კაია ეს რო დადე.
მოდი, გადმოვაკოპირებ მთლიანად:
Beka Kobakhidze
12 სთ. ·
რადგან გვაგრძნობინეს საკითხის აქტუალურობა, ეგებ ამ ნაწერსაც მკითხველი გამოუჩნდესთქო და წვრილად გადავწყვიტე პრობლემის აღწერა.
იმის მიზეზი, რომ გუშინდელი დღიდან საქართველოს ისტორიის კონკრეტულ საკითხებზე კარგი წიგნების მოძიება დაგვჭირდა და ვერ მოვიძიეთ, არის სამი:
1. მეცნიერებაში ფული არ არის და ღირსეული ცხოვრებისთვის ჯობია სხვა რამით დაკავდე;
2. საქართველოს ისტორიას უნდა სწავლობდეს ისტორიის ინსტიტუტი და თსუ-ის საქართველოს ისტორიის კათედრა. ვისაც საშუალება გაქვთ, მოიძიეთ საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში ამ ხალხის რამდენი რეცენზირებადი სტატია ფიქსირდება. ნულოვან ნიშნულზე ვართ. ამ ორგანიზაციებში მოხვედრა მხოლოდ ნეპოტიზმის პრინციპით არის შესაძლებელი. ისინი საბჭოთა წარსულის ისეთივე გადმონაშთები არიან, როგორებიც მწერალთა კავშირი, კომპოზიტორთა კავშირი, მეცნიერებათა აკადემია და ა.შ.
3. ქართულ არქივებში მუშაობა არის ფაქტობრივად შეუძლებელი. ის ვინც არც უფულობამ დააფრთხო და არც ნეპოტიზმმა და მაინც ენთუზიაზმით აკეთებს საქმეს, არქივების დაბრკოლებას ვერ ლახავს.
ეს სამივე პრობლემა დაკავშირებულია იმასთან, რომ არასწორად მოწყობილ სახელმწიფოში ვცხოვრობთ.
სამივეზე რომ დავწერო წიგნი გამომივა. ამიტომ, არქივებზე შევჩერდები.
მაშ ასე:
იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი (სსიპ, როგორც მაგალითად იუსტიციის სახლი) საქართველოს ეროვნული არქივი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევამდე, დილის 10-დან საღამოს 5 საათამდე. მთელი აგვისტო ისვენებენ. მაგალითისთვის, ბრიტანეთის ეროვნული არქივი მუშაობს შაბათობით, საღამოს 7 საათამდე, სწორედ იმ ხალხისთვის, ვინც სამუშაო დღეებში სამსახურშია და არქივში მისვლა შაბათს შეუძლია. ისვენებენ ორშაბათობით.
ბრიტანეთის ეროვნულ არქივში ყველაფერი უფასოა. ითვლება, რომ ისტორია არ არის ბიზნესი. მათ შორის, უფასოა ფოტოგადაღებაც. ანუ, მუშაობ, მაგრამ ამავე დროს კვლევის დაწერა გინდა. მიდიხარ შაბათს დილიდან, დღის ბოლომდე გამოიწერ ათეულობით საარქივო საქმეს, გადაიღებ ასეულობით საარქივო ფურცელს. მერე დაჯდები საღამოობით, ან შაბათ-კვირაობით, ზაფხულობით ან როცა გცალია და დაამუშავებ გადაღებულ მასალას, წაიკითხავ, დაწერ კვლევას.
