არის და დავდე აქ წინა გვერდზე, მაგრამ რათ გინდა, ერგნეთის და სადახლოს ბაზრობებს ახსენებს ერთგან, როგორც ხალხთა შერიგების და დაახლოვების საშუალებას, აქაურმა მპოსტავ-ექსპერტებმა კი მხოლოდ ამაზე გაამახვილეს ყურადღება და ამას რომ იტყოდა კაცი ამისი არაფერი დაიჯერებაო.
კაი ბატონო დავდებ თუ გაინტერესებთ, ცხონებული ჯანო კეკელია ჩემი მასწავლებელი იყო, მისი სიტყვა ჩემთვის ბევრად ფასეულია და სანდო, ვიდრე დღევანდელი პარტ აქტივის, სექტანტების, აშკარა თუ ლატენტური ქვეყნის გამყიდველი ხალხის მონაჩმახი
სამწუხაროდ დაიღუპა ეს ადამიანი 2012 წელს, მაგრამ ჯინეტში იძებნება ნაწილი მისი ინტერვიუებისა. ცოცხალი რომ იყოს კიდევ ბევრ საინტერესოს იტყოდა მაშინდელი კომისიის მოქმედებებზე თუ უმოქმედობაზე
"ხელისუფლების მძიმე შეცდომებს საკუთარი მიწებით ვზღავთ"2009, 29 ივნისი
ჯანსუღ კეკელია, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი, კარტოგრაფი, პროფესორი, საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციის პრეზიდენტი: - 1938 წელს საქართველოს საზღვრის ხაზებს მეზობლებთან ამიერკავკასიის პარტიულ მუშაკთა სხდომაზე მოეწერა ხელი. ეს რუკა 500-ათასიანი მასშტაბის იყო და აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი, ბეჭდებითაც დაამოწმეს. ამ რუკის მიხედვით, ახალგორის რაიონი ე. წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შედის და სწორედ ამით იხელმძღვანელეს რუსებმა. საქართველო-ჩრდილო ოსეთს შორის საზღვარი ზედ მამისონის უღელტეხილზე გადის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვარი კი რაჭასთან, ჭანჭახის მთიდან იწყება და იმავე სახელწოდების მდინარეს ჩამოუყვება. შემდეგ მდინარე გურშევთან შოვი-მამისონის შარაგზას გასდევს.
- როგორც ბატონმა მამუკა არეშიძემ გვითხრა, მას აჩვენეს რუკა (სავარაუდოდ, მესაზღვრეებმა), სადაც ხიდი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვრებშია მოქცეული.
- ეს მესაზღვრის არაპროფესიონალიზმის ბრალია. არ სცოდნია, რომ არც ერთ რუკაზე ის ხიდი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არ არის მოქცეული. 1938 წელს შედგენილ რუკაზე საზღვრის ხაზი მდინარე ჭანჭახის ტალვეგზე (მდ. შუაწელი) ჩამოუყვებოდა ხიდამდე. ხიდიც და გზაც რაჭის ტერიტორიაზეა.
- თქვენი აზრით, რა მოსაზრებით შეიძლებოდა აეფეთქებინათ ხიდი ქართველ სამხედროებს?
- თავდაპირველად, ვიფიქრე, ხიდი რუსებმა ააფეთქეს-მეთქი, რადგან ამ ტერიტორიას მესაზღვრეები არ აკონტროლებდნენ, მაგრამ როგორც გაირკვა, ამ საქმეში რუსის ხელი არ ურევია.
- როგორ თუ არ აკონტროლებდნენ?
- იქაური ყველა კუთხე-კუნჭული ფეხით მაქვს მოვლილი და ქართველი მესაზღვრეები არასოდეს შემხვედრიან. შოვთან იყვნენ მოკალათებული, არ მოსწონთ ცუდ პირობებში ცხოვრება. ნებაა საჭირო იმისათვის, რომ შენი ქვეყნის ტერიტორია გააკონტროლო. ვფიქრობ, ხიდი შიშმა ააფეთქებინათ, თუმც ამას არავითარი სტრატეგიული მნიშვნელობა არ შეიძლება ჰქონდეს. იქ ისეთი გადმოსასვლელებია, ტანკები თავისუფლად გადმოვლენ. რუსებს ხიდის აფეთქება დააკავებს? ამით მხოლოდ მოსახლეობას გაუფუჭდა საქმე. მდინარე უშევი, რომელიც ჭანჭახს ერთვის, ფერდობზე ჩამოედინება. ამ, ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარს დაქვემდებარებულ ადგილს რაჭველები სათიბად და საძოვრებად იყენებდნენ. ჩემი პროგნოზით, რუსები საზღვარს გამოჰყვებიან და აღარ გაუშვებენ იქით ქართველებს. ხომ გაიძახის რუსი, საზღვარი უნდა გავაკონტროლოო? ჰოდა, აუცილებლად გააკეთებს ამას. ეს პრობლემა ხელოვნურად შექმნეს. ასე რომ, ხიდის აფეთქებას არავითარი აზრი არ ჰქონდა.
