Perfecto_77
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 4688
წევრი No.: 224389
რეგისტრ.: 27-September 16
|
#54528418 · 18 Apr 2019, 11:18 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ნაირა გელაშვილის წერილი შემხვდა შემთხვევით.
ძალიან აკრიტიკებს და ლანძღავს კიდეც გამსახურდიას
გაზ. ‘კაბადონი’ #10 (99), 9 აპრილი, 1992 წ. “...ნუ მართმევთ იმ სახლს, სადაც ვხვდები ჩემს გარდაცვლილებს...”
9 აპრილის ტრაგედიის შესახებ იმავე დღეებში დავწერე წერილი, რომელიც 30 აპრილს გაზეთ “თბილისში” გამოქვეყნდა. მაგრამ თუ იმ წერილის რისხვითა და სიმწარით დავიწროებულ მხედველობის არეში მხოლოდ მოკლულები და მკვლელები მოსჩანდნენ, შემდეგ მზერის გადანაცვლება მოხდა და უკვე ფართო პლანით ამოვიზიდეთ ჩვენ ყველანი: ვინც იმდენი გოგო-ბიჭები იქ მოვიყვანეთ და “ურჩხულს” - აგრე არ ვეძახდით იმპერიას? - დაფჩენილ ხახაზე ჩამოვუსხით. ასე მაინც არ ვყოფილიყავით შეთანხმებულნი იმაში, რომ ვისაც ვებრძოდით “ურჩხული” იყო! მაშ ვინ უფრო დამნაშავეა, გველეშაპი, რომელიც მსხვერპლს ეძებს (და როგორც ზღაპრები გვასწავლიან: სწორედ ქალებსა და ბავშვებს), თუ ჩვენ, ვინც ეს მსხვერპლი მივართვით, რადგან: ის ჩვენი გოგონები და ქალები ხომ იმიტომ დაიღუპნენ, რომ ყველაზე სუსტები აღმოჩნდნენ, გაქცევა ვერ მოახერხეს და თავს ვერ უშველეს? ისინი ხომ ენდნენ არა მხოლოდ მიტინგის ორგანიზატორებს, არამედ ინტელიგენციასაც, რომელიც იქ შეკრებილიყო, ენდნენ ცნობილ ადამიანებს: უკვე მათი იქ ყოფნა ქვეცნობიერად უსაფრთხოების გარანტიად აღიქმებოდა. ხომ ირწმუნებოდა ზოგი ლიდერი, ნუ გეშინიათ, არ წახვიდეთ, თავდასხმას ვერ გაბედავენო? ცხადია, არც მათ წარმოედგინათ ველურობის მასშტაბები, მაგრამ რატომ არ უნდა წარმოგვედგინა, განა სწორედ ჩვენ, ქართველებს არა გვქონდა ამისი მწარე და არცთუ თავმოსაწონებელი გამოცდილება 1956 წლის (თანაც ზუსტად 9 რიცხვის ავბედითობის) სახით? რა, აღარ არსებობდა იგივე დამსჯელი ძალა? იმის თქმა მაინც შეგვეძლოს, “გარდაქმნას” ვენდეთო! მაგრამ, აკი არსად ყოფილა “გარდაქმნა” და გორბაჩოვი ისე ეჭვმიტანილი და განქიქებული, როგორც საქართველოში, გარდაქმნის ალიონზევე. თუ იმაზე იყო გათვლილი, რომ “ცენტრი” დემოკრატიას თამაშობდა და იძულებული გახდებოდა დაეცვა თამაშის წესი, ე. ი. სისხლისღვრას ვერ გაბედავდა, მაშინ ხომ ისიც უნდა გაგვხსენებოდა, რომ კომუნისტური პარტიის “წესი” მუდამ ის იყო, მსხვერპლი დამნაშავედ გამოეყვანა, რომ მისი დანაშაულის შემდგომი ნაწილი დანაშაულის დაფარვა-შენიღბვას გულისხმობდა მუდამ... ხომ ასეც მოხდა. და რომ არ ემარჯვათ ჩვენი ინტელიგენციის წარმომადგენლებს: ელდარ შენგელაიას, თამაზ გამყრელიძეს, ლანა ღოღობერიძეს, გიორგი ხაინდრავას და სხვათა და სხვათ და არ შეეყარათ მთელი ქვეყანა, დიდხანს ვერავის ვერაფერს გავაგებინებდით, თუ რა დაგვემართა (ბაქოს 20 იანვრის შემზარავი ინტერვენცია, მაგალითად, ინფორმაციულ ბლოკადაში მოექცა). მთავრობის სასახლის წინ კი მოჯადოებული წრე შეიკრა. მომიტინგეთა მშობლებსა და ახლობლებს ეშინოდათ თავიანთი შვილების გამო, მიდიოდნენ და მათ გვერდით დგებოდნენ. რაც უფრო მატულობდა ხალხი, განსაკუთრებით კი ცნობილი ადამიანები, მით უფრო იკრაგებოდა შიშის განცდა: მათი აზრით, მით უფრო იზრდებოდა თავდაუსხმელობის გარანტია, რაც უფრო მატულობდა ხალხი, მით უფრო იზრდებოდა ხელისუფლების შიში, რადგან იზრდებოდა ქაოსი და დესტაბილიზაცია. მით უფრო ჩქარდებოდა რაღაც გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა, ბოლოს ბატონი ჯუმბერ პატიაშვილი განწირული ლამობდა გამსახურდიასთან მოლაპარაკებას, მაგრამ ამაოდ: ამ უკანასკნელმა არ მოისურვა. ყოფილ პრეზიდენტს ხშირად უყვარდა თქმა, ოპოზიციის ამისთანა საქციელს, ამ უწესრიგობას რომელი მთავრობა მოითმენსო, თითქოს თავად არ დაენერგოს ეს ჯიქური შეხლის, არ დათმობის, “რქებით მიწოლის” თეორია და პრაქტიკა. მაშ, თუ არც ერთი დემოკრატიული მთავრობა არ მოითმენს იმას, რომ მთავრობის სახლის კიბეზე მთელი კვირით დაუბანაკდეს ზღვა ხალხი, რომელიც 14 აპრილამდე აპირებდა იქ ყოფნას, მაშ “პარტია-ურჩხული” რაღად მოითმენდა? მაგრამ მთელი ეს აქცია ხომ სწორედ ხელისუფლების “არ მოთმენაზე” იყო გათვლილი! ყოველ შემთხვევაში, ზოგ-ზოგთა მხრიდან, მიზანი ხომ სწორედ ეს იყო: იძულებული გაეხადათ ხელისუფლება ესროლა, სისხლი დაეღვარა და ამით თვითვე დაემარცხებინა საკუთარი თავი. აბა, სხვაგვარად როგორ უნდა აიხსნას ის გაჯიუტება გამსახურდიას და არა მარტო მისი მხრიდან? პატრიარქისა და ბელადის ღრმა სიმბოლურ სცენას ვგულისხმობ. 9 აპრილის ღამით ცნობილი იყო, მიტინგს დაარბევდნენ. ღამის 1-2 საათზე შინ ურეკავდნენ ექიმებს და საავადმყოფოებში იბარებდნენ. ერთი ჩემი ნაცნობი ექიმი სწორედ ასეთი დარეკვის შემდეგ თავზარდაცემული გაექანა სიონში პატრიარქის მოსაძებნად. და სხვას რომ თავი დავანებოთ, რამდენი ასეთი გაექანებოდა მიტინგისაკენ. იმ ღამეს ერთადერთი ნორმალური ქმედება ის იქნებოდა, თავად პოლიტიკურ ლიდერებს მიტინგი დაშლილად გამოეცხადებინათ და ხალხისთვის ეროვნული მოძრაობის სახელით შინ წასვლა ებრძანებინათ. მაგრამ თუ რეალურად შევხედავთ, იქ მოზღვავებული ხალხისათვის ყველაზე მეტი ავტორიტეტი გამსახურდიასა და კოსტავას ჰქონდათ, ამიტომ მხოლოდ მათ სიტყვას დაუჯერებდნენ. ეს უნდა ყოფილიყო მიტინგის დაშლის კატეგორიული მოთხოვნა და არა ფორმალური მზრუნველობის გამოხატულება, ქალები და ბავშვები შინ წაბრძანდითო, ნაზად რომ შესთავაზა წინა დღეებში გამსახურდიამ. ასეთი შეთავაზების შედეგად წასვლა ხომ მოძმის