konti
bruno konti

    
ჯგუფი: Members
წერილები: 4902
წევრი No.: 21847
რეგისტრ.: 20-July 06
|
#55118652 · 16 Aug 2019, 15:50 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გთავაზობთ, ალბერტ აინშტაინის მიერ, ცნობილი ამერიკელი პოლიტ-ეკონომისტის, მონოპოლიური კაპიტალიზმის თეორიის ავტორის, პოლ სვეზის თხოვნით, ყოველთვიური მიმოხილვის ჟურნალის პირველი ნომრისთვის დაწერილ სტატიას, სადაც განმარტებულია საკმაოდ თვალნათლივ სოციალიზმის უპირატესობები და პერსპექტივები, ასევე მისი გარდაუვალობა. - „ღირს ისაუბროს სოციალიზმზე იმ ადამიანმა, რომელიც ეკონომიკური და სოციალური საკითხების სპეციალისტი არ არის? მრავალი მიზეზის გამო ვფიქრობ, რომ შეიძლება. მოდით განვიხილოთ ეს საკითხი სამეცნიერო თვალსაზრისით. შეიძლება ჩანდეს, რომ არ არსებობს მნიშვნელოვანი მეთოდოლოგიური განსხვავება ასტრონომიასა და ეკონომიკას შორის. მეცნიერები ცდილობენ გარკვეული მოვლენების ფარგლებში მეცნიერებებს შორის აღმოაჩინონ საერთო კვანძები, რათა რაც შეიძლება ნათლად გაარკვიონ მათ შორის კავშირი, თუმცა მეთოდოლოგიური განსხვავება მათ შორის დიდია. ეკონომიკის სფეროში ზოგადი კანონების აღმოჩენა ფერხდება იმ გარემოებით, რომ ეკონომიკურ მოვლენებზე ზემოქმედებს მრავალი ფაქტორი და თითოეული მათგანის ინდივიდუალური შეფასება ძალიან რთულია. ამასთან, ცნობილია, რომ გამოცდილება რომელიც კაცობრიობის ისტორიის ეგრეთწოდებული ცივილიზებული პერიოდის დასაწყისიდან გროვდებოდა მნიშვნელოვანწილად შეზღუდული იყო არა ეკონომიკური მიზეზებით. მაგალითად, ყველაზე დიდი სახელმწიფოების წარმოშობა-განვითარებას განაპირობებდა მათი დამპყრობლური არსი. დამპყობელი ერები იურიდიულად და ეკონომიკური ასპექტით, დაპყრობილი ქვეყნის მიმართ დამკვიდრდნენ, როგორც მმართველი კლასი. ისინი იქმნიდნენ საკუთარ სამართალს მონოპოლიური მიწის საკუთრების კუთხით და ირჩევდნენ მმართველებს, მხოლოდ თავიანთი რიგებიდან. ამ მმართველებმა, რომელთა ხელში იყო განათლების კონტროლი, უზრუნველყვეს საზოგადოების მუდმივი კლასობრივი დაყოფა და შექმნეს ფასეულობათა სისტემა, რომლითაც ადამიანები ხელმძღვანელობდნენ თავიანთი საზოგადოებრივი ქმედებებისას, უმეტესწილად გაუთვითცნობიერებლად. ეს ისტორიული ტრადიცია დღესაც ძალაშია. ვერსად ვერ დავძლიეთ ის, რასაც ტორზენ ვებლენი უწოდებს "მტაცებლურ ფაზას" ადამიანთა განვითარებაში. არსებული ეკონომიკური ფაქტორები ამ „მტაცებლურ ფაზას“ მიეკუთვნება, და კანონები, რომელთა გამოყოფა შესაძლებელია ამ ფაქტორებიდან, სხვა ფაზებთან მიმართებით შეუთავსებელია. რადგან ზუსტად სოციალიზმის მიზანი არის ადამიანის განვითარების აღნიშნული „მტაცებლური ფაზის“ გადალახვა საზოგადოების უფრო უმაღლესი მდგომარეობისთვის, ეკონომიკური მეცნიერება მისი ახლანდელი ფორმით ახერხებს ახსნას მომავლის სოციალისტური საზოგადოების მახასიათებლები. მეორემხრივ, სოციალიზმი ორიენტირებულია აბსოლუტურად სოციალ-ეთიკური მიზნისკენ. მეცნიერებისთვის შეუძლებელია მიზნების