ჯარისთვის ფორდის პიკაპები არ მოგწონთ, ლოვას და ჰაიქსის ბათინკი არ მოგწონთ
ბოლო რამდენიმე თვეში კიდევ რაც გაკეთდა იმას დავწერ და დარწმუნებული ვარ ისიც არ მოგეწონებათ

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა „დელტამ“ "დელტა ტექსტილი" დააფუძნა---
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შპს „დელტა ტექსტილის“ მიერ შეძენილი „ჯეო-ემ-ტექსის“ სამკერვალო ფაბრიკა დაათვალიერა და მის შესაძლებლობებს გაეცნო. „დელტა ტექსტილი“ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა „დელტამ“ დააფუძნა. „დელტა ტექსტილმა“, რომლის 100%-იანი წილი სახელმწიფოს მფლობელობაშია, ევროპულ ბაზარზე აქტიურად მომუშავე ტექსტილის მწარმოებელი მსხვილი ქართული კომპანიის „ჯეო-ემ-ტექსის“ 49%-იანი წილი შეისყიდა.
სამკერვალო ფაბრიკაში, რომელიც თანამედროვე იტალიური და იაპონური წარმოების სამკერვალო დანადგარებით არის აღჭურვილი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სხვა ძალოვან უწყებებში მომსახურე პირებისთვის მაღალი ხარისხის ზამთრისა და ზაფხულის საველე და ყოველდღიური სამუშაო ფორმები შეიკერება. აქვე მოხდება საბრძოლო ეკიპირების, ინდივიდუალური დაცვისა და განტვირთვის სისტემების, მაისურების, საწვიმარი ლაბადების, საქარე ქურთუკების, პულოვერების, ქუდების, ხელთათმანების, ზურგჩანთების, სანივთე ტომრების და სპორტული ტანსაცმლის სერიული წარმოება. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ეს ამბიციური პროექტი საშუალებას მოგვცემს, ხარჯების ეკონომიით მივიღოთ უმაღლესი ხარისხის პროდუქცია ჩვენი ჯარისკაცებისთვის, ასევე, გავაძლიეროთ ქართული ეკონომიკა და შევქმნათ სამუშაო ადგილები.
თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დღეს მხარეებმა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის გაფორმებით დაადასტურეს. დოკუმენტს ხელი სსსტც „დელტას“ დირექტორმა ზურაბ აზარაშვილმა და „ჯეო-ემ-ტექს“-ის წარმომადგენელმა გრიგორი მორჩილაძემ მოაწერეს. მხარეებმა სურვილი გამოხატეს, რომ ურთიერთთანამშრომლობის გზით ადგილობრივ სამკერვალო წარმოებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყონ ხელი. საწარმო მზადყოფნას გამოთქვამს, სამინისტროს დაკვეთები უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტით შეასრულოს, სამინისტრო კი, თავის მხრივ, ფორმების იმპორტს ადგილობრივი ნაწარმით ჩაანაცვლებს.
„დელტა ტექსტილის“ საწარმოო ბაზა წარმოდგენილია 2015 წელს დაფუძნებული საუკეთესო სამკერვალო ფაბრიკის სახით, სადაც ამჟამად 360 ადამიანია დასაქმებული. კონკრეტული კომპანია საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის მიერ უძრავ-მოძრავი აქტივებისა და საწარმოო პოტენციალის შეფასების შემდეგ შეირჩა. კერძო სექტორისა და სახელმწიფოს თანამშრომლობა მსოფლიოში აპრობირებული წარმატებული პრაქტიკაა, რომელიც განსაკუთრებით აქტიურად გამოიყენება თავდაცვის სფეროში წარმოების მიმართულებით.
ინვესტიციის განხორციელების შედეგად, შპს „დელტა ტექსტილს“ მნიშვნელოვანი სახელმწიფო პროექტების მინიმალური მარჟის პირობებში განხორციელების საშუალება მიეცემა.
საქართველოს თავდაცვის ძალები ახალი M249 ტიპის მსუბუქი ტყვიამფრქვევებით აღიჭურვა------
საქართველოს თავდაცვის ძალებში შეიარაღების მოდერნიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. აშშ-ის მხარდაჭერით, უკვე დაწყებულია საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების აშშ-ის წარმოების ნატოს 5,56 მმ კალიბრის M249 ტიპის ხელის მსუბუქი ტყვიამფრქვევებით აღჭურვის პროცესი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ვაზიანის მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში იმყოფებოდნენ, სადაც თანამედროვე, ნატოს სტანდარტის იარაღით ქვედანაყოფების დაკომპლექტების პროცესს პირადად გაეცნენ.
დღეს ვაზიანში, მე-4 სასროლეთზე, საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) ქართველმა და ამერიკელმა ინსტრუქტორებმა აღნიშნული იარაღით საცდელი-საჩვენებელი სროლები განახორციელეს და 100 მეტრის დისტანციაზე სროლები შეასრულეს. აღნიშნული ტიპის ტყვიამფრქვევი ზრდის ქვედანაყოფის საცეცხლე ზემოქმედების შესაძლებლობებს და ბრძოლის ველზე მათ ეფექტიანად მოქმედებას უწყობს ხელს.
პირველ ეტაპზე M249 ტიპის ტყვიამფრქვევებით საქართველოს თავდაცვის ძალების მზადყოფნის (GDRP) პროგრამით მომზადებული, ასევე წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ქვედანაყოფების დაკომპლექტება განხორციელდება.
საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ახალი ტიპის ტყვიამფრქვევებით დაკომპლექტება, შეიარაღებისა და აღჭურვილობის განახლებისა და მოდერნიზაციის პროცესის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც თავდაცვის ძალების შესაძლებლობების ზრდას და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთთავსებადობის გაუმჯობესებას ემსახურება.

თავდაცვის ძალებში დაზვერვის ქვედანაყოფები ახალი უპილოტო საფრენი აპარატებით აღიჭურვება----
საქართველოს თავდაცვის უწყებამ ესპანელი პარტნიორებისგან უპილოტო სადაზვერვო სისტემები შეიძინა, არსებული ძველი საფრენი აპარატები განაახლა და მოახდინა პერსონალის მომზადება/გადამზადება. დაიწყო დაზვერვის ქვედანაყოფების ახალი უპილოტო საფრენი აპარატებით დაკომპლექტება, რომელიც ითვალისწინებს ამ ქვედანაყოფების აღჭურვას თანამედროვე ტაქტიკური და ოპერატიული უპილოტო სადაზვერვო სისტემებით.
თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ესპანური უპილოტო სადაზვერვო სისტემები მარნეულის საავიაციო ბაზაზე დაათვალიერა და სადემონსტრაციო ფრენას დაესწრო.
უპილოტო სადაზვერვო სისტემების განახლება და შეძენა საქართველოს თავდაცვით შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გააძლიერებს.
„უპილოტო სადაზვერვო სისტემების განახლების გარდა, აქტიურად მიმდინარეობს საჰაერო თავდაცვის, ჯავშანსაწინააღმდეგო შეიარაღების, თანამედროვე საარტილერიო და სადაზვერვო სისტემების შეძენა და ამ შესაძლებლობების განვითარება.
თანამედროვე სისტემების შეძენა, დანერგვა და განვითარება საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების ძირითადი პრიორიტეტებია.
აღნიშნული სისტემები მნიშვნელოვნად დაეხმარება თავდაცვის ძალებს სადაზვერვო შესაძლებლობების განვითარებაში და ასევე, გამოყენებული იქნება სხვადასხვა სახის წვრთნებსა და სამაშველო ღონისძიებებში.
თავდაცვის ძალებში საავიაციო პარკის სრული მოდერნიზება და განახლება დაიწყო----
საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაცხადებული პროექტი ავიაციის განვითარებასთან დაკავშირებით დაიწყო.
მალე საქართველოს თავდაცვის ძალებს განახლებული და მოდერნიზებული საავიაციო პარკი ეყოლება. თავდაცვის ძალების ბალანსზე არსებულ საფრენ საშუალებებს - Su-25 ტიპის თვითმფრინავებსა და Mi-24 ტიპის მოიერიშე შვეულმფრენებს დემონტაჟი მარნეულის საავიაციო ბაზაზე ჩაუტარდა და კაპიტალური სარემონტო სამუშაოების ჩატარებისთვის უკვე საავიაციო ქარხანაშია გადატანილი.
საავიაციო პარკის განახლების პროცესი შესაბამისი გეგმა-გრაფიკის მიხედვით, „თბილავიამშენისა“ და „დელტას“ ერთობლივი თანამშრომლობით ხორციელდება. საფრენი აპარატების აღდგენა-რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის პარალელურად, პროექტი პირადი შემადგენლობის მომზადებასა და გადამზადებას, ასევე შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას ითვალისწინებს.
საფრენი საშუალებების განახლების პროცესში შესაბამისი დარგის სამხედრო და სამოქალაქო ქართველი სპეციალისტები ერთობლივად არიან ჩართული, რაც თავდაცვის მინისტრის მიერ გაცხადებულ ქართული სამხედრო მრეწველობის განვითარებას კიდევ უფრო უწყობს ხელს.
კაპიტალური რემონტი და მოდერნიზება საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ „მინისტრის ხედვაში“ გაწერილ თავდაცვის ძალების განვითარების გეგმის ფარგლებში მიმდინარეობს და მიზნად საქართველოს თავდაცვის ძალების საავიაციო ქვედანაყოფების გაძლიერებასა და განვითარებას ისახავს.




თავდაცვის ძალები მსოფლიო ბრენდების ახალი სპეც-ტექნიკით აღიჭურვება-------
თავდაცვის ძალები მსოფლიო ლიდერი კომპანიების მიერ წარმოებული სპეციალური დანიშნულების ახალი ტექნიკით აღიჭურვება. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველ სამხედროებს ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტების შესაბამისი სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალებები ექნებათ. ამ ბრენდების სპეციალურ ტექნიკას იყენებენ გერმანიის, იტალიის, ესპანეთის, შვეიცარიისა და სხვა მრავალი ქვეყნის თავდაცვის ძალები.
დღეს ახალი სპეც-ტექნიკის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს თავდაცვის სამინისტროსა და შესაბამის პოზიციებში გამარჯვებული მომწოდებელი კომპანიების ხელმძღვანელმა პირებმა.
ახალი პროექტის მიხედვით, მოძველებული საბჭოთა წარმოების სპეც-ტექნიკა თანამედროვე, მსოფლიო და ევროპული ლიდერი კომპანიების - გერმანული „MAN“ - ