მოგერინი წავიდა
ასოცირებული ქვეყნების განცხადებით, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ჩამოყალიბებიდან 10 წლის თავზე, მნიშვნელოვანია, განისაზღვროს ფორმატის შემდგომი, გრძელვადიანი სტრატეგია და ის პოლიტიკური მიზნები, რომელიც გზას გაუხსნის პარტნიორ ქვეყნებს ევროკავშირთან უფრო და უფრო მჭიდრო თანამშრომლობას.
საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები აცხადებენ რომ სამივე ქვეყანა, როგორც ევროპული სახელმწიფოები, რომლებიც იზიარებენ ევროკავშირის ფუნდამენტურ ფასეულობებს, ასოცირების შეთანხმებების შესრულების შემდეგ, მოსახლეობის ნების გათვალისწინებით, განიხილავს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთებას, ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის საფუძველზე.
განცხადება ხაზგასმით აღნიშნავს სუვერენული ქვეყნების უფლებას, თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი. მასში წერია, რომ ევროინტეგრაცია ასოცირებული ქვეყნების მოქალაქეების არჩევანია და თავისუფალი უნდა დარჩეს მესამე ქვეყნების ზეწოლისგან.
სამივე ქვეყანა გმობს მათი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და მოუწოდებს ევროკავშირს უფრო აქტიურად ჩაერთოს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რეგიონში არსებული კონფლიქტების აღმოფხვრაში და ხელი შეუწყოს მათი ტერიტორიებიდან არალეგალურად განლაგებული ჯარების გაყვანას.