
ანაკლია, მაიკ პომპეოს ტონი და ნატო-ს დეკემბრის სამიტი - რა ეწყინა კარასინს
ეკატერინე ბასილაია
14.06.2019
აშშ-დან ნატო-სა და ანაკლიის პორტის შესახებ საქართველოს მიმართ გაკეთებული მხარდამჭერი განცხადებების გამო მოსკოვი აღშფოთებას ვერ მალავს და პრაღის მორიგი შეხვედრისას გრიგორი კარასინმა მორიგი მუქარანარევი გზავნილები გამოუგზავნა თბილისს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იმუქრება, რომ ნატო-ში საქართველოს დაჩქარებული გაწევრიანების პერსპექტივით მოსკოვი შეშფოთებულია და „ეს საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე დამღუპველად იმოქმედებს". ამასთან, კარასინი ამბობს, რომ რაც მაიკ პომპეომ რუსეთისა და ჩინეთის მიმართ თქვა ანაკლიის პორტის კონტექსტში, ეს ტონი კრემლს არ აწყობს.
კარასინის ეს განცხადებები მუქარად აღიქვა თბილისში ყველამ - ხელისუფლებამ, ოპოზიციამ და ექსპერტებმა.
თავად პრაღაში კარასინთან მორიგ შეხვედრაზე ჩასულმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ „გეოგრაფიულად მსოფლიოში ყველაზე დიდი სახელმწიფო, მილიონიანი არმიით და ბირთვული იარაღით, მეზობელ ქვეყანას ასეთი ენით არ უნდა ელაპარაკებოდეს".
„როცა მესმის ხოლმე რუსეთის ფედერაციის ოფიციალური წარმომადგენლების მხრიდან ასეთი მუქარისშემცველი განცხადებები, სიმართლე გითხრათ, ხანდახან რაღაც უხერხულობა მეუფლება... თუ ეს რაღაც სიძლიერის დემონსტრირებაა, ვფიქრობ, საპირისპირო შედეგს აღწევს. ზოგადად, ვიმეორებ, ჩვენი თანამშრომლობა ნატოსთან არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული", - განაცხადა აბაშიძემ „იმედთან" საუბრის დროს.
რაც შეეხება კარასინის მიერ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, აბაშიძე ამტკიცებს, რომ პორტთან რუსეთს არანაირი შეხება არ აქვს და შეხვდრის დროს ანაკლიის პორტზე სუბარი კი არ ყოფილა.
პრაღაში აბაშიძე-კარასინის კონსულტაციები 13-14 ივნისს იმართება. რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა გროგორი კარასინმა სწორედ შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა განცხადება და მისი დიდი აღშფოთების მიზეზი ვაშინგტონში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ბოლოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მიერ გაკეთებული გზავნილები იყო.
„პრეზიდენტ ტრამპისა და აშშ-ის მთელი მთავრობის სახელით ვაცხადებ, რომ თქვენ არ მოგაკლდებათ აშშ-ის მხარდაჭერა ნატო-ში გაწევრიანების გზაზე," - განაცხადა 11 ივნისს პომპეომ.
გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა თქვა იცის, რომ იმედოვნებს, საქართველო დაასრულებს ანაკლიის პორტის პროექტს და ეს პროექტი საქართველოს დაიცავს მოჩვენებითი მეგობრების - რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკური ზეგავლენისგან, რომლებიც საქართველოს ინტერესებს არ ატარებენ.
სწორედ ამ განცხადებებს გამოეხმაურა კარასინი მუქარანარევი გზავნილებით.
კარასინი ამბობს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ნორმალური ურთიერთობები მყარდება და ეს დასავლეთის ნერვიულობას იწვევს, ამიტომაც ახლა „ეს ხალხი გააქტიურდა და ნატოს დეკემბრის სამიტისთვის ემზადება".
„აშშ-ს სახელმწიფო მდივანი პომპეო ღიად აცხადებს, რომ ნატოში საქართველოს დაჩქარებული მიღებაა საჭირო. იმის თქმა, რომ ეს ვითარება რუსეთისთვის საგანგაშოა, ძალიან რბილი ნათქვამი იქნება. სინამდვილეში ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს დამღუპველად იმოქმედებს ჩვენს ურთიერთობებზე...
„თუ რა უნდა გაკეთდეს ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, ეს საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, მაგრამ ის, რაც პომპეომ რუსეთისა და ჩინეთის მიმართ თქვა, არ არის ის ტონი, რომელიც ჩვენ გვაწყობს," - თქვა კარასინმა.
„ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ კარასინის გზავნილებში ახალი არაფერია და ეს განცხადებები ვერც ანაკლიის პორტის მშენებლობაზე მოახდენს გავლენას და ვერც ნატო-საქართველოს ურთიერთობაზე.
სოფო კილაძე აცხადებს, რომ სამწუხაროა, თუ რუსეთის ხელისუფლება საქართველოს სწრაფვას ნატოში საფრთხედ აღიქვამს. მისი თქმით, არც ანაკლიის პორტის მშენებლობა და არც საქართველოს ნატოში ინტეგრაცია არავის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი არ არის.
ნინო გოგუაძე ამბობს, რომ არ აქვს მნიშვნელობა რა დამოკიდებულება აქვს რუსეთს ანაკლიის პორტის მშენებლობის მიმართ, ან საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებით. რუსეთის ზეწოლის მიუხედავად, საქართველო არჩეულ კურსს არ შეიცვლის.
ოპოზიცია კი უკვე მერამდენედ აცხადებს, რომ გაუგებარია, რატომ უნდა გრძელდებოდეს კარასინი-აბაშიძის შეხვედრები, სადაც მხოლოდ მოსკოვიდან გამოგზავნილ მუქარებს ვისმენთ და ამ ფორმატს ქვეყნისთვის არანაირი შედეგი არ მოაქვს.
„კარასინმა ფაქტობრივად კიდევ ერთხელ თითი დაუქნია ჩვენს ქვეყანას, რომ ანაკლიის პროექტი, ეს არის მათთვის წითელი ხაზი, ისევე როგორც ნატოში გაწევრიანება. ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება, რომ საქართველოს ხელისუფლება, თუ ის იცავს ამ ქვეყნის სუვერენულ ინტერესებს, ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებდეს ამის შემდეგ თუნდაც იგივე კარასინი-აბაშიძის შეხვედრებს და ისევ საუბრობდეს რუსეთთან დათმობის პოლიტიკაზე," -აცხადებს „ნაცმოძრაობის" დეპუტატი" სალომე სამადაშვილი.
„ევროპული საქართველოს" დეპუტატი გიგა ბოკერიას თქმით კი, „რის წინააღმდეგაც არის კარასინი, ის არის კარგი საქართველოსთვის".
„ნატოში გაწევრიანების გზაზე ნებისმიერ პროგრესს რუსეთი ეწინააღმდეგება იმიტომ, რომ ეს პროგრესი ზღუდავს რუსეთის შესაძლებლობას, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობა დაამხოს - ეს არის მათი ამოცანა. ნატოს წინააღმდეგი არიან არა იმიტომ, რომ საფრთხეს ხედავენ საქართველოსგან, როცა ის ნატოს წევრია; ნატოს წევრობა არ არის არავის წინააღმდეგ მიმართული, ნატოში საქართველოს გაწევრიანების წინააღმდეგი არიან, რადგან ეს შეზღუდავს მათ შესაძლებლობას, რომ ჩვენს თავისუფლებას დაემუქრონ. ამიტომ არის ეს ჩვენთვის კარგი. სამწუხაროა, რომ ჩვენ არ გვყავს მთავრობა, რომელიც ამ გზაზე იმოქმედებს თანმიმდევრულად და გააზრებულად," - აცხადებს ბოკერია.
საგულისხმოა, რომ ჯერ კიდევ თებერვალში საგრძნობლად გააქტიურდა მუქარანარევი განცხადებები მოსკოვიდან. ჯერ რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ გამოვიდა და რაიმე კონკრეტული მიზეზის გარეშე დაემუქრა საქართველოს, რომ ნატო-ს წვრთნების გააქტიურებას რუსეთის მხრიდან „ადეკვატური რეაგირება" მოჰყვება.
შემდეგ იყო კარასინი, რომელმაც მაშინაც სწორედ პრაღის შეხვედრის დაწყების წინ დაიმუქრა ერთგვარად, რომ „ქართველ კოლეგებს აფრთხილებს უსიამოვნო მოულოდნელობების შესახებ". შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ თბილისი უნდა ჩამოყალიბდეს - ან სიმშვიდე რეგიონში, ან ნატო. ხოლო შემდეგ „კომერსანტთან" ინტერვიუში ასევე „გააფრთხილა" საქართველოს ხელისუფლება, რომ „უკრაინაშიც ასე იწყებოდა".
http://www.resonancedaily.com/index.php?id...2&id_artc=72917