- თქვენ საქართველოს საზღვრების დელიმიტაციის საექსპერტო კომისიის წევრი იყავით. რატომ დატოვეთ კომისია?
- ბევრი რამის გამო. საზოგადოებამ არ იცის, რა უბნებია შეთანხმებული და დელიმიტირებული და ეს არ მომწონს. სახელმწიფო კი მოსახლეობას არაფერს ეუბნება. ხალხმა უნდა იცოდეს, რა მდგომარეობაშია მისი ქვეყნის მიწის ყველა გოჯი.
არაპროფესიონალიზმმა დაღუპა ეს ქვეყანა. ჯერ იყო და, კონსტიტუციით დააკანონეს საზღვრები, რომლებიც არც დელიმიტირებული იყო და არც დემარკირებული. ახლა რა უნდა ვქნათ? კუ ბაკნიდან ხომ ვერ ამოხტება, არა?
სომხებთან მოლაპარაკების დროს კონსტიტუციაში შეტანილი ასეთი წინდაუხედავი მუხლის გამო ვერაფერი გავაკეთე. ისტორია ვერ მოვიშველიე, ეს კანონი მეღობებოდა წინ. როგორ შეიძლება საზღვრები მეზობლებთან დელიმიტირებულიც კი არ გქონდეს და კონსტიტუციაში საზღვრები გქონდეს განსაზღვრული? საქმის გაფუჭება ამით დაიწყეს, თორემ ეს ხელის შემშლელი გარემოება რომ არ ყოფილიყო, თავისუფლად ვიდავებდით ბევრ ჩვენთვის სასარგებლო საკითხზე. ჩვენს ოპონენტებს ძველ რუკებს დავუწყობდით წინ და დავას მაინც მოვახერხებდით. საქმის მცოდნე კაცისთვის იოლია იმის დასაბუთება, რა იყო ჩვენი და რა - არა. სომხებს კონსტიტუციაში არც თავისი ტერიტორია უწერიათ და არც საზღვრები. როცა ვკითხეთ, გაუკვირდათ, მეზობლებთან საზღვრები არც დელიმიტირებული გვაქვს და არც დემარკირებული და კონსტიტუციაში რას ჩავწერდითო.
სამხედრო გეოგრაფიაშიც ვმუშაობ. გამზადებული მაქვს წიგნები სააქართველოს ტერიტორიის, საზღვრებისა და დასახლებული პუნქტების შესახებ. აქ აღწერილია ყველა კუთხე-კუნჭული, გაკეთებულია შეფასებები. ხომ არ დავაწერ ზედ, ეს სამხედრო გეოგრაფია არის-მეთქი? არადა სწორედ რომ სამხედრო გეოგრაფიის მასალაა. მინდოდა, მიმეწოდებინა შესაბამისი სტრუქტურების ჩინოვნიკებისთვის, ჩაეხედათ მაინც შიგ. მინდოდა, მეჩვენებინა, რა რას ნიშნავს, რომელი სტრატეგიული ობიექტი სად მდებარეობს, რისი პატრონი ვართ, როგორ უნდა მოვიქცეთ 2000 მეტრს ზემოთ, როდის რომელ უღელტეხილზე შეიძლება გადასვლა. ვერ გავაგებინე ამ ხალხს, რომ ამის ცოდნა აუცილებელია. იქით გამიხდა სახვეწარი... უვიცების დოღია ქვეყანაში. პროფესიონალების კეთროვანებივით ეშინიათ! ჰოდა, რაც ახლა საზღვრებთან ხდება, უვიცობის კანონზომიერი შედეგია.
