეტრალურად განსხვავდებოდა.
- სწორედ კაზაკურ იდეალებსა და სამხედრო დემოკრატიაზე დაფუძნებით შეიქმნა უკრაინელი ერი, - წერს გრუშევსკი.
მონღოლების შემდეგ ახალი დამპყრობელი, რეჩ პოსპოლიტა მოვიდა, პოლონეთის სამეფოსა და ლიტვის დიდი სათავადოს ფედერაცია. კაზაკები მათაც შეებრძოლნენ. პოლონეთის მეფე სტეფან ბატორი მიხვდა, რომ კაზაკებთან ომი ქვეყანას დააზარალებდა. ამიტომ მან კაზაკებს ფართო ავტონომია უბოძა, გადასცა იარაღი, დაუკანონა მიწები. კაზაკებიც თათრების წინააღმდეგ პოლონელთა მოკავშირენი გახდნენ.
კაზაკებსა და რეჩ პოსპოლიტას შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ფედერაციამ კაზაკთა ავტონომიის შეზღუდვა და კათოლიციზმის ძალად გავრცელება დაიწყო (1596 წლის ბრესტის უნია). ამას კაზაკთა აჯანყებები მოჰყვა. იდეოლოგიურად მათ კიევის მიტროპოლია ასაზრდოებდა, რომელიც, არსებითად, დამოუკიდებელ სტრუქტურად გადაიქცა.
- კიევის სამთავროს დანგრევის შემდეგ, პატრიარქი ამ ქალაქში უკვე აღარ იჯდა. მოსკოვის სამეფო გაძლიერდა და საკუთარ თავზე ბიზანტიის ან მესამე რომის ფუნქციები აიღო. მოსკოვის პატრიარქი თავს ყველა მართლმადიდებლის პატრონს უწოდებდა. მიუხედავად ამისა, კიევის მიტროპოლიტი მას არ ემორჩილებოდა, - წერს გრუშევსკი.
კაზაკთა აჯანყებები (ნალივაიკოს, ტრიასილოს, ლობოდას მეთაურობით) რეჩ პოსპოლიტამ სისხლში ჩაახშო. ამან კაზაკებსა და პოლონელთა შორის მტრობა გააღვივა. 1648 წელს იფეთქა მძლავრმა აჯანყებამ, რომელიც დნეპრის ორივე ნაპირს მოედო. მას სათავეში ბოგდან ხმელნიცკი ედგა. შექმნილი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ხმელნიცკი იძულებული გახდა, წასულიყო პერიასლავლის შეთანხმებაზე (1654), რომლის ძალითაც კაზაკებმა რუსეთის მეფის ქვეშევრდომობა აღიარეს. მიუხედავად ამისა, უკვე პირველ ხანებში თავი იჩინა რიგმა ექსცესებმა. ცხადი გახდა, რომ კაზაკებისთვის მიუღებელი იყო ის წესები, რაც მოსკოვის სამეფოში იყო გაბატონებული. მოსკოველი ხელმწიფე კი ცდილობდა, კაზაკებისთვის ეს ძალად თავს მოეხვია.
- პერეიასლავლის რადის (ზაპოროჟიელი კაზაკების შეკრება ჰეტმან ბოგდან ხმელნიცკის მეთაურობით) დროს მოსკოვის სამეფო ვითარებას იმგვარად აღიქვამდა, რომ კაზაკებს რუსეთის მეფის ქვეშევრდომობა სურდათ. ამიტომაც მეფე ალექსეი მიხაილოვიჩი ცდილობდა, კაზაკური ავტონომია შეეზღუდა, ხოლო კიევის მიტროპოლიტი კი რუსეთის საპატრიარქოსთვის დაემორჩილებინა. კაზაკები ამან აღაშფოთა. კვლავ დაიწყო აჯანყებები, - წერს რუსი ისტორიკოსი ნიკოლაი კარამზინი.
ბოგდან ხმელნიცკიმ მოსკოვისგან მალულად კავშირი დაამყარა შვედეთსა და ტრანსილვანიასთან. ის რუსეთისგან ჩამოცილებასა და დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას აპირებდა. ყველაფერი ხმელნიცკის მოულოდნელმა სიკვდილმა ჩაშალა. კაზაკთა შორის ძალაუფლებისთვის ომი დაიწყო. მასში გარეშე ძალები - პოლონელები, რუსები, ოსმალები და შვედები ჩაერივნენ.
- ეს პერიოდი ისტორიაში (1657-1687) "რუინას" ანუ ნგრევის სახელწოდებით არის შესული, - წერს მიხაილო გრუშევსკი.
