ახლა ფილმზე: აკი ვწერდი ორიოდ დღის წინ, ნუ გვიკრძალავთ, ვნახოთ და ეგებ თქვენზე მეტად დავიწუნოთ- მეთქი...
ისე კაი მოგეცეთ ყველას, როგორც ასე მოხდა. ვნახე ფილმი და თითქმის საათი და ოცი წუთი მე, ვისაც კინოხელოვნება მიყვარს, ფრიად განხიბლული დავრჩი...რაღაც უფრო უკეთესს ველოდი...მხოლოდ ფინალისკენ გამოსწორდა საქმე...ვაღიარებ, იმ ორმა უხერხულმა სცენამ შემაცბუნა, შიგადაშიგ თვალარიდებით ვიხედებოდი ეკრანისკენ. უცხოური ფილმებისათვის არც ხელცდუნებაა უცხო და არც თვითმიზნური ერიტიკული სცენები. ჩვენ, უფროსმა თაობამ, რაც არ უნდა ვეცადოთ, ჩვენი ყმაწვილი თუ მოწიფული შვილები მათ მაინც გადაეყრებიან ინტერნეტში. დღეს, სამწუხაროდ, ეროტიკა ფანდია ფილმების სალაროს შესავსებად. ლიტერატურაცა და ვიზუალური ხელოვნება, მით უფრო კინო, ვერ იტყვის უარს,საზოგადოდ, ეროტიკაზე. საქმე მის ესთეტიზაციაზეა მხოლოდ...
არავის მოსვლია აზრად "ქება ქებათაი" და მისი მსუყეფერებიანი ლექსიკა მიეჩნია სამარცხვინოდ. იუდეველები მას საქორწილო სიმღერათა კრებულად თვლიან, ქრისტიანობა მის ეგზეგეზას სახისმეტყველებითად წარმოგვიდგენს და ახლებურ იკითხვისს, ინტერპრეტაციას გვთავაზობს. როგორი იყო ეს სცენები ფილმში? ჩემი აზრით, არაესთეტიკურად ეროტიკული, არმოსაწონი. მავანისათვის, შესაძლოა, აბსოლუტურად და კატეგორიულად მიუღებელი. კი , ბატონო. ეს საკითხი ამოვწურეთ. ახლა მისი მიზანდასახულების შესახებ. იკითხება თუ არა ეს სცენები და მთლიანად ფილმი , როგორც ცოდვისკენ მოწოდება, პროპაგანდა? კატეგორიულად უარვყოფ. ვეცდები ქვემოთ ვიმსბელო ამაზე, თანაც, სხვა რომ არაფერი, ბოლო- ბოლო ჩემი უფლებაა, ასე ვიფიქრო...
ფილმის ექსპოზიციური ნაწილი გაწელილი მომეჩვენა, თუმც , შესაძლოა, ამას რეჟისორი შეგნებულადაც აკეთებდეს, რათა უღიმღამო და უპერსპექტივო ყოფის რუტინა აჩვენოს. ოჯახურ სცენებში მუდმივ ფონად ისმის პოლიტიკური და რელიგიური ცხოვრების ამსახველი ინფორმაციები. ისინი ავსებენ, ისინი არიან სწორედ მდგენელნი და შემოქმედნიც იმ რეალობისა, რომელშიც ხელოვანთა - კულტურის მუშაკთა- ოჯახი (ბებია, დედ-მამა, შვილები) ცხოვრობენ და აქ, წესით, სამ თაობაში შენახული ტრადიციული სულიერი კულტურის მუხტი უნდა ფეთქავდეს... როგორია ეს ოჯახი და რამდენად ტიპურია ის ქართული საზოგადოებისათვის? ბებია - ყოფილი მოცეკვავე, ძველი ყაიდის თავმოყვარე და თავმოვლილი ქალი, ნამდვილი ეკვირინე ქამუშაძეა, ოღონდ არ თქვან, რომ ღარიბები ვართო, შვილიშვილს ეუბნება, როცა რესტორნიდან მორჩენილი საჭმელი მოაქვს. ლაზარე არ გაგახსენდათ(კ/ფ. "ლაზარე"), კუდაბზიკა თავადთან საჭმელს რომ ეზიდება?! მთავარი გმირის მშობლები ხელმოცარულნი დარჩენილან - მამა სახლიდან წასულია და ელიავას მაზუთიან დახლზე გაჭირვებით ვაჭრობს, იქვე ჭამს და სვამს. და კიდევ, არ ემეტება შვილი იმ გზისთვის, მისთვის რომ ოდესღაც დიდ საკონცერტო დარბაზებში დაწყებულა და ელიავას ე.წ. " დაშლილებში" დასრულებულა. მისი ცხოვრებაც ასეა დაშლილი იმ ისტორიული კატაკლიზმებით, მისმა ქვეყანამ რომ გამოიარა...ასეთივე დაშლილ- ჩამორღვეულია ბიჭების დედა- ქმრისგან მიტოვებული, ნახევრად სხვისი და ნახევრად არავისი (შვილებისაც კი). ის ნამდვილი სომნანბულაა, ვერ ფხიზლდება თუ დაიძინა და ვრ იძინებს, თუ ოდესმე გადაწყვიტა, რომ დაიძინოს. დაბორიალობს ასე, ზეზეულა მიცვალებულივით და აბსოლუტურად უუნაროა, ემოციურად რიგიდული , შვილებსაც ვერ ეფერება ჯეროვნად, საკოვანი ბებიაც კი სჯობნის კეკლუცობით. დედა შუახნის ასაკის კრიზისში მყოფი ქალია, უსექსო, უსიყვარულო, უპასუხისმგებლო, უბედური, ბებიაც კი ეუბნება შვილიშვილის თანდასწრებით, გითხოვოს მერე იმან, გადადი მასთან, დაუჯექი და ჩვენც დავისვენებთ და შენცო... ოჯახში ორი , ფაქტობრივად, უპატრონო ბიჭია, ორი განსხვავებული მენტალობა, ნირი, ხასიათი... ბოლოს ისე აღმოჩნდება, რომ ის, ვინც დაუმორჩილებელი და ხულიგანია, ის უფრო ადაპტირებადი აღმოჩნდება და ცხოვრებას , მართალია, იძულებითი ქორწინებით("ქალი მინდოდა, ცოლი შემრჩა"-ს ქართული, აპრობირებული სცენარით) იწყებს და როგორც თვითონ ამბობს, ღიპითა და სადღეგრძელოებით დაასრულებს სიმამრის ხელშეწყობით, ხოლო მერაბი (მთავარი გმირი)- წესიერი, მორჩილი, მშრომელი და გაუხარელი, რომელსაც წრფელი გოგონა უყვარს თუ არ უყვარს, ვერც გაუგია, ათი წელი უფრო მეგობრები არიან ერთმანეთისათვის, ვიდრე ჯანსაღი ურთიერთლტოლვის ობიექტები. გარკვეულ ასაკში ეს ლტოლვა თავისი გრადაციით, ცხადია, უნდა ივარაუდებოდეს. ჩემზე ადრე რუსთველმა ათქმევინა ავთანდილს, გაწონასწორებულ რაინდს, მოვუკლავარ თინათინის სურვილსა და სიყვარულსო. "სურვილი" უხეშად გაგებული "ნდომა" და ბიწიერება კი არაა აქ, არამედ სწრაფვა, ლტოლვა, ირაციონალური მიზიდულობა, საბოლოოდ სიყვარულად რომ ყალიბდება და შიგნიდან ანათებს ადამიანს. ჩვენს პერსონაჟს ეს არ აქვს. ამ დაძმურ ურთიერთობაში ის მამაკაცად თავს ვერ გრძნობს. გოგონაც რაღაცნაირი ასექსუალურია, ის სადღეგრძელოებსა და მითოსში გაიზარდა და ერთადერთი