რაღაც ძალიან „ადვილად“ იხსენებს ბევრი სსრკ-ს.
...უბედურება მარტო ის კი არ იყო, რომ 1924-1937 წლების ამბებმა უამრავი ქართველის სიცოცხლე შეიწირა. მთავარი ისაა, რომ სტალინმა მოუსპო საქართველოს უმთავრესად ნაღები ფენა – ზნემაღალი, ნიჭიერი, განათლებული და სამშობლოსადმი პატრიოტულად განწყობილი ელიტა, რითაც საქართველოს, როგორც ერთიან ეროვნულ ორგანიზმს თავი წააცალა. ხოლო მათ ნაცვლად ქვეყანას მეთაურებად მოევლინენ სამშობლოს უარმყოფელი კოსმოპოლიტები, უპრინციპო და სინდისგარეცხილი კარიერისტები – ისეთები, რომლებიც სამშობლოს კი არა, საკუთარ დედასაც კი გაწირავდნენ პირადი ბედნიერებისათვის. მათი მიბაძვით ცხოვრების ნორმად იქცა – ურთიერთ მაბეზღარობა, ცილისმწამებლობა, ქურდობა, გამომძალველობა, მექრთამეობა, მომხვეჭელობა, ყალბისმქნელობა. ამან კი კატასტროფულად დასცა ერის ზნეობა. ცნობილი ამბავია – უზნეო კაცს, არც დედა სწამს, არც მამა, არც ერი, არც ბერი და არც სამშობლო. ისიც ცნობილია, რომ ზნემაღალი ერი კიდევაც რომ დაიმორჩილოს მტერმა, ვერ დაამონებს, ვერ გადააგვარებს. ამიტომ იყო, რომ ყოველ დამპყრობელს შორის, ყველაზე ვერაგმა – მეფის რუსეთმა ჩვენი ქვეყნის დაპყრობისთანავე, ყველაზე მძაფრი იერიში ქართულ, ეროვნულ ზნეობაზე მოიტანა. იგივეს მიმართეს ამჯერადაც კომუნისტურმა ხელისუფლებამ. მათ ცხოვრებიდან გარიყეს პატიოსანი, ალალმართალი და სამშობლოს მოყვარული ადამიანები, ხოლო მათ ადგილზე წამოწიეს – გაიძვერა, თაღლითი და ეროვნების უარმყოფელი გარეწრები.
ეს მოხდა არა მარტო მმართველ ორგანოებში, არამედ ელიტარულ დაწესებულებებშიც – უნივერსიტეტში, მწერალთა კავშირში და სხვაგან. უნივერსიტეტიდან გამოაძევეს მისი დამაარსებელი და დიდი მოამაგე ივანე ჯავახიშვილი. მწერალთა კავშირში ერთის მხრივ შეზღუდეს სახელოვანი მწერლები, ხოლო მეორეს მხრივ სარბიელი მისცეს ახლებურად მოაზროვნე მუშა პოეტებს, ანუ „პროლეტკულტელებს“. ესენი იყვნენ – სანდრო ეული, კალე ფედოსიშვილი, ალიო მაშაშვილი, კარლო კალაძე, კონსტანტინე ლორთქიფანიძე, იაკინთე ლისაშვილი, ფ. ნაროუშვილი და სხვები. აი კერძოდ, ის „ოქროს ფონდი“, რომელიც „პროლეტკულტელ“ პოეტთა შორის ზოგიერთმა მათგანმა დაგვიტოვა. აი, რას გვიწერს მაგალითად კალე ფედოსიშვილი, რომელსაც არც პოეტი ეთქმოდა და არც ადამის მოდგმის შვილობა თავისი კანიბალისტური სულით:
„მე მოვკლავ დედას, დავახრჩობ მამას,
თუ რევოლუცია მიბრძანებს ამას…“
ახლა მოვუსმინოთ მეორეს – კონსტანტინე ლორთქიფანიძეს, რომელიც დღესაც ამყრალებს დიდუბის პანთეონის წმინდა სავანეს. იგი ერთ ტაფაში აქცევს ერეკლე მეორეს და ქართველთა სისხლისმსმელს – აღა-მაჰმადხანს ასეთი სიტყვებით:
„რად მინდა სამშობლო; ჩემთვის ერთია ერეკლე მეფე და
აღა-მაჰმად-ხან“.
მაგრამ კიდევ უფრო ამაზრზენი ის არის, რომ ეს ბოროტი სული ერთერთ თავის ლექსში, რომლის სათაურია „საბარგო ავტომობილი“, ქებადიდებას ასხამს და უმღერის მანქანას, რომელსაც 20-იან წლებში „რევოლუციისათვისს ღალატის“ ბრალდებით დასახვრეტად გადაჰყავდა სრულიად უდანაშაულო ხალხი და წინასწარ გამზადებულ თხრილში ჰყრიდნენ და მარხავდნენ ცოცხალ-მკვდარ დაჭრილებს. აი, ეს ლექსიც:
„… ახლაც გმირი ხარ, ტყვიით დატენილს
არ შეგიცვლია ნაბიჯი გზიდან,
რევოლუციის მოღალატენი
შენ დასახვრეტად გადაგიზიდავს.“
(იხ. ვახტანგ გურგენიძე, ჯვარს ვაცვით ილია, გვ. 32).
აი, რა ხალხი მოვიდა რუსთაველის, სულხან-საბას, გურამიშვილის, ბარათაშვილის, ილიას, აკაკის, გოგებაშვილის და ვაჟას ადგილებზე, ქართული ეროვნული მრწამსისა და საუკუნეთა მანძილზე გამომუშავებული უმაღლესი და უწმინდესი ზნეობის დასასამარებლად და ნაცვლად სამშობლოსა და თვით მშობლების უარმყოფელი, მანქურთული იდეოლოგიისა და საზოგადოების გამხრწნელი უზნეობის დასამკვიდრებლად.
https://burusi.wordpress.com/2010/03/11/mik...-mchedlishvili/
რუსეთი უნდა დაინგრეს.