რა უფლებები იზღუდება საგანგებო მდგომარეობისას და რა ღონისძიებები შეიძლება გატარდეს ამ დროს?
საგანგებო მდგომარეობისას, კონკრეტული საჭიროებიდან გამომდინარე, მთავრობას შეუძლია შეზღუდოს მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებები და გაატაროს გარკვეული ღონისძიებები.
ეს შეიძლება იყოს საზოგადოებრივი წესრიგის გაძლიერებული დაცვა, საცხოვრებლად საშიში რაიონებიდან მოქალაქეთა დროებით გასახლება (ამასთან, აუცილებლად მისცენ სტაციონარული ან სხვა დროებითი საცხოვრებელი სადგომები), შესაძლოა, ამოქმედდეს ქვეყანაში მოქალაქეთა შესვლისა და გასვლის განსაკუთრებული რეჟიმი, შეიზღუდოს მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების თავისუფალი გადაადგილების უფლება, აიკრძალოს საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ადგილსამყოფლის დატოვება სათანადო ნებართვის გარეშე, აკრძალოს კრებების, მიტინგების, ქუჩის მსვლელობებისა და დემონსტრაციების, აგრეთვე, სანახაობრივი, სპორტული და სხვა მასობრივი ღონისძიებების მოწყობა.
ასევე, სახელმწიფო უფლებამოსილია:
ჩააბას შრომისუნარიანი მოქალაქენი საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მუშაობაში, შრომის საშუალო ანაზღაურებით, აგრეთვე საგანგებო მდგომარეობის შედეგების ლიკვიდაციაში (ამასთან უზრუნველყონ მათი შრომის უსაფრთხოება);
შემოიღოს კარანტინი და განახორციელოს სხვა სავალდებულო სანიტარიულ-ეპიდემია საწინააღმდეგო ღონისძიებანი;
დააწესოს კონტროლი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე;
შემოიღოს კავშირგაბმულობის საშუალებებით სარგებლობის განსაკუთრებული წესები;
შეზღუდოს სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა;
შემოიღოს კომენდანტის საათი (მოქალაქეებს კომენდანტის საათის დროს აკრძალული აქვთ ოფიციალურად გაცემული საშვებისა და მათი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე იყვნენ ქუჩებში ან საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში, გამოვიდნენ თავიანთი ბინის ფარგლებს გარეთ

შეამოწმოს დოკუმენტები მოქალაქეთა მასობრივი თავშეყრის ადგილებში, ხოლო სათანადო საფუძვლის არსებობისას, მოაწყოს მოქალაქეთა პირადი გასინჯვა, მათი ნივთებისა და სატრანსპორტო საშუალებების შემოწმება.
ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს დაზარალებულ მოქალაქეებს სახელმწიფო უზრუნველყოფს საცხოვრებელი სადგომებით, უნაზღაურებს მიყენებულ მატერიალურ ზარალს, ეხმარება სამუშაოზე მოწყობაში და უწევს სხვაგვარ დახმარებას.
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა და გაუქმების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დაუყოვნებლივ აცნობებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს.