სამხედრო ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაცია
2h ·
საქართველოს მოქალაქის მკვლელობა ბერლინში. ახალი დეტალები
2019 და 2020 წლებში, Bellingcat-ის, მისი პარტნიორი მედია ორგანიზაციების, The Insider-ის და Der Spiegel-ის მიერ ჩატარებული გამოძიებების საშუალებით 2019 წლის აგვისტოში ბერლინში მოკლული საქართველოს მოქალაქის, გერმანიაში თავშესაფრის მაძიებლის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში სავარაუდო მონაწილეთა ვინაობა დადგინდა. მკვლელობის შემდეგ, სავარაუდო დამნაშავე ბერლინის პოლიციამ მალევე დააკავა. ის აღმოჩნდა გერმანიაში რუსეთის მოქალაქე ვადიმ სოკოლოვის სახელით ჩასული ადამიანი.
დადგენილია, რომ „ვადიმ სოკოლოვის“ პასპორტი რუსეთის სახელმწიფო ორგანოებმა გასცეს. დგინდება ისიც, რომ 2019 წლამდე მსგავსი სახელითა და გვარით, მონაცემებით, რუსეთის სახელმწიფო რეესტრებში არავინ ფიქსირდებოდა. მივდივართ დასკვნამდე, რომ კონკრეტული თარიღის შემდგომ გაჩენილი ჩანაწერები, მათ შორის გადასახადის გადამხდელთა რეესტრში, სპეციალურად შექმნილი ლეგენდის ნაწილია და ეს მხოლოდ ხელისუფლების ნებართვით შეიძლებოდა მომხდარიყო.
ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაადგინა ასევე „ვადიმ სოკოლოვის“ ვინაობაც. ეს გახლავთ 56 წლის ვადიმ კრასიკოვი. რუსეთის მოქალაქე, რომლის წინააღმდეგაც რუსეთის საგამოძიებო ორგანოებს 2013 წელს ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით საერთაშორისო ძებნა ჰქონდათ გამოცხადებული. ინტერპოლისთვის გადაგზავნილი მოთხოვნა კრასიკოვის დაპატიმრებაზე გამოძიებამ 2015 წელს უკან გაიწვია.
მობილური ტელეფონის მონაცემების შესწავლით დავადგინეთ, რომ ბერლინში გამგზავრებამდე კრასიკოვს ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდა კომპანია „ვიმპელის“ თანამშრომლებთან, სადაც ძირითადად უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) ოფიცრები მუშაობენ. ის ხშირად სტუმრობდა უშიშროების სამსახურის დახურულ ბაზებსაც.
გერმანიის პროკურატურა ძირითადად სწორედ Bellingcat-ის გამოძიების მასალებს დაეყრდნო და კრასიკოვს უშიშროების სამსახურის დაკვეთით მკვლელობის ბრალდება წაუყენა. სისხლის სამართლის საქმეს ბერლინის საქალაქო სასამართლო განიხილავს. განაჩენი სავარაუდოდ 2021 წლის ივნისის ბოლოს გახდება ცნობილი.
გამოძიების მტკიცებით, კრიმინალისტიკური ექსპერტიზის მუშაობით უდავოდ მტკიცდება, რომ სწორედ ისაა ხანგოშვილის მკვლელი. მაგალითად, მტკიცებულებათა შორის არის კრასიკოვის დნმ საგნებზე, რომელიც მკვლელობის შემდეგ მან მდინარე შპრეეში გადაყარა. რაც შეეხება მის კავშირს რუსეთის ხელისუფლებასთან, ის ემყარება ასევე საფუძვლიან ვარაუდს, რომ „ვადიმ სოკოლოვი“ და „ვადიმ კრასიკოვი“ ერთი და იგივე ადამიანია. განსასჯელის ადვოკატები უარყოფენ ბრალდების ვერსიას და აცხადებენ, რომ „ვადიმ სოკოლოვს“ წარმოდგენაც კი არ აქვს ვინაა „ვადიმ კრასიკოვი“. თავად კრასიკოვი დუმილის უფლებას იყენებს.
ცოტა ხნის წინ უკრაინელმა სამართალდამცავებმა ხარკოვში, ქალაქში სადაც არის დაბადებული ვადიმ კრასიკოვის მეუღლე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ჩატარებული სპეცოპერაციისას ხელში ჩაიგდეს კრასიკოვის ფოტოები და დოკუმენტები, მაგალითად, ქორწინების მოწმობა. კიევმა კოლეგებს ბერლინში რამდენიმე დღის წინ ყველაფერი გადაუგზავნა. მონაცემები გამოძიების ვერსიას არათუ საფუძველს უმყარებს, არამედ დარჩენილ ეჭვებსაც სრულად აქარწყლებს.
მნიშვნელოვანია, რომ სურათებს შორის არის კრასიკოვის ფერადი ფოტოც, სადაც სავარაუდო მკვლელი კეპსა და უმკლავო მაისურაშია გამოწყობილი. მასზე კარგად ჩანს მოზრდილი სვირინგი მარცხენა მხარზე. ის სრულად ემთხვევა ნახატს „სოკოლოვის“ მხარზე. სვირინგის გარდა იმავე მარცხენა მხარზე განლაგებისა და ზომების მიხედვით ერთმანეთს ემთხვევა ასევე ჭორფლები, ხალი და შრამებიც კი.
