ვერა ქობალია „ბოლივუდს“ დაუკავშირდა
4 ივლისი, 2015
„თბილისელები“, 11 დეკემბერი, 2010 წელი
ის, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი პრეზიდენტის ფავორიტია, ამ მარტივ ჭეშმარიტებას მთავრობის სხდომებისთვის თვალის ერთი შევლებაც მოწმობს (ყველაზე მეტს ქ-ნი ქობალია ლაპარაკობს და მერე რა, რომ დამტვრეული ქართულით?!).
მოგეხსენებათ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო არა მხოლოდ ტურისტების, ინვესტორების მოზიდვითაც ინტენსიურადაა დაკავებული (მერე რა, რომ ჯერჯერობით რეალურად მოზიდული არც ერთი გვინახავს და არც – მეორე?!).
სწორედ ამ მიზნით მინისტრმა ინდოეთი მოიარა. ჩვენებურები პოპულარულ ინდურ საპროდიუსერო კომპანიებს დაკავშირებიან და ფილმის საქართველოში გადაღება შეუთავაზებიათ: ოფიციალური ინფორმაციით, ამ შეთავაზების მიზეზი ის იყო, რომ „ბოლივუდი“ დაინტერესებულია ფილმების უცხოეთში გადაღებით; არაოფიციალურად კი, მიზეზი ისაა, რომ საქართველოში გადაღება იაფი ჯდება.
მეტიც, პოპულარულ ინდურ საპროდიუსერო კომპანიებს არა მხოლოდ დაკავშირებიან, არამედ ქ-ნი ქობალია ერთ-ერთ ინდოელ კინოვარსკვლავს, კერძოდ, ამირხანს სახლშიც სტუმრებია (ეტყობა, ინდური კინოსადმი თავისი მოწიწების დასტურად).
ერთი სიტყვით, „ბოლივუდის“ დელეგაცია საქართველოს ამ წლის ბოლოს ან იმ წლის დასაწყისში ეწვევა, რომ ადგილზე გაერკვეს შეთავაზების ავკარგიანობაში. მანამდე კი ქ-ნი ქობალია ასკვნის, რომ „ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუნდაც, ერთმა კომპანიამ თუ გადაწყვიტა ფილმის გადაღება, მას 1 000-კაციანი ჯგუფი ჩამოჰყვება. გადაღება თვეების განმავლობაში გაგრძელდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ დასჭირდებათ კვების პროდუქტი, სასტუმროები“.
რაც მთავარია, ქ-ნი მინისტრი დარწმუნებულია, რომ საქართველოში „ბოლივუდის“ მიერ თუნდაც ერთი ფილმის გადაღების შემთხვევაში ინდოეთის მოსახლეობაში საქართველოსადმი ინტერესი გაიზრდება.
თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ინდოეთი მსოფლიოს ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანაა, რა თავში ვიხლით გაზრდილ ინტერესს?!
ხოლო, თუ, ერთი მხრივ, ქართული ეკონომიკის განვითარება-სიმდგრადე იმის იმედზეა, რამდენ საკვებს მიირთმევს ერთ ჭამაზე „ბოლივუდის“ 1 000-კაციანი დელეგაცია, მეორე მხრივ კი, სწორედ ამაზე ყოფილა დამოკიდებული საქართველოს პოპულარიზაციაც, ამ ლოგიკით, თუ ზედაც ქ-ნ ქობალიას „ბოლივუდურ“ ფილმში გადაიღებენ, დასახული მიზნები განა უფრო სწრაფად და ეფექტურად არ მიიღწევა?!
* * *
Librarianბოლივუდელ პროდიუსერთა მორიგი სტუმრობა საქართველოში
2011 წლის 21 ივლისს საქართველოს მეორედ ეწვევა ბოლივუდის პროდუსერთა დელეგაცია. როგორც ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება, დელეგაციის ვიზიტის „მთავარი მიზანია დაამყარონ ურთიერთობები კინოინდუსტრიის სფეროში მოღვაწე ქართულ კომპანიებთან, ჩაატარონ კასტინგი, დაათვალიერონ კინოგადაღებისათვის საინტერესო ადგილები, რათა შედგეს მოსამზადებელი სამუშაობი ცნობილი ინდური ბლოკბასტერის, განსტერული-ტრილერის “BILLA 2” გადასაღებათ 2011 წლის შემოდგომაზე“.
პრესსამსახურის ცნობით, ინდოელი კინოსპეციალისტების დელეგაცია 21 ივლისს, გამთენიისას, 03.15 საათზე, დუბაი-თბილისის რეისით ჩამოვა. სტუმრებს აეროპორტში ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს წარმომადგენლები დახვდებიან. დელეგაციის წევრები არიან ინდოეთში მოღვაწე ცნობილი პროდუსერები, რომლებსაც გადაღებული აქვთ 20 ფილმი, სატელევიზიო სერიალები და არაერთი სარეკლამო რგოლი. თუმცა, სამინისტრო მათ ვინაობას არ აკონკრეტებს.
ვიზიტის დროს იგეგმება შეხვედრები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრთან, საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოსთან და კინოცენტრთან.
მიმდინარე წლის იანვარში თბილისში უკვე იმყოფებოდა ბოლივუდური დელეგაცია პროდიუსერ ნარენდრა ბაჯაჯის ხელმძღვანელობით. მანამდე კი 2010 წლის ოქტომბერში ეკონომიკის მინისტრი ვერა ქობალია ინდოეთში ვიზიტის ფარგლებში ცნობილ მსახიობს შეხვდა და კინოს სფეროში ბოლივუდსა და საქართველოს შორის შესაძლო თანამშრომბოლბის შესახებ ესაუბრა.
ავტორი Unknown დრო 18:02
საკმარისია ?
Independence is happiness. Susan B. Anthony