რომელ წლებში იყო 150 200 ლარი საშუალო ხელფასი გახსოვს მაინც?
2000 წლის ქვემოთ ნამდვილად არა.. .
* * *
2004 წლის სტატიაა და რეები წერია.. სად ზებრის პროჭში იყო ქვეყანა..
http://aaf.ge/index.php?menu=1&jurn=0&rubr=4&mas=2497სახელფასო რეფორმა, რომელიც მხოლოდ საბიუჯეტო სექტორით შემოიფარგლება, რეფორმა აღარაა - #8(56), 2004
სახელფასო რეფორმა ცენტრალურ სახელმწიფო აპარატში ამ წლის ბოლოს, მთელ საბიუჯეტო სექტორში კი 2005 წლის I ნახევარში დასრულდება
გასულ თვეში დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა. 1995 წლიდან მოყოლებული, ანუ მას შემდეგ, რაც ქვეყანას ყოველწლიურად გააჩნია პარლამენტის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო ბიუჯეტი, მთავრობის ინიციატივით, უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ მიმდინარე წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის სეკვესტრი კი არა, გაზრდილი პარამეტრები დაამტკიცა. ამ ცვლილებების შემდეგ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი 1 მილიარდ 930 მილიონი ლარი, ხოლო საქართველოს ნაერთი ბიუჯეტი 2 მილიარდ 450 მილიონი ლარი გახდა. 10 აგვისტოს რიგგარეშე სესიაზე პარლამენტართა წინაშე მოხსენებით გამოსულმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ სავსებით სამართლიანად აღნიშნა, რომ ეს ის ციფრია, რომელთა წინასწარ-მეტყველებას ჯერ კიდევ 6 თვის წინათ ნამდვილად ვერ გაბედავდა ვერც ერთი საერთაშორისო თუ ქართველი ექსპერტი.
სწორედ ამ მოხსენებაში პრემიერმა ყურადღება გაამახვილა სახელფასო რეფორმაზე და საჯაროდ პირველად განაცხადა, რომ წლის ბოლოსთვის ცენტრალურ სახელმწიფო აპარატში არ იარსებებს არც ერთი ადამიანი, რომლის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება 115-ლარზე ნაკლები იქნება და რომ უფრომეტიც, ალბათ, მთავრობა შეძლებს იმის უზრუნველყოფას, რომ წლის ბოლოსთვის სახელმწიფო სამსახურში არ არსებობდეს არც ერთი თანამშრომელი, რომლის ანაზღაურება იქნება საარსებო მინიმუმზე უფრო ნაკლები. ვერ გეტყვით, მანამდე საარსებო მინიმუმი რამდენად შეიცვლება, აგვისტოში კი ის, სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, შრომისუნარიანი მამაკაცისთვის 136,5 ლარი იყო.
ჟვანიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეს მთავრობა სახელფასო რეფორმას ახორციელებს არა იმ სქემით, რომელსაც თავად იგი სთავაზობდა შევარდნაძის ხელისუფლებას ოპოზიციაში ყოფნის დროს შარშან, როდესაც პრაქტიკულად ვერ ახერხებდა შრომის ანაზღაურების დიფერენციაციას. ძალიან სერიოზულმა სტრუქტურულმა რეფორმამ და უპირველეს ყოვლისა, საშტატო რიცხოვნობის შემცირებამ პოლიციაში, თავდაცვაში, საბაჟოში, საგადასახადოსა და უკლებლივ ყველა სახელმწიფო სექტორში მთავრობას იმის საშუალება მისცა, რომ უბრალოდ, ყველას კი არ გაუთანაბროს ხელფასი, არამედ აიღოს მინიმუმი და უზრუნველყოს, რომ ყველას ჰქონდეს ამ მინიმუმზე მეტი ანაზღაურება. დღეს აბსოლუტურად ყველგან სახელმწიფო სექტორში, ყველა უწყებაში არიან ადამიანები, რომელთა ანაზღაურება არის 400 ლარი, 500 ლარი, 800 ლარი... დაწყებულ სახელმწიფო რეფორმაში მთავრობა იმას გულისხმობს, რომ ღირსეული ანაზღაურება უნდა ჰქონდეს ნებისმიერ წარმატებულ მოხელეს, მათ შორის იმასაც, ვინც დღეს ამა თუ იმსამინისტროს თუნდაც კანცელარიაში მუშაობს და რეალურად ბევრად უფრო მეტ სამუშაოს ასრულებს (იმიტომ, რომ მას უხდება იმის შესრულება, რასაც ადრე სამ-ოთხ ადამიანს სთხოვდნენ და არც ერთი არ აკეთებდა).
