კორონამ - რას მერჩით ქართველებიო
"საერთო გაზეთი
28 წთ. ·
COVID-19-ის ღია წერილი საქართველოს
რას მერჩით, კაცო, ქართველები? მე არ გერჩით და თქვენ რას გადამეკიდეთ? რატომ მემტერებით და რატომ მლანძღავთ უკანასკნელი სიტყვებით?
ძალიან ნაწყენი ვარ პაატა იმნაძეზე! არ უნდა ეკადრებინა მაგას ჩემთვის ის სიტყვები, რაც მაკადრა.
თავის ნებაზე თუ მივუშვით, კორონავირუსი გაგვწყვეტს და გაგვანადგურებს, კუბოების დათვლას ვერ ავუვალთო, რომ ბრძანებთ, როდის გაგწყვიტეთ, როდის გაგანადგურეთ და როდის ჩამოგიმწკრივეთ კუბოები, ბატონო პაატა?
სხვაგან ათასები და ათიათასებია დაღუპული, თქვენთან მთელი ამ ხნის განმავლობაში სულ ოთხი კაცია გარდაცვლილი და მე მბრალდება, თორემ მათ სიკვდილში მაინცდამაინც დიდი ბრალი არ მიმიძღვის.
იცის ეს ბატონმა პაატამ და მაინც ასეთ ხმებს მივრცელებს.
არ ეკადრება მაგას ასეთი საქციელი, მით უმეტეს, მე და პაატა, თუ მეგობრები არა, დიდი ხნის ნაცნობები ნამდვილად ვართ და ერთმანეთს ცოტა მეტ პატივს უნდა ვცემდეთ.
მართალია, მაშინ სხვა სახელი მერქვა, მაგრამ სახელს რა მნიშვნელობა აქვს _ სახე ხომ იგივე შემრჩა?
არა მარტო ბატონ პაატას, ბატონ ამირან გამყრელიძესაც კარგად ვიცნობ, ქალბატონი მარინე ეზუგბაიაც ჩემი ძველი დაქალია, ბატონ თენგიზ ცერცვაძესთან კი იმდენი ხნის ურთიერთობა მაკავშირებს, ახლობლად და მეგობრად ვთვლი.
აი, ასეთი საყვარელი და საპატივცემულო ადამიანები, დიდი ხნის ნაცნობები და მეგობრები რომ გაგჭორავენ, გეწყინება კაცს, თორემ ნიკუტა გვარამიასგან და ბოკერიასგან რა უნდა გეწყინოს?
კი, ბატონო, არავის არ ვუკარგავ თავგანწირვას და დამსახურებას ჩემს წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ სადაც თავიანთ დამსახურებაზე ლაპარაკობენ, იქ ჩემი დამსახურებაც რომ ახსენონ ორიოდე სიტყვით და თქვან, რომ არ ვარ მე ძალიან აგრესიულად განწყობილი ქართველების მიმართ, არ შეიძლება?
მე რომ არ ვიყო ხაზგასმულად ლმობიერი ქართველების მიმართ, აბა, ბაბუაჩემის ხნის პრეპარატები მომერეოდა?
გამჭყიპეს ტილის და მალარიის საწინააღმდეგო წამლებით, რატომ, ძმაო, რატომ? მთელ დედამიწას ვაზანზარებ და ტილი და მალარია ვარ მე?
ამ წამლების შემდეგ ცოტა ხანს ჩაკაიფებული დავბორიალობ, მერე გამივლის და ისევ ის კორონა ვარ, რაც ვიყავი.
_ რატომ არის მაინცდამაინც ქართველების მიმართ ასე სიმპათიით განწყობილი ეს კორონაო? _ კითხულობენ ვიღაც ინტრიგანები.
იცით, რა გითხრათ? ეს ჩემი პირადი საქმეა და, როგორც დათა თუთაშხია იტყოდა, ნუ ერევით თქვენ ჩემს პირად საქმეებში.
აღდგომის წინა დღეებში დიდი განგაში ატყდა: _ არ წახვიდეთ ეკლესიაში! გადაარჩინეთ ეკლესია გადაირჩინეთ საკუთარი თავი და გადაარჩინეთ სხვები, _ ისმოდა ყოველი მხრიდან.
ეს დავიდარაბა ბოლოს იმით დამთავრდა, რომ შეთანხმდნენ: ეკლესიის კარები ღია იქნება, მაგრამ შიგ ნუ შემოხვალთო.
ეკლესიაა თუ ნატოა, კარები რომ ღია აქვს და შიგ შესვლა რომ არ შეიძლება?
ამ ადამიანებისა გამკვირვებია დარჩი სახლში, სახლში ილოცე, სახლში დაანთე სანთლები და შენს ლოცვას, შენს მადლიერებას, შენს კრძალვას და მოწიწებას ღმერთი შენი სახლიდანაც გაიგებს და მიიღებსო, რომ გეუბნებიან, რატომ არ გჯერათ?
ღმერთის ყოვლისშემძლეობისა არ გჯერათ თუ რაშია საქმე?
მაინცდამაინც რომელიმე მღვდელმა თუ არ გაგიწიათ რეკომენდაცია ღმერთთან და თქვენი ნათქვამი იმან თუ არ გადაუთარგმნა, ისე ვერ გაიგებს და არ მოგისმენთ?