კომისიიდან კიდევ იმიტომ გამოვედი, რომ საქმის გაკეთების ნება არ იყო. ყველაფერი ჯანჯლდებოდა, ხან უფულობას იმიზეზებდნენ, ხან რას და ხან რას. რამდენადაც ვიცი, რაღაც საკითხებზე შეთანხმდნენ, მაგრამ საზოგადოებამ ამაზე არაფერი იცის. საიდუმლო ტოპოგრაფიულ რუკებს ბაზრობებზე ყიდიან და ხალხს კი უმალავენ, რა ხდება კომისიებში. ვის უმალავენ ან რატომ? სამწუხაროდ, არც პოლიტიკური ნებაა, რომ საზღვრების საქმე მოგვარდეს.
ან ბაზრების მოშლა სასაზღვრო ზოლებში რაღა იყო? ბაზარი ხალხებს შორის ურთიერთობის ძალზე მნიშვნელოვანი საშუალებაა. ერგნეთის ბაზრობის მოშლა შეიძლებოდა? ოსები და ქართველები თავისუფლად მიდი-მოდიოდნენ ერთმანეთში. ასე მოშალეს სადახლოს ბაზრობაც. იმის შიშით, კორუფციულ გარიგებებს არ ჰქონოდა ადგილი? საქმეს ვერ პატრონობდნენ და იოლი გზა მოძებნეს?
- ამას წინათ «კვირის პალიტრისათვის» მიცემულ ინტერვიუში ბადრი ბიწაძემ განაცხადა, რომ ლარსისა და მთათუშეთის შეუთანხმებელი მონაკვეთები ქართველმა მესაზღვრეებმა მიატოვეს...
- თუშეთის მონაკვეთზე ყველაფერი შეთანხმებული იყო. საზღვრის ხაზიც სავსებით კონკრეტულია. იქაც სიბრიყვე ჩაიდინეს. თუშეთის ტერიტორიაზე არის დიკლოს მთა. ჩეჩნების, დაღესტნელებისა და საქართველოს გეოგრაფიაში დიკლოს მთა ფიქსირებულია როგორც საერთო შეხების წერტილი. 1999 წელს შეიკრიბნენ საქართველოს საზღვრების სადელიმიტაციო კომისიის წევრები (რა უნდოდა ამ ხალხს კომისიაში და საიდან მოვიდა, მართალი გითხრათ, არ ვიცი) და რუსებთან მოსალაპარაკებლად დასხდნენ. რუსებმა შესთავაზეს: მოდი, დიკლოს მთიდან სამი კილომეტრით დასავლეთით გადავწიოთ ეს წერტილიო. ესენიც დათანხმდნენ და იცით, რა მოხდა? გადაატანინეს თუ არა საზღვრის წერტილი, მაშინვე 42 კვკმ სადავო გახდა. იმ ბრიყვებმა ისიც კი არ იცოდნენ, რომ ამ წერტილის გადმოსაწევად რუსები 1957 წლიდან იბრძოდნენ. კომისიის წევრებმა წერტილის გადმოწევას ისე მოაწერეს ხელი, ვითომ არაფერიაო. ეს რომ გავიგე, თავზარი დამეცა და ერთი ამბავი ავტეხე. მითხრეს, გავგზავნით ნოტას და ამაზე ხელახლა ვისაუბროთო.
როგორც თქვენ გაუგზავნეთ რუსებს ნოტა, ისე გაუგზავნა კომისიამაც. ამ საკითხზე აღარავინ ლაპარაკობს. სად წავა ის 42 კვ. კმ, ხომ ყველამ ვიცით? ეს არის ამათი შემოქმედება. ხმა რომ ამოვიღე, აქეთ დამიწყეს ყელყელაობა: შენ ამ კომისიის წევრი ხარ და როგორ გვაკრიტიკებო. კომისიის წევრი რომ ვიყავი და პასუხისმგებლობას ვგრძნობდი ქვეყნის წინაშე, იმიტომაც არ მოვითმინე. მე არც ხელისუფლება მაინტერესებს და არც ოპოზიცია, იმას ვხედავ, რომ ეს საქმე არ აწუხებთ, გულთან ახლოს არ მიაქვთ. პროექტი საკადასტრო რუკების შედგენაზე მსოფლიო ბანკმა დააფინანსა. პროექტი 6 მილიონი დოლარი დაჯდა. ეს ხალხი ამ პროექტში იყო ჩართული (ეს სწორედ იმ პროექტის ფარგლებში გაკეთებული რუკებია, საიდანაც საზღვრისპირა ტერიტორიებიდან ნახევარი სოფელი გაქრა. - ავტ.) და საქმეს რომ მორჩნენ, მერე ერთ-ერთ კომისიაში გადმობარგდნენ. მაგალითად, კომისიაში არის ქალი, რომელიც ქართულადაც კი არ ლაპარაკობს. რა, ქართველი სპეციალისტები დაილია? მე არც სომხების და არც აზერბაიჯანელების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ კომისიიდან ინფორმაცია ჟონავს.
- ლარსის ხეობის შეუთანხმებელ ორკილომეტრიან ზოლზე რას იტყვით?
- ნეტავ მხოლოდ ორკილომეტრიანი ზოლი იყოს. დარიალის ხეობაში, ძირითადად, მდინარე თერგი ჩამოდის. მას რომ გაჰყვე და ვლადიკავკაზისკენ წახვიდე, მარჯვნივ თერგს კარგა მოზრდილი მდინარე არმხი უერთდება. ამ ორი მდინარის შესაყართან პატარა დასახლებაა, სახელად ჩმი. სწორედ ამ სწორ ადგილზე ჰქონდათ ქართველ მეფეებს ჯარიეხის ციხე. აქედან აკონტროლებდნენ მთლიანად ხეობას, საქართველოში შემოსასვლელს.
რუსეთთან შეერთების შემდეგ რუსებმა დაიწყეს კავკასიის ადმინისტრაციული დაყოფა: შემოიღეს გუბერნიები, მაზრები, ოკრუგები და გაატარეს საზღვრებიც. 1801 წელს საზღვარი სწორედ ჯარიეხზე გადიოდა. 1943-57 წლებში ჩვენი საზღვრები თერგის იქით გადაიტანეს. მიზეზი ის იყო, რომ თითქოს ჩეჩნები და ინგუშები საბჭოთა კავშირს ღალატობდნენ. მაშინ საქართველოს საზღვარი ჩმის 8 კილომეტრით გასცდა. 1957 წელს ეს ხალხი უკან დააბრუნეს, საზღვარიც აღდგა ჯარიეხზე. მერე რუსმა ძველი ადმინისტრაციული დაყოფა გამოიყენა და საზღვრის ხაზი 8 კილომეტრით ისევ გადმოსწია, ხაზი ეშმაკის ხიდთან გაატარა. ეს ხაზი ზემო ლარსთან არის. შევარდნაძის დროს, როცა ამ სტრუქტურას ვალერი ჩხეიძე განაგებდა, ზემო ლარსიდან საზღვარი ისევ საქართველოს სიღრმეში გადმოვიდა. ეს შეუთანხმებელი საზღვარია. ზემო ლარსთან ჰიდროელექტროსადგურია, რომელიც საქართველოს ბიუჯეტით აშენდა. ის უკვე რუსებმა დაისაკუთრეს და აქეთ კიდევ ერთი კილომეტრით გადმოიწიეს, გვირაბთან მოვიდნენ და ხაზი წყალგამყოფზე გაგვიტარეს. ჩვენი მესაზღვრეები ახლა თამარის ციხესთან დგანან და რუსები იქითაც აღარ უშვებენ.
იგივე მოხდა პირიქითა ხევსურეთში სწორედ იმ დროს, როცა ლარსში საზღვარი გადმოსწიეს. რუსმა იქაც 800 მეტრით გადმოიწია. როცა ამ ვითარებას ვაანალიზებ და ამ საკითხებზე ვფიქრობ, ნერვები მიმტყუნებს ხოლმე. ასეთი უპასუხისმგებლობა და ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესების ფეხებზე დაკიდება გაგონილა, ხალხო?
სომხების მშურს. ისეთი პასუხისმგებლობით უდგებიან საკითხს, როგორც ნამდვილ სახელმწიფოს შეეფერება. მათი კანონმდებლობით კომისიის ყოველი მოლაპარაკების შედეგსა და ოქმს პარლამენტში აანალიზებენ და ვაი მას, ვისაც პატარა შეცდომა მოუვა სხვის სასარგებლოდ. გაგიგიათ ოდესმე ჩვენს პარლამენტში ჩვენი საზღვრების საკითხი განეხილოთ?
https://www.kvirispalitra.ge/politic/52-lkh...VE_uDIwIvc1R97g"ვის რას ვუმალავთ? ხომ არ არის ეს ტერიტორიები აზერბაიჯანთან სხვა თემებზე ვაჭრობის საკითხი?"
"აზერბაიჯანელები ერთ გოჯა მიწაზე მოგვდევენ კუდში, ჩვენ კი ვართ გრძელი ჰალსტუხებით ჰარიჰარალეზე გადასული!"2011, 25 აპრილი
ჯანსუღ კეკელია, კარტოგრაფი: "კომისია იმიტომ დავტოვე, რომ არაფერს აკეთებდა! სპეციალისტებს არც ინიციატივის გამოჩენის საშუალებას აძლევდნენ და არც საქმის კეთებისა. ყოველ წელს კომისიის შემადგენლობა იცვლებოდეს, არ გამიგია.
შეიძლება, კომისიიდან ინფორმაცია ჟონავდეს? გავოგნდი, როცა ჩვენი მასალების ქსეროასლები სომხებმა დამიდეს წინ! ერთხანს ვიბრძოლე, ვიყვირე, მაგრამ მივხვდი, ვერაფერს გავხდებოდი და პროტესტი კომისიის დატოვებით გამოვხატე.
საიდუმლო ტოპოგრაფიულ რუკებს ბაზრობებზე ყიდიან და ხალხს კი უმალავენ, რა ხდება კომისიებში. ვის უმალავენ ან რატომ? ამ მალვა-მალვაში დაკარგეს 42 კვადრატული კილომეტრი. დიკლოს მთა ჩეჩნების, დაღესტნელებისა და საქართველოს გეოგრაფიაში ფიქსირებულია როგორც საერთო შეხების წერტილი.
1999 წელს შეიკრიბნენ საქართველოს საზღვრების სადელიმიტაციო კომისიის წევრები (რა უნდოდა ამ ხალხს კომისიაში, მართალი გითხრათ, არ ვიცი) და რუსებთან მოსალაპარაკებლად დასხდნენ. რუსებმა შესთავაზეს: მოდი, დიკლოს მთიდან სამი კილომეტრით დასავლეთით გადავწიოთ ეს წერტილიო. ესენიც დათანხმდნენ და იცით, რა მოხდა? გადაატანინეს თუ არა საზღვრის წერტილი, მაშინვე 42 კვკმ სადავო გახდა. იმ ბრიყვებმა ისიც კი არ იცოდნენ, რომ ამ წერტილის გადმოსაწევად რუსები 1957 წლიდან იბრძოდნენ.
კომისიის წევრებმა წერტილის გადმოწევას ისე მოაწერეს ხელი, ვითომ არაფერიაო. ეს რომ გავიგე, ერთი ამბავი ავტეხე. მითხრეს, გავგზავნით ნოტას და ამაზე ხელახლა ვისაუბროთო. როგორც თქვენ გაუგზავნეთ რუსებს ნოტა, ისე გაუგზავნა კომისიამაც. ხმა რომ ამოვიღე, აქეთ დამიწყეს ყელყელაობა: შენ კომისიის წევრი ხარ და როგორ გვაკრიტიკებო. პასუხისმგებლობას ვგრძნობდი ქვეყნის წინაშე, იმიტომაც არ მოვითმინე. ალაზანი მოხეტიალე მდინარეა. სპეციალისტებმა უნდა განსაზღვრონ მდინარის ტალვეგი - ხაზი, რომელიც აერთებს ხეობის, ხევის, ხრამის და მისთანათა ფსკერის ყველაზე ღრმა ადგილებს.
მდინარეზე წერტილებს ვერ დასვამ, მაგრამ გეოდეზიურად ამის გაკეთება შესაძლებელია. განსაზღვრავენ ამ წერტილების კოორდინატებს, დგება სპეციალური ნახაზი, რომელსაც კროკები ჰქვია და დასაბუთებას ეძახიან. ამაზე ორივე ქვეყანა აწერს ხელს, ჩამოიწერება კოორდინატები და პრობლემაც მოგვარებულია - მდინარემ თუნდაც კილომეტრობით იცვალოს კალაპოტი, აღარ აქვს მნიშვნელობა. ტალვეგი განსაზღვრავს, სად უნდა გადიოდეს საზღვრის წირი. აზერბაიჯანელები ერთ გოჯა მიწაზე მოგვდევენ კუდში, ჩვენ კი ვართ გრძელი ჰალსტუხებით ჰარიჰარალეზე გადასული!"
https://www.kvirispalitra.ge/politic/7536-q...sakithkhiq.html"ეს სკანდალია!" - ეს ნიშნავს, რომ ჩვენს მიწას ჩუქნიან...
"როგორ აღმოჩნდა 20 ჰექტარი ქართული მიწა სომხეთის ტერიტორიაზე?"2011, 12 სექტემბერი
(გაგრძელება. დასაწყისი "კვირის პალიტრა" #36)
სოფელ ხულდარის (სადახლოს თემი ხუთი სოფლისაგან შედგება. - ავტ.) სასაზღვრო პუნქტიდან სადახლოს გამგეობისკენ ავიღე გეზი იმის გასაგებად, თუ რა დოკუმენტები და ახალი აზომვები გაკეთდა. რაც უნდა იყოს, სადახლოში პირველი პირი ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელია, რომელსაც სახელმწიფო საზღვრის ცვლილებასთან დაკავშირებული ინფორმაცია უნდა ჰქონდეს.
ვითარებაში უკეთ გასარკვევად ჩვენ დავუკავშირდით საზღვრის საკითხებში ექსპერტს, კარტოგრაფსა და პროფესორს, ჯანსუღ კეკელიას:
- საზღვრის გადაწევა-გადმოწევა ასე მარტივად არ ხდება. ჯერ ერთი, საზღვრის შეცვლა საგარეო საქმეთა სამინისტროში არსებული დემარკაცია-დელიმიტაციის კომისიის საქმეა. სწორედ მან უნდა შეადგინოს სპეციალური აქტი ტერიტორიის გადაცემის შესახებ, რაც აუცილებლად უნდა გამოქვეყნდეს პრესაში და რაც მთავარია, საჭიროა აქტის რატიფიცირება პარლამენტში.
სახელმწიფო საზღვარი ვინმეს ბაღი ხომ არ არის, საჯარო განხილვისა და პარლამენტის რატიფიკაციის გარეშე გადასწიო-გადმოსწიო? მხოლოდ კომისიის აქტი მიწის გადასაცემად არ არის საკმარისი, მიწის სხვა ქვეყნისათვის გადაცემა პარლამენტში განუხილველად დაუშვებელია.
- შესაძლებელია თუ არა საქართველოს შესაბამის სტრუქტურას სომხური მიწა გაეცა იჯარით?
- გამორიცხულია! ყველა რაიონს აქვს დადგენილი საზღვრები. ბუნებრივია, საქართველოს მოქალაქეს სახელმწიფო მიწას ისე ვერ მისცემდა იჯარით, თუ ის კონკრეტული ნაკვეთი მიწის ბალანსში არ იქნებოდა აღრიცხული.
- ჩვენმა მესაზღვრემ განმიმარტა, რომ თანამგზავრიდან ახალი ფოტოები გადაიღეს და ეს ტერიტორია სომხეთის აღმოჩნდა.
- სრული აბსურდია. თანამგზავრიდან გადაღებული ორთოფოტოებით ვინ ადგენს სახელმწიფო საზღვარს? სად გაიგეს ეს, რომელი ქვეყნის გამოცდილებიდან? სახელმძღვანელო დოკუმენტი მორიგე რუკაა და სწორედ ამ რუკის მიხედვით შევიტანეთ ჩვენს კონსტიტუციაში ქვეყნის ფართობი და სახელმწიფო საზღვრები. თანამგზავრული ორთოფოტო ნედლი მასალაა, რომელსაც დამუშავება სჭირდება. ორთოფოტო, რომელზეც არ არის დატანილი საზღვარი, თუ მორიგე რუკას არ შეადარე, როგორ უნდა გაარჩიო, სად გადის რეალური საზღვარი?
