„სახელმწიფო უკვე ღიად ლაპარაკობს იმ შესაძლებლობაზე, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ის მას შეცვლის“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი გიორგი ისაკაძე.
21 მარტს, პარლამენტში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა არაერთხელ გაიმეორა, რომ თუკი კონსორციუმი ვალდებულებებს ვერ შეასრულებს:
სახელმწიფო მოძებნის სხვა ინვესტორს, რომელიც პორტისთვის დაფინანსების მოძიებას შეძლებს;
ანაკლიის პორტი შესაძლოა ასევე ააშენოს სახელმწიფომ, ოპერატორისთვის გადაცემის პერსპექტივით.
ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია?
მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ სახელმწიფოს სურს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ შენარჩუნება და მას უჭერს კიდეც მხარს. თუმცა მინისტრის გამოსვლაში არავის გამოჰპარვია ერთი მნიშვნელოვანი აქცენტი - სახელმწიფო, მცირე გამონაკლისის გარდა, თითქმის საერთოდ არ იზიარებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მოთხოვნებს რისკების დაზღვევის გარანტიებთან დაკავშირებით.
ლაპარაკია ოთხი უმსხვილესი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მოთხოვნებზე, ესენია:
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD),
აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია (OPIC),
აზიის განვითარების ბანკი (ADB),
აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB).
ამ ბანკების მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა ავტომატურად ნიშნავს მათსა და სახელმწიფოს შორის ჯერ ისევ მიმდინარე მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულებას. საბოლოო შედეგი იქნება ერთი - კონსორციუმიც თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდება.
თებერვალში არაფერი გამოვიდა. მორიგი შეხვედრა აპრილში გაიმართება:
თუკი საერთაშორისო ბანკები არ მიიღებენ სახელმწიფოს გარანტიებს, ისინი დიდი ალბათობით უარს იტყვიან პორტისთვის 400-მილიონიანი სესხის გამოყოფაზე;
თუკი ეს 400 მილიონი დოლარი ვერ მიიღო, კონსორციუმი ანაკლიის პორტს უბრალოდ ვერ ააშენებს და პროცესს გამოეთიშება.
საფინანსო ინსტიტუტების 8 პუნქტში ყველაზე სადავო მოთხოვნა ტვირთბრუნვის რისკების დაზღვევას შეეხება. უკვე ჩანს, რომ სახელმწიფოს გადაწყვეტილი აქვს, არავითარ შემთხვევაში არ დაეთანხმოს ამ მოთხოვნას და ეს მაია ცქიტიშვილის გამოსვლაშიც ჩანდა.
ეკონომისტებში აზრი ორად არის გაყოფილი. ნაწილი თვლის, რომ სახელმწიფომ ასეთი გარანტიები არ უნდა გასცეს, ხოლო ნაწილისთვის ბუნებრივი მოვლენაა, რომ, ასეთი მნიშვნელოვანი პორტისთვის ტვირთების მოზიდვის პროცესში, სახელმწიფომაც გაიაზროს თავისი წილი პასუხისმგებლობა.
„მსჯელობა ნორმალურ ვითარებაში რომ ხდებოდეს, სახელმწიფოს მიდგომებში შესაძლოა არანაირი ეჭვი არ შეგვპარვოდა, მაგრამ, ხომ გვახსოვს, რომ ამ ყველაფერს წინ უსწრებდა სახელმწიფო სტრუქტურების „ორკესტრირებული შეტევა“ თიბისი ბანკის დამფუძნებლების წინააღმდეგ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „გადასახადის გადამხდელთა კავშირის“ ვიცე-პრეზიდენტი გიგლა მიქაუტაძე.
21 მარტს ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ TBC ბანკის დამფუძნებლების წინააღმდეგ ფულის გათეთრების ბრალდებით დაწყებული სამართალწარმოება არანაირ კავშირში არ არის ანაკლიის პორტის თემასთან. თუმცა ანალიტიკოსები საპასუხოდ სვამენ ასეთ მთავარ შეკითხვას:
თუკი კონსორციუმი წლების მანძილზე არ ასრულებდა თავის ვალდებულებებს, რატომ დაიწყო ამაზე ლაპარაკი ხელისუფლებამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც TBC ბანკის დამფუძნებლებს 11 წლის წინანდელი ტრანზაქცია გაუხსენეს?
