საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც ვლადიმირ ზელენსკის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ უკრაინაში დაბრუნების იმედი გაუჩნდა, ქვეყანაში შესვლაზე ისევ უარი უთხრეს.
როგორც უკრაინული მედია ქვეყნის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურზე დაყრდნობით წერს, სააკაშვილს არ გააჩნია ქვეყანაში შესვლის კანონიერი უფლება.
„აღნიშნული პირი 2017 წლის სექტემბერში პოლონეთის მხრიდან უკრაინის სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა, რაც ადგილობრივი და სააპელაციო სასამართლოების მიერ დასტურდება“,-ნათქვამია უწყების განცხადებაში.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სააკაშვილის მიმართ ძალაში რჩება გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით მას უკრაინაში შესვლა 2021 წლამდე ეკრძალება.
როგორც თავად სააკაშვილმა Facebook-ში დაწერა, არც ელოდა, რომ უკრაინაში შეუშვებდნენ, სანამ პრეზიდენტი ჯერ კიდევ პეტრო პოროშენკოა.
„სანამ პოროშენკო პრეზიდენტია, სასაზღვრო სამსახურიდან სხვა პასუხს არ ველოდებოდი. არაუშავს, მრავალთვიანი ლოდინის შემდეგ, ცოტას კიდევ დავიცდი“,-დაწერა სააკაშვილმა.
უკრაინაში 21 აპრილს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგად გამარჯვება ვლადიმირ ზელენსკიმ მოიპოვა, თუმცა ზელენსკი პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებას ინაუგურაციის შემდეგ შეუდგება, რომელიც მაისის ბოლოს გაიმართება.
რაც შეეხება ზელენსკის პოზიციას სააკაშვილთან დაკავშირებით, 22 აპრილს მის შტაბში განაცხადეს, რომ სააკაშვილის უკრაინაში შესვლის ნებართვაზე გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს და ეს საკითხი სატელეფონო ზარით არ უნდა წყდებოდეს.
https://pia.ge/post/258284-saakasvils-ukrai...JgQ4CQW7qaK__58