საქართველოს ახალი კონსტიტუცია ამოქმედდა
კონსტიტუცია
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუციასა და ბიბლიაზე ფიცი დადო. ეს ნიშნავს, რომ დღეიდან ქვეყანაში ახალი კონსტიტუცია ამოქმედდა.
კონსტიტუციაში აღნიშნულია, რომ საქართველო არის სოციალურ-სამართლებრივი სახელმწიფო. კონსტიტუციით უზრუნველყოფილია ყველა ადამიანის თანასწორობა და აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.
შესწორებები შევიდა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით. დოკუმენტის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში.
კონსტიტუციის მიხედვით, 2020 წლისთვის შენარჩუნებული იქნება მაჟორიტარული სისტემა, თუმცა პოლიტიკურ პარტიებს ერთჯერადად საშუალება ექნებათ, საპარლამენტო არჩევნებზე ბლოკებად გაერთიანდნენ. ახალი კონსტიტუციის გათვალისწინებით, ქვეყანა პროპორციულ სისტემაზე 2024 წლიდან გადავა.
ასევე 2019 წლის იანვრიდან საკანონმდებლო ორგანო დედაქალაქში სრულად დაბრუნდება. ახალი კონსტიტუციით, 2023 წლიდან საქართველოში პრეზიდენტის არჩევა საარჩევნო კოლეგიის მიერ არაპირდაპირი წესით მოხდება.
ახალი კონსტიტუციით გაუქმდა უშიშროების საბჭო და მის ნაცვლად, საომარი მდგომარეობის დროს, სათათბირო ორგანო ეროვნული თავდაცვის საბჭოს შექმნა განისაზღვრა, რომლის თავმჯდომარეც საქართველოს პრეზიდენტი იქნება.
პარლამენტის მიერ დამტკიცებულ კონსტიტუციაში საუბარია ქვეყნის ევროპულ, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე.
ასევე ახალი კონსტიტუციით განსაზღვრულია ქორწინების დეფინიციაც და ნათქვამია, რომ ქორწინება არის ქალისა და კაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით.
პარლამენტმა ძირითადი საკონსტიტუციო ცვლილებები 2017 წლის 26 სექტემბერს დაამტკიცა, რომელსაც მოგვიანებით, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო და უწყებას მოტივირებული შენიშვნები წარუდგინა. მმართველმა გუნდმა შენიშვნები არ გაიზიარა, 110 მომხრე ხმით 8-ის წინააღმდეგ ვეტო დაძლია და საბოლოო ჯამში, კონსტიტუციური პროექტი 117 მომხრე ხმით 7-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.