ჰეროიზმი რაც მას შეუძლია გამოიჩინოს ისაა, რომ ჩუმი გულწყვეტით დათმოს "შეყვარებული" და როგორც ერთადერთმა ერთგულმა მეგობარმა, უთანაგრძნოს მას. ასეთ ვითარებაში მყოფ დეზორიენტირებულ ყმაწვილს უჩნდება მასზე უკეთესისა და ცოტათი მის მიერვე გაიდეალებული ბიჭის მიმართ ფსიქოლოგიური მიკედლების განცდა, რომელიც, ჩემდა სამწუხაროდ, ხორციელ ლტოლვად ტრანსფორმირდება... ბიჭს ჩვეული სამყარო თავზე ემსხვრევა , ის სწავლობს, ცდის თავს, ამიტომ რეჟისორი პერსონაჟს უშვებს უმსგავს ბარსა და ამაზრზენად ნაჩვენებ, ბინძური ლექსიკით მოსაუბრე ტრანსვესტიტებთანაც კი ...განა შეიძლება ჩავუთვალოთ რეჟისორს პროპაგანდისტულ ტრიუკად ამ ბედკრული გარემოსა და პიროვნულად დეგრადირებული შემცოდე ადამიანების ჩვენება?! ვინ უნდა ცდუნდეს ამათი არსებობით ან ყოფით?!
ქართულ სამყაროში უშუშროების აგენტზე მეტი მეზობელმა ავრორამ იცის, ავრორები მარადიულნი არიან და ესეც ზღუდავს ისედაც არათავისუფალ, კონფორმისტულ გარემოს. და კიდევ ანსამბლიდან გაძევებული, მონასტერში "გამოსასწორებლად" გაგზავნილი ზაზას ისტორია, როგორც დამზაფრავი ალეგორია და პერსპექტივა (მავანისათვის ცოდვით , მავანისათვის კი- არჩევანით მაცხოვრებელი) კაცისათვის. იქ, სადაც , წესით, სიწმინდე უნდა სუფევდეს და არა ორმაგი მორალი, რომელიც გაცილებით დიდი ბოროტებაა, რადგან იციან და არ იქმან საღმრთოსა მას წესიერებასა, იმ "გამოსასწორებელ" ზაზას "გამოსწორებას" 'მავანი ბერი კვლავ იმავე გზით ცდილა თურმე, რასაც ის ერში განარიდეს. და საბოლოოდ, ეს კაცობაშერცხვენილი, კარიერადამსხვრეული და იმედდაკარგული, საზოგადოებისაგან უნუგეშოდ გარიყული ზაზა ცირკთან მდგარი ბოზის როლს მიუდგებს თავს...
ზაზას ისტორია დამოკლეს მახვილივით ჰკიდია მერაბის თავს და მას რამდენჯერმე ტყუილად არ ახსენებენ ფილმში... დეზორიენტირებული ბიჭიც ცდილობს (ან ეჩვენება), რომ სიყვარულად გაიაზროს, იგრძნოს ( ვერ დავიჩემებ, ეგებ , გრძნობს კიდეც) ირაკლისადმი ჩვენთვის მიუღებელი ფიზიკური ლტოლვა. ირაკლი არ ატყუებს მას, მაგრამ უფრო კონფორმისტია, კომპრომისზე წასვლაც შეუძლია, თუმც, არ ვიცით, რა ბედი ელის მის ბისექსუალობას თუ უძლურებას, მორიგ უბედურ ცოლს შემატებს ბათუმის საქალეთს თუ არა...მისი - შეყვარებული გოგოს ერთგული ლამაზი ბიჭის- არსებაც დაანგრია ამ საბედისწერო ლტოლვამ და ფარისევლური ორმაგი ცხოვრების რეჟიმისთვის გაწირა... ძალიან უნდა გინდიდეს, რომ ამ უპერსპექტივობაში პროპაგანდა და ვინმეს წახალისება დაინახო...
ჩემთვის ფილმში ყველაზე ჰუმანისტური და ამაღელვებელი გახლდათ ძმების სცენა (ფინალისკენ), როცა ახალდაქორწინებული და უმოწყალოდ ნაცემ- ნაბეგვი ძმა გვერდით მიუწვება მერაბს და, შესაძლოა, მთელი სამყაროს სამყოფი მიმტევებლობით ეუბნება, რომ შენ გამო ვეჩხუბე ბიჭებს, უნდა დამეცავი, ალბათ ისეა, რაც დაგიძახეს და იმედია , ტყუილად არ გავლახულვარ, ჩემზე ნიჭიერი ხარ და შენ უნდა წახვიდე აქედან, სხვა გზა არ გაქვსო. უაღრესი ტრაგიზმია ამ სცენაში, როცა ცოდვას ვერ იღებ, მაგრამ ცოდვილი გიყვარს(!), რადგან ის შენი ძმაა, შენი მოყვასი...და შენ თავად სხვა გზა, გარდა სიყვარულისა მისდამი, არ გაგაჩნია... ასე ტრანსფორმირდება ფილმში ორი პერსპნაჟი- მერაბისგან ნაღალატევი შეყვარებული გოგონა და მოხულუგნო, " მუჟიკი" ძმა... სწორედ ეს ორი პერსონაჟი ამკვიდრებს უპირობო სიყვარულის ჰუმანისტურ და სწორედაც ქრისტიანულ პათოსს.
ახლა რაც შეეხება ჩოხას. ის წითელი ჩოხა ირაკლის საგვარეულო განძია და მას პერსონაჟი სხვის (!) დღესასწაულებზე , ქორწილებში ცეკვისას იცვამს და, როგორც თავად ამბობს, კარგ ჰონორარსაც უხდიან, ანუ, ალეგორიულად, ბიჭი ტრადიციის მეშვეობით ჭამს პურს..ის მისთისაც საშუალება უფროა, ვიდრე არსობრივად და სიმბოლურად საკრალური. სწორად გამიგეთ. ფილმში ჩოხა მეტაფორაა, ფინალურ ცეკვაში პერსონაჟი იცვამს ირაკლის ჩოხას, განსხვავებულ და მოულოდნელ მონახაზებს დემონსტრაციულად აჩვენებს შემფასებელთ, საკუთარი ტკივილის დათმენით (მტკივანი ფეხით), რაღაცნაირად, ხეიბრულად ცეკვავს და იხდის და ტოვებს(!) ჩოხას, მეტაფორულად , ირაკლია და იმ ანსამბლს, გარემოს, სადაც მას, ასეთს, აღარ დაედგომება...ფილმში ცეკვაც მეტაფორაა , ჩვენ მიჩვეულნი ვართ, რომ მასში სქესისმიერი როლები მკაცრად ესთეტიზებულია და ტრადიციული ეთიკის დანაშრევს შეიცავს. ე. წ. შეგნებული როლური წანაცვლება მთიელ ქალთა ცეკვას აქვს, ესეც ხომ ვიცით, ქმრებისა და სატრფოების მონატრებას ვაჟური რიტუალური თამაშით რომ განასახიერებენ...შორს ნუ წავალთ, ილიკო სუხიშვილის ქორეოგრაფიული ძიებები,აშკარად ესთეტიკური, ასევე ძნელად ეგუება თითქოს ტრადიციულ როლურ ცეკვებს, მისმა სახელოვანმა წინაპრებმა რომ დაამკვიდრეს კავკასიურ და საკუთრივ ქართულ ცეკვათა სინთეზირებით..მათ შორის, სამოსიც ხომ სოლიკო ვირსალაძის ხელოვნებაა... რომც ჰქონოდათ (დავუშვათ) რამე უკუღმართი ჩანაფიქრი ქართულ ცეკვასთან მიმართებით ავტორებს, ფილმში ის ასე არ აღიქმება, ის ფონია,რომელიც ამკვეთრებს კონფლიქტს, ანტინომიას წარსულსა და რეალობას შორის...
