https://www.facebook.com/salukvadzeamiraniბევრ რამეს სწორად წერს. სრულად არ წამოვიღე პოსტი.
ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტა ბევრ ფაქტორსა თუ გარემოებაზეა დამოკიდებული. დავუშვათ მოილაპარაკეს პუტინმა და ერდოღანმა და შეწყდა ცეცხლი. ხშირად ეს ხდება ყოველგვარი ლოგიკის გარეშე, ხშირად ლოგიკაზე დაყრდნობით. შესაძლოა მიაღწიონ შეთანხმებას, შესაძლოა ვერა. ეს დამოკიდებულია ძალიან ბევრ წვრილმან, ურთიერთსაპირისპირო საკითხზე, მხარეთა ინტერესებზე და ა.შ.
გემახსოვრებათ, ვწერდი რამდენიმე წლის წინ, როცა გაყინული ურთიერთობები შემოტრიალდა, რუსეთმა და თურქეთმა ურთიერთსაპირიაპირო პრობლემები დროებით თაროზე შემოდეს მეთქი. შემდეგ ხომ იჩინა თავი ამ პრობლემებმა, როგორც სირიაში, ასევე ლიბიაში?!
ერთ-ერთი დაპირისპირების თემაა კავკასიაც, განსაკუთრებით მთიანი ყარაბაღის საკითხი.
აქ შეიძლება ვერსიები განავითარო, მაგრამ როცა ასეთ საკითხში ვინმე კონკრეტულ პროგნოზს დებს, არც საკუთარ თავს, არც მკითხველს სცემს პატივს.
ვკითხულობ ასეთ ფრაზებსაც: "მე არ ვარ ექსპერტი, მაგრამ ასე მოხდება." კი ბატონო, ან ვირი მოკვდება, ან ვირის პატრონი. ერთ-ერთს მოარტყამ. ესაა პროგნოზი?
ხშირად არის ჩიხური სიტუაცია და, შესაძლოა, სანამ დამატებით ინფორმაციას არ მიიღებ, არ გქონდეს სრულყოფილი შეფასების საშუალება. მოზაიკას თუ ერთი ნამცეცი აკლია, არაა მოზაიკა.
თუმცა, ისიც მნიშვნელოვანია, რამდენად სრული სურათი გაქვს. შესაძლოა მოზაიკა სანახევროდ გქონდეს აწყობილი, ან მეტად და ეს გაძლევდეს დასკვნების საშუალებას. შესაძლოა რაიმე პროცესის, ჯაჭვის ერთი რგოლი გაკლდეს და წრედი ვერ შეკრა.
კონკრეტულად ამ ომის განახლებიდან რამდენიმე საათში მხოლოდ იმის პროგნოზირება შევძელი, რაც ზემოთ დავწერე. როგორ შეიძლებოდა ან 27-ში, ან 28-ში ვინმეს დაედო იმის პროგნოზი რა შედეგებით დასრულდება საბრძოლო მოქმედებები? ან დღეს როგორ შეიძლება?
მხოლოდ ის მოლოდინი მქონდა და ინტერვიუში ვისაუბრე, რომ ადრინდელზე სერიოზული ვითარებაა, ომია და მალე შეწყვეტა ვერ მოხერხდებოდა. ვინც სხვაგვარად მსჯელობს, ის ლოტოს თამაშობს.
მოკლედ, ამ ეტაპაზე, კონკრეტული პროგნოზის ფასი, ვინ მოიგებს ან ვინ წააგებს, არის ნულის ტოლი. თანაც, ისეთი ხალხი აკეთებს ფეისბუკში პროგნოზებს, სამხედრო საქმის გაგებაში რომ არ არიან. რა იცით ვინ როგორ იომებს?
რაც შეეხება მიმდინარე პროცესების კვალიფიციურ და სიღრმისეულ შეფასებებს, მათი ფასი დღეს, ისევე როგორც ყოველთვის, ძალიან მაღალია სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად.
კიდევ ერთ რამეს მივაქციოთ ყურადღება - როგორ მუშაობს აზერბაიჯანული და სომხური მედია ომის დროს? თუ მოიპოვებ ანალიზისთვის საკმარის საჭირო ინფორმაციას? ჩვენსავით თუ აცხადებენ რამდენი მეტრით და რა მიმართულებით ააცილეს ავიაბომბი და რეზერვისტების შეკრებებს თუ აჩვენებენ პირდაპირ ეთერში? ანა-ბანაა.
ახლა გადავიდეთ უშუალოდ საომარ მოქმედებებზე.
მეოთხე დღეა გრძელდება ინტენსიური საბძოლო მოქმედებები, შეიარაღების და ტექნიკის ფართო სპექტრის გამოყენებით. დანაკარგებიც საკმაოდ დიდია 3 დღისთვის. ციფრებს არ ჩამოვთვლი, ურთიერთსაპირისპირო ინფორმაციებია. აღიარებული დანაკარგებიც კი ბევრია.
დავიწყოთ იმით, რომ გავიხსენებ ლავროვის 1 თუ 2 წლის წინანდელ პასუხს, ჟურნალისტის კითხვაზე, ორთავე მხარეს რატომ აწვდით იარაღსო? ლავროვმა უპასუხა, ჩვენ ასეთი გზით ვითარებას ვაბალანსებთო.
ახლა ტოკ-შოუებში ერთი წიოკი აქვთ, საიდან აქვს აზერბაიჯანს თურქული იარაღიო. ამ დროს სომხეთი ინფორმაციას ავრცელებს, რომ აზერბაიჯანმა სხვა რუსულ შეიარაღებასთან ერთად, ახალი სისტემა "სოლნცეპიოკი" გამოიყენა.
გამოიყენა თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ნაყიდი რომ აქვს, ეს ღია ინფორმაციაა.
რატომ უკვირთ რუს ექსპერტებს თურქული იარაღი, როცა აზერბაიჯანმა ბოლო წლებში მხოლოდ რუსეთიდან რამდენიმე მილიარდი დოლარის ტექნიკა იყიდა. აზერბაიჯანს ასევე მრავალმილიარდიანი შესყიდვები ჰქონდა ისრაელიდან, ბულგარეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. რატომ არ ექნება თურქული იარაღი, ფული გაუჭირდებოდა, თუ თურქეთი ეტყოდა უარს?
სხვათაშორის აზერბაიჯანს რუსეთმა დიდი ხნის წინ მიჰყიდა თანამედროვე საზენიტო სარაკეტო კომპლექსები ს-300პმ2, ტორ-მე, ბუკ-მ1-2.
ასევე, თუ ღია წყაროებს გადავხედავთ, წელს აგვისტოში რუსეთმა სომხეთს ახალ თვითმფრინავებთან ერთად მიაწოდა საჰაერო თავდაცვის და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები. ალბათ კრედიტით მიჰყიდა.
მოკლედ, ასე აბალანსებს რუსეთი, ორთავე მხარის შეიარაღებით. 1992 წელს ჩვენ და აფხაზეთსაც ასე გვაბალანსებდა.
აქვე გავიხსენებ რუსეთის შეფასებებს, როგორ ახასიათებენ საკუთარ ურთიერთობებს ორთავე ქვეყანასთან, აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორია, სომხეთი სტრატეგიული მოკავშირეო.
საბრძოლო მოქმედებები დაიწყო მთიანი ყარაბაღის ირგვლივ სომხეთის მიერ დაკავებულ რაიონებში.
თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ საომარი მოქმედებების არეალი არ გაფართოვდება და არ გადაიწევს ან ერთი, ან მეორე ქვეყნის სხვა ტერიტორიაზე. 2008-ში ჩვენს ხელმღვანელობასაც ეგონა, რომ კონფლიქტი ე.წ. სამხრეთ ოსეთი საზღვრებს არ გასცდებოდა. აზერბაიჯანის გააქტიურება მოსალოდნელი ნახჭევანის მხრიდანაც.
როგორც იკვეთება, კონფლიქტში მესამე გარე ძალა აქტიურად ჩაერთო. სამხედრო მოქმედებების განახლებას წინ ორი სწავლება უძღოდა, "კავკასია-2020", რომელიც 2008 წლიდან ტრადიციად იქცა, და თურქულ-აზერბაიჯანული სწავლება "TurAz Qartalı-2020" (თუ სწორად ვთარგმნე არწივს ნიშნავს). თურქულ-აზერბაიჯანული სწავლებებიც ყოველწლიურად ტარდება, თუმცა წელს სწავლებაში მონაწილეობდა თურქული ავიაცია, მ.შ. უპილოტო საფრენი აპარატები.
კონკრეტულად ამ დღეებში მონაწილეობენ თუ არა თურქი სამხედროები, მნიშვნელობას კარგავს, რადგან ოფიციალური თურქეთის მხრიდან ბრძოლის ველზე მხარდაჭერის შესახებ, განცხადება გაკეთებულია.
ივლისში სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად თურქეთის ქვედანაყოფების, მ.შ. ავიაციის გადასროლის შესახებ ინფორმაციები უხვად გავრცელდა. სწავლების დასრულების შემდეგ, მათი უკან დაბრუნების შესახებ, არ შემხვედრია. ძალიან მაღალი ალბათობით, ალბათ, ეხმარებიან კიდეც.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია თურქული ფ-16-ს მიერ სომხური სუ-25-ს ჩამოგდების შესახებ. ინფორმაცია არაა დადასტურებული. ასევე, ღია წყაროებში ვრცელდება ინფორმაციები სირიიდან თურქეთის მიერ მებრძოლთა გადასროლის შესახებ. არც ეს ინფორმაციებია დადასტურებული.