გაჭირვებაში მიტოვებად აღიქმებოდა. ბოლოს ის უდიდესი აზრით დატვირთული საბედისწერო წუთიც დადგა. საშინელი განსაცდელის წინასწარ მცოდნე პატრიარქმა განსაცვიფრებლად გაწონასწორებული ხმით ჰკითხა ბელადს: “ხომ არსებობს სხვა გზაო”. “არა, მე მაგას ვერ ვეტყვი ხალხს, რომ დაიშალოს, მოღალატედ გამომაცხადებსო~ (რატომ მაშინ არ შეეშინდა, რომ მოღალატედ შერაცხავდნენ, როცა საკუთარი ხვედრის შესამსუბუქებლად საქვეყნოდ მოინანია და მერე ამერიკელი ჟურნალისტებიც გაწირა?). ის “სხვა გზა”, რომელიც პატრიარქმა შეახსენა ბელადს - ქრისტეს, ანუ ზნეობის გზაა, პოლიტიკის გზას ნიადაგ რომ უპირისპირდება. ეს დაპირისპირება კი (როგორც ერთხელ უკვე ვახსენე სხვაგან) ასეთი კლასიკური ფორმულით გამოხატა ჰერდერმა ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში: “პოლიტიკისათვის ადამიანი საშუალებაა, მორალისათვის კი-მიზანი”. მაშინ თავად მოძღვარი მოუხმობს ხალხს გაერიდოს უბედურებას და ეკლესიას მიაშუროს. ბელადმა თავისი სიტყვა უკვე თქვა და ახლა ტკბება: მოძღვარმა მარცხი უნდა განიცადოს, რადგან ხალხი ბელადისაა. და გაისმის პირველი “არა!” და მერე მრავალხმიანი “არა!, “არა!”. ერთი წუთით ვიკითხოთ: დავუშვათ, არც არაფერი საფრთხე არსებობდა და პატრიარქი ცდებოდა. ნუთუ თუნდაც მისდამი პატივისცემის გამო, იმის გამო, რომ სამწყსოს საშველად შუაღამისას გამოქცეული ასაკოვანი ადამიანისათვის - სრულიად საქართველოს პატრიარქისათვის, უწმინდესისა და უნეტარესისათვის (თუ დაფიქრებიან ოდესმე ამ ტიტულს?) გული არ ეტკინათ, არამედ მისთვის მოწიწება და მორჩილება გამოეხატათ, ნუთუ თუნდაც ამის გამო არ ღირდა ეკლესიისკენ დაძვრა? ძნელი წარმოსადგენია, რას ნიშნავდა ის “არა” პატრიარქისთვის? ეს ნიშნავდა, რომ ის ფაქტობრივად სამწყსომ უარჰყო, მას ნამდვილი სამწყსო არა ჰყავდა, რადგან სამწყოსს ეკლესიაცა და პატრიარქიც უკვე თეატრად და სამკაულად ჰყავდა ქცეული, როცა მოეპრიანებოდა, მიაშურებდა, როცა არა - მოიშორებდა. ხოლო ბელადის გზის ბოლოში პატრიარქის შავად გადახაზული სურათი იდგა და პატრიარქის ლანძღვა-შეჩვენება გონგადასული მასის მიერ (ან ჯერ მარტო ის რად ღირდა, ლიდერები სახელდახელოდ რომ შეითავსებდნენ ხოლმე მღვდლისა თუ კათალიკოსის ფუნქციას და “მამაო ჩვენოს” აღაღადებდნენ ხალხს! ჯერ მარტო ირაკლი წერეთლის მიერ ჩატარებული ლამის პათოლოგიური უპასუხისმგებლობისა და თავხედობის გაკვეთილი რად ღირს, ფეხის მოცვლას რომ უკრძალავდა ადამიანებს და ბოლოს მიკროფონი წაგლიჯა ხელიდან პატრიარქს!) და განა განსაცვიფრებელი არ არის, რომ 9 აპრილის შემდეგ კიდევ უბრუნდებათ ენა ბელადის მომხრეთ, რატომ პატრიარქი არ ჩაერია დეკემბრის ომშიო? (ბუნკერის ეკრანიდანაც მუშტებს უღერებდნენ და ემუქრებოდნენ. “ჩარევა” მათთვის პრეზიდენტის