შექმნა, თუნდაც განავითაროს იგი ადამიანში. უკეთეს შემთხვევაში, მეცნიერებას შეუძლია განსაზღვრული მიზნის მისაღწევი საშუალება მოძებნოს სოციუმში. თავად მიზნები წარმოიქმნება ადამიანებში მაღალი ეთიკური იდეალებით და თუ ეს მიზნები არაა მკვდრადშობილი და სიცოცხლისუნარიანია, მათი მიღება და ხორცშესხმა ხდება იმ მასების მიერ, რომლებიც ფაქტიურად გაუაზრებლად განაპირობებენ საზოგადოების ნელ ევოლუციას. აი, რატომაა აუცილებელი სიფრთხილის გამოჩენა ჩვენს მიერ, რათა მეცნიერებისა და მეცნიერული მეთოდების მნიშვნელობა ზედმეტად არ წარმოვაჩინოთ, როცა საქმე ადამიანურ პრობლემებს ეხება. არ არის აუცილებლობა ვიგულისხმოთ, რომ მხოლოდ ექსპერტებს აქვთ უფლება განსაჯონ ის საკითხები, რომლებიც გავლენას ახდენს საზოგადოების ორგანიზებაზე. რაღაც პერიოდის მანძილზე მრავალი ირწმუნება, რომ ადამიანთა საზოგადოება კრიზისულ მდგომარეობაშია და დაკარგა სტაბილურობა. ასეთი ვითარებისთვის დამახასიათებელია, რომ ადამიანები განიცდიან გულგრილობას ან თუნდაც მტრობას, იმ დიდი თუ პატარა ჯგუფების მიმართ, რომელთა რიცხვს მიეკუთვნებიან. მაგალითისთვის, ერთი შემთხვევა მინდა გაგიზიაროთ ჩემი პირადი გამოცდილებიდან. ამას წინათ განვიხილე ახალი ომის საშიშროება, ერთ ჭკვიან და კეთილგანწყობილ ადამიანთან. ჩემის აზრით, სერიოზული საფრთხე იქმნება კაცობრიობის არსებობისთვის. მე შევნიშნე, რომ მხოლოდ ზენაციონალურ ორგანიზაციას შეუძლება ასეთი საშიშროებისაგან დაგვიცვას. აღნიშნულზე ჩემმა თანამოსაუბრემ მშვიდად და ცივად მითხრა: "ასე რატომ ეწინააღმდეგებით კაცობრიობის გაუჩინარებას?". დარწმუნებული ვარ, რომ საუკუნის წინ არავის შეეძლო ასეთი განცხადების გაკეთება ასე მარტივად. ასეთი რამ თქვა ადამიანმა, რომელიც წარუმატებლად ცდილობდა საკუთარ თავში რაღაც სახის დაბალანსებული წონასწორობის შექმნას და წარმატების იმედი საბოლოოდ დაკარგა. ეს არის მტანჯველი მარტოობის და იზოლაციის გამოხატულება, რაც დღეს უამრავ ადამიანს აწუხებს. რა არის ამის მიზეზი? არსებობს გამოსავალი? ამგვარი კითხვების დასმა ადვილია, მაგრამ ძნელია გარკვეული დარწმუნებით უპასუხო მათ. მიუხედავად ამისა, მე უნდა ვეცადო მათზე პასუხის გაცემა, რამდენადაც შესაძლებელია, თუმცა კარგად ვიცი, რომ ჩვენი გრძნობები და მისწრაფებები ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო და გაუგებარია და მათი ახსნა მარტივი ფორმულებით ვერ მოხერხდება. ადამიანი არის, როგორც მარტოხელა ინდივიდი, ისე სოციალური არსება. როგორც ინდივიდი, იგი ცდილობს დაიცვას თავისი არსებობა და მისთვის უახლოესი ადამიანები, დააკმაყოფილოს სურვილები და განავითაროს თანდაყოლილი შესაძლებლობები, ხოლო როგორც სოციალური არსება, ის ეძებს სხვა ადამიანების მხრიდან აღიარებასა და სიყვარულს, სურს გააზიაროს მათი სიამოვნება და გაუწიოს მათ თანაგრძნობა მწუხარებაში და გააუმჯობესოს მათი ცხოვრების პირობები. სწორედ, ასეთი სხვადასხვა სახის, ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო მისწრაფებები წარმოაჩენს ადამიანის ხასიათის განსაკუთრებულ განსხვავებულობას, ხოლო მათი კონკრეტული კომბინაცია განსაზღვრავს, როგორც შინაგანი წონასწორობის ხარისხს, რომლის მიღწევაც ადამიანს შეუძლია, ასევე მისი შესაძლო წვლილის ხარისხს მთელი საზოგადოების კეთილდღეობაზე. არ არის გამორიცხული, რომ ამ ორი მოტივაციის თანაფარდობა ძირითადად გადაიცემა მემკვიდრეობით. პიროვნების ჩამოყალიბება, საბოლოო ჯამში ხორციელდება გარემოში, რომელშიც ადამიანი ვითარდება, საზოგადოების სტრუქტურით, რომელშიც ის იზრდება, მისი ტრადიციებითა და შეფასებებით, რომელსაც საზოგადოება იძლევა, ამა თუ იმ სახის ქმედებებზე. ცალკეული ადამიანისთვის, "საზოგადოების" აბსტრაქტული კონცეფცია ნიშნავს მის პირდაპირ და არაპირდაპირ ურთიერთობათა ჯამს, თავის თანამედროვეებთან და წინა თაობებთან. ადამიანს შეუძლია მოისაზროს, შეიგრძნოს, ისურვოს და იმუშაოს, მაგრამ მისი ფიზიკური, გონებრივი და ემოციური არსებობის პირობებში ის იმდენად არის დამოკიდებული საზოგადოებაზე, რომ საზოგადოების გარეშე, საზოგადოების მიღმა, არც ადამიანზე ფიქრი და არც მისი გაგებაა შესაძლებელი. საზოგადოებაა, რომელიც ადამიანს უზრუნველყოფს საკვებით, ტანსაცმლით, საცხოვრებელი სახლით, ხელსაწყოებით, ენით, აზროვნების ფორმებით და მისი შინაარსით. მისი ცხოვრება შესაძლებელი გახდა წარსულში და აწმყოში მრავალი მილიონი ადამიანის შრომისა და მიღწევების წყალობით, რომლებიც იმალება ამ პატარა სიტყვაში - „საზოგადოება“. ამრიგად, ცხადია, რომ საზოგადოების წევრთა და სოციალურ ჯგუფთა დამოკიდებულება საზოგადოებაზე ბუნებრივი ფაქტია, რომლის შეცვლაც შეუძლებელია, როგორც ფუტკრებისა და ჭიანჭველების შემთხვევაში. თუმცა, ჭიანჭველების და ფუტკრების ცხოვრების პროცესები კონტროლდება მცირე დეტალებამდეც კი, მათი მკაცრი მემკვიდრეობითი ინსტინქტებით. ადამიანთა ურთიერთობებისა და ქმედებების ტიპები მნიშვნელოვნად განსხვავებულია და ექვემდებარება ცვლილებებს. მახსოვრობისა და ახალი კომბინაციების შექმნის შესაძლებლობის, სიტყვიერი კომუნიკაციის უნარმა განაპირობა კაცობრიობის ისეთი შესაძლებლობები, რომლებიც ბიოლოგიური აუცილებლობით არ არის ნაკარნახევი. ისინი გამოხატულია ტრადიციებში, საჯარო დაწესებულებებში და ორგანიზაციებში, ლიტერატურაში, სამეცნიერო და საინჟინრო მიღწევებში, ხელოვნების ნიმუშებში და ა.შ. ეს განმარტავს, თუ როგორ შეუძლია ადამიანს გარკვეულწილად გავლენა მოახდინოს მის ცხოვრებაზე თავისი ქცევით, და რომ ამ პროცესში მონაწილეობს ადამიანის ქვეცნობიერი აზროვნება და სურვილი. დაბადებისთანავე ადამიანი მემკვიდრეობით იღებს გარკვეულ უცვლელად ფიქსირებულ ბიოლოგიურ კონსტიტუციას, რომელიც მოიცავს ადამიანის არსში თანდაყოლილ ბუნებრივ იმპულსებს. ამასთანავე, ადამიანი თავისი ცხოვრების მანძილზე განსაზღვრულ კულტურულ კონსტიტუციას იძენს, რომელსაც იგი იღებს საზოგადოებიდან ურთიერთობებისა და სხვადასხვა გავლენის სახეობებიდან გამომდინარე, რომლებიც საზოგადოებაში არის ასიმილირებული