სამწუხაროდ, რუსეთიც და თურქეთიც ისედაც აქტიურდებიან და თან ძალიან ცუდადაც. არ სჭირდებათ მაგათ სოროში-შმოროსი.
https://www.interpressnews.ge/ka/article/60...en-sazogadoebasზაზა ფირალიშვილი:
...
- რუსული იმპერია მესამე რომის მესიანისტურმა იდეამ და მისით გამართლებულმა ტერიტორიული ექსპანსიის რეჟიმმა შექმნა. გარკვეული დროის განმავლობაში მესამე რომის იდეა კომუნისტურმა მესიანიზმმა ჩაანაცვლა, თუმცა კი ბოლო წლებია, კვლავ დაიბრუნეს მართლმადიდებელი იმპერიის იდეა. ესაა უცნაური სახელმწიფო, რომლისთვისაც ინტენსიური განვითარება, როგორც ამას უწოდებენ, შიდა კოლონიზაცია კვლავაც უცხო რამეაა.
ნებისმიერი მცდელობა, რუსული სახელმწიფოებრივი ცხოვრება შინაგანი განვითარების რეჟიმში გადანაცვლებულიყო, მარცხით დამთავრდა. საკმარისია, უარყოფილი იქნას ნაციონალური მესიანიზმი, რომ იმპერია მთელს თავის პასიონარულ ენერგიას შიგნით წარმართავს და რღვევას დაიწყებს.
რუსული საზოგადოების კრიტიკულად დიდი ნაწილისათვის გაუგებარი დარჩა ლიბერალური იმპერიის იდეაც კი, სამაგიეროდ, მყისიერად გამოცოცხლდა და თავისი ხელისუფლების ირგვლივ დაირაზმა ჩეჩნეთის მეორე ომის შემდეგ, 2008 წელს საქართველოსთან ომისა და 2014 წლის უკრაინული მოვლენების შემდეგ.
პუტინისა და მისი იდეოლოგების მიერ გამოცოცხლებული „განსაკუთრებული რუსული გზისა“ და „რუსული სამყაროს“ იდეები დღეს იმპერიის მთავარ სახელმწიფოებრივ საზრისს წარმოადგენს.
ბოლო საკონსტიტუციო ცვლილებებიც სხვა არაფერია, თუ არა ამ იდეათა ლოგიკური გაგრძელება. სამწუხაროდ, სხვა გაგრძელებებიც არის მოსალოდნელი და ამას ხელს დასავლეთში, განსაკუთრებით, შეერთებულ შტატებში მიმდინარე პროცესებიც უწყობს. რუსული იმპერიული რევანშიზმი პროცესის გაგრძელებას მოთხოვს თავისი ხელისუფლებისაგან.
დღეს პუტინი უკვე მძევალია იმ ისტორიული სტიქიებისა, რომლებიც თავადვე აღძრა და ამას სრულიად აშკარად მისი პიროვნული ბონაპარტიზმიც დაერთო. კრემლთან დაახლოებული ადამიანები მასმედიაში ადასტურებენ, რომ ოდესღაც რაციონალური პუტინი დღეს პიროვნული მესიანიზმით არის შეპყრობილი და ამ თვალსაზრისით განიხილავს თავის თავსაც და მოვლენებსაც.
დღეს ის მისტიკური ნაციონალიზმისა და მისტიკური გეოპოლიტიკის იდეის მატარებელი ფიგურაა. როდესაც რომელიმე მცირე ქვეყნის ლიდერს იპყრობს ასეთი სენი, კიდევ არაუშავს, მაგრამ საქმე გვაქვს ატომური იარაღის მფლობელი ქვეყნიერების მერვედზე გადაჭიმული ქვეყნის ერთპიროვნულ ლიდერთან. ეს უკვე მთელი კაცობრიობისათვის არის საშიში.
