ვინ მოაწერა განძის ჩაბარებას ხელი ბანკში, ცნობილი არ არის, მაგრამ, თუ ბანკში მიბარებული 167 ყუთი განძეულიდან მისი უდიდესი ნაწილის გამოტანა, “განძის გუშაგის” წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც შეძლეს მენშევიკური მთავრობის წარმომადგენლებმა, აშკარაა, რომ განძის ჩაბარებასაც იმ პირებმა მოაწერეს ხელი, რომლებმაც განძი ბანკიდან გამოიტანეს, ე.ი. ზურაბ ავალიშვილმა და იოსებ ელიგულაშვილმა.
გამოდის, რომ იმ დღიდან ექვთიმე თაყაიშვილმა დაკარგა “განძის გუშაგობის” არა მხოლოდ მორალური მხარე, არამედ ის იურიდიულადაც არ ითვლება მის გამგებლად.
მარსელის ბანკის საცავებში დარჩენილი 39 ყუთის განძის ხელშეუხებლობა შედეგია არა მენშევიკური მთავრობის თავშეკავების, არამედ იმისა, რომ ბანკში არ იყო გადახდილი საგანძურის შენახვის საფასური (ყოველწლიურად 2500 ფრანკი), რის გამოც მას ყადაღა ჰქონდა დადებული.
1932 წელს გაუქმდა საფრანგეთში მოქმედი ემიგრანტული მენშევიკური მთავრობა. ფარატინა ქაღალდად იქცა მარსელის ბანკში შენახული ქართული საუნჯის მეპატრონის მფლობელობაზე გაცემული დოკუმენტიც, რის გამოც 1934 წლის 8 მაისს საფრანგეთის სასამართლომ “რეფერეს განაჩენის” საფუძველზე გაუქმებული ემიგრანტული მთავრობის კუთვნილი განძეული საფრანგეთის რესპუბლიკის საკუთრებად აღიარა, როგორც უპატრონო ქონება და იგი სხვა ქონებასთან ერთად სახელმწიფო მოხელე პიერ ჟოდონს ჩააბარა.
სასამართლოს განაჩენის გასაჩივრების ვადა, რომელიც 2 კვირას მოიცავდა და 22 მაისს მთავრდებოდა, ვერ გამოიყენეს “განძის მცველებმა” თუ ემიგრანტული მთავრობის მესვეურებმა (მიზეზად ომის დაწყება დაასახელეს) და საგანძურს საბოლოოდ საფრანგეთის ხელისუფლება დაეუფლა. ამის შემდეგ კი პიერ ჟოდონმა, რომელსაც საფრანგეთის ხელისუფლებამ ქართული საგანძური ჩააბარა, მოითხოვა თავისი ქონების მარსელიდან პარიზში გადატანა და საქართველოს საგანძურმა მარსელიდან პარიზში გადაინაცვლა _ კრუა-დე-პტი-შანის ქუჩაზე მდებარე # 39 სახლში.
* * *
ქვემოთ მოცემულია საინტერესო მასალა რუსეთში გატანილი ქართული განძის დაბრუნების შესახებ:
1922 წლის 20 ივნისს, სტალინის ინიციატივით, სსრკ-ის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმმა მიიღო დადგენილება საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკისთვის სამუზეუმო და საარქივო კოლექციების გადაცემის შესახებ, რომელიც წაღებული იყო მეფის მთავრობის მიერ და ინახებოდა რუსეთის ფედერაციის განძთსაცავებში.
მოკლე ხანში ყველა ნივთი, რომელიც ქართული წარმოშობისა იყო, თანახმად დადგენილებისა, ლენინგრადიდან ჩამოიტანეს თბილისში და ჩააბარეს სხვადასხვა ფონდს. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა ბოტკინის კოლექციად წოდებული საგანძური, რომელშიც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა პერიოდში გელათიდან, მარტვილიდან და ჯუმათიდან გატაცებული ქართული ტიხრული მინანქრის უძვირფასესი ნიმუშები. როდესაც კრემლის ერთ-ერთ ეზოში ქართული ეროვნული კულტურითა და მისი მომავლით დაინტერესებული იოსებ სტალინი, აბელ ენუქიძე, სერგო ორჯონიკიძე და ალიოშა ქავთარაძე სეირნობდნენ და საქმიანად საუბრობდნენ, კრემლში საქართველოს აკადემიური წრეების წარმომადგენლის _ დამიანე ჯგუშიას მეცადინეობით, დადგენილების ასლის ასაღებად მისულმა მეცნიერმა შალვა ამირანაშვილმა (მომავალში აკადემიკოსმა) სწორედ იმ ბილიკზე გაიარა, რომელზეც ქართველები სეირნობდნენ. ქავთარაძემ იხმო ახალგაზრდა მეცნიერი და სტალინს გააცნო. მოახსენა, _ ეს ის ახალგაზრდა მეცნიერია, რომელიც ქართული საგანძურის დაბრუნებაზე მუშაობს საქართველოშიო.
სტალინმა ჰკითხა შალვა ამირანაშვილს, ხომ არაფერი გაბრკოლებს საგანძურის მიღებაშიო. ახალგაზრდა მეცნიერმა მოკრძალებით აუხსნა:
"საგანძურის ნაწილი უკვე თბილისშია დაბინავებული, მაგრამ ფერხდება და თითქმის შეუძლებელი ხდება ტიხრული მინანქრის ბოტკინის კოლექციის დაბრუნება. სახელწიფო განძთსაცავის დირექტორი კატეგორიული წინააღმდეგია და აცხადებს, რომ სამუზეუმო კოლექცია არეულ-დარეულია და მისი კლასიფიკაცია მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი. აი, მაშინ მოდით და ვნახოთ, თუ აღმოჩნდება ის თქვენს განძთსაცავშიო".
სტალინმა შარვლის ჯიბიდან ბლოკნოტი ამოიღო, შიგ რაღაც ჩაწერა, ფურცელი ამოხია და მეცნიერს მიაწოდა. შემდეგ კი უთხრა:
_ კიდევ ერთხელ მიდით და სცადეთ. ხვალ 11 საათზე კი ამ ტელეფონის ნომერზე დამირეკეთ და შედეგები მაცნობეთ.
გახარებული შალვა ამირანაშვილი დილიდანვე ელოდებოდა განძთსაცავის დირექტორს მისაღებში.
_ ტყუილად კარგავთ დროს, ახალგაზრდავ, როგორც გითხარით, მობრძანდით ხუთი წლის შემდეგ! _ მტკიცედ განუცხადა დირექტორმა აბეზარ მთხოვნელს.
შალვა ამირანაშვილმა სთხოვა დირექტორს, ნება დაერთო, ტელეფონით ესარგებლა. თანხმობის მიღების შემდეგ ნომერი აკრიფა და მალე ყურმილში სტალინის ქართულად ნათქვამი გაისმა:
_ როგორ არის საქმე?
_ ცუდად. დირექტორი ისევ უარზეა, _ უპასუხა შალვა ამირანაშვილმა.
_ დაელოდეთ, პასუხს ახლავე მიიღებთ! _ უთხრა სტალინმა.
მაგიდის მეორე კუთხეში მდგარმა ტელეფონმა მაშინვე დარეკა. დირექტორი ფეხზე წამოხტა და მხოლოდ ერთ ფრაზას იმეორებდა:
"არის, ამხანაგო სტალინ!"
შემდეგ დირექტორმა ყურმილი დადო, ისტერიკულად მოიხმო თანამშრომლები და გასცა განკარგულება, სწრაფად მიეყვანათ ქართველი მეცნიერი ბოტკინის კოლექციაში, დაეწყოთ განძის ჩალაგება და გასამგზავრებლად მომზადება.
"სამთავრობო განძთსაცავებში გამორჩეულ მარგალიტებად ჩანდა ჩვენი წინაპრების შექმნილი უბრწყინვალესი ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც ცალკე ლაგდებოდა, იფუთებოდა და ყოველგვარი სტანდარტების დაცვით ყუთებში იწყობოდა," _ იგონებს შალვა ამირანაშვილი.
მალე ტიხრული მინანქრის ამ უძვირფასესმა კოლექციამაც დაიდო ბინა თბილისის მუზეუმში.
საქართველოს რესპუბლიკის წარმომადგენელმა მოსკოვში დამიანე ჯგუშიამ, რომელიც კომისიის სხვა ქართველ და რუს წევრებთან ერთად ბეჯითად ადევნებდა თვალს საგანძურის მოძრაობას, თბილისის მუზეუმში განძის დაბინავების შემდეგ დაწვრილებითი ანგარიში ჩააბარა სტალინს.
_ მუშაობას ნუ შეაჩერებთ. მისწერეთ პარიზში ქართველ მეცნიერს (იგულისხმება ექვთიმე თაყაიშვილი _ გრ. ონანი), ჩაბრძანდეს საქართველოში და ჩაიტანოს მისი მთავრობის მიერ გატაცებული განძი. ქართველი ხალხი განძს ელოდება, უნივერსიტეტის ცარიელი კათედრა კი _ მეცნიერს, _ უბრძანა სტალინმა დამიანე ჯგუშიას.
1923 წლის 15 იანვარს დამიანე ჯგუშიამ თავისი სახელით დაწერილ და სტალინის მიერ ჩასწორებულ წერილს პარიზში მყოფი ექვთიმე თაყაიშვილის მისამართი დააწერა და დიპლომატიურ ფოსტას გადასცა.
http://reportiori.ge/old/?menuid=48&id=56044 - სტალინის როლი ქართული საგანძურის საქართველოსთვის დაბრუნებაში
This post has been edited by webtura on 9 Feb 2019, 19:42