კომუნიკაციისა და გავლენის მრავალი სხვადასხვა გზებით. სწორედ ეს კულტურული კონსტიტუცია იცვლება დროსა და სივრცეში და განსაზღვრავს ადამიანსა და საზოგადოებას შორის ურთიერთობებს. ეგრეთწოდებულ პრიმიტიულ კულტურათა შედარებითი სწავლების დახმარებით თანამედროვე ანთროპოლოგია გვასწავლის, რომ ადამიანების სოციალური ქცევა შეიძლება მაღალი ხარისხით განსხვავდებოდეს და დამოკიდებული იყოს ორგანიზაციის კულტურულ მოდელზე და ტიპზე, რომელიც დომინირებს მოცემულ სოციალურ ჯგუფში. სწორედ ამაზეა დაფუძნებული, იმ ადამიანების მიზნები, რომლებიც ადამიანთა გაუსაძლისი ყოფის გაუმჯობესებას ცდილობენ. თავიანთი ბიოლოგიური კონსტიტუციით ადამიანები არ არიან განწირულნი ურთიერთგანადგურების ან თავიანთი მიზეზით წარმოშობილი სასტიკი და გარდაუვალი ბედის წყალობით. თუ საკუთარ თავს ვკითხავთ, როგორ უნდა შეიცვალოს საზოგადოების სტრუქტურა და მისი კულტურა, რომ ადამიანის ცხოვრება გახდეს ყველაზე ოპტიმალური, მუდმივად უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობს გარკვეული პირობები, რომელთა შეცვლაც არ შეგვიძლია. როგორც ზემოთ აღინიშნა, შეუძლებელია ადამიანის ბიოლოგიური ბუნება პრაქტიკული მიზნებისათვის შეიცვალოს. უფრო მეტიც, ბოლო რამდენიმე საუკუნის ტექნოლოგიურმა და დემოგრაფიულმა პროცესებმა შექმნეს პირობები, რომლებიც ასევე უცვლელია. მოსახლეობის მაღალი კონცენტრაციის პირობებში მათი განვითარება დამოკიდებულია საქონლის წარმოებაზე, აუცილებელი შრომის დანაწევრების განსაკუთრებულ ხარისხზე და წარმოების უაღრესად ცენტრალიზებული აპარატზე. დრო, როდესაც ინდივიდები ან შედარებით მცირე ჯგუფები იმყოფებოდნენ სრული თვითკმარობის პირობებში, რაც წარსულში გადახედვისას იდილიურად მოსჩანს, სამუდამოდ გაიარა და გაქრა. არ იქნება დიდი გაზვიადება იმის თქმა, რომ ამჟამად კაცობრიობა ერთი პლანეტარული საზოგადოებაა ზოგადად წარმოებისა და მოხმარების თვალსაზრისით. ახლა მე შემიძლია, მოკლედ გადმოვცე ჩემი მოსაზრება თანამდეროვე კრიზისის არსის შესახებ. საუბარია ადამიანის საზოგადოებასთან ურთიერთობაზე. როგორც არასდროს, ადამიანმა იცის საკუთარი დამოკიდებულება საზოგადოებაზე, მაგრამ ის ამ დამოკიდებულებას გრძნობს და აღიქვამს, არა როგორც დადებითს, არა როგორც ორგანულ კავშირს, არა როგორც მის მფარველ ძალას, არამედ, როგორც საფრთხეს მისი უფლებების შეზღუდვასთან ან თუნდაც მისი ეკონომიკური არსებობის შეზღუდვასთან მიმართებაში. უფრო მეტიც, მისი პოზიცია საზოგადოებაში ისეთია, რომ მისი ეგოისტური მისწრაფებები მუდმივად აქცენტირებულია ზრდისკენ, იმ დროს როცა სოციალური მდგომარეობის, ცვლილებების არსის ბუნებრივი გაგება მასში, სულ უფრო სუსტდება. ყველა ადამიანი, რა ადგილიც არ უნდა ეკავოს საზოგადოებაში, განიცდის დეგრადაციის აღნიშნულ პროცესს, რომელსაც ფსიქოლოგიური დატვირთვაც ახლავს თან. ისინი თავიანთი ეგოცენტრული განწყობის გაუთვითცნობიერებელი პატიმრებია და გამოსავალის არასრებობის განცდის პარალელურად, განიცდიან