სავსემ ნე მელოჩ :დდ
აშშ საგარეო პოლიტიკის ექსპერტები: უნდა გადავხედოთ რუსეთთან პოლიტიკას
06/08/2020 - 11:16 2 6 minutes read
FacebookTwitterGoogle+LinkedInStumbleUponTumblrRedditVKontakteOdnoklassnikiPocketShare via EmailPrint
ViaPOLITICO (US Edition)
პირველწყაროIt’s Time to Rethink Our Russia Policy
Tagsაშშრუსეთისაქართველოსირიაყირიმი
ვაშინგტონურ გაზეთ „პოლიტიკოში“ გამოქვეყნდა აშშ წამყვანი საგარეო-პოლიტიკური ექსპერტების ღია წერილი, რომლის თარგმანსაც ქვემოთ გთავაზობთ:
აშშ-რუსეთის ურთიერთობები სახიფათო ჩიხშია შესული, რაც აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს საფრთხეს. უქმნის კიდევ ერთხელ, რეალური გახდა საშიშროება, რომ სამხედრო კონფრონტაცია ატომურ ომში გადაიზარდება. ჩვენ ატომური შეიარაღების სახიფათო შეჯიბრისაკენ ისე მივექანებით, რომ ჩვენი საგარეო-პოლიტიკური არსენალი რეაქციების, სანქციების, სახალხო გაკიცხვისა და კონგრესის რეზოლუციებითღა შემოიფარგლება. კოვიდ-19-ის გლობალურმა პანდემიამ და მის მიერ მოტანილმა მსოფლიო ეკონომიკურმა დაღმასვლამ თანამშრომლობის გაღრმავებას კი არ შეუწყო ხელი, არამედ კიდევ უფრო გააუარესა არსებული შუღლი.
ამასობაში, ყურადღების მიღმა გვრჩება ატომური ომისა და კლიმატის ცვლილების საფრთხე, რომლებიც მშვიდობასა და კეთილდღეობას ემუქრება და აშშ-რუსეთის თანამშრომლობას მოითხოვს. ამ უყურადღებობით მოტანილი საფრთხეცა და მისი შესაძლო საფასურიც იმდენად მაღალია, რომ გვწამს, აუცილებელია ყურადღებით, ცივი გონებით გავაანალიზოთ და შევცვალოთ ჩვენი დღევანდელი კურსი.
ამ საქმეს ფხიზლად უნდა შევხედოთ. რუსეთი აფერხებს, ზოგჯერ კი შეუძლებელსაც ხდის ჩვენს მოქმედებებს, განსაკუთრებით ევროპასა და აზიაში მისი ფართო პერიფერიის გასწვრივ. მან უკრაინასა და საქართველოს ტერიტორიები წაგლიჯა. რუსეთი ეწინააღმდეგება ჩვენს გლობალურ ლიდერობას და ჩვენი დახმარებით შექმნილ მსოფლიო წესრიგს. ის ერევა ჩვენს შიდა პოლიტიკაში, ცდილობს გააღრმავოს ჩვენს საზოგადოებაში არსებული წინააღმდეგობები და შელახოს ჩვენი დემოკრატიის რეპუტაცია. საუკეთესო შემთხვევაშიც კი, მომავალში ჩვენს შორის ურთიერთობა შეჯიბრისა და თანამშრომლობის ნაზავი იქნება. პოლიტიკის გამოწვევაა ურთიერთობის ამ ორ რეჟიმს შორის მაქსიმალურად სასარგებლო და უსაფრთხო წონაწორობა მოვიძიოთ. ამ მიზნის მისაღწევად, აშშ საგარეო პოლიტიკას ექვს ზოგად რეცეპტს ვთავაზობთ:
• პირველ რიგში, აშშ არჩევნებში რუსეთის ჩარევის გაუვნებელყოფისათვის ეფექტური გზები უნდა მოვიძიოთ და – რაც ყველაზე მთავარია – საარჩევნო პროცესის ეჭვქვეშ დაყენების ნებისმიერი მცდელობა აღვკვეთოთ. აუცილებელი ნაბიჯებია ჩვენი საარჩევნო ინფრასტრუქტურის განმტკიცება; რუსეთის იმ მოქალაქეების დასჯა, რომელნიც მოპარული ინფორმაციის იარაღად გამოყენებას ცდილობენ; ჩვენს ინფორმატიკულ სისტემებში რუსეთის შემოღწევისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ასევე, საჭიროა რუსული დეზინფორმაციის მხილებაც. ოღონდ ამასთან ერთად, რუსეთთან უნდა ჩავერთოთ მოლაპარაკებებშიც, საჯარო მზერის მიღმა, და ყურადღება იმას მივაქციოთ, რომ ორივე მხარეს აქვს საშუალება მეორე მხარის კრიტიკული ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დააზიანოს.
• სრული უაზრობაა, რომ ორ ქვეყანას, რომელთაც შესწევთ ძალა ერთმანეთი 30 წუთში გაანადგურონ და მთელი ცივილიზაციაც მოსპონ, სრულფასოვანი დიპლომატიური ურთიერთობა არა აქვთ. უკრაინის კრიზისის შემდეგ საკვანძო ოფიციალური კავშირები გაწყდა, დაიხურა საკონსულოები, საელჩოების კადრები მნიშვნელოვნად შემცირდა. ძალიან ხშირად შეცდომით გვგონია, რომ დიპლომატიური კონტაქტების არსებობა წახალისებაა კარგი მოქცევისათვის მაშინ, როცა სინამდვილეში მათი მიზანი ჩვენი ინტერესების გასატარებლად და მკაცრი გზავნილების გასაგზავნად საკომუნიკაციო არხის შექმნაა. ჩვენ ეს არხები გვჭირდება, გვჭირდება იმისათვის, რომ მინიმუმამდე შემცირდეს გაუგებრობებისა და არასწორი გათვლების შესაძლებლობა, რამაც შესაძლოა ორივე მხარისთვის არასასურველ ომამდე მიგვიყვანოს. ნორმალური დიპლომატიური კავშირების აღდგენა თეთრი სახლის უპირველესი პრიორიტეტი უნდა იყოს, რომელსაც მხარი კონგრესმაც უნდა დაუჭიროს.
• ჩვენი სტრატეგიული პოზა იგივე უნდა იყოს, რაც ცივი ომის დროს წარმატებით გამოვცადეთ – დაბალანსებული შეკავებასა და განმუხტისათვის მზადყოფნას შორის. ჩვენი თავდაცვითი პოზიციაც უნდა შევინარჩუნოთ და, ამავე დროს, რუსეთი სერიოზულ და გრძელვადიან სტრატეგიულ დიალოგშიც უნდა ჩავრთოთ, რომელიც ჩვენს შორის ნდობის ნაკლებობისა და მტრობის ღრმა მიზეზებს შეეხება და ამავე დროს, უსაფრთხოების დარგში მნიშვნელოვან და სასწრაფოდ გადასაწყვეტ გამოწვევებს უპასუხებს:
◦ უმნიშვნელოვანესია აშშ-მა და რუსეთმა დაიბრუნონ ლიდერების ფუნქცია ატომური სამყაროს მართვაში იმ პირობებში, როცა დესტაბილიზაციის მომტანი ტექნოლოგიები, ატომური იარაღის გამოყენებისადმი დამოკიდებულების ცვლილება, ატომური იარაღის სფეროში გაუქმებული ხელშეკრულებები და ატომური იარაღის მქონე სახელმწიფოებს შორის დაძაბულობით აღსავსე ურთიერთობები სულ უფრო სახიფათოს ხდის გარემოს. ეს ნიშნავს, რომ სტრატეგიული შეარაღების შეზღუდვის ახალი ხელშეკრულება (New START Treaty) უნდა გახანგრძლივდეს და სასწრაფოდ უნდა გადავიდეთ შეიარაღების კონტროლის ახალ ფაზაზე, რათა ატომური იარაღის კონტროლის რეჟიმს სტაბილურობა დაუბრუნდეს იმ ახლებურ მსოფლიოში, სადაც დღეს მრავალი ატომური სახელმწიფოა.
◦ [აშშ-რუსეთის] სამხედრო დაპირისპირება ევროპის ყველაზე უფრო არასტაბილურ რეგიონებში, ბალტიიდან შავ ზღვამდე, აუცილებლად, უფრო უსაფრთხო და უფრო სტაბილური უნდა გახდეს. არსებული შეზღუდვებისა და კონტროლის სისტემების – მაგალითად, აუცილებელია მუშაობას აწ საფრთხის ქვეშ მყოფი „ღია ცის ხელშეკრულების“, 2011 წლის ვენის დოკუმენტის – დასაცავად და ნდობის მშენებლობის ახალი ზომების შესაქმნელად.
• აშშ-ჩინეთის პოლიტიკის წარმატება, არცთუ მცირედაა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად შეუწყობს ხელს აშშ-რუსეთს შორის არსებული ურთიერთობა კრიტიკულ თემებზე სამმხრივ მუშაობას. ის პოლიტიკა, რომელსაც დღეს ვატარებთ, სულ უფრო აღრმავებს რუსეთის მზადყოფნას მხარი აუბას ჩინეთის აშშ-სთან დაკავშირებული პოლიტიკის ყველაზე ნაკლებად კონსტრუქციულ ასპექტებს. ისრების საპირისპირო მიმართულებით გადაყვანა ადვილი არ იქნება, მაგრამ სწორედ ეს უნდა იყოს ჩვენი ამოცანა.
• იმ მნიშვნელოვან თემებზე, რომლებშიც აშშ-სა და რუსეთის ინტერესები მართლაც წინააღმდეგობაშია ერთმანეთთან – მაგალითად, უკრაინასა და სირიაში – აშშ მკაცრად უნდა იცავდეს პრინციპულ პოზიციას ჩვენს მოკავშირეებთან ერთად სამართლიანი შედეგის მისაღწევად. ამავე დროს, მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ იმას, თუ რა გავლენას მოახდენს [ამ კონფლიქტების გადასაწყვეტად მიმართული] თანდათანობითი ნაბიჯები ჩვენს ზოგად ურთიერთობებზე [რუსეთთან] და, შესაბამისად, რა გავლენის მოხდენა შეეძლება [ჩვენს შორის] ურთიერთობების გაუმჯობესებას ამ კონფლიქტების გადასაწყვეტად მიმართულ ნაბიჯებზე.
• სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ჩვენი პოლიტიკის ნაწილად უნდა დარჩეს, ოღონდ ისინი ყურადღებით და მიზნობრივად უნდა გამოვიყენოთ და ეროვნული ძლიერების სხვა კომპონენტებთან – მათ შორის დიპლომატიასთან – კავშირში ავამოქმედოთ. დღეს კონგრესის მიერ ხელდასხმული სანქციები თანდათანობით გროვდება, იქნება ეს ყირიმთან და აღმოსავლეთ უკრაინასთან, სალისბერის მოწამვლასთან, საშუალო სიშორის ატომური ქობინების შესახებ ხელშეკრულების (INF Treaty) დარღვევასთან, არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით. ეს მოსკოვს უკარგავს მოტივაციას, შეცვალოს თავისი საქციელი, რადგანაც ამ სანქციებს იგი მუდმივად მიიჩნევს. ჩვენი სანქციების რეჟიმს მოქნილობა უნდა დავუბრუნოთ, ისინი მიზნობრივი უნდა იყოს და სწრაფადვე უნდა მსუბუქდებოდეს, როგორც კი რუსეთი გადადგამს ნაბიჯებს ისეთი მოლაპარაკებებისაკენ, რომლებიც არსებული კონფლიქტების ჩვენთვის მისაღები გადაწყვეტისაკენ იქნება მიმართული. ამგვარი ქცევის მაგალითი შეიძლება იყოს რუსეთის ქმედითი ნაბიჯები ჩვენს საარჩევნო პროცესებში ჩარევის შესაწყვეტად. ამის გასაკეთებლად საჭირო იქნება, როგორც თეთრი სახლის, ისე – კონგრესის კეთილი ნება.
საერთო ჯამში, რეალობა ისაა, რომ პუტინის ხელმძღვანელობით რუსეთი ნაციონალისტური ტრადიციით ნასაზრდოები სტრატეგიული ჩარჩოს შიგნით მოქმედებს, რომელსაც ელიტებისა და საზოგადოების მხარდაჭერა აქვს. [პუტინის] შესაძლო მემკვიდრე, უფრო დემოკრატიულადაც რომ იყოს განწყობილი, სავარაუდოდ იმავე ჩარჩოში განაგრძობს მოქმედებას. აშშ-ს პოლიტიკის იმ წინაპირობაზე დაყრდობა, რომ ამ ჩარჩოს შეცვლა შეგვიძლია და უნდა შევცვალოთ, მცდარია. მსგავსადვე, არ იქნებოდა ჭკვიანური გვეფიქრა, რომ დღევანდელ მიდგომების გაგრძელების გარდა, ჩვენ სხვა არჩევანი არა გვაქვს. რუსეთს ისეთს უნდა მოვეპყროთ, როგორიც ის არის და არა ისეთს, როგორც გვინდა იყოს და ამისათვის სრულად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი სიძლიერე, ოღონდ დიპლომატიისათვის კარი ღია დავტოვოთ. ამგვარად, ფოკუსირებული მიდგომით, ჩვენ შეგვეძლება რუსეთიდან მომავალ საფრთხესაც გავუმკლავდეთ და, ამავე დროს, ურთიერთობები უფრო კონსტრუქციულ რეჟიმში გადავიყვანოთ. თუკი ამას ვერ შევძლებთ, ზედმეტად დიდი საფასურის გადახდა მოგვიწევს.
https://civil.ge/ka/archives/361595?fbclid=...EfSxsGKnPVPi6sg