საზღვრის შეცვლას კომისიის ორი სხდომა სჭირდება. ეს უნდა გაფორმდეს აქტით, დადასტურდეს ხელის მოწერებითა და დამოწმდეს ბეჭდით. თუ არ არსებობს ასეთი დოკუმენტი და რაღაც სხვა ფორმა მოძებნეს მიწის სხვა ქვეყნისთვის გადასაცემად, ეს სკანდალია! ეს ნიშნავს, რომ ჩვენს მიწას ჩუქნიან. საზღვრის დაცვის საქმეში დიდი პრობლემები გვაქვს. თავის დროზე, როცა დემარკაცია-დელიმიტაციის კომისიაში ვიყავი, მემორანდუმებს ვწერდი და გეგმებს ვადგენდი, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა, რომ ქვეყნის ინტერესები დაგვეცვა, მაგრამ არაფერი გამომივიდა, ამიტომაც წამოვედი კომისიიდან. თუ ასე გავაგრძელეთ, მომავალი თაობის წყევლა საფლავში არ მოგვასვენებს მამულისადმი ასეთი დამოკიდებულების გამო!
არც იმას გამოვრიცხავ, რომ ეს ამბავი არაპროფესიონალიზმის გამო მოხდა. ახლა ისეთი აჯაფსანდალია ყველა სფეროში, შესაძლებელია, ვერ გაართვეს თავი სომხების პრეტენზიებს.
- ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ საზღვრის დაცვის პუნქტის უფროსმა გვითხრა, თქვენმა მამა-პაპამ ტყე გაჩეხა და ასე მიითვისა სომხური მიწაო. ეს სიმართლეა?
- რა უნდა ასეთ კაცს სახელმწიფო სამსახურში, თანაც საზღვრის დაცვის პუნქტის უფროსად?! 20 ათასი დესეტინა (20 ჰექტარზე ცოტა მეტი) 1935 წელს საქართველომ იქით მისცა სომხებს სწორედ სადახლოს მიმდებარე ტერიტორიაზე. სომხეთის მთავრობამ მაშინ წერილი მოსწერა ჩვენს საბჭოთა მთავრობას, ტყე არა გვაქვსო და "გიჟვრაცუა" ქართველებმაც მისცეს 20 ჰექტარი ტყის მასივი სომხებს. არავის არაფერი გაუჩეხია. სომხები დაანებებდნენ ვინმეს თავიანთი ტერიტორიის მითვისებას? პირიქით, იქვე, საზღვართან, სომხებმა სატყეო მეურნეობა მოაწყვეს, გამალებით რგავდნენ ნერგებს და ნელ-ნელა ჩვენი საზღვრისკენ მოიწევდნენ. ეგ ტერიტორია ლალვარის ქედთან არის. სწორედ ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთი ტყით დაფარული ფერდობი გადასცეს სომხებს და რა ტყის გაჩეხაზეა ლაპარაკი?
- ტყის მასივი სხვა ტერიტორიაში გაგვიცვალეს სომხებმა?
- არა, ბატონო, სანაცვლოდ არაფერი მიგვიღია! როცა დემარკაცია-დელიმიტაციის კომისიაში ვიყავი, სომხეთის საზღვარი 4 კრიტიკულ უბნად დავყავი. პირველი სწორედ ეგ იყო, სადახლოსა და ახკერპის ტერიტორია. ოთხივე უბანში განსხვავებული პრობლემები იყო. ამიტომ ეს საზღვარი უბნებად უნდა დაყოფილიყო და კომისიას განგვეხილა, სად რა სირთულეები იყო. მერე გადადეს შეხვედრები, მალე მეც წამოვედი და რას შვრებიან ახლა, ვინ იცის?
- დანამდვილებით ვიცი, რომ ამ საკითხზე პარლამენტს არ უმსჯელია.
- თუ ტერიტორიის გადაცემაზე პარლამენტს არ უმსჯელია, მაშინ რაღაც სხვა ამბავია, ხოლო თუ საზღვრის ცვლილებაზე არც გამგებელმა იცის რამე, ესე იგი, მანდ დასვით წერტილი! გამოდის, რაღაც ბნელ ამბავთან გვაქვს საქმე, რაც ყურადღებასა და გამოძიებას მოითხოვს. მიწა უკვე სომხეთის ტერიტორიაზეა, არა? ჰოდა, დაკარგულია ეგ მიწა! საზღვრის საკითხის გარკვევას ოფიციალურად რომ დაიწყებენ ქართველები და დემარკაცია-დელიმიტაცია გაახსენდებათ, დაიმახსოვრეთ, სომხები მანდ ჯარს ჩააყენებენ და იმ მიწას ვეღარ დავიბრუნებთ...
https://www.kvirispalitra.ge/politic/9337-q...s-chuqnian.html