ამ ფონზე რას აკეთებს რუსეთი? ჯერ-ჯერობით განცხადებებით, მოწოდებებით და სატელეფონო ზარებითაა შემოფარგლული. ჰო, განახლებული კონფლიქტი, ტრადიციულად, წამყვან არხებზე ტოკ-შოუების მთავარ თემად იქცა და ფცქვნიან ორთავე მხარეს. ამბობენ ორთავე მხარეს თანაბრად ვაშუქებთო. საინტერესო ისაა, კონფლიქტის ისტორიაზე ექსპერტებს საუბრის საშუალებას არ აძლევენ, ახლა რა ვქნათ, ამაზე ვისაუბროთო. არ აწყობთ წარსულის გახსენება.
ცეცხლის შეწყვეტას რაც შეეხება, პირველ დღესვე ვთქვი, რომ მარტივად ვერ მოხერხდება. თუ აქამდე გასაღები მხოლოდ მოსკოვში იდო და მარტივად ახერხებდა ზეგავლენას, ახლა მეორე გასაღები, როგორც ჩანს, ანკარაშია.
სომხეთის მხარისთვის დახმარების აღმოჩენის შესახებ ოფიციალურად, თურქეთისგან განსხვავებით, ვერც კუხო (ОДКБ) აცხადებს, ვერც რუსეთი. იურიდიულად საბრძოლო მოქმედებები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მიმდინარეობს.
სომხეთმა განაცხადა სომხეთის დასახლებული პუნქტის დაბომბვის შესახებ, თუმცა ეს არაა დადასტურებული და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რუსეთი ოფიციალურად სამხედრო მოქმედებებში ვერ ჩაერთვება. მთიან ყარაბაღს ხომ არ აღმოეჩენს დახმარებას?!
აზერბაიჯანს კი ვერ შეედავები. კონფლიქტია, ტერიტორიები აქვს დაკარგული და თავის მიწაზე ომობს.
მეორე მხარეა, სურს თუ არა რუსეთს დახმარება?
რუსეთი არ მალავს სომხეთის ამჟამინდელი პრემიერის მიმართ უკმაყოფილებას. არაა გამორიცხული ბელარუსის ვარიანტი გაუთამაშოს, როცა დაელოდა ლუკაშენკოს როდის გაუჭირდებოდა და ბოლო მომენტში გაუწოდა ხელი.
შესაძლოა, ახლაც იგივე მოხდეს. თუმცა, ყველაფერი დამოკიდებული იქნება ბრძოლის ველზე მიღწეულ წარმატებებზე.
თუ სომხეთმა შესძლო აზერბაიჯანის არმიის გამკლავება ან მეტიც, იქეთ წაიწია წინ, მაშინ რუსეთი სხვა თამაშს ითამაშებს და ერდოღანს ახვეწნინებს შეაჩერე სომხეთიო.
თუ გაუჭირდა სომხეთს და უკან დახევა დაიწყო, აქაც საინტერესო იქნება რა მომენტში ჩაერევა რუსეთი, მისცემს მხოლოდ ბუფერული ზონების წაღების საშუალებას აზერბაიჯანს, თუ კრემლი კიდევ უფრო დასუსტებულ სომხეთს და მის ლიდერს მოისურვებს?
რუსეთს მთიანი ყარაბაღი არაფერში სჭირდება. რუსეთს სჭირდება სომხეთი და გიუმრი.
ყარაბაღი სჭირდებოდა როგორც ბერკეტი სომხეთსა და აზერბაიჯანზე ზეგავლენის მოსახდენად. თურქეთის აქტიურად ჩარევით, ეს ბერკეტი ხელიდან ეცლება. მაშინ ყარაბაღიც მნიშვნელობას კარგავს.
თუმცა აწყობს კავკასიაში ან სხვაგან ომით აღდგენილი ტერიტორიული მთლიანობა?
თურქეთის აქტიურობასაც ვერაფერს უშვება. პესკოვის განცხადება "ჩვენ ეს არ მოგვწონს და თანახმა არ ვართო", ანკარაში კი გაიგონეს, მაგრამ ცალ ყურშიც არ შეუშვეს.
თურქეთ-აზერბაიჯანის დაახლოება ჯერ კიდევ ჰეიდარ ალიევის დროს დაიწყო, მისი დოქტრინით: "ერთი ნაცია - ორი სახელმწიფო". ამ ურთიერთობებმა დღეს კულმინაციას მიაღწია.