დაცვას ნიშნავს, თორემ როგორ არ ჩაერია! განა სექტემბერში მოლაპარაკება და შუამავლობა არ შესთავაზა დაპირისპირებულ მხარეებს? მაგრამ პრეზიდენტმა ყველა მოლაპარაკება ჩაშალა, დროის მოსაგებად, ძალების მოსაკრებად და ზურგში დანის ჩასარტყმელად გამოიყენა. ხომ ბნელი პოლიტიკური სპეკულაცია იყო ზოგიერთი ლიდერის მხრიდან 9 აპრილის სისხლზე გათვლილი აქცია, მაგრამ მხოლოდ ეს არ ყოფილა. აქ მოქმედებდა გაცილებით უფრო შემზარავი რამ - ეს პოლიტიკური ავანტიურა დაემთხვა საზოგადოების, და სწორედ ჰუმანიტარული ინტელიგენციის დიდ ნაწილში გაბატონებულ რაღაც ბნელ, ატავისტურ, ფსევდომისტიკურ იდეოლოგიას: პოლიტიკურ-სახალხო ცრუმორწმუნეობას, ამოზრდილს ქვეცნობიერებაში ჩაწნეხილი სისასტიკისა და აგრესიის ჯურღმულებიდან: მე ამას დავარქმევდი “სისხლის იდეოლოგიას”: ვიდრე სისხლი არ დაიღვრება, არაფერი გვეშველებაო, ვიდრე სისხლი არ დაიღვრება, ხალხი არ გამოფხიზლდება, არ აღსდგება, არ გაერთიანდებაო. მსგავსი აზრები (მოწოდებებიც კი) ტრიალებდა 9 აპრილამდე და მის შემდეგაც. მაოგნებდა, ისეთი ადამიანის პირიდან გავიგონებდი ხოლმე ამ “ჭეშმარიტებას”, რომელსაც განამტკიცებდნენ ფოლკლორით, პოეზიით, ვაჟა-ფშაველას ლექსებით და რა ვიცი, რითი აღარ (ჯერ ერთი, როგორ შეიძლება კონტექსტიდან ამოვგლიჯოთ რაიმე ფრაზა და მექანიკურად მივაწებოთ სრულიად განსხვავებულ სინამდვილეს). ეს გაბატონებული ცრუმორწმუნეობის იდეოლოგია, სისხლის კულტი, გვაროვნულ-ფეოდალური ომების დროინდელი ფსიქიკა იყო უსიტყვო სანქცია იმ პოლიტიკურ ავანტურაზე, იყო მისი სწორედ რომ მისტიური, ფარული სტიმულატორი, მისი სასუქი. განა თავისთავად სისხლს შეიძლება ასეთი სასწაულმოქმედი უნარი მივაწეროთ, ასეთი უნივერსალური ფუნქცია დავაკისროთ? მივაწეროთ ჩვენი განწმენდის მაგიური უნარი? ეს რომ ასე იყოს, კაცობრიობამ უკვე იმდენი სისხლი ანთხია, რომ სულ სიწმინდით უნდა კაშკაშებდეს და ანგელოზთა მოდგმად იყოს ქცეული. თანაც ამდენი ომების, ადამიანთა მასიური ხოცვა-ჟლეტის საუკუნეში ადამიანის სიცოცხლეც გაუფასურდა და სიკვდილიც, სისხლიც, სიტყვაც და ცრემლიც («Мир – где насмешком назван плач», მარინა ცვეტაევა). და თუ გვინდა, რომ ამ ყოველივეს ფასი ჰქონდეს, ადვილად და მასიურად არ უნდა ვანთხიოთ. განა თვით მაცხოვრის სისხლმა ასე მექანიკურად განწმინდა კაცობრიობა? (როგორც ერთი პოეტი ამბობს, კაცობრიობა არასოდეს დაცემულა ისე ძლიერ, როგორც ქრისტეს შემდეგ დაეცა, მანამდე მას არც შეეძლო ასე ძირს დაცემაო). თავად უწმინდესი არსის - ღვთის ძის ნებაყოფლობითმა, გაცნობიერებულმა, მაშასადამე, თავისუფალმა სიკვდილმა დააფუძნა შესაძლებლობა: განიწმინდოს პიროვნება თვით უმძიმეს ცოდვათაგან, ოღონდ ამ ცოდვათა გაცნობიერებისა და ნამდვილი მონანიების გზით: ე. ი. არა