რა ხდება საქართველოში:
არქივი მხოლოდ მაშინ მუშაობს, როცა არ გცალია. ფოტოგადაღება სრულიად აკრძალულია. მიდიხარ პირველ დღეს არქივში, გეუბნებიან, რომ დაგვიტოვე საბუთები, რეგისტრაციას გაგატარებთ და ხვალ მოდითო (ბრიტანეთში 10 წუთში ხდება რეგისტრაცია და საქმეებზე მუშაობის დაწყება). მიდიხარ მეორე დღეს საქმეების გამოსაწერად, გამოიწერ მაქსიმუმ 10 საქმეს (მეტის უფლება არ გაქვს) და გეუბნებიან, ისევ ხვალ მოდი, რომ საქმეები მოგიტანოთო. მიხვედი კიდევ შემდეგ დღეს, რომ ბოლოსდაბოლოს ნახო ის საქმეები. სამკითხველო დარბაზში ადგილი ან შეგხვდება ან შეიძლება ცოცხალ რიგში ჩადგომა მოგიწიოს. არქივის ამხელა შენობაში სამკითხველო დარბაზი 100 კვადრატული მეტრიც არ იქნება. ბრიტანეთში რამდენიმე დარბაზია, ერთი ბოლოდამ მეორე ბოლოს ვერ ხედავ.
შეიძლება გამოწერილი 10 საქმიდან შენთვის საინტერესო ინფორმაცია არც ერთში არ აღმოჩნდეს, 1 საათში გადაათვალიერო და დააბრუნო. გამოიწერ ახალ საქმეებს, მაგრამ გეტყვიან, რომ იმავე დღეს თითო საქმის გამოტანა ღირს 10 ლარი, უფასოდ თუ გინდა შემდეგ დღეს უნდა მიხვიდე. ბრიტანეთში თითო შეკვეთა გამოაქვთ მაქსიმუმ 20 წუთში, ცხადია სრულიად უფასოდ.
როცა მიადგები შენთვის საინტერესო საქმეებს, ყველაფრის ხელით ამოწერა გიწევს, რადგან ფოტოგადაღება აკრძალულია, ხოლო თითო გვერდის ასლის გადაღება 60 თეთრი. მე დისერტაციის დასაწერად სამასზე მეტ საქმეზე მუშაობა დამჭირდა, ეს დაახლოებით არის 30 ათასი საარქივო ფურცელი. ერთი კარგი სტატიისთვის ამის მეათედი მაინც ხო გჭირდება?! ყველა ფურცელში სამოცი თეთრი რომ გადაიხადო, კვლევა გიჯდება მანქანის ფასი. არადა არქივში ზუსტად ის ხალხი დადის, ვისაც მანქანა არ ჰყავს და ენთუზიაზმით აკეთებენ საქმეს. ამ ხალხმა, მთელი წლის შვებულება უნდა აიღოს (და არა აგვისტოში, რადგან არქივი აგვისტოში ისვენებს) და მთელი თვე არქივში უნდა გაატაროს, რათა ხელით ამოიწეროს ყველა საინტერესო ინფორმაცია. ეს თვე მხოლოდ ერთ სტატიას ეყოფა, წიგნს და დისერტაციას რამდენიმე თვე უნდა.
თუ რამდენიმე გვერდის დასკანერება გადაწყვიტე, ადგილზეც ვერ გადაიხდით თანხას. უნდა წახვიდეთ ბანკში, ჩადგეთ რიგში, იქ გადაუხადოთ და მერე ქვითარი მოიტანოთ უკან. რაღაც სხვა საუკუნეშია ეს დაწესებულება, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ ისტორიკოსმა საარქივო კვლევა არ გააკეთოს და რატომ აკეთებს ამას, კაცმა არ იცის. საბჭოთა კონვულსიებია, სხვანაირად ვერ ვხსნი...
შედეგად, ადამიანები მეცნიერებას აღარ მისდევენ ან კვლევებს წერენ უარქივოდ, ზედაპირულს, წყალწყალას.
საქართველოს ეროვნული არქივი თავის მნიშვნელობით ბრიტანეთისას ვერ შეედრება, მაგრამ კავკასიაში არის ნომერ პირველი. ტფილისი კავკასიის ადმინისტრაციული ცენტრი იყო 1802 წლიდან 1936 წლამდე. თუ ხარ უცხოელი და კავკასიის ისტორიაზე გინდა კვლევის დაწერა, საქართველოს ეროვნულ არქივს ვერ უნდა ასცდე.