მუდმივი საშიშროების გრძნობას, გრძნობენ განმარტოებას საზოგადოებიდან. თუმცა, ადამიანი, თუ საზოგადოებას სრულად დაუთმობს საკუთარ თავს, შეუძლია იპოვნოს საკუთარი მნიშვნელობა და ადგილი ცხოვრებაში, რაც არ უნდა მოკლე და საშიშროებით სავსე არ უნდა იყოს იგი. სწორედ კაპიტალისტური საზოგადოების ეკონომიკური ანარქიაა ჩემი აზრით, აღნიშნული ბოროტების ნამდვილი წყარო, იმ ფორმით, რომელშიც ის დღეს არსებობს. ჩვენ ვხედავთ მწარმოებლებს, მათგან წარმოებულ კომერსანტებს, რომლებიც დაუღალავად ცდილობენ სულ უფრო და უფრო წაართვან ერთმანეთს კოლექტიური შრომის ნაყოფი და ამას აკეთებენ უმეტესწილად დადგენილი კანონის წესებით. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, რომ საწარმოო საშუალებები, ანუ სამომხმარებლო საქონლის წარმოებისთვის აუცილებელი ყველა საწარმოო შესაძლებლობა, ისევე როგორც ყველა ახალი ინვესტიცია, შეიძლება ლეგიტიმური იყოს და უმეტესწილად წარმოადგენდეს კერძო პირების საკუთრებას. სიმარტივისთვის, მე "მუშებს" ვუწოდებ ყველას, ვინც არ წარმოადგენს საწარმოო საშუალებების მფლობელებს, თუმცა ეს არ არის ამ ტერმინის ჩვეულებრივი გამოყენება. საწარმოო საშუალებების მფლობელს აქვს შესაძლებლობა შეიძინოს მუშახელის შრომითი ძალა. აღნიშნული მუშა საწარმოო საშუალებების გამოყენებით აწარმოებს ახალ პროდუქციას, რომელიც კაპიტალისტის საკუთრება ხდება. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროცესში მდგომარეობს ურთიერთშეფარდებაში, თუ რას აწარმოებს და რამდენს უხდიან მუშას, თუ პროდუქციას და სამუშაოსაც გავზომავთ მათი ფაქტიური ღირებულებების მიხედვით. იმის გამო, რომ შრომითი ხელშეკრულება ძირითადად "უფასოა", ის, რასაც მშრომელი იღებს ხელფასის სახით, განისაზღვრება არა მისი პროდუქციის რეალური საწარმოო ღირებულებით, არამედ მუშის მინიმალური მოთხოვნილებებითა და კაპიტალისტისთვის კონკრეტული მუშახელის საჭიროების კრიტერიუმსა და იმ მუშათა რაოდენობის თანაფარდობიდან გამომდინარე, რომლებიც კონკურენციას უწევენ ერთმანეთს სამუშაოსთვის. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, თუნდაც თეორიულად, რომ მუშაკის ხელფასი არ არის განსაზღვრული მის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულებით. კერძო კაპიტალს ახასიათებს რამდენიმე ადამიანის ხელში კონცენტრირების ტენდენცია. ეს ნაწილობრივ გამოწვეულია კაპიტალისტებს შორის კონკურენციით, ნაწილობრივ იმის გამო, რომ ტექნოლოგიური განვითარება და შრომის ეფექტურობის გაღრმავება ხელს უწყობს მცირე ზომის საწარმოო ერთეულების ხარჯზე უფრო დიდი საწარმოო ერთეულების ჩამოყალიბებას. ამ პროცესების შედეგად ჩნდება კაპიტალისტური ოლიგარქია, რომლის მონსტრულ ძალას ეფექტურად ვერ ზღუდავს დემოკრატიულად ორგანიზებული საზოგადოება. ეს იმიტომ ხდება, რომ საკანონმდებლო ორგანოს წევრები აირჩევა პოლიტიკურ პარტიებისაგან, ხოლო მათზე გარკვეულწილად გავლენას ახდენენ ძირითადად კერძო კაპიტალისტები, რომლებიც აფინანსებენ მათ. აქედან