კავშირი ФСБ-თან
გარდა იმისა, რომ ბერლინში წასვლამდე კრასიკოვი უშიშროების ფედერალური სამსახურის ბაზებზე დადიოდა და სავარაუდოდ იწვრთნებოდა, მისი კავშირები რუსულ სპეცსამსახურებთან სხვა ფაქტებითაც მტკიცდება. კრასიკოვს გააჩნდა ნომერი, რომელსაც ის ბერლინში წასვლამდე იყენებდა. გერმანიაში ჩასვლის, მკვლელობის სავარაუდო ჩადენის და დაპატიმრების შემდეგ იმავე ნომერს უკვე მისი მეუღლე იყენებდა. საინტერესოა, რომ ტელეფონის ნომერი ევგენი ერიოშკინის სახელზეა რეგისტრირებული. ბერლინში კრასიკოვის დაკავების შემდეგ, უშიშროების სამსახურებმა ოჯახს კურატორად კომპანია „ვიმპელის“ ერთ-ერთი თანამშრომელი, ФСБ-ის სპეცდანიშნულების რაზმის გადამდგარი ოფიცერი ეროიშკინი მიამაგრეს. კრასიკოვის დაპატიმრების შემდეგ კურატორი მუდმივად გადაადგილდებოდა მის ოჯახთან, მეუღლესთან და შვილთან ერთად, მათ შორის თვითმფრინავებითაც.
გარდა ამისა, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ კრასიკოვის მეუღლის პასპორტი ФСБ-ს მიერ მოსკოვშია გაცემული, რადგან ნუმერაციით (45055201**) ის უშიშროების სამსახურებთან მჭიდროდ დაკავშირებული პირების პასპორტებს ემთხვევა. მაგალითად, ამავე სერიას ეკუთვნოდა და მხოლოდ რამდენიმე ციფრი იყო სხვაობა, მავანი „სერგეი ლუკაშევიჩის“ სახელზე გაცემულ პასპორტთან. „სერგეი ლუკაშევიჩი“ ასევე უშიშროების მიერ შექმნილი პერსონაა, ვინც 2015 წლის 25 მარტიდან „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს ხელმძღვანელობდა.
პასპორტების ზემოთ ხსენებულ ნუმერაციასთან ძალზე მიახლოებული, პრაქტიკულად იმავე დიაპაზონის ნომრების მფლობელები უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთან და მის ახლანდელ გარემოცვასთან ერთად ხშირად ფიქსირდებიან სხვადასხვა ფრენებზე.
ხსენებული მონაცემები ადასტურებს Bellingcat გამოძიების ვარაუდს, რომ ФСБ უშუალოდ იყო ჩართული ბერლინში ჩადენილი მკვლელობის მომზადებაში, ასევე სისხლის სამართლის საქმის მტკიცებულებების განადგურების მცდელობაში.
კურატორი ФСБ-დან
2017 წლის მონაცემებით ევგენი ერიოშკინი (1963) დაცვის კომპანია „ვიმპელ სოძეისტვიეს“ თანამშრომელია, რომლის მფლობელი ედუარდ ბენდერსკია, ФСБ-ის სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი მეთაური. დამფუძნებელთა შორის არიან ამავე ქვედანაყოფის სხვა ყოფილი ოფიცრებიც.
ხანგოშვილის მკვლელობამდე ერთი თვით ადრე ერიოშკინს ინტენსიური სატელეფონო კავშირი ჰქონდა როგორც ვადიმ კრასიკოვთან, ასევე მეორე ეჭვმიტანილ რომან დემიანჩენკოსთან.
2019 წლის 27 თებერვალს ერიოშკინის მიერ შენგენის ვიზის მისაღებად შეტანილი განაცხადი მიუთითებს, რომ შესაძლოა ის თავადაც გეგმავდა ოპერაციაში მონაწილეობას. განაცხადი მან მოსკოვში საბერძნეთის საკონსულოში შეიტანა, სადაც 2019 წლის 26 აპრილიდან 26 ოქტომბრამდე მრავალჯერადი გადაადგილების უფლებას ითხოვა. საბერძნეთის საკონსულომ ერიოშკინს მომდევნო დღეს, 28 თებერვალს, ერთჯერადი, 17-დღიანი ვიზა მისცა, რომლის გამოყენებაც 26 აპრილიდან 27 მაისს შორის პერიოდში შეეძლო. ერიოშკინს ვიზით არ უსარგებლია. სამაგიეროდ, მან ხანმოკლე ვიზის მიღების დღესვე დაურეკა ვადიმ კრასიკოვს. მომდევნო 5 თვის განმავლობაში ერიოშკინმა კრასიკოვს კიდევ 28-ჯერ დაურეკა. უკანასკნელად ბერლინში გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე.
ახალი მტკიცებულებების მნიშვნელობა
მტკიცებულებები, რომელიც უკრაინელმა სამართალდამცავებმა გერმანულ მხარეს გადაუგზავნეს, შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს სასამართლოსთვის. ახლადაღმოჩენილი გარემოებების თანახმად, ბევრად უფრო მარტივი გახდა იმის დამტკიცება, რომ არავითარი ტურისტი „ვადიმ სოკოლოვი“ არ არსებობს და რომ რუსეთის ხელისუფლებამ მას გერმანიაში გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე გადასცა ყალბი დოკუმენტები. ეს კი ამყარებს ბრალდების ვერსიას, რომ მკვლელობის შემკვეთი რუსეთის ხელისუფლებაა.
თუკი სასამართლო ბრალდების პოზიციას გაიზიარებს, გერმანიის ხელისუფლება რუსეთის მიმართ „შემდგომი ქმედების უფლებას იტოვებს“. განცხადება ამის შესახებ 2020 წლის აგვისტოში გაკეთდა ოფიციალური ბერლინის მიერ.
წყარო: bellingcat.com
მოამზადა: ლევან ბიბილაშვილმა
ფოტოზე: ზელიმხან ხანგოშვილის სავარაუდო მკვლელი ვადიმ კრასიკოვი
* * *
https://www.facebook.com/permalink.php?stor...172533996144609