ახლა დაუკვირდით ასეთ კაცს რამდენი შეფერხება აქვს:
1. არ არსებობს არქივში დაცული აღწერების/საქმეების საძიებელი. სანამ ჩამოხვალ რომ გაარკვიო გიღირს თუ არა ჩამოსვლა. სადაა შენთვის საინტერესო ინფორმაცია დაცული და ა.შ. არც ონლაინ ასლების შეკვეთისა და გადახდის სერვისი არსებობს, რომ მაგალითად მეილზე გადმოგიგზავნონ მასალები;
2. თბილისში ჩამოსასვლელი ბილეთების ფასად მთელ ევროპას მოივლი რაინეარით;
3. არც ოთახის ქირაობაა თბილისში იაფი;
4. ჩამოხვედი ერთი კვირით. პირველ ორ დღეს რეგისტრაციასა და საქმეების გამოწერაში გართმევენ. გრჩება სამი დღე. ანუ, მხოლოდ 30 საქმის გამოწერა შეგიძლია და იმ პირობით, რომ ამ ოცდაათი საქმის ხელით ამოწერა მოასწრო ან ძვირი ფასი გადაიხადო ასლებში;
5. შეიძლება ამ სამი დღის განმავლობაში დრო დაკარგო იმაში, რომ სამკითხველო დარბაზში ადგილი არ არის და ცოცხალ რიგში ელოდები;
6. თუ მასალა მკითხველისთვის გაუგებარ ენაზეა, არქივი მას არ სთავაზობს გიდის ან თარჯიმნის ფასიან მომსახურებას.
თბილისში ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაციებია დაცული, რომ ჩვენ თავისუფლად გვაქვს პოტენციალი საარქივო ტურიზმი განვავითაროთ. სომხები, აზერები, ჩრდილო კავკასიელები, რუსები გარანტირებულად ივლიან დიდი რაოდენობით. ივლიან დასავლეთელებიც, ბევრად მეტნი, ვიდრე დადიან.
ეს საქმე როგორ არის მოწყობილი ბრიტანეთში:
1. ონლაინ ეძებ ყველა საინტერესო მასალას და ზუსტად იცი რა გინდა;
2. ონლაინ ნიშნავ არქივში მისვლის თარიღს და ონლაინვე გამოიწერ საქმეებს;
3. არქივში მისული 10 წუთში გადიხარ რეგისტრაციას და ონლაინ გამოწერილი საქმეები ადგილზე გხვდება. შენი ფოტოაპარატით გადაიღებ რამდენსაც გინდა. მე დღეში 500-800 ფურცელს ვიღებდი. სამ კვირაში იმდენს გადაიღებ, რომ მთელი ცხოვრება შეიძლება გეყოს;
4. არქივისავე საიტზე, ერთი ფანჯრის პრინციპით, არის არქივთან ფეხით სასიარულო მანძილზე მდებარე გასაქირავებელი ოთახების სია და ამასაც იქვე აგვარებ, ლონდონში ჩასვლამდე;
5. თუ ჩასვლა არ გინდა, შეგიძლია ონლაინ მისცე შეკვეთა, ონლაინვე გადაიხადო და მეილზე მოგივა საარქივო ფურცლების ასლები.
ეს ყველაფერი კი უფასოა, მაგრამ ბრიტანეთი მოგებული გამოდის: ყოველდღიურად ასეულობით ადამიანი ზის მათ სამკითხველოებში. ამ ხალხმა იყიდა ავიაბილეთი, იხდის ოთახის ქირას, სამჯერ ჭამს, მგზავრობს, ყიდულობს სუვენირებს და ა.შ. ათიათასობით ტურისტი ყოველწლიურად მხოლოდ არქივს ჩაყავს ლონდონში.
ჩვენ კი ყველაფერს ვაკეთებთ რომ არ ჩამოვიდნენ.