1667 წელს რუსეთსა და რეჩ პოსპოლიტას შორის ზავი დაიდო, რითაც რუსეთ-პოლონეთის ომის ცხელი ფაზა დასრულდა. უკრაინის ტერიტორია შუაზე გაიყო. დნეპრის მარცხენა ნაპირი ქალაქ კიევით რუსებს ერგო, მარჯვენა ნაპირი - პოლონეთს. ბუნებრივია, ეს უკრაინისთვის კატასტროფა იყო. კაზაკების წინამძღოლმა პეტრო დოროშენკომაც გადაწყვიტა, კვლავ გაეერთიანებინა დნეპრის ორივე ნაწილი და დახმარებისთვის თურქეთს მიმართა. მიუხედავად სულთნის მიერ გამოგზავნილი მაშველი ჯარისა, ამ ცდას წარმატება არ მოჰყოლია.
ასევე წარუმატებელი გამოდგა ჰეტმან ივან მაზეპას მცდელობაც, ჩამოშორებოდა რუსეთს და დამოუკიდებელი სახელმწიფო შეექმნა. მიზანს ვერ მიაღწია ვერც ჰაიდამაკურმა მოძრაობამ, რომლის პიკიც ლეგენდარული კოლიივშჩინა იყო, 1768 წლის აჯანყება რეჩ პოსპოლიტას წინააღმდეგ. ამის მერე რუსეთმა უკვე დნეპრის მარჯვენა სანაპიროს ტერიტორიაც დაიპყრო. შემდეგ კი პოლონეთის ჯერი დადგა.
რუსეთმა უკრაინის კაზაკობა მოსპო და რუსული ბატონყმობა დანერგა. იმპერატრიცა ეკატერინამ ყველა ნაყოფიერი მიწა ან თავის ფავორიტებს (პოტიომკინი), ან კაზაკთა გარუსებულ წინამძღოლებს (როზუმოვსკები, გალაგანები, სკოროპადსკები, ლიზოგუბები) დაურიგა. კიევის მიტროპოლიტი მთლიანად მოსკოვის პატრიარქს დაუმორჩილეს. ვინც დამოუკიდებელი ეკლესიის შექმნაზე საუბარს დაიწყებდა, უსასტიკესად ისჯებოდა.
გავიდა წლები. მასობრივი რუსიფიკატორული პოლიტიკის მიუხედავად, უკრაინაში დამოუკიდებლობის იდეის აღმოფხვრა ვერ მოხერხდა. სასულიერო პირებში კი მრავლად იყო ისეთი, ვინც უკრაინული ავტოკეფალიური ეკლესიის შექმნაზე ოცნებობდა.
ავტოკეფალიური ეკლესიის შექმნა
1917 წელს ცარიზმი დაემხო. კიევში შეიქმნა ცენტრალური რადა, რომელმაც რუსეთის საზღვრებში უკრაინის ავტონომია გამოაცხადა. დაიწყო ეროვნული აღორძინების პროცესი.
ცენტრალურ რადაში უმრავლესობას სოციალისტი რევოლუციონერები (ესერები), სოციალ-დემოკრატები და სოციალ-ფედერალისტები შეადგენდნენ. ეს უკრაინელი ინტელიგენტები, თავისი არსით, ათეისტები და პაციფისტები იყვნენ. ამან დიდად შეაფერხა ეროვნული აღორძინების პროცესი, უწინარეს ყოვლისა, ეს არმიას შეეხება.
რადის თავმჯდომარე, უკრაინელი ისტორიკოსი მიხაილო გრუშევსკი, მტკიცე პაციფისტი იყო. მას მიაჩნდა, რომ უკრაინას არმია არ სჭირდებოდა და სიმონ პეტლიურას მიერ შეგროვებული პოლკები დაშალა. გრუშევსკის მხარს უჭერდა ცენტრალური რადის გენერალური მდივანი, უკრაინელი მწერალი ვოლოდიმირ ვინიჩენკო. ორივენი, გრუშევსკიცა და ვინიჩენკოც, ათეისტები იყვნენ. უკრაინული ავტოკეფალიური ეკლესიის აღდგენასაც ზედმეტად მიიჩნევდნენ.
- ამიტომ 1917-1918 წლებში უკრაინის ავტოკეფალიური მართლმადიდებლური ეკლესია ვერ აღდგა, თუმცა მღვდლების ერთი ნაწილი საამისოდ მზად იყო. ისინი ცენტრალურ რადას მხარს უჭერდნენ და უკრაინულ ეროვნულ მოძრაობაშიც აქტიურად ჩაებნენ, - წერს პროფესორი ვლადიმირ სერგიიჩუკი, უკრაინელი ისტორიკოსი, მწერალი და პოლიტიკოსი.
ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ რუსეთის ხელისუფლებაში ბოლშევიკები მოვიდნენ. ლენინმა უკრაინაში ჯარი შეიყვანა. დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი. შემდეგ მოვიდნენ გერმანელები, რომლებმაც უკრაინაში ჰეტმან სკოროპადსკის მარიონეტული რეჟიმი დაამყარეს.
1918 წლის დეკემბერში აჯანყებულებმა სიმონ პეტლიურას (1877-1926) მეთაურობით კიევი აიღეს. უკრაინის სახალხო რესპუბლიკა აღდგა. 1919 წლის 22 იანვარს საზეიმოდ გამოცხადდა დასავლეთი და აღმოსავლეთი უკრაინის ერთიან, დამოუკიდებელ დემოკრატიულ სახელმწიფოდ გაერთიანება.
- ეს მოვლენები ისტორიაში პირველი უკრაინული რევოლუციის სახელით შევიდა, - წერს სერგიიჩუკი.
1918 წლის რევოლუცია ეროვნულ-დემოკრატიული რევოლუცია გახლდათ. პატრიოტულმა სამღვდელოებამ მასში აქტიური მონაწილეობა მიიღო. ახლა თვით სოციალისტებსა და რევოლუციონერებს აღარ შეეძლოთ ავტოკეფალიის უგულებელყოფა. 1919 წელს კიევში უკრაინის ავტოკეფალიური მართლმადიდებლური ეკლესიის შექმნა გამოცხადდა.
ლენინის კომპრომისი
რუსეთ-უკრაინის ომი სასტიკი და სისხლიანი გამოდგა. ის 1922 წლამდე გაგრძელდა. ლენინი იძულებული გახდა, უკრაინასთან დაკავშირებით უდიდეს კომპრომისზე წასულიყო.
საბჭოთა კავშირის შექმნის იდეა ჯერ კიდევ 1918 წელს წარმოიშვა. ბოლშევიკური პარტიის ზედაფენაში ცხარე დისკუსია მიმდინარეობდა, რის საფუძველზე უნდა შექმნილიყო ე.წ. სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი. იოსებ სტალინს, რომელიც იმხანად სახელმწიფო კონტროლის სახალხო კომისარიატს ხელმძღვანელობდა, მიაჩნდა, რომ სსრკ არა ეროვნული, არამედ სამეურნეო ნიშნით უნდა შექმნილიყო.
მაგალითად, შეიქმნებოდა დონეცკ-კრივოი როგის რესპუბლიკა, შავი ზღვისპირეთის რესპუბლიკა, მებამბეთა რესპუბლიკა და სხვ.
- თუკი საბჭოთა კავშირს ეროვნული ნიშნის მიხედვით შევქმნით, ამით სახელმწიფოს ნაღმს დავუყენებთ, რომელიც ადრე თუ გვიან აფეთქდება, - ამბობდა სტალინი.
ლენინი ამას ეთანხმებოდა, თუმცა შემდგომმა მოვლენებმა აიძულა თავდაპირველი შეხედულებების შეცვლა. უკრაინაში, ამიერკავკასიაში, შუა აზიაში ისეთი ძლიერი ეროვნული ტალღა აზვირთდა, რომ უგულებელყოფა აღარ შეიძლებოდა. ლენინი ამ მოძრაობას სოციალისტური რესპუბლიკების შექმნით დაუპირისპირდა, ანუ შეიქმნა უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, აგრეთვე ბელორუსიის, ამიერკავკასიის, რომელშიც შედიოდა საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკები, თურქესტანის ავტონომიური რესპუბლიკა (იმხანად რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში). შემდგომში შეიქმნა ბუხარისა და ხივის სახალხო რესპუბლიკები.
ბოლშევიკები იძულებულნი გახდნენ, უდიდეს კომპრომისებზე წასულიყვნენ. ისინი დათანხმდნენ ეროვნულ სუვერენიტეტებს, ცხადია, საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის შემადგენლობაში.
ე.წ. უკრაინიზაციაც ასეთი კომპრომისი გახლდათ. ლენინმა მწვანე შუქი აუნთო უკრაინულ უნივერსიტეტს, სკოლებს, თეატრებს. მოიხსნა ყოველგვარი შეზღუდვა უკრაინული წიგნებისა და ჟურნალების გამოცემაზე. შეიქმნა უკრაინული კინემატოგრაფი. ლენინი დათანხმდა უკრაინის ავტოკეფალიური მართლმადიდებლური ეკლესიის ლეგალიზაციას. ამას ბოლშევიკური პარტიის ცენტრალურ კომიტეტში ბევრი ოპონენტი გამოუჩნდა.