დამნაშავე თავად რუსეთია. აბა გაიხსენეთ, მე რანდენჯერ დავწერე, რუსეთს ყარაბაღის პრობლემის მოგვარება არ აწყობს მეთქი?! მე ვხვდები აქედან და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ვერ ხვდება?
წლებია კონფლიქტის დარეგულირების მხირვ არაფერი კეთდება. ბოლოს, რაც რუსეთმა მოისურვა, სამშვიდობო ძალების ჩაყენება იყო. ალბათ, რაღაც ფორმით, აზერბაიჯანი ადრე დათანხმდებოდა. სომხეთის დასაყოლიებლად რუსეთის ძალისხმევა საკმარისი იყო? ვფიქრობ, არა.
ისე, აზერბაიჯანში დუგინის ჯგუფის ბოლო წლების აქტივობებსაც გაგახსენებთ, შევჩენკოს გამონათებებსაც აზერბაიჯანის სასარგებლოდ, კერძოდ ყარაბაღის ირგვლივ 7 რაიონის დაბრუნების შესახებ. ასე რომ, სულაც არაა გასაკვირი რუსეთი ორმაგ თამაშსაც თამაშობდეს და მიუშვებს, სანამ აზერბაიჯანი ამ რაიონებს გაათავისუფლებს.
თუ აზერბაიჯანი ასეთ წარმატებას მიაღწევს, მერე რთული იქნება შეჩერება. სანამდე მიუშვებს?
როგორც ინფორმაცია ვრცელდება, კუხო-ს ხაზით სომხეთს დახმარებაზე უარი ეთქვა. მიზეზი ზემოთ ავხსენი, საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობს სომხეთის მიწაზე, ანუ იურიდიული საფუძველი არ არსებობს.
სომხეთს, ალბათ, ისიც ესმის, რუსეთი არასდროს უყურებდა იურიდიულ საფუძველს?! საქართველოს მაგალითია საკმარისი. ახალ დოქტრინებშიც უწერიათ, თუ რუსეთის სახელმწიფო ინტერესებს საფრთხე ემუქრება, ბირთვული იარაღის გამოყენებაც კი დაიკანონა, არათუ ჩვეულებრივი შეიარაღების.
აქამდე რომ არ ერევა, ე.ი. რუსეთის სახელმწიფო ინტერესებს ჯერ საფრთხე არ შექმნია.
მოკლედ, როდის, რა ფორმით, რა დოზით, რა პირობით დაეხმარება რუსეთი სომხეთს, მაგალითად, ვიხილავთ თუ არა ვაგნერელებს, დრო გვიჩვენებს.
კიდევ ერთი რამ შეიძლება მოხდეს. სომხეთმა, შესაძლოა, აღიაროს მთიანი ყარაბაღი. ამით, ალბათ, შეეცდებიან რუსეთი ფაქტის წინაშე დააყენონ, რომ შეტევა სომხეთზეა. ასევე, დახურავენ მოლაპარაკების პროცესს. საკითხავია რუსეთი მიიღებს თუ არა ამ აღიარებას.
ყველაფერი რომ სრულად შეაფასო, არსებული ინფორმაციები არაა საკმარისი. სომხეთს და აზერბაიჯანს ხომ არ ყავთ ისეთი პოლიტიკოსები, ექსპერტები, მედია და ბლოგერები, ყველაფერი რომ ინტერნეტში ეყაროს?!
ასევე, რუსეთი ორმაგ თამაშს თამაშობს, მწვანე აუნთო ბაქოს, თუ კრემლის გარეშე ხდება, როგორ გითხრათ?! რა ეჭვებიც მაქვს, დავწერე.
რუსეთის ოფიციალური და არაოფიციალური წრეები ახლაც საუბრობენ ე.წ. ყაზანის ფორმულის შესრულების აუცილებლობაზე. საუბარია 5 რაიონის გათავისუფლებაზე. ე.ი. რაც ხდება, რუსეთის ხედვებში ჯდება.
დანარჩენი ბრძოლის ველზე და ვიწრო კულუარებში წყდება და პროგნოზებს არ ექვემდებარება. მივადევნოთ თვალი. პერიოდულად მიმდინარე შეფასებებს შემოგთავაზებთ.
P.S. ახლა ყველა ხვდება, ალბათ, რამდენად ფეთქებადსაშიშია ვითარება და რამდენად მაღალი პასუხისმგებლობა აკისრია პოლიტიკოსებს, მედიას, საზოგადოებას.
***
27.09.20-ს ინტერვიუ
https://m.facebook.com/story.php?story_fbid...10000159209758028.09.20-ს ინტერვიუ
http://hotnews.ge/.../north.../item/18831-amiran-saluqvadze27.09.20-ს პოსტი
https://m.facebook.com/story.php?story_fbid...10000159209758028.09.20-ს პოსტი
https://m.facebook.com/story.php?story_fbid...100001592097580