ბოკერიას აზრით, ტყუილია, რომ ივანიშვილმა აშშ-ის ელჩის კანდიდატურა დაბლოკა
“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია მითს უწოდებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ საქართველოში აშშ-ის ელჩის პოსტზე ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურა დაბლოკა. თუმცა როგორც ის ამბობს, ბიძინა ივანიშვილის ლობისტებმა თეთრ სახლსა და სახელმწიფო დეპარტამენტში არსებული შიდა დაპირისპირება ბრინკის ნომინირების წინააღმდეგ გამოიყენეს.
“ივანიშვილი კი არა, საბჭოთა კავშირი ვერ ბლოკავდა ამერიკის ნომინირებულ ელჩებს. საიდან მოიტანა საერთოდ იმ ხალხმა, ვინც ეს გაავრცელა? ის, რომ საქართველოში წელიწად-ნახევარი ელჩი არ იყო, ძალიან ცუდია. ეს არის ბევრი ფაქტორის ბრალი. კარგია, რომ ახლა ნომინირებულია ელჩი და იმედია, სენატში მალე ჩაივლის მოსმენები და სწრაფად ჩამოვა. მითია, რომ ბიძინა ივანიშვილმა უთხრა ამერიკელებს, თუ ამას გამოაგზავნით, არ შემოვუშვებო… ეს არის სრული სიცრუე. არცერთ ხელისუფლებას და პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილს არასოდეს არც კი გაუვლია თავში, რომ ასეთი დაპირისპირება გაბედოს შეერთებულ შტატებთან. ეს არის მეგობრობაზე უარის თქმა. ვერც საქართველოს ელჩს დაბლოკავს ამერიკა, თუ კონკრეტული რაღაც არ არსებობს: ან კრიმინალი უნდა იყოს, ან ჯაშუში”, – განაცხადა ბოკერიამ “მთავარი არხის” ერთერში.
გადაცემის წამყვანმა ბოკერიას ჰკითხა, მაშინ, როდესაც ამერიკელი დიპლომატებიც ადასტურებენ ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურის დაბლოკვის შესახებ ცნობას, საიდან აქვს განსხვავებული ინფორმაცია, რაზეც დეპუტატმა აღნიშნა, რომ ესაუბრა იმ ხალხს, ვისზეც საუბარია.
“მანდ ლაპარაკია სხვა რამეზე. შიგნით როცა იხილებოდა, ივანიშვილის რამდენიმე ლობისტმა იმუშავა იმაზე, რომ ეთქვა, ეს შეიძლება არ არის კარგი არჩევანი საქართველოს ოლიგარქ ხელისუფლებასთან ურთიერთობის დასამყარებლადო. ეს არის სულ სხვა ტიპის სამუშაო. შიდა წინააღმდეგობებით ისარგებლეს, რომელიც არსებობდა სახელმწიფო დეპარტამენტში, თეთრ სახლში და არა ის, რომ დაბლოკა”, – განაცხადა ბოკერიამ.
მისი თქმით, ბრიჯიტ ბრინკი კარგი დიპლომატია და სინამდვილეში “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების მწვავე კრიტიკოსი იყო.
“კატასტროფაა ის, რომ ივანიშვილი ასე უყურებს სამყაროს – სააკაშვილის დროს რადგან იყო საელჩოში, ჰგონია რომ მისი მოსყიდული იყო. ხოლო ამერიკისთვის პრობლემაა სახელმწიფო აპარატის ასეთი ინტრიგები და დისფუნქციურობა”, – დასძინა ბოკერიამ.
გასული წლის ოქტომბერში ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურა საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე განიხილებოდა, თუმცა ის ქართულმა მხარემ დაბლოკა. მოგვიანებით ამის შესახებ წერდა Foreign Policy-ც. როგორც გამოცემის ჟურნალისტები, რობი გრამერი (FP-ში აშუქებს სახელმწიფო დეპარტამენტის საკითხებს) და ემი მაკინნონი წყაროებზე დაყრდნობით წერდნენ, რამდენიმე პირი საქართველოს მთავრობაში ბრიჯიტ ბრინკს მიიჩნევდა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხელ სააკაშვილის მიმართ კეთილგანწყობილ ფიგურად.
საქართველოს ხელისუფლებამ ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურის დაბლოკვის შესახებ ინფორმაცია არ დაადასტურა.
https://netgazeti.ge/news/398063/?fbclid=Iw...vJ9D6pM4ePgdUKw