სიტყვით, არამედ მთელი ცხოვრებით, ცხოვრების წესით. “სისხლის იდეოლოგია” კი მუდამ სხვათა სისხლს გულისხმობს. ან როგორ უნდა განვეწმინდეთ სიკვდილის ხახაში მიტყუებულ, უმწეო ადამიანთა სისხლს, როცა მათი სიკვდილის აზრიც გავაყალბეთ. ეს აზრი კი მართლაც წმინდაა, მაგრამ სულ სხვაგანაა საძიებელი, იქ, სადაც ჩვენ არ გვიძებნია. სისხლის კულტი, სისხლის იდეოლოგია არა მარტო სისასტიკისა და სიბნელის “მსოფლმხედველობაა”, არამედ სიზარმაცისაც. შრომა და აზროვნება რომ გვეზარება, გამოვიგონეთ უნივერსალური წამალი -სისხლი! და მხსნელი -მესია! “ყველაფერში დამნაშავეა ცენტრი! ყველაფერს მოაგვარებს მესია და სისხლი”. აი, ეს იყო ჩვენი იდეოლოგია: ცნობიერი, ხმამაღლა ნათქვამი, გაუცნობიერებელი თუ ჩუმად, გულში ნატარები. და ეკლესიას მოვთხოვეთ სასწრაფოდ, რომ დაღუპულნი წმინდანებად შეერაცხა. ეკლესიისთვის გვსურდა გადაგვებარებინა, ოღონდ კი დანაშაულის განცდა არ გაგვკარებოდა და არ გვეღიარებინა, რომ ისინი ჩვენს პათოლოგიურ უპასუხისმგებლობასა და ურწმუნოებას შეეწირნენ. შეეწირნენ ჩვენს უზნეობას. ამიტომ არიან წმინდანი და ამით ემსგავსებიან მაცხოვარს, და არა იმით, რომ შეგნებულად მიიტანეს თავიანთი სიცოცხლე `თავისუფლებისათვის წმინდა ბრძოლის~ სამსხვერპლოზე. განა ის გოგონა, მიტინგზე მიმავალმა ჩანთაში თბილი წინდები რომ ჩაიდო გრილი ღამით სამუდამო სიცივისათვის ემზადებოდა? მართალია, საზოგადოების ერთ, ალბათ, უმცირეს ნაწილში მაშინვე გაჩნდა ეს დანაშაულისა და სირცხვილის განცდა, მაგრამ მას მაშინვე ტაბუ დაადო ოპოზიციის ხმამაღალმა თუ უსიტყვო ცენზურამ. და მერაბ მამარდაშვილისა და გიორგი ხაინდრავას გარდა, მგონი სხვამ ვერავინ გაბედა ეთქვა, რომ ეს “ეროვნული გამარჯვება” და დღესასწაული კი არ იყო, არამედ - სასჯელი და დამარცხება, ხოლო ბატონმა პრეზიდენტმა იმ მიზნით, რომ ტრაგედია წაეშალა, მას ფსევდოზეიმი – სახელმწიფოებრიობის აღდგენა დააფარა 1991 წლის 9 აპრილს, რა თქმა უნდა, ტაშის გრიალში. ხოლო იქ, ეროვნული ბედისწერის საყვარელ სცენაზე გაიმართა გლოვის დემონსტრაცია, გლოვის თეატრი, სადაც ჭირისუფალთა პოსტები დროშებით, ჯვრებითა და სხვა ატრიბუტებით აღჭურვილმა ახალგაზრდებმა დაიკავეს. და ამაოდ ევედრებოდნენ და უჩოქებდნენ ჩვენი საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები, ეგ გვირგვინებიც მოწამლულია და თქვენც იწამლებით, წავიღოთ ეგ გვირგვინები სიონის ეზოში, გავეცალოთ ამ დასნეულებულ ადგილსო. მათ მოღალატეები და გამყიდველები უწოდეს, მათ შორის ერთ-ერთი დაღუპულის მშობელსაც! ღაღადებდა ეკლესია, უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულისათვის - აღდგომისათვის უნდა შეწყდეს გლოვის რიტუალიო! მაგრამ, გაგონება არ სურდათ. რადგან ეს გლოვის პომპეზური სანახაობაც პოლიტიკურ აქტად აქციეს (ერთხელ უცხოელ ჟურნალისტთა დანახვაზე გლოვის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მიუთითა გვირგვინებით მოსულ ერთ ჯგუფს: აიღეთ ისევ თქვენი გვირგვინები და თავიდან შემოიტანეთ, უცხოელებმა უნდა გადაგვიღონო). ბოლოს იმძლავრეს ცნობილმა პიროვნებებმა და გვირგვინების ნაწილი ძალით გაიტაცეს (ამ დროს მათზე ფიზიკურადაც წაიწიეს გლოვის ორგანიზატორებმა), მკერდზე მიიკრეს და ეს ყოვლად უცნაური პროცესია სიონის ეზოში დავეშვით. ისიც საკითხავია, სად გაქრა ის “9 აპრილის საზოგადოება”, დიდძალი ფული რომ შეაგროვა დაღუპულთა ოჯახებისა და მოწამლულთა დასახმარებლად, რომელნიც მერე სულ უფრო ნაკლებად გვახსენდებოდა და ბოლოს ლამის ანალგინს იხვეწებოდნენ ტკივილების გასაყუჩებლად? და ჩვენ ისე “გავიწმინდეთ”, რომ 9 აპრილის შემდეგ ძალზე ცოტა ადამიანი გამოვიდა პარტიის რიგებიდან და თურმე თითქმის იმდენივე შევიდა. პარტიის რიგები მასობრივად მაშინ დატოვა ხალხმა, როცა დარწმუნდა, რომ პარტიას ძალა გამოეცალა: არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე და არჩევნების შემდეგ! ძალას მიჰყვებოდა ხალხი და არა მორალს. 9 აპრილმა ფაქტობრივად ძირი გამოუთხარა კომუნისტურ ხელისუფლებას და აღაზევა ბელადი, რომელმაც იმ სისხლით ჩაუყარა საძირკველი თავის კარიკატურულ დიქტატურას. ასე რომ, ექსბელადი არც უსისხლოდ მისულა ხელისუფლების სათავეში, არც უსისხლოდ უმეფია (სამაჩაბლო!) და არც უსისხლოდ წასულა. და პოეტი და მწერალი ზ. გამსახურდია რომ ღაღადებდა, 9 აპრილმა დაშალა საბჭოთა კავშირი, გაანთავისუფლა ბალტიისპირეთი და აღმოსავლეთ ევროპაო, ეს ბოდვა მართალიც რომ ყოფილიყო, ერთხელ მაინც არ უნდა გახსენებოდა თუნდაც დოსტოევსკის სიტყვები: არ მინდა კაცობრიობის ის ბედნიერი მომავალი, რომლის საძირკველშიც ბავშვის ერთი ცრემლიც ჩავარდებაო? ღირდა მთელი ის ამაოება, ის არანამდვილი აზვირთება გაზაფხულზე ამ გოგონების ერთ გაღიმებად? მაგრამ მისი გზა ის გზა იყო, რომელზედაც ადამიანი და ამდენად, ხალხი საშუალებად განიხილებოდა მხოლოდ. ამიტომ არ არის ის პოეტი. 9 აპრილმა ისიც ვერ შეძლო და არც შეეძლო, რომ სხვა ხალხებისათვის მაინც აეცილებინა სისხლისღვრა. 14 აპრილმა კი გამარჯვება მოიტანა (უანგარო ორგანიზატორთა და მოქნილი ხელისუფლების წყალობით) სისხლით მოვაჭრე პრეზიდენტის სულიერი შვილები კი მისგან ნაანდერძევ-შთაგონებული მეთოდით ისევ ცდილობენ, რაც შეიძლება ბევრი სისხლი დააღვრევინონ ახალ ხელისუფლებას მისი დისკრედიტაციის მიზნით. აი, ასეთი 9 აპრილისათვის ემზადებიან. ამ ბნელ გზაზე შემდგარმა ექსბელადმა უმძიმესი ბედისწერა დაიტეხა და დაგვატეხა თავს: მან საკუთარი ერი თავისი ძალაუფლების ძაბუნი ორგანიზმის დონორად აქცია; მან თავის ხალხს სამუდამოდ წაართვა წელიწადის გაღვიძებისა და წელიწადის მიძინების დღესასწაული: დღესასწაული გაზაფხულისა და ქრისტეშობისა. იგი, მესიად შერაცხული, -ჰეროდედ მოევლინა თავის ხალხს და ყრმათა გვამებით აავსო მაცხოვრის შობის წმინდა დღეები. მან - ჩვენს უზნეობაზე დაყრდნობით. 1924 წლის აჯანყებას გრიგოლ რობაქიძემ ხარაკირი უწოდა. იგი უაღრესად უარყოფითად აფასებდა ამ უპასუხისმგებლო, წინასწარ განწირულ სიმამაცეს. 1956 წელსაც რომ იგივეს დაიმართებ, და 1989 წელსაც შენს ბავშვებსა და ქალებს გადააჯეგინებ, ამოახოცინებ და მოაწამვლინებ - ეს უფრო ღრმა არასრულფასოვნების კომპლექსიდან ამოზრდილ თვითგანადგურების ინსტინქტურ სურვილსა და ეროვნულ უთავმოყვარეობაზე მიუთითებს (“საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს...”). ვფიქრობ, ამასვე უკავშირდება ის, რომ პრობლემათა გადაწყვეტის გზად ძალის დემონსტრაციას მივიჩნევთ ხოლმე (ნოემბრის მრავალათასიანი აქცია ცხინვალისკენ); ტვინის ფუნქცია კალაშნიკოვს რომ დავაკისრეთ და ამით ავტომატური რეაქციების გზა ავირჩიეთ ინტელექტუალური დიპლომატიის ნაცვლად, რისი ტრაგიკული ნიმუშიც არის აფხაზეთი და შიდა ქართლი; ვერც ეროვნულმა მოძრაობამ, ვერც ყოფილმა და ვერც ახლანდელმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო ამ ავტომატურ, ძალისმიერ ინერციაში არსებითი სიახლის შეტანა, და სისხლის არიდება, რაც მხოლოდ აზრისმიერი დიპლომატია შეიძლება იყოს. ხოლო მან, ვისშიც თითქოს თავი მოიყარა ყველა ჩვენმა მანკიერებამ, ვინც მაგნიტივით იზიდავდა ხალხის სნეულ თვისებებს და აპოხიერებდა მათ, ის დადებითი როლი შეასრულა, რომ გვაჩვენა ამ სნეულების დამღუპველობა. ეს მაინც გამოვიყენოთ. მე მგონია, რომ ის ახლაც სრულიად მარტოა, როგორც მარტოა მუდამ ადამიანი, რომელსაც სიყვარულის უნარი არ მიამადლა ღმერთმა. სწორედ ამიტომ ყველაზე მეტად მას სჭირდება სიყვარული, მაგრამ იგი არავის უყვარს. იგი რომ მის მომხრე მანდილოსნებს მაინც უყვარდეთ, მისთვის ილოცებდნენ, ილოცებდნენ შემზარავი ბედისწერით დაღდასმული მისი სულისთვის და მისი სახელით, მისი ხვედრის შესამსუბუქებლად სიკეთის ქმნის გზას დაადგებოდნენ: ქრისტიანულ გზას, რომელიც გვიბრძანებს: ჩუმად ვილოცოთ და ჩუმად ვაკეთოთ კეთილი საქმე; ხოლო ჩვენ ამ გაზაფხულზე მაინც შევძლოთ დუმილი, გამოვგლიჯოთ სიყალბესა და ღრიანცელს ჩვენი საყვარელი გოგონებისა და ქალების მსხვერპლური სახეები, და ჩვენს გულში, ჩვენს ჩუმს ოხვრაში, ჩვენს წრფელ ფიქრში დავუდოთ ბუნა. შევძლებთ კი? ჩვენ ხომ ჯერჯერობით ის ქვეყანა ვართ, რომელსაც გულისხმობს ერთი ლექსის ეს სტრიქონები:
“აი, ქვეყანა დალაქული მამების ცოდვით, ბავშვების წმინდა სისხლითაც რომ არ იწმინდება”.
გაზ. ‘კაბადონი’ #10 (99), 9 აპრილი, 1992 წ.
--------------------
არა არს დაფარულ...
|