სახელმწიფო რეფორმა არ დასრულდება იმით, რომ წლის ბოლომდე ცენტრალურ სახელმწიფო სამსახურში არც ერთ ადამიანს არ ექნება ყოველთვიური ხელფასი საარსებო მინიმუმზე თუ არა, 115 ლარზე მაინც ნაკლები. ეს იქნება დასასრული რეფორმის მხოლოდ პირველი ეტაპისა, რომელიც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია და 100 ათასზე მეტ ადამიანს შეეხება. მომავალ წელს რეფორმა გაგრძელდება და შეეხება ყველა ადამიანს, რომლის შრომა ადგილობრივი ბიუჯეტებიდან ანაზღაურდება, ხოლო როდესაც მთავრობა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტს წარუდგენს, დეპუტატებს შესთავაზებს, ერთობლივად იმსჯელონ, დაწესდეს თუ არა სავალდებულო მინიმალური ხელფასი. საქმე ის გახლავთ, რომ ძალიან ბევრი ბიზნესმენი მთავრობას სთხოვს, კერძო ბიზნესის სექტორში ჯერ არ მოხდეს ასეთი კატეგორიული, იმპერატიული შეზღუდვა. მართალია, კერძო სექტორში დასაქმებულ ხალხს დღესაც, დიდწილად, საარსებო მინიმუმზე უფრო მაღალი ანაზღაურება აქვს, მაგრამ ჟვანიას ეს მაინც საკმაოდ საჩოთირო საკითხად მიაჩნია და ვიმეორებთ, პარლამენტარებს მის განხილვას მაშინ შესთავაზებს, როდესაც მთავრობა პარლამენტში შეიტანს ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტს. რაც შეეხება საბიუჯეტო ანაზღაურებაზე (და არა მხოლოდ ცენტრალურ სახელმწიფო სამსახურში) მომუშავეებს, მთავრობას განზრახული აქვს, რომ მომავალი წლის პირველ ნახევარში საკითხი აბსოლუტურად დახურული იყოს და არც ერთი ადამიანი არ იღებდეს ანაზღაურებას იმაზე ნაკლებს, რაც საქართველოში სათანადო უწყებების მიერ გამოთვლილი საარსებო მინიმუმია.
საქართველოში მინიმალური ხელფასი ჯერაც 20 ლარია
სანამ მიმდინარე რეფორმის თაობაზე ზოგიერთ მოსაზრებას შემოგთავაზებდეთ, შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2002 წლის 22 აპრილს პრეზიდენტმა შევარდნაძემ გამოსცა ბრძანებულება, რომლითაც დაამტკიცა “მინიმალური ხელფასისა და საარსებო მინიმუმის თანაფარდობის გაუმჯობესების 2002-2005 წლების სახელმწიფო პროგრამა”. ცოტა უფრო ადრე კი პროგრამა განიხილა და მოიწონა საქართველოს მთავრობამ. დოკუმენტის განმარტებით ბარათში ეწერა: “პროგრამას თან ერთვის მინიმალური და საშუალო ხელფასის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლები, რომლებიც შეიძლება მიღწეულ იქნას ეკონომიკური ზრდის ტემპების მნიშვნელოვანი გაუმჯობესების გარეშეც ორგანიზა-ციული ღონისძიებების გატარებისა და ადმინისტრირების გაძლიერების შედეგად რეალურად შესაძლებელიაგაცილებით მაღალი მაჩვენებლების მიღწევა”. კონკრეტულად მინიმალური ხელფასის დინამიკა ასე იყო განსაზღვრული: 2001 წელს 20 ლარი; 2002-ში 50 ლარი; 2003-ში 65-70 ლარი, 2004-ში 75 ლარი და 2005 წელს 90-100 ლარი.
მინიმალური ხელფასის 50 ლარამდე გაზრდა მთავრობას 2002 წლის სახელფასო ბიუჯეტის გარდამავალი დებულების მე-19 მუხლითაც დაევალა, თუმცა მთავრობას ეს არ შეუსრულებია. უფრო მეტიც, 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით მინიმალური ხელფასის მხოლოდ 35 ლარამდე გაზრდა დაიგეგმა და ისიც მხოლოდ ქაღალდზე ეწერა, რეალურად “დასაქონლებული” არ იყო. და რაკი ამავე ბიუჯეტით, წინა წელთან შედარებით, შემოსავლების 210-მილიონიანი ზრდა დაიგეგმა, შევარდნაძის ხელისუფლებასთან უკვე ოპოზიციაში მყოფი “გაერთიანებული დემოკრატების” ფრაქცია ზურაბ ჟვანიას თავმჯდომარეობით გამოვიდა საკანონმდებლო ინიციატივით 115-ლარიანი მინიმალური ხელფასის დაწესების შესახებ. შევარდნაძისა და მისი მომხრეების მძაფრი წინააღმდეგობის მიუხედავად, “დემოკრატებმა” მაინც მიაღწიეს, რომ მათი ინიციატივა 28 თებერვალს პარლამენტის დადგენილებად ქცეულიყო და ამაში გადამწყვეტი როლი “აღორძინების” მრავალრიცხოვანი ფრაქციის მხარდაჭერამაც ითამაშა. ვითომდა, რაღაც “დარღვევების” აღმოჩენის მომიზეზებით ე.წ. “უმრავლესობის” წარმომადგენლებმა კენჭისყრის ხელახლა ჩასატარებლად შევარდნაძეს თხოვნით მიმართეს, რიგგარეშე სხდომა დანიშნეო! შევარდნაძემ სხდომა კი დანიშნა, მაგრამ კვორუმის არარსებობის გამო იმ სხდომის გახსნაც კი ვერ მოხერხდა. ამიტომ შევარდნაძე იძულებული გახდა, რომ მისთვის პოლიტიკურად წამგებიანი, არაპოპულარული ნაბიჯი გადაედგა და ვეტო დაედო საქართველოს პარლამენტის 28 თებერვლის დადგენილებისათვის მინიმალური ხელფასის 115 ლარამდე გაზრდის შესახებ. ამგვარად, მაშინ ჟვანიამ შევარდნაძე პოლიტიკურად დაამარცხა.
2003 წლის 7 მაისს შევარდნაძემ ხელი მოაწერა კანონს “საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ”, რომელიც ორი მუხლისაგან შედგება. აქედან პირველის თანახმად, შრომის კანონთა კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილი ასე ჩამოყალიბდა: “მინიმალური ხელფასი არის სოციალურ-ეკონომიკური ნორმატივი, რომელიც განსაზღვრავს შრომის ანაზღაურების დასაშვებ მინიმალურ დონეს. მინიმალური ხელფასის ოდენობა, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი, არ უნდა იყოს საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმზე ნაკლები”; ხოლო მეორე მუხლის თანახმად კი, ეს კანონი 2005 წლის 1 ივლისიდან უნდა ამოქმედდეს.
ასე რომ, ახალ ხელისუფლებას 2005 წლის 1 ივლისიდან ან ამ კანონის ამოქმედება მოუწევს, ანდა მისი ამოქმედების ვადა ისევ უნდა გადაწიოს, მაგრამ ვადის გადაწევა ახლა უკვე დღევანდელი ხელისუფლებისათვის არ იქნება პოლიტიკურადმომგებიანი. ოპოზიცია, ალბათ, დღევანდელ პრემიერ-მინისტრს მისსავე შარშანდელ სიტყვებს შეახსენებს: “წამყვანმა ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ 1 წლის განმავლობაში სავსებით რეალური არის მინიმალური ხელფასის ზრდა საარსებო მინიმუმამდე. ჩვენ ვაპირებთ, მათთან ერთად შევქმნათ ეტაპობრივი ღონისძიებების პროექტი, რომელსაც პარლამენტს წარვუდგენთ. ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებთ, რომ არჩევნების (იგულისხმება 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები - ავტ.) შემდეგაც ეს იქნება ჩვენი უპირველესი ვალდებულება. დარწმუნებული ვარ, არჩევნების შემდეგ ახალი ხელისუფლება საქართველოში ამ პრობლემის მოგვარებას რამდენიმე თვის განმავლობაში შეძლებს.” როგორც ვხედავთ, აქ ლაპარაკია პრობლემის მოგვარებაზე როგორც საბიუჯეტო, ასევე არასაბიუჯეტო სფეროშიც.
ისიც გასათვალისწინებელია, რომ მინიმალური ხელფასის ოდენობა ჯერაც არ შეცვლილა და სამწუხაროდ, ისევ 20 ლარია; ამასთან თანაფარდობა მინიმალურ ხელფასსა და საარსებო მინიმუმს შორის 2001 წელს თუ 19,7 პროცენტი იყო, დღეს მხოლოდ 14,7 პროცენტს შეადგენს.
სახელფასო რეფორმის დაწერილი და დამტკიცებული გეგმა არ არსებობს
იცნობენ თუ არა პარლამენტარები იმ გეგმას, რომლის მიხედვითაც მთავრობა სახელფასო რეფორმას ახორციელებს და როგორია მათი შეფასებები? შეიძლება ითქვას, რომ ამ საკითხზე კანონმდებლებში ერთიანი პოზიცია არ არსებობს. მაგალითად, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგი წერეთელი მიმდინარე პროცესს წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებს იმ მხრივ, რომ სახელმწიფო სამსახურში დაიწყო სახელფასო განაკვეთების მოწესრიგება, მათი მიახლოება სახელფასო მინიმუმთან და ხშირ შემთხვევაში ძალიან სერიოზული მომატებაც. მოგეხსენებათ, წერეთელი მცირე ხნით თავად გახლდათ მთავრობის წევრი, სწორედ მისი მინისტრობის დროს ხდებოდა ბიუჯეტის ფორმირება და იწყებოდა ეს რეფორმა. იგივე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ხელფასი საკმაოდ გაიზარდა. იქ მინისტრის მოადგილეებს, სამმართველოების უფროსებს, დეპარტამენტების თავმჯდომარეებს, სპეციალისტებს გაცილებით უფრო მაღალი (ხშირ შემთხვევაში ორ-სამჯერ უფრო მაღალი) ხელფასები აქვთ, ვიდრე ადრე ჰქონდათ. რა თქმა უნდა, ეს გარკვეულ გაღიზიანებას იწვევს იმ ნაწილისა, ვისაც რეფორმა ჯერ არ შეხებია. წერეთლის თქმით, ხელისუფლების სტრატეგია საერთაშორისო გამოცდილებას ეფუძნება და ერთ დღეში ვერც ერთ ქვეყანაში ვერ მოხდება ხელფასის საყოველთაო ზრდა, ამიტომაც, პირველ რიგში იმათი ხელფასები უნდა მოწესრიგდეს, ვისაც ბიუჯეტში ხელის ფათურის სერიოზული ბერკეტები გააჩნია, ან მნიშვნელოვანი სახელმწიფო გადაწყვეტილების მიღებაუწევს, ან სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენელია და კანონს თვითონ უნდა იცავდეს. ამდენად, რაღაც გრადაცია ხდება, მაგრამ ცხადია, ხელფასების მომატება სხვა მიმართულებითაც ძალიან სწრაფად გაგრძელდება და ეს მოხდება როგორც ქვეყნის ბიუჯეტის გაზრდის ხარჯზე, ისე ადმინისტრირების მოწესრიგებისა და შტატების შემცირების შედეგად. ამასთან დაკავშირებით წერეთელი ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ შემცირებას უნდა ჰქონდეს კანონიერი სახე (უნდა იყოს, მაგალითად, ატესტაციების მეშვეობით) და აგრეთვე უნდა შემუშავდეს მექანიზმები იმისა, რომ გათავისუფლებული ადამიანები სოციალურად უფრო მეტად უნდა იყვნენ დაცულნი, ვიდრე ისინი დღეს არიან. ვერ გეტყვით, ასეთ მექანიზმებს მთავრობა როდის შეიმუშავებს, არადა, ამ ეტაპზე მათი არარსებობა ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემაა.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ვაჟა კილაძის ინფორმაციით, სახელფასო რეფორმის გეგმა პარლამენტში ჯერ არ განხილულა, მაგრამ მთავრობა ამაზე მუშაობს.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი კი აცხადებს, რომ რეალურად სახელფასო რეფორმა არ მიმდინარეობს და ესაა მხოლოდ ძალიან როყიო ლაპარაკი, ვინაიდან ჩვენ ამ ლაპარაკიდან ვერავის ვავალდებულებთ. არ არსებობს კანონი, სადაც ეწერება, რომ თუ წლის ბოლოს ხელფასი 115 ლარზე ნაკლები იქნება, მაშინ პრემიერი უნდა გადადგეს. საერთოდ, ადამიანმა (პარლამენტარი იქნება თუ რიგითი) რომ გაიგოს, როგორ მიმდინარეობს რეფორმა, უნდა იცოდეს: რომელ თვეში რამდენად გაიზრდება ხელფასი, როგორ იქნება ინდექსი-რებული, რამდენს მოემატება და ვის რამდენი მოემატება. ჩვენ ამის თაობაზე არაფერი ვიცით. არც ისაა ცნობილი, სახელმწიფო მოხელეები რა კრიტერიუმებით არიან აყვანილნი. ყველგან სხვადასხვა კრიტერიუმია.
სახელმწიფო რეფორმის დაწერილი და დამტკიცებული გეგმა რომ არ არსებობს, ამას არც ეკონომიკური განვითარების მინისტრი კახა ბენდუქიძე უარყოფს. არსებობს რესტრუქტურიზაციის პროცესი, რომელიც პირველად ძალოვნებში დაიწყო. თავად ბენდუქიძემ მთავრობის სხდომაზე უკვე წარადგინა ეკონომიკის განვითარების სამინისტროს რესტრუქტურიზაციის შესახებ მოხსენება.
საბოლოო ჯამში, ეს პროცესი იმით უნდა დამთავრდეს, რომ ჩვენი სახელმწიფო აპარატი იყოს უფრო კომპაქტური, უფრო კომპეტენტური და იქ კაცს სამუშაოდ წასვლა უნდოდეს არა იმიტომ, რომ მოპარვის საშუალებაა, არამედ იმიტომ, რომ არის ნორმალური ხელფასი, სტაბილური სამუშაო, გასაგები პერსპექტივა, კარიერის გაკეთების საშუალება. ბენდუქიძე აცხადებს, რომ ხელფასების გასაზრდელად მთავრობამ ზოგან უნდა გამოიყენოს ადმინისტრირების გაუმჯობესება, ზოგან _ შტატების შემცირება, ზოგან _ სხვა დანახარჯების შემცირება, ზოგან _ ფუნქციების გაუქმება, ანუ უნდა გამოიყენოს ყველანაირი გზა და ისიც პირდაპირ თქვას, რომ სამინისტროებში ჰყავს ძალიან იაფად ღირებული, ჭარბი რაოდენობა მუშახელისა, რომელსაც არ უფრთხილდება.
მართალია, მიმდინარე პროცესი ლოკალურ პრობლემებს წარმოშობს, მაგრამ ბოლოს, შედეგად, გვექნება ნორმალური სახელმწიფო აპარატი, სადაც კაცს არ შეგრცხვება, რომ შეხვალ. მაგალითად, რატომ უნდა უვარდებოდეს ხოლმე კაბინეტში ჭერიდან ბათქაში მინისტრ ასტემიროვასო? - კითხულობს ბენდუქიძე და იმასაც დასძენს, რომ უცხოელები ჩვენთან, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში რომ შედიან, კითხულობენ: შენობა თავზე ხომ არ დაგვენგრევაო?!
ბენდუქიძე ერთობ უკმაყოფილოა იმით, რომ გვყავს ბევრი სახელმწიფო სტრუქტურა, რომლის დაფინანსებაც ხდება არა მარტო ბიუჯეტიდან, არამედ აგრეთვე სხვა წყაროებითაც (ვთქვათ, მსოფლიო ბანკის პროგრამით თუ სხვადასხვა გრანტებით). მისთვის მიუღებელია ჰყავდეს ისეთი თანამშრომლები, რომელთა ხელფასებზეც გავლენას ვერ მოახდენს: იმათ თუ სხვა ვიღაცა უხდის ჯამაგირს, ისინი ჩემი თანამშრომლები არ არიანო! მინისტრს არც ის მოსწონს, როდესაც ასეთ პროგრამებში ჩართულ მის ქვემდებარე ორგანიზაციას უკეთესი ოფისი აქვს, ვიდრე მინისტრის მოადგილეს და ხელფასებიც უფრო მაღალი _ აქაოდა, აქ კვალიფიცირებული ხალხი გვჭირდებაო! ვფიქრობთ, მინისტრის უკმაყოფილება სავსებით სამართლიანია, ვინაიდან მისი მოადგილე პასუხს აგებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გარკვეულ მნიშვნელოვან ნაწილზე და კომპეტენტური ხალხიც, პირველ რიგში, სწორედ სამინისტროს სჭირდება.
დღევანდელი სახელფასო სისტემა ბუნდოვანია
ეკონომიკის ყოფილ მინისტრსა და დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს ლადო პაპავას, ჯერჯერობით სახელფასო რეფორმაზე საუბარი ნაადრევად მიაჩნია, ვინაიდან ის, რაც მიმდინარეობს, არ წარმოადგენს მიზანმიმართულ, გააზრებულ სახელფასო რეფორმას; ხოლო მიმდინარეობს ის, რომ მცირდება სახელმწიფო ორგანიზაციებში დასაქმებულთა რაოდენობა, მაგრამ თავად ორგანიზაციების დაფინანსება არ მცირდება და ეს უზრუნველყოფს იქ დარჩენილთა შრომის ანაზღაურების ამაღლებას. ამავე დროს, მზადაა ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტი, რომლითაც სოციალური გადასახადები 20 პროცენტამდე, საშემოსავლო გადასახადი კი 12 პროცენტამდე მცირდება და მომავალში ესეც ხელფასის რეალურ ზრდას განაპირობებს. სახელფასო რეფორმა არ შეიძლება შემოიფარგლოს მხოლოდ სახელმწიფო მართვის სექტორში დასაქმებული ხალხით და არ გავრცელდეს როგორც მთელ საბიუჯეტო, ისე არასაბიუჯეტო სექტორზე. თუმცა, ის, რაც ახლა მიმდინარეობს, შეიძლება მომავალში გახდეს სახელფასო რეფორმის საფუძველი.
