Lаkihttps://worldsport.ge/ge/page/nika-basilash...la?media=normalქართველი ჩოგბურთელების ხშირი წარმატებით, სამწუხაროდ, განებივრებული არ ვართ. ირაკლი ლაბაძის აქტიური სპორტიდან წასვლის შემდეგ, ყველაზე იმედისმომცემი მეჩოგნე, ანა ტატიშვილია, რომელიც მალე საუკეთესო ორმოცდაათეულში შეაბიჯებს (სავარაუდოდ, ეს ამ ორშაბათსვე მოხდება). ახლა კი, ნიკა ბასილაშვილის სახით, გამოჩნდა კიდევ ერთი პერსპექტიული სპორტსმენი, რომელმაც წლეულს სამი 15000-დოლარიანი ტურნირი მოიგო და რეიტინგში საგრძნობლად დაწინაურდა.
ნიკამ ბოლო წარმატებას თბილისში მიაღწია. საქართველო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს თასის ფინალი უაღრესად დაძაბული გამოდგა, სადაც ბასილაშვილმა ხორვატი ტონი ანდროიჩი 6:3, 4:6, 7:6 (7:1) დაამარცხა და როგორც უკვე აღვნიშნეთ, მთავარი პრიზის მფლობელი გახდა.
შეიძლება ბევრმა არ იცოდეს, რომ ნიკამ, ერთი წლის წინათ, მოქალაქეობა შეიცვალა და რუსეთის სახელით თამაშობდა. ერთწლიანი პაუზის შემდეგ კი, ბასილაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა დაიბრუნა და თბილისის საერთაშორისო ტურნირი უკვე საქართველოს სახელით მოიგო.
აღნიშული ტურნირის დასრულების შემდეგ, “მსოფლიო სპორტი” ნიკა ბასილაშვილს ესაუბრა.
- ერთი წლის წინათ, თქვენ რუსეთის მოქალაქეობა მიიღეთ. რა გახდა ამის მიზეზი?- ძალიან ცუდი სავარჯიშო პირობები მქონდა. ხანგრძლივი ლოდინის მიუხედავად, არ გამოჩნდა სპონსორი და ამიტომ, იძულებული გავხდი, რუსეთის მოქალაქეობა მიმეღო.
- ამ ხნის განმავლობაში სულ რუსეთში ცხოვრობდით?- რუსეთში არასდროს მიცხოვრია. ამერიკაში ვცხოვრობდი და იქ ვვარჯიშობდი.
- თუ ამერიკაში ცხოვრობდით და იქვე ვარჯიშობდით, მაშინ რუსეთის მოქალაქეობის მიღება რა შუაში იყო?- ჩემი სპონსორი იყო გორინის მენეჯმენტური კომპანია, რომელმაც მომთხოვა, რომ რუსეთის მოქალაქეობა მიმეღო.
- რუსულ მხარეს სხვა მოთხოვნებიც ხომ არ წამოუყენებია?- რუსეთის ნაკრებში თამაში შემომთავაზეს, მაგრამ არ დავთანხმდი.
- რატომ არ დათანხმდით, ნაკრებში თამაში არ გაინტერესებთ?- მაინტერესებს, მაგრამ ჩემი სურვილი საქართველოს ნაკრებში თამაშია და ამიტომ, არ დავთანხმდი.
- ანუ, საქართველოს მოქალაქეობა იმიტომ დაიბრუნეთ, რომ მშობლიურ ნაკრებში ითამაშოთ...- მე ორმაგი მოქალაქეობა მაქვს და მინდა, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ვითამაშო. ამას გარდა, ქართული მხარე საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობისთვის დახმარებასა და მომზადებაში ხელის შეწყობას დამპირდნენ და ამიტომ დავიბრუნე საქართველოს მოქალაქეობა.
- რუსეთის მოქალაქეობა ხელს არ შეგიშლით, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობაში?- მაგ მხრივ პრობლემები არ მექნება.
- მაშინ რად გინდათ ორმაგი მოქალაქეობა?- რუსეთის მოქალაქეობა პრობლემებს მიხსნის, როდესაც ამ ქვეყანაში საერთაშორისო ტურნირებზე საასპარეზოდ მივდივარ. ამიტომ არ ვთქვი უარი რუსეთის მოქალაქეობაზე, რომელიც სხვა მხრივ, არაფერში მჭირდება.