რაც ახლა დავწერე, რა არის ამაში შეუძლებელი და განუხორციელებელი? მარა ამ ქვეყანაში არაფერია წაღმა, არავინაა თავის შესაფერის თანამდებობაზე დანიშნული, რომ რაც დავწერე ამის ცოდნა ჰქონდეს. ეროვნული არქივი იმართებე ისევე, როგორც იუსტიციის სახლი. არქივი არ არის მიწების გადაფორმება-გადმოფორმება და ფულის ტრიალი. საერთოდ, რა უნდა მის სამეცნიერო ნაწილს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში?! არ ვიცი...
ასევე, არქივში კანონით არის შეზღუდული წვდომა საარქივო მასალაზე, რადგან 75 წლის და აქეთ დოკუმენტაცია შეიცავს პირად ინფორმაციასო. ანუ, 1945 წლის ტექსელის აჯანყების ან სტალინის მიერ რეპრესირებულთა რეაბილიტაციის მასალების შესწავლა თუ გინდა, ვერ შეისწავლი.
კაი, ვთქვათ ბრიტანეთს ვერ დავეწევით, მაგრამ პოლონეთს შევეჯიბროთ. ბრიტანეთში თუ 20 წუთში გამოაქვთ საარქივო საქმე, პოლონეთში 2-3 საათი სჭირდებათ. არ გეუბნებიან ზეგ მოდიო. გადაღებაც სრულიად უფასოა.
IDFI-მ ჩაატარა კვლევა პოსტსაბჭოთა სივრცეში არქივების ღიაობასთან დაკავშირებით და ბრიტანეთი და პოლონეთი კი არა, ოდნავ ვუსწრებთ რუსეთს, ჩამოვრჩებით უკრაინას და ერთ დონეზე ვართ ყაზახეთთან. ესაა რეალობა. (იხ. ბმული:
http://www.open-archives.org/ )
ნატო და ევროკავშირი რომ გინდა, ყაზახეთის დონეზე არ უნდა გქონდეს არქივების ღიაობა.
აი ამ უბედურებების შესაცვლელად, საქართველოს ისტორიის ყველაზე ცნობილმა დასავლეთელმა პროფესორებმა დაწერეს პეტიცია, მიმართეს პრემიერმინისტრ ბახტაძესა და იუსტიციის მინისტრ წულუკიანს. თუ ვინმე რამენაირად იცნობს საქართველოს ისტორიას დასავლეთში, ისევ ამ ხალხითაა. ხელმომწერთა შორის იყვნენ: მაუნტ ჰოლიოკის კოლეჯის (აშშ) პროფესორი სტივენ ჯონსი, მიჩიგანის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორი რონალდ სუნი; ლუიზიანას სახელმწიფო უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორი ალექსანდრე მიქაბერიძე, საფრანგეთის აღმოსავლეთმცოდნეობის უნივერსიტეტის პროფესორი შარლ ურჟევიჩი, ლონდონის ქუინ მერის უნივერსიტეტის პროფესორი დონალდ რეიფილდი და ა.შ. სია გრძელია.
ეს პეტიცია ვიცე-სპიკერ სერგი კაპანაძისა და გიორგი კანდელაკის ხელით იქცა საკანონმდებლო ინიციატივად. პირადად იუსტიციის მინისტრმა დაბლოკა ის. არქივი პოლიტიკური საკითხი არაა, მაგრამ ვიფიქრე ოპოზიციის გამო ხომ არ დაბლოკათქო. ოცნების დეპუტატებს ფიზიკურად არ ვიცნობ, რომ მიმემართა. ოღონდ საშველი დაადგეს ამ საქმეს და არ მაინტერესებს ვისი ინიციატივით იქნება ეს. ამიტომ, ერთ-ერთ სახელმწიფოში საქართველოს ელჩს ვთხოვე დახმარება. არც "თავისიანის" გაიგონა იუსტიციის მინისტრმა. ისევ უარი თქვა.
გთავაზობთ ამ პეტიციას თავისი ხელმოწერებით, იმის დასტურად, რომ მთავრობაში უბრალოდ მავნებლები სხედან.
არა არს დაფარულ...