„გულუბრყვილობაა, თუკი ვინმე ფიქრობს, რომ თიბისი ბანკისა და ანაკლიის პორტის საკითხების ერთმანეთისგან გამიჯვნა შესაძლებელია... ვიდრე TBC ბანკის საქმეში სიმართლე არ გაირკვევა, მუდმივად იქნება ეჭვები ამ საკითხის კავშირზე ანაკლიის პორტთან“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი გიორგი ისაკაძე.
TBC ბანკის საქმეს ანაკლიის პროექტს უკავშირებს ასევე ბანკისა და კონსორციუმის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე. ერთ-ერთ წერილში მან მიანიშნა ეჭვზე, რომ შესაძლოა - ანაკლიის მშენებლობა არც კი დასცალდეს.
ოპოზიცია ლაპარაკობს ინფორმაციაზე, რომ ხელისუფლება მოლაპარაკებებს აწარმოებს მსხვილ ჩინურ კომპანიასთან. ხელისუფლება ამას უარყოფს.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ სახელმწიფოს ცრუ, დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. ამჯერად ყურადღება მახვილდება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის 21 მარტის საპარლამენტო გამოსვლაზე. კონსორციუმი აცხადებს, რომ გაკეთდა არაერთი ცრუ განცხადება, რაც:
ზიანს აყენებს ამ დიდი მნიშვნელობის პროექტს და მისი მშენებლობის პროცესს;
ზიანს აყენებს საერთაშორისო ინვესტორებსა და დონორებს, რომლებმაც განახორციელეს სოლიდური ინვესტიცია ოკუპირებულ აფხაზეთთან ახლოს, კონფლიქტის ზონიდან 4 კილომეტრში;
რეპუტაციას ულახავს და აკნინებს იმ უცხოელ პარტნიორებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც კვლავ მზად არიან გააგრძელონ ჩვენს ქვეყანასთან თანამშრომლობა;
ილახება და ზიანდება სახელმწიფოს ინტერესები და ეჭვქვეშ დგება მისი, როგორც სანდო და პროგნოზირებადი პარტნიორის რეპუტაციაც.
„ქალბატონი მინისტრის მიერ მკაფიოდ და არაერთხელ გაჟღერდა ინფორმაცია, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ არ გააჩნია გამოცდილება მსგავსი პროექტების განხორციელების საქმეში, მაშინ როდესაც ჩვენი გუნდი შედგება ისეთი საერთაშორისო პარტნიორებისგან, როგორიცაა: Conti Group, SSA Marine, Van Oord, Hyundai , MTBS , BergerABAM , Moffatt & Nichol, Royal Haskoning, Hatch , Ecoline International , Worley Parsons, Halo Trust, Baker Mckenzie , Dentons , Willkie Farr & Gallagher , Clifford Chance , Marsh და სხვები“, - კონსორციუმის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
კონსორციუმში მიიჩნევენ, რომ მიზანმიმართულად კნინდება პორტის ოპერატორის, უდიდესი ამერიკული კომპანიის, “SSA Marine”-ის სახელი.
„ამ განცხადებებმა შესაძლებელია ნეგატიური მუხტი შეიტანოს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებშიც“.
„პორტის ოპერატორი უნდა ყოფილიყო გამოცდილი პორტის ოპერატორი, რომელიც უზრუნველყოფდა პორტის სრულ კომერციულ საქმიანობას. ნაცვლად ამისა, ჩვენ ვიღებთ მცირე კომპანიის, ანუ სხვა ზომის, სხვა მასშტაბისა და გამოცდილების, მათ შორის - სხვა მოცულობის მქონე კომპანიის მხოლოდ ხუთ თანამშრომელს“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა 21 მარტს, პარლამენტში.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ შეახსენებს სახელმწიფოს, რომ “SSA Marine”-თან შეთანხმებას 2017 წლის აგვისტოში მოეწერა ხელი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის თბილისში სტუმრობის დროს. პორტის ოპერირების სტრუქტურულ დეტალებს კი, კონსორციუმი 19 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში განმარტავს.
https://www.radiotavisupleba.ge/a/%E1%83%90...ybiupkdC6k_m-Ro