- ამავე კონტექსტში რას იტყოდით თურქეთში მიმდინარე პროცესებსა და პრეზიდენტ ერდოღანის ქმედებებსა და გაცხადებულ თუ ჯერაც გაუცხადებელ გეგმებზე?- ერდოღანმა თავისი ბოლო ნაბიჯით უარი თქვა ათათურქის ცივილიზაციურ არჩევანზე და ისიც მას თანამიმდევრულად ანაცვლებს რელიგიური ნაციონალიზმით და ნაციონალური მესიანიზმით.
რელიგიური ნაციონალიზმის საფრთხეზე უკვე 90-იანი წლების დასაწყისში წერდა ცნობილი ამერიკელი რელიგიათმცოდნე მარკ იურგენსმაიერი. უკვე მაშინ იყო ცხადი, რომ მსოფლიო ლიბერალური რევოლუციისა და ისტორიის ლიბერალური დასასრულის იდეას აუცილებლად მოჰყვებოდა რეაქცია იმ კულტურების მხრიდან, რომლებისთვისაც ეს იდეები იდენტობის დაკარგვისა და გლობალისტურ ეგალიტარიზმში ჩაკარგვის თანაზომადი იყო.
დღეს ჩვენ აღმოვჩნდით სამყაროში, რომელსაც რელიგიური ნაციონალიზმისა და ლიბერალური ექსტრემიზმის პოლარობები ქმნიან. არადა, თითქოს სრულიად აშკარაა, რომ ერთიცა და მეორეც თავისუფლებისა და რელიგიის იდეათა ერთგვარ ჩიხურ ფორმებს წარმოადგენენ და საქმე არა აქვთ თავის საწყისებთან.
მოკლედ, ვერც თურქებმა და ვერც რუსებმა თავისი ადგილი ვერ პოვეს დასავლურ ცივილიზაციაში და ორივე იმპერიის იდეას დაუბრუნდა. მათ შორის კონფლიქტი ჯერ სირიაში და შემდეგ ლიბიაში თითქოს წარსულში გვაბრუნებს.
აია სოფიასათვის მეჩეთის სტატუსის მინიჭება სიმბოლური აქტია, რომლითაც ერდოღანმა იმპერიის იდეის რეანიმაციის შესახებ ამცნო მსოფლიოს. თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსული მესამე რომის იდეა თავის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ასპექტად კონსტანტინოპოლის გათავისუფლებას გულისხმობს, ეს ფაქტი მათ შორის დაძაბულობას კიდევ უფრო გაამწვავებს.
აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე ბოლოდროინდელი კონფლიქტი, ვფიქრობ, მიმანიშნებელია. სეკულარული დასავლეთისათვის აია სოფია მხოლოდ კულტურის ფენომენია, რომელსაც მნიშვნელოვანი სიმბოლური და, უპირატესად, პოლიტიკური დატვირთვა აქვს. რუსეთისათვის ის გაცილებით მეტს ნიშნავს, ის რუსული მისტიკური გეოპოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ასპექტია.
ამიტომაც ვფიქრობ, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის დაპირისპირების გამწვავებას შეიძლება ველოდეთ, რაშიც ჩვენი საზოგადოებრივი აზრიც შეიძლება აღმოჩნდეს ჩათრეული, მითუმეტეს, რომ ჩვენს საეკლესიო წრეებში ბევრია მესამე რომის იდეის გამზიარებელი.
ერდოღანი, ამასთანავე, ცდილობს, პოზიციონირებდეს როგორც ლიდერი, რომელიც ახლო აღმოსავლეთში რუსეთის საპირწონეს ქმნის და დასავლეთში ამით გაანელოს მის მიერ გადადგმული ნაბიჯებით გამოწვეული შეშფოთება. ეს გარკვეულ შედეგებს აუცილებლად იქონიებს. ის თითქოს ცდილობს, დააბრუნოს დიდი ხნის წინანდელი გეოპოლიტიკური სურათი, როდესაც ევროპა თურქულ ფაქტორს რუსეთის მადის დასაცხრობად იყენებდა.
ყველაფერი ეს ჩვენთვის საკმაოდ რთულ ვითარებას ქმნის და ჩვენგან ფილიგრანულ საგარეო პოლიტიკას მოითხოვს.
რუსეთი უნდა დაინგრეს.