გამომდინარე, კერძო კაპიტალისტები ამომრჩეველსა და საკანონმდებლო სფეროს შორის დომინირებენ. შედეგად, სახალხო წარმომადგენლები არასაკმარისად იცავენ მოსახლეობის არაპრივილეგირებული ნაწილის ინტერესებს. უფრო მეტიც, არსებული პირობების გათვალისწინებით, კერძო კაპიტალისტები მთლიანად აკონტროლებენ ინფორმაციის მთავარ წყაროებს (პრესა, რადიო, განათლება), პირდაპირი ან არაპირდაპირი მეთოდებით. ამრიგად, ცალკეული მოქალაქისათვის ძალზე რთულია და, უმეტეს შემთხვევაში, თითქმის შეუძლებელია ობიექტური დასკვნამდე მისვლა და პოლიტიკური უფლებების გონივრულად გამოყენების შესაძლებლობა. ეკონომიკაში გაბატონებული მდგომარეობა, რომელიც მიღწეულია კაპიტალისტური პირადი საკუთრების საფუძვლით, ხასიათდება ორი ძირითადი პრინციპით: პირველი. საწარმოო საშუალებები (კაპიტალი) არის კერძო საკუთრება და მეპატრონეები განკარგავს მათ საკუთარი შეხედულებისამებრ; მეორე. შრომითი ხელშეკრულება უფასოა. რა თქმა უნდა, ამ გაგებით, ე.წ. სუფთა კაპიტალიზმი არ არსებობს. კერძოდ, უნდა აღინიშნოს, რომ ხანგრძლივი და სასტიკი პოლიტიკური ბრძოლების შედეგად, მუშებმა მიაღწიეს გარკვეულწილად გაუმჯობესებული "შრომითი ხელშეკრულების" გაფორმებას, გარკვეული კატეგორიის მუშათათვის, თუმცა, საერთო ჯამში, დღევანდელი პოლიტეკონომიკა დიდად არ განსხვავდება აღნიშნული ე.წ. "სუფთა" კაპიტალიზმისგან. უნდა აღინიშნოს, რომ წარმოება ხორციელდება მოგების მიზნით და არა ზოგადი კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად და არ არსებობს გარანტია, რომ ყველას, ვისაც სურს და შეუძლია იმუშაოს, აუცილებლად შეძლებს სამუშაოს პოვნა, რადგან პარალელურად თითქმის ყოველთვის არის უმუშევართა არმია და დასაქმებულ მუშას მუდმივად ეშინია სამსახურის დაკარგვის. იმის გამო, რომ უმუშევარი და დაბალანაზღაურებადი მუშები ვერ ქმნიან მომგებიან ბაზარს, სამომხმარებლო საქონლის წარმოება რაოდენობებში შეზღუდულია, რაც სერიოზულ სირთულეებს იწვევს. ტექნოლოგიური წინსვლა ხშირად იწვევს მაღალ უმუშევრობას, ვიდრე შრომითი ტვირთის ხვედრითი წილის შემცირება-შემსუბუქებას. კაპიტალისტებს შორის შეუზღუდავ კონკურენციასთან ერთად, მოგებისკენ მიმართული ორიენტაცია, მოგების სურვილი, არის კაპიტალის დაგროვებისა და გამოყენება-განაწილების არასტაბილურობის მიზეზი, რაც იწვევს მძიმე ფსიქოლოგიურ დეპრესიას. შეუზღუდავი კონკურენცია იწვევს შრომის გაუარესებას და, ამრიგად, პიროვნების სოციალურ ცნობიერებას ამცირებს. პიროვნებების ამგვარი დეგრადაცია კაპიტალიზმის უდიდეს ბოროტებად მიმაჩნია. მთელი ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა განიცდის ამ ბოროტებას. კონკურენციის სურვილი ჩვენს სტუდენტებშიც ვლინდება. კარიერის მიღწევის პროცესში, მათ ასწავლიან თაყვანი სცენ წარმატებას. დარწმუნებული ვარ, რომ არსებობს მხოლოდ ერთი გზა, რათა დასრულდეს ყველა ეს ბოროტება, სოციალისტური ეკონომიკის შექმნით, მისი შესაბამისი განათლების სისტემით, რომელიც მიზნად ისახავს სოციალურ მიღწევებს. ასეთ ეკონომიკაში, საზოგადოება თავად ფლობს საწარმოო საშუალებებს და განკარგავს მათ დაგეგმილი ეკონომიკური საფუძვლების მიხედვით. ეკონომიკის დაგეგმარება ადაპტაციას უწევს საწარმოო პროდუქციას საზოგადოებრივი საჭიროებების გათვალისწინებით, ანაწილებს სამუშაოს ძალებსა და საწარმოო შესაძლებლობებს ერთმანეთს შორის და უზრუნველყოფს მშვიდი, სრულყოფილი ცხოვრების გარანტიას თითოეული ადამიანისთვის. იმის ნაცვლად, რომ განადიდებდეთ ძალაუფლებასა და წარმატებას, ისევე როგორც დღევანდელ საზოგადოებაში, განათლება, გარდა პიროვნული შესაძლებლობების განვითარებისა, მიმართული იქნება სხვა ადამიანების მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებისთვისაც. ამასთან, უნდა გვახსოვდეს, რომ ეკონომიკის დაგეგმარება ჯერ კიდევ არ არის სოციალიზმი. ეკონომიკის დაგეგმარებას შესაძლოა, თან ახლდეს ადამიანის სრული დამონება. სოციალიზმის მიღწევა მოითხოვს ზოგიერთი ძალიან რთული სოციალურ-პოლიტიკური პრობლემების მოგვარებას, მაგალითად: როგორ გავითვალისწინოთ პოლიტიკური და ეკონომიკური ხელისუფლების ცენტრალიზებული სისტემიზაცია, რომ ბიუროკრატია არ გადაიქცეს მთელი ხელისუფლების მქონე ძალად. როგორ დავიცვათ ადამიანთა ინდივიდუალური უფლებები და ამავე დროს ბიუროკრატიის ძალაუფლების ზრდის საწინააღმდეგო გარანტიები გავზარდოთ. სოციალიზმის მიზნები და პრობლემები მარტივი არ არის, ხოლო მათი გაგების სიცხადეს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენს გარდამავალ პერიოდში.“ შეიძლება, ალბერტ აინშტაინის სტატიას დაემატოს გარკვეული მოსაზრებები. კერძოდ, ის რომ თანამედროვე პოლიტეკონომიკური მდგომარეობა ურთიერთსაწინააღმდეგო დინებებით, აბსოლუტური ეკონომიკური დამპყრობლური პოლიტიკით, რომელიც ამერიკული გლობალიზმითაა ცნობილი, იმპერიალიზმის კრიზისის ენდშპილის გათვალისწინებით, მრავალმხრივი სუბიექტური და ობიექტური მიზეზებით, განსხვავებულ დინამიკაში მიმდინარეობს. მსოფლიო ოლიგარქიული მმართველობა ეძებს ახალ გზებს, რათა თავი დააღწიოს ფორმაციის მოსალოდნელ ცვლილებებს. ცდილობს მსოფლიოში ერთპიროვნული მმართველობის მიღწევას ახალი გლობალური წესრიგით. ამ მიზნის მისაღწევად, მიმართავს ნებისმიერ ქმედებას საწინააღმდეგო ფუნდამენტალური კანონზომიერებების, როგორიცაა მსოფლიოში არსებული ერების კულტურული მემდკვიდრეობა, რელიგიური რწმენა და ა.შ. მოსპობა-დეგრადაციის მიზნით. მსოფლიო იმპერიალიზმი მხოლოდ ამ გზაში ხედავს ახალი ეკონომიკური სივრცეების შექმნის შესაძლებლობას, რათა კვლავ იბატონოს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ დიალექტიკური მატერიალიზმი შესულია მკაცრი ქმედების ფაზაში, სადაც სუბიექტივიზმი მარცხდება ობიექტურობასთან და ფორმაციის ცვლილება გარდაუვალი ხდება. ამავე დროს, ყველა ცდილობს ახალი ტექნოლოგიების განვითარებას არ ჩამორჩეს პოტენციური ენერგორესურსების ჩაგდების მიზნით, იმ დროს როცა ახალი ტექნოლოგიების განვითარებაც ფორმაციის ცვლილებებზე ასხამს წყალს.
|