დღეს ორი კვირა შესრულდა ექიმის დაკავებიდან.
ამ შემთხვევის გამორჩეულობა იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი არ დაეთანხმა ბრალდებას "საზღვრის დარღვევის" შესახებ, რაც ხუთი ათას რუბლამდე ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ თავისუფლებას დაუბრუნებდა. მან წინასწარი განზრახვით გადაკვეთა საოკუპაციო ხაზი, შემდეგ კი პირდაპირ მიახალა ჩინოსნებს, რომ მათ ისევე არ ცნობს, როგორც ს.ოსეთად წოდებულ წარმონაქმნს. მიესაჯა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა, დეკემბრის შუახანებში კი სასამართლო შედგება. ვაჟა გაფრინდაშვილს წაყენებულა აქვს რუსეთის ფედერაციის ს.ს.კ. 322-ე მუხლი საზღვრის უკანონო გადაკვეთის შესახებ, რომელიც ორწლიან პატიმრობას ითვალისწინებს.
ცხინვალიდან ჩვეული ტონით ირწმუნებიან, რომ ყოველგვარი ზეწოლა უპერსპექტივოა. ეს ქალაქი დღეს ისეთივე კრაზანის ბუდედ არის ქცეული, როგორიც ახალციხე იყო უწინ. მათი ლიდერების მორალური სახე შეგვიძლია იოლად წარმოვიდგინოთ, თუ გავიხსენებთ, რომ შარშან 22 თებერვალს მოკლული არჩილ ტეტუნაშვილის ცხედარი მხოლოდ 20 მარტს გადასცეს ჭირისუფალს.
თვის ბოლოს კარასინ-აბაშიძის მორიგი შეხვედრაა დაგეგმილი, სადაც ჩვენს პატივცემულ გვამს კვლავ ცინიკურად ეტყვიან: ჩვენ არ ვერევით ს.ოსეთის საქმეებში, ის დამოუკიდებელი სუბიექტია, რომელსაც პირდაპირ უნდა დაელაპარაკოთ.
ჩვენს ციხეებში გადასაცვლელიც არავინ დარჩა: ყველანი გაუშვეს, მათ შორის 2005 წლის 2 თებერვალს გორში ტერაქტისთვის გასამართლებული პირები.