ერთ მეუფეს მოვკარი თვალი ამასწინათ _ თბილისის თავზე დაფრინავდა ვერტმფრენით და ვითომ ჩემგან იცავდა ქალაქს.
ვიფიქრე, ვეცემი ახლა ყანყრატოში და ვასწავლი ჭკუას-მეთქი, მაგრამ ისეთი ხაშლამის და კახური ჭაჭის სუნი ასდიოდა, ახლოს ვერ მივეკარე და თავი დავანებე.
აი, ასეთების და ამნაირების რეკომენდაცია გჭირდებათ თქვენ ღმერთთან მისასვლელად და ასეთებმა და ამნაირებმა უნდა გამოგიწერონ საშვი ღმერთთან მისაახლებლად?
გამყრელიძის არ გჯერათ, ცერცვაძის არ გჯერათ, იმნაძის არ გჯერათ და იქნებ მე, COVLD 19-ს მაინც დამიჯეროთ! _ დარჩით სახლში! დაიცავით სოციალური დისტანცია! ნუ შეჯგუფდებით ერთად! მაინცდამაინც ახლა ნუ მოგინდებათ ხვევნა-კოცნა- მტლაშა-მტლუში! ხშირად დაიბანეთ ხელები!
მე კი არა, თქვენ, ადამიანები ხართ დღეს ყველაზე საშიშნი ერთმანეთისთვის.
მე ვირუსი ვარ და ის ზნე და ხასიათი მაქვს, რაც ვირუსს უნდა ჰქონდეს.
თქვენ თუ გინდათ სიცოცხლე, მეც მინდა სიცოცხლე, ეს ბუნებრივი ინსტინქტია და მომერიდეთ…
ისე, კაცმა რომ თქვას, ჩემთან რა გაქვთ სასაყვედურო, ვერ მივხვდი…
ვიყავი ჩემთვის გამოქვაბულებში და მღვიმეებში ღამურებთან ერთად და არავის არაფერს ვუშავებდი, სანამ ადამიანები არ მეძგერნენ და ღამურებთან ერთად არ გადამსანსლეს.
მანამდე ვინმეს რამე დავუშავე, ვინმე ზედმეტად შევაწუხე?
არა, ხომ?
ჰოდა, ადამიანებმა ერთმანეთს მოჰკითხეთ ის, რაც მოხდა, მე კი ნუ მსაყვედურობთ…
გასაკვირი არ არის, ადამიანი რომ გქვია და ამ შავ დღეზე გაჩენილ ღამურას რომ ჭამ?
ღამურას თავი დავანებოთ, ადამიანი გქვია და კატას და ძაღლს რა გაჭმევს, ვირთხას რა გაჭმევს, ხვლიკს და კიდევ სხვა ათას უბედურებას რა გაჭმევს?
შეჭამ და გადაეყრები რაღაც საშინელებას, აბა, რა იქნება?
ჭამა-სმის ამბავსაც რომ შევეშვათ, ადამიანები ისეთ რაღაცებს იგონებენ ერთმანეთის გასაჟლეტად, ჩვენი, ვირუსების, საქმიანობა მაგასთან შედარებით, უწყინარ ხუმრობად მოგეჩვენება.
ეს ქიმიური იარაღიო, ეს ბაქტეროლოგიური იარაღიო, ატომური იარაღიო და რა ვიცი, კიდევ ათასი ჯანდაბა და დოზანა.
რა გჭირთ თქვენ, ადამიანებო, რა გჭირთ, რით ვერ გაძეხით ერთმანეთის სისხლით და ხორცით, რით ვერ დაეტიეთ ამ დედამიწაზე?
ჩემი მეგობარი ვირუსები მიყვებიან, რა საშინელ ცდებს ატარებენ მათზე ადამიანები თავიანთ საიდუმლო ლაბორატორიებში და როგორ ცდილობენ ისეთი ახალ-ახალი შტამები შექმნან, რომლებიც რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაანადგურებს.
სხვისი მონათხრობი რად მინდა, მე თვითონაც ისეთ დღეში მაგდებენ ეს ახირებული ექსპერიმენტატორები, სიქა გამძვრა უკვე.
ერთი ლაბორატორიიდან მეორეში დამათრევენ, მეორედან მესამეში და ასე შემდეგ.
იმდენ სინჯარასა და კოლბაში გადამასხეს და გადმომასხეს, იმდენი მჩეხეს და მაქუცმაცეს, იმდენ რაღაცასთან შემაჯვარეს, უკვე არ ვიცი, ნამდვილად ის ვარ, ვინც ღამურის სხეულიდან გამოვიდა თუ სხვა ვარ _ სანახევროდ ადამიანის მიერ შეკოწიწებული ურჩხული და მკვლელი?
დაბოლოს, ადამიანებო, სახლში დარჩებით თუ არ დარჩებით, მთავარია, ადამიანებად დარჩეთ; მაშინ მეც თავს დაგანებებთ და ჩემს გამოქვაბულებში და მღვიმეებში დავბრუნდები.
COVLD-19-ის წერილი
მოიპოვა და
გამოსაქვეყნებლად მოამზადა
ვახტანგ ხარჩილავამ