- უკრაინული ავტოკეფალიური მართლმადიდებლური ეკლესია არაკანონიკური წარმონაქმნია. ეს ერთი! მეორე, ეს არის კონტრრევოლუციის ბუდე, რომელიც პეტლიურას აქტიურად უჭერდა მხარს! - ამტკიცებდნენ ლევ ტროცკი, გრიგორი ზინოვიევი, ლევ კამენევი.
სტალინი ამ დისკუსიაში იმხანად უკვე არ მონაწილეობდა. ის განზე გადგა და მოვლენებს ფხიზლად აკვირდებოდა.
- ახლა ამ ეკლესიის ლეგალიზაცია აუცილებელია. სხვაგვარად უკრაინელი გლეხი თოფს არ გააგდებს, - თქვა ლენინმა.
ბელადმა თავისი გაიტანა. უკრაინის ავტოკეფალიურმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ლეგალური სტატუსი მიიღო.
პირველი შეტევები უკრაინული ეკლესიის წინააღმდეგ
უკრაინული ავტოკეფალიური მართლმადიდებლური ეკლესია სწრაფად ძლიერდებოდა. მალე მან მოქმედება განავრცო მთელი უკრაინის, აგრეთვე ყუბანის ტერიტორიაზეც (იმხანად ყუბანი უკრაინის სსრ-ის შემადგენლობაში შედიოდა). უკრაინული ავტოკეფალიური ეკლესია გამოჩნდება ჩრდილეთ კავკასიაში, შორეულ აღმოსავლეთში, ყველგან, სადაც უკრაინელები ცხოვრობდნენ.
ავტოკეფალიური ეკლესიის გაძლიერებაში უდიდესი როლი ითამაშა მიტროპოლიტმა ვასილი ლიპკივსკიმ (1864-1937). ის იყო მტკიცე უკრაინელი პატრიოტი, რომელიც ეროვნულ მოძრაობაში ჯერ კიდევ ცარიზმის დროს ჩაება. ლიპკივსკი 1917-1922 წლების მოვლენების დროს აკურთხებდა დროშებს და ყოველმხრივ მხარში ედგა უკრაინელ ჯარისკაცებს, რომლებიც დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ.
1922 წელს რუსეთ-უკრაინის ომი დასრულდა, უკრაინის დიდი ნაწილი საბჭოთა რუსეთმა დაიპყრო. ვოლინი და გალიჩინა პოლონეთმა მიიტაცა, იმიერკარპატისპირეთი - ჩეხოსლოვაკიამ, ბუკოვინა - რუმინეთმა.
- პეტლიურამ ლიპკივსკის ემიგაციაში წასვლა შესთავაზა. მიტროპილიტმა უარი უთხრა, მე უკრაინაში უნდა დავრჩე და ჩემს ერს უნდა მივხედოო, - წერს სერგიიჩუკი.
ახალი უკრაინული ეკლესიის განმტკიცება ბოლშევიკური ხელისუფლების პირობებში ხდებოდა. 1922 წლამდე უკრაინაში წითელი ტერორი მძვინვარებდა. შემდეგ ეს შეჩერდა, ნეპ-ის (ახალი ეკონომიკური პოლიტიკა) წყალობით გლეხმა მიწა მიიღო და პარტიზანულ ბრძოლას თავი მიანება. უკრაინული ავტოკეფალიური ეკლესია გახლდათ ერთადერთი არაბოლშევიკური, ლეგალური, პატრიოტული ორგანიზაცია. ბოლშევიკებმა მას ომი პირველი დღეებიდანვე გამოუცხადეს.
1921 წელს დაიწყო მასშტაბური ოპერაცია "ტრესტი". საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, როგორ განხორციელდა ეს სპეცოპერაცია რუსი მონარქისტებისა და სავინკოველების წინააღმდეგ. "ტრესტის" ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი გახლდათ ოპერაცია "სინდიკატი-4", რის წყალობითაც ჩეკისტებმა სსრკ-ში შემოიტყუეს და შეიპყრეს პეტლიურას უახლოესი თანამებრძოლი გენერალ-ხორუნჟი (წოდება სხვადასხვა დროის უკრაინულ და პოლონურ არმიებში) იურკო ტიუტიუნიკი. იდგა 1923 წელი.
- ლენინი უკვე ავად იყო. ძერჟინსკიმ ტიუტიუნიკის შეპყრობის შესახებ სტალინს მოახსენა, - წერს უკრაინელი პოლიტიკური მოღვაწე, ისტორიკოსი და ჟურნალისტი პეტრო მირჩუკი.
სტალინი ჩაფიქრდა. იქნებ შესაძლებელი იყოს ამ ფაქტის უკრაინული ავტოკეფალიური ეკლესიის წინააღმდეგ გამოყენება. რასაკვირველია, მთლიანად ეკლესიის დარბევა ადრეა, მაგრამ შესაძლებელია მიტროპოლიტ ლიპკივსკის განეიტრალება. მას სტალინი ავტოკეფალიური ეკლესიის იერარქებიდან ყველაზე საშიშ პიროვნებად მიიჩნევდა.
- ტიუტიუნიკს მიტროპოლიტ ლიპკივსკისთან რამე კავშირი აქვს? - იკითხა სტალინმა.
- არა, - ძერჟინსკიმ ამოიოხრა.
- შეისწავლეთ ეს საკითხი. იქნებ ასეთი კავშირი აღმოჩნდეს, - სტალინი საუბრის დასრულების ნიშნად წამოდგა.
* * *
ჩეკისტებს კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. ტიუტიუნიკმა გულახდილი ჩვენება მისცა. ის დათანხმდა, დაეგმო პეტლიუროველთა მოძრაობა და საბჭოთა ხელისუფლებასთან ეთანამშრომლა. სამაგიეროდ, კატეგორიული უარი თქვა მიტროპოლიტ ლიპკივსკის წინააღმდეგ რამე ჩვენების მიცემაზე.
- ის არავითარი არალეგალური ორგანიზაციის წევრი არ ყოფილა, - მტკიცედ განაცხადა ყოფილმა ატამანმა.
სტალინის მდგომარეობა ჯერ მტკიცე არ იყო. უკრაინაშიც ბოლშევიკები თავს მტკიცედ ვერ გრძნობდნენ. ამიტომ გადაწყდა - დაე, ტიუტიუნიკმა საჯაროდ მოინანიოს და საბჭოთა ხელისუფლება აღიაროს, ამ ეტაპზე ეს საკმარისია. ლიპკივსკის წინააღმდეგ ოპერაცია კი სხვა დროს განხორციელდება.
- ასე დასრულდა ბოლშევიკების პირველი შეტევა უკრაინულ ავტოკეფალიურ ეკლესიაზე, - წერს სერგიიჩუკი. გაგარძელება
https://www.kvirispalitra.ge/istoriani/4700...ri-eklesia.html * * *
სტალინი და უკრაინული ავტოკეფალიური ეკლესია
პირველი რეპრესიები
იურკო ტიუტიუნიკი გაათავისუფლეს. მალე მან გამოაქვეყნა წიგნი, სადაც პეტლიუროველთა მოძრაობა სასტიკად გააკრიტიკა და საბჭოთა ხელისუფლება აღიარა. ამის შემდეგ ტიუტიუნიკი სცენარისტი და კინომსახიობი გახდა. ფილმში "პკპ" (П.К.П. - Пилсудский Купил Петлюру) მან საკუთარი თავი განასახიერა. მოგვიანებით მწერალ მაიკ იოჰანსენთან ერთად დაწერა სცენარი ფილმისა "ზვენიგორა", რომლის რეჟისორიც ალექსანდრ დოვჟენკო გახდა.
მიტროპოლიტი ვასილი ლიპკივსკი მოღვაწეობას განაგრძობდა, საბჭოთა ხელისუფლებას ის ყელში ძვალივით ეჩხირებოდა. მიტროპოლიტი გამოცდილი კაცი იყო და ხვდებოდა, რომ
ბოლშევიკები მის წინააღმდეგ დარტყმას ამზადებდნენ. ამიტომაც ხელისუფლებას წერილით მიმართა. ლიპკივსკი წერდა, რომ უკრაინის ავტოკეფალიური მართლმადიდებლური ეკლესია სავსებით აპოლიტიკური ორგანიზაციაა და შესაბამისად, პოლიტიკურ მოვლენებში არ ერევა.
- ყველა ხელისუფლება ღვთისგანაა, - წერს ლიპკივსკი, - ჩვენც ის უნდა მივიღოთ და მასზე ვილოცოთ. მიეც კეისარს კეისრისა, ასე გვასწავლის უფალი.
მიუხედავად ამისა, მალე ლიპკივსკი დააპატიმრეს. ამან მთელ უკრაინაში უდიდესი აღშფოთება გამოიწვია. საბჭოთა ხელისუფლებაც იძულებული გახდა, მიტროპოლიტი გაეთავისუფლებინა. ამის შემდეგ ბოლშევიკები უფრო ფრთხილად მოქმედებდნენ.
- სტალინმა უშიშროების ორგანოების წინაშე მოკლე, ნათელი ამოცანა დასახა: უკრაინის ავტოკეფალიური მართლმადიდებლური ეკლესია უნდა განადგურდეს. პირველი ნაბიჯი საამისოდ მიტროპოლიტ ლიპკივსკის თანამდებობიდან ჩამოშორება უნდა ყოფილიყო, - წერს პროფესორი ვლადიმირ სერგიიჩუკი, უკრაინელი ისტორიკოსი, მწერალი და პოლიტიკოსი..
ჩეკისტები სტალინის ბრძანების შესასრულებლად ამოქმედდნენ. უკრაინის ავტოკეფალიურ მართლმადიდებლურ ეკლესიაში მალე ოპოზიცია შეიქმნა. მათ მიტროპოლიტ ლიპკივსკის გადაყენება მოითხოვეს. მიტროპოლიტს აგრძნობინეს, რომ ეს თავად სტალინის მოთხოვნა იყო.
- თუ გაჯიუტდები, ცუდი დღე დაგადგება!
- რაკი ასეა, არ გადავდგები, - მიუგო ლიპკივსკიმ.
რამდენიმე დღის შემდეგ მიტროპოლიტი დააპატიმრეს. ამან კვლავ უკუეფექტი მოახდინა. უკრაინაში მასობრივი საპროტესტო ტალღა აზვირთდა. ხელისუფლება კვლავაც იძულებული გახდა, ლიპკივსკი გაეთავისუფლებინა.
მალე გპუ-ს (სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველო) ახალმა შეფმა ვიაჩესლავ მენჟინსკიმ სტალინს მოახსენა:
- კიევში დაბრუნებულ ლიპკივსკის მეფური დახვედრა მოუწყვეს. უკრაინის ავტოკეფალიური ეკლესიის გავლენა გაიზარდა.
- ცუდია, - ჩუმად წარმოთქვა სტალინმა, - ძალიან ცუდი.
მენჟინსკიმ არაფერი უპასუხა, მხოლოდ თავი დახარა.
"გადაყენება" ბოლშევიკურად
ჩეკისტები გულდასმით ამზადებდნენ შემდგომ დარტყმას. 1927 წელს საეკლესიო კრება მოიწვიეს, რომელსაც მიტროპოლიტი ლიპკივსკი თანამდებობიდან უნდა გადაეყენებინა.
მიტროპოლიტი ჯიუტობდა. მას იმდენად დიდი ავტორიტეტი ჰქონდა, რომ ე.წ. ოპოზიციამ ვერაფერი მოუხერხა. მაშინ შენობაში, სადაც კრება მიმდინარეობდა, შეიარაღებული ჩეკისტები შეიჭრნენ.
- ან ლიპკივსკის გადააყენებთ, ან აქედან ცოცხალი ვერც ერთი ვერ გახვალთ!
ამან გაჭრა. ლიპკივსკი გადააყენეს.
სტალინმა მიტროპოლიტის გადაყენების ამბავი მშვიდად მოისმინა. ჩიბუხი ამოიღო, მოუკიდა.
- ახლა გადამწყვეტი დარტყმის დრო დადგა! - ჩუმად წარმოთქვა მან.
- აჩქარება არ არის საჭირო. ყველაფერი სუფთად უნდა გაკეთდეს, გასაგებია?
ჩეკისტებმაც დაიწყეს სამზადისი უკრაინის ეკლესიის საბოლოო განადგურებისთვის.
გაუტეხელი ტიუტიუნიკი
1929 წელს საბჭოთა კავშირში კოლექტივიზაცია და ინდუსტრიალიზაცია დაიწყო. მათი განუყოფელი თანმხლები იყო მასობრივი რეპრესიები. სწორედ მაშინ დადგა უკრაინული ავტოკეფალიური მართლმადიდებლური ეკლესიის განადგურების დროც.
- დაგეგმილი იყო მესაკუთრე გლეხების, ან როგორც ბოლშევიკები უწოდებდნენ, კულაკების მოსპობა. უკრაინული ავტოკეფალიური ეკლესიის მრევლს ძირითადად სწორედ ეს გლეხები წარმოადგენდნენ. შესაბამისად, ჩვენი ეკლესიაც უნდა მოსპობილიყო, - წერს სერგიიჩუკი.