ფილმი სწორედ ადამიანური ტრაგედიის პრიზმაშია "წასაკითხი" და არა იმ კონტექსტში, როგორადაც ამ დღეებში ეგზალტირებულმა მასამ. წარმოაჩინა. თუ ჩვენ დავაკვირდებით, რა ტექსტები წარმოითქმებოდა, როგორ მანიპულირებდნენ გავეშებული ადამიანებით და ბოლო ორი კვირისა და უფრო ადრე კი მიმალულ ქვეტექსტებს მოვიძიებთ, ერთი რამაა სწორედ ცხადი: ფილმი იყო საბაბი! ეს პროვოკაცია იყო ყველაზე მგრძნობიარე და მიუღებელი თემით სპეკულირების მეშვეობით საზოგადოებრივი განწყობის მობილიზების მცდელობა საკუთარი პერსპექტიული სტატუსის სახეიროდ. ასევე, საჩოთირო თემების მისაჩუმქრად. მწუხარე სახის ნარცისმა რაინდმა ბოლო-ბოლო გაამხილა, რომ მისი საძმაკაცოს ბოდიალი საზოგადოებრივ ასპარეზზე, პრეზიდენტის ინსტიტუტსა თუ საპატრიარქო იერარქიაში, ასევე მისი ანაქრონული სამეფო კარის თამაშები, ოჯახის სიწმინდის უცნაური "დაცვა", აქაოდა უფლისწული გააჩინე და მე კიდევ რაინდად მაკურთხეთო(შუასაუკუნეების რაინდულმ რომანებმა იცის ეგ,

), საბოლოოდ ფორმულირდა ასე: რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს, თუ ჩემი ერი ამ ჯვარს(პოლიტიკოსისა) დამადებს (მისი სიტყვებია), ვიტვირთავო...მთელი ეს ბაქხანალია ემსახურებოდა სწორედ ამ სტატუსის მომწიფებას, რასაც მეყსეულად მხარი დაუჭირა მისმა მეგობარმა მესაყდრემ.სხვათა შორის, მან ამით თავის იმიჯს დიდად ავნო..არც ერთმა შტომ პასუხისმგებლობა კონფრონტაციაზე არ(!) აიღო... ორივენი რუსული გავლენის შემამტკიცებლებად აღიქმებიან ჩვენში, დანარჩენ ყოფილ პოლიტიკურ გვამებთან და მმკ- სთან ერთად. სულზე მოუსწრო მათ სხვა მღვდელმთავრის (ჩემთვის გულდასაწყვეტად) უსაფუძვლო თვალსაზრისმა, რომ ილია თურმე ევროპის ინსპირაციით მოკლეს სოციალ-დემოკრატებმა. მოდით, დავფიქრდეთ, რა სუბსტრატული პოლიტიკური პროცესები ივარაუდება მთელ ამ აჟიოტაჟში, რომელიც ერთი საშუალო დონის ფილმის გაპროტესტებისა და მასით შენიღბვის ფონზე წარიმართა. ვისაც ხბოს აღტაცების გარეშე შეგვიძლია ერსა თუ ბერში არსებულ უმძიმეს, ორმაგი სტანდარტის ვითარებას შევხედოთ, ნუ დაგვზრახავთ, თუ გვგონია, რომ მიდის გამალებული, მოსწრებითი გადაწყობა ქვეყნის პოლიტიკური და სასულიერო შტოებისა და გარე ვექტორის კორექტირება.თანაც, ქვეყნის დასავლური იმიჯის საზიანოდ...
და როცა ერი გახლეჩის წინაშე შეიძლება დააყენოს ვინმე გაქსუებულმა (გაქსუებულებმა), "შენ , ჩემო ხალხო, გაიქეცი ბაბილონიდან". ჰოდა, გამოფხიზლდით...ეს ექსტრემისტული საერო თუ სასულიერო გაერთიანებები და მათი ბრმადმადიდებელი, აგრესიული ნაწილი საზოგადოებისა, გადაგჩეხს , ჩემო კარგო ქვეყანავ, და ილოცეთ მერე კირილეზე...