დღევანდელ სახელფასო სისტემას პაპავა უწოდებს საკმაოდ ჩახლართულსა და ბუნდოვანს. საქმე ისაა, რომ ის არ რეგულირდება ერთიანი საკანონმდებლო აქტით და სხვადასხვა სოციალური ჯგუფების ხელფასების დარეგულირება სხვადასხვა კანონებშია გაბნეული: მასწავლებლების ხელფასებს ერთი ნორმატიული აქტი არეგულირებს, მეცნიერთა ხელფასებს _ მეორე ნორმატიული აქტი, სახელმწიფო მოხელეთა ხელფასებს _ მესამე... ერთიანი, უნიფიცირებული საკანონმდებლო ბაზა, უბრალოდ, არ არსებობს. შეიძლება მთავრობა ამ მიმართულებით მუშაობს, მაგრამ ასეთი ინფორმაცია ჯერჯერობით საჯარო არ გამხდარა.
დასასრულ, ორიოდე სიტყვა, ალბათ, იმ დისბალანსზეც უნდა ითქვას, რაც სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაში ერთი და იგივე დასახელების მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებში არსებობს. ეს განსხვავებები თვალში საცემია არა მხოლოდ სამინისტროებს შორის, არამედ ისეთ სტრუქტურებს შორისაც, როგორებიც არიან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საქართველოს პარლამენტის აპარატი და საქართველოს მთავრობის კანცელარია. პარლამენტის აპარატის მუშაკებზე უფრო მაღალია ხელფასები მთავრობის კანცელარიაში და კიდევ უფრო მაღალი _ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. მაგალითად, მთავარი სპეციალისტის ხელფასი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არის 400 ლარი, მთავრობის კანცელარიაში _ 240 ლარი, ხოლო პარლამენტის აპარატში კატეგორიების მიხედვით: 145 ლარი _ 155 ლარი _ 165 ლარი _ 185 ლარი; წამყვანი სპეციალისტის ხელფასი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 390 ლარია, მთავრობის კანცელარიაში _ 230 ლარი და პარლამენტის აპარატში კატეგორიების მიხედვით: 140 ლარი _ 150 ლარი _ 160 ლარი _ 170 ლარი; უფროსი სპეციალისტის ხელფასია: პრეზიდენტის ადმინისტრაციაში _ 380 ლარი, მთავრობის კანცელარიაში _ 220 ლარი და პარლამენტის აპარატში 125 ლარი _ 135 ლარი _ 145 ლარი _ 155 ლარი; სპეციალისტის ხელფასია: პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 220 ლარი, მთავრობის კანცელარიაში _ 120 ლარი, ხოლო პარლამენტის აპარატში 110 ლარი _ 120 ლარი _ 130 ლარი _ 140 ლარი; პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობრივი სარგო თუ 665 ლარია, პარლამენტის აპარატის უფროსისა 475 ლარი გახლავთ; მთავრობის კანცელარიაში დეპარტამენტის უფროსის ხელფასი თუ 370 ლარია, პარლამენტში კატეგორიების მიხედვით არის: 175 ლარი _ 200 ლარი _ 225 ლარი _ 350 ლარი. ბუნებრივია, თანამდებობათა ერთნაირი დასახელება სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ ამ თანამდებობებზე მომუშავენი ერთნაირ ფუნქციებს ასრულებენ და ამიტომ ხელფასებიც ერთნაირი უნდა ჰქონდეთ. ცხადია, განსხვავება ყოველთვის იქნება, მაგრამ არა გვგონია, ასეთი საგრძნობი სხვაობა მიზანშეწონილი იყოს.
დალი ჩიკვაიძე