„ევროპული საქართველოს" წევრის, სერგი კაპანაძის შეფასებით, სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილს ურჩიეს, რომ ფარცხალაძეზე თუ იქნება ბრალი წაყენებული, ხალხი ამას გადაყლაპავს და იფიქრებს, რომ ფარცხალაძის მსგავსი ადამიანების დაკავება დაიწყეს.
ასე ეხმაურება კაპანაძე ყოფილი მთავარი პროკურორისთვის, ოთარ ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენას.
„გადაწყვეტილება, რომ ფარცხალაძეს ბრალი წარედგინოს, ჰგავს ბარტყის გადაგდების პოლიტიკას

ივანიშვილის მხრიდან. იმდენად შეაშფოთა არაფორმალური მმართველი არჩევნების შედეგებმა, რომ ახლა ცდილობს შექმნას ილუზია, თითქოს რაღაც პრობლემების გამოსწორებას იწყებს. როგორც ჩანს, ასე ურჩიეს, რომ ფარცხალაძეზე თუ იქნება ბრალი წაყენებული, ხალხი ამას გადაყლაპავს და იფიქრებს, რომ ფარცხალაძის მსგავსი ადამიანების დაკავება დაიწყეს. ამ დროს წელიწადზე მეტია ეს საქმე თაროზეა შემოდებული და ფარცხალაძეს ამის გარდა ბევრი რამ აქვს გაფუჭებული, რაც ყველამ კარგად ვნახეთ. ამიტომ, ეს არის ილუზიის შექმნის მცდელობა მოსახლეობაში, რომ რაღაც პრობლემების გამოსწორება იწყება", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს სასამართლომ 5 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. ინფორმაციას ოთარ ფარცხალაძის ადვოკატი ავრცელებს. სასამართლოში პროცესი ისე გაიმართა, რომ მედიისთვის ცნობილი არ იყო.
ამასთან, ადვოკატის თქმით, ფარცხალაძე წარდგენილ ბრალში თავს უდანაშაულოდ ცნობს.
ცნობისთვის, ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენის საქმეზე მთავარ პროკურატურაში განცხადება დღეს გაკეთდება. ფარცხალაძეს ბრალი ყოფილი მთავარი აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემის საქმეზე წარედგინა.