- თუ შეიძლება, მოკლედ გვიამბეთ თქვენს შესახებ.- დავიბადე 1992 წლის 23 თებერვალს თბილისში. სიმაღლე – 183 სმ, წონა – 75 კგ. ჩემი პირველი მწვრთნელი გოგა სანთელაძე იყო, ამჯერად, მამაჩემის, ნოდარ ბასილაშვილის ხელმძღვანელობით ვვარჯიშობ.
- ამერიკაშიც მამათქვენის ხელმძღვანელობით ვარჯიშობდით?- ძირითადი მწვრთნელი მამაჩემი იყო, მაგრამ ამერიკელი მწვრთნელებიც მეხმარებოდნენ.
- თბილისის პირველი ტურნირი ცუდად დაიწყეთ. რა იყო თქვენი წარუმატებლობის მიზეზი?- არ ვიყავი კარგად მომზადებული და წარუმატებლობის მიზეზიც ეს იყო. შემდეგ ნელ-ნელა შევედი ფორმაში და თბილისის მე-2, ანალოგიური სიძლიერის ტურნირი გამარჯვებით დავასრულე. აღსანიშნავია, რომ მე-2 წრეში იმავე პეტერ გოლდშტაინერს (ავსტრია) შევხვდი და პირველ ტურნირში დამარცხებისთვის რევანში ავიღე.
- რთული ბრძოლები გადაიტანეთ ნახევარფინალსა (ირჟი სელი) და ფინალში (ტონი ანდროიჩი). თქვენთვის რომლის მოგება იყო უფრო რთული?- მართალია, ნახევარფინალში უფრო ძლიერი, პირველ ნომრად განთესილი მეტოქე მყავდა, მაგრამ ფინალის მოგება უფრო გამიჭირდა, რადგან ფიზიკურად არ ვიყავი კარგად მომზადებული და გადავიღალე.
- ფიზმომზადების მწვრთნელი თუ გყავთ?- არა, მაგრამ მპირდებიან და მეყოლება.
- თბილისის საერთაშორისო ტურნირამდე თქვენ რეიტინგში 362-ე ადგილზე იმყოფებოდით. თბილისის ორივე ტურნირში მოპოვებული 28 (1+27) ქულის შედეგად რომელ ადგილზე გადაინაცვლებთ?- ახალი რეიტინგის გამოცხადების შემდეგ, 315-ე ვიქნები.
- მიმდინარე წლის ბოლომდე რომელ ადგილზე აპირებთ აღზევებას?- 2012 წლის ბოლოსთვის, 150-ეულში ვაპირებ შესვლას.
- საბოლოო მიზანზე რას გვეტყვით?- მინდა, მსოფლიოს საუკეთესო ათეულში მოვხვდე.
- ამ წლამდე თქვენ მხოლოდ ერთი, სოჭის 10000-დოლარიანი ტურნირი გქონდათ მოგებული. ახალი, 2012 წელი კი, შესანიშნავად დაიწყეთ. თბილისის გარდა, მოგებული გქონდათ ყაზახეთისა და მოსკოვის (ორივე ანალოგიური სიძლიერის ტურნირები), ერევნის იმავე დონის ტურნირში კი, ფინალში გახვედით. თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ რას გვეტყვით?- ამ დონის შეჯიბრებზე აღარ გამოვალ. ერთი კვირის შემდეგ, მონაწილეობას მივიღებ ლერმონტოვის (რუსეთი) 50000-დოლარიან ტურნირში. ამის შემდეგ, უზბეკეთში გადავინაცვლებ, სადაც 125-ათასიანი ტარდება. მიმდინარე სეზონს მოსკოვში დავასრულებ, 500000-დოლარიან ტურნირშ მონაწილეობით.
- ზოგადად, ყველაზე მეტად რომელი ტურნირის მოგებაზე ოცნებობთ?- უიმბლდონის მოგებაზე. ყველაზე პრესტიჟული საჩოგბურთო ტურნირია და მაგიტომ.