სტალინური სქემა მარტივი იყო: უკრაინაში აღმოაჩენენ ე.წ. იატაკქვეშა ორგანიზაცია "უკრაინის განთავისუფლების კავშირს". მის ხელმძღვანელებს შორის იქნებიან როგორც უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლები, ასევე ავტოკეფალიური ეკლესიის იერარქებიც. ეს საუკეთესო საბაბი იქნება ამ ეკლესიის გასანადგურებლად, რადგან მათი აზრით, ეკლესიას, რომელიც ანტისაბჭოთა შეთქმულებებს აწყობს, არსებობის უფლება არ აქვს.
ამგვარი პროვოკაციისთვის იურკო ტიუტიუნიკი ზედგამოჭრილი ფიგურა გახლდათ. ყოფილი პეტლიუროველი ატამანი არ შეიძლებოდა, შეთქმულებთან დაკავშირებული არ ყოფილიყო. ტიუტიუნიკის პატრიოტული საქმიანობა წარსულს ჩაჰბარდა, საბჭოთა კავშირში დაბრუნების შემდეგ ის ლოიალურ საბჭოთა მოქალაქედ გადაიქცა, წერდა წიგნებს, კინოსცენარებს, თამაშობდა ფილმებში, კითხულობდა ლექციებს წითელი ზემდეგების სკოლაში, მაგრამ ჩეკისტებისთვის ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. ისინი ამბობდნენ, რომ ყოფილი პეტლიუროველი თვალთმაქცობს, ის ლოიალური საბჭოთა მოქალაქის ნიღაბს ამოეფარა, რათა ანტისაბჭოთა შეთქმულებები მოაწყოს.
ტიუტიუნიკი დააპატიმრეს, ხარკოვიდან მოსკოვში გადაიყვანეს. გამომძიებელმა ლავრენტი ჯანჯღავამ პირდაპირ განუცხადა: იტყვი, რომ იატაკქვეშა კონტრრევოლუციური ორგანიზაცია შექმენი, საბჭოთა უკრაინისგან ჩამოშორება და ბურჟუაზიული დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა სურდა.
- თუკი ამას იტყვი, ერთ წელიწადს მოგისჯიან, შემდეგ ამნისტიით გამოხვალ. გელის დაწინაურება, პრემიები.
- და ვინ უნდა დამხმარებოდა ამაში? - ტიუტიუნიკი ოდნავ წინ წამოიწია.
- უკრაინის მეცნიერებათა აკადემიისა და ავტოკეფალიური ეკლესიის იერარქები! ეკლესიაში თქვენ ხომ იარაღის საწყობები გქონდათ!
- ეგ ტყუილია!
- მაგას არ აქვს მნიშვნელობა! თუკი ამას იტყვი, ხელისუფლება დაგიფასებს. არა? შენს თავს დააბრალე, რაც მოგივა!
ტიუტიუნიკმა უარი განაცხადა. სტალინის პირადი ბრძანებით იგი აწამეს.
- ამბობენ, რომ გაუტეხელი ადამიანები არ არსებობენ. არიან კარგი ან ცუდი გამომძიებლები. კარგი გაგტეხს, ცუდი ვერა! თუმცა არსებობენ გამონაკლისები, ვისი გატეხვაც შეუძლებელია, - წერს ცნობილი მწერალი და გრუ-ს ყოფილი ოფიცერი ვიქტორ სუვოროვი.
იურკო ტიუტიუნიკი ამ ერთ პროცენტს განეკუთვნებოდა. ის წამებისას შემოაკვდათ, მაგრამ ვერ გატეხეს. როცა სტალინს ამის შესახებ მოახსენეს, დიქტატორი ჩაფიქრდა.
- სამწუხაროა, რომ ეს კაცი ვერ გადმოვიბირეთ.
მალე საბჭოთა გაზეთებში დაიბეჭდა ცნობა, რომ პეტლიურას არმიის ყოფილი გენერალი იურკო ტიუტიუნიკი ჯაშუშობაში ამხილეს და სასამართლომ მას დახვრეტა მიუსაჯა.
ავტოკეფალიური ეკლესიის
განადგურება
ტიუტიუნიკის სიკვდილმა სტალინი ვერ შეაჩერა. მალე დააპატიმრეს უკრაინული ავტოკეფალიური ეკლესიის წინამძღვრები, უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი სერგეი ეფრემოვი, აკადემიკოსები ვლადიმირ დურდუკოვსკი, ლიუდმილა სტარიცკაია-ჩერნიახოვსკაია, იოსიფ გერმაიზე, ვსევოლოდ განცოვი და სხვები. მალე ხარკოვის გაზეთმა "ვისტიმ" სენსაციური ცნობა დაბეჭდა:
- მხილებულია მსხვილი იატაკქვეშა ორგანიზაცია "უკრაინის განთავისუფლების კავშირი" (СВУ). მისი ცენტრი უკრაინის მეცნიერებათა აკადემიასა და უკრაინის ავტოკეფალიურ მართლმადიდებლურ ეკლესიაში იმყოფებოდა.
სენსაციური ინფორმაცია მოსკოვურმა "იზვესტიამაც" გადმობეჭდა.
ე.წ. უკრაინის განთავისუფლების კავშირის პროცესი ხარკოვის თეატრში (1930). 15 ადამიანს მიუსაჯეს დახვრეტა, 192-ს დაპატიმრება, 87 უკრაინიდან გაასახლესფოტო: ე.წ. უკრაინის განთავისუფლების კავშირის პროცესი ხარკოვის თეატრში (1930). 15 ადამიანს მიუსაჯეს დახვრეტა, 192-ს დაპატიმრება, 87 უკრაინიდან გაასახლეს
fb
- მხილებულია მსხვილი ანტისაბჭოთა შეთქმულება. მას უკრაინის ავტოკეფალიური ეკლესიისა და მეცნიერებათა აკადემიის იერარქები აწყობდნენ, - წერდა ცნობილი საბჭოთა პუბლიცისტი მიხაილ კოლცოვი.
- ნიღბები ჩამოხსნილია! არ არსებობს არავითარი უკრაინის მეცნიერებათა აკადემია! არ არსებობს არავითარი უკრაინული ეკლესია! არის კონტრრევოლუციური ორგანიზაცია, რომელიც მეცნიერებისა და რელიგიის ნიღაბსაა ამოფარებული! ესენი მკვლელები, ჯაშუშები და ტერორისტები არიან! - წერდა "იზვესტია".
უკრაინაში მასობრივი დაპატიმრებები დაიწყო. იჭერდნენ ავტოკეფალიური ეკლესიის მღვდლებს, აკადემიკოსებს, მწერლებს, პოეტებს. გისოსებს მიღმა ცნობილი პოეტი მაქსიმ რილსკიც აღმოჩნდა. მართალია, პოეტი მალე გაათავისუფლეს, მაგრამ ამის შემდეგ მან სტალინზე ლექსების წერა დაიწყო და ჩვეულებრივ საბჭოთა ტრუბადურად გადაიქცა.
უკრაინის ავტოკეფალიური ეკლესიის მღვდლები ცრემლმორეული კითხულობდნენ, რა დავაშავეთ, კი, ბატონო, შესაძლოა ჩვენს რიგებში პეტლიუროველები შემოიპარნენ, მაგრამ რა შუაშია მთლიანად ეკლესიაო?!
უკრაინის ცენტრალური კომიტეტის მდივანი პანას ლიუბჩენკომ მათ უპასუხა:
- გინდათ გადარჩეთ? მაშინ ავტოკეფალიაზე უარი განაცხადეთ!
- რაო?
- უკრაინის ავტოკეფალიურმა ეკლესიამ არსებობა უნდა შეწყვიტოს! ეს ამხანაგ სტალინის მოთხოვნაა! რეპრესიები მხოლოდ ამ შემთხვევაში შეწყდება!
განაჩენის გამოცხადებისასფოტო: განაჩენის გამოცხადებისას
fb
* * *
1930 წელს, 9 მარტიდან 9 აპრილამდე, ხარკოვის ოპერის თეატრში ე.წ. უკრაინის გათავისუფლების კავშირის პროცესი მოეწყო. განსასჯელთა სკამზე ისხდნენ აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი სერგეი ეფრემოვი, აკადემიკოსები ნიკოვსკი, გერმაიზე, სტარიცკაია-ჩერნიახოვსკაია, მწერალი მიხაილ ივჩენკო, უკრაინის ავტოკეფალიური მართლმადიდებლური ეკლესიის იერარქები.
იურკო ტიუტიუნიკი გამონაკლისი იყო. უკრაინელმა მღვდლებმა და აკადემიკოსებმა წამებას ვერ გაუძლეს. სერგეი ეფრემოვმა საჯაროდ განაცხადა: დიახ, ვაწყობდით შეთქმულებას, რათა უკრაინა საბჭოთა კავშირიდან მოგვეწყვიტაო.
დასასრული ნახეთ ბმულზე
https://www.kvirispalitra.ge/istoriani/4703...ri-eklesia.html This post has been edited by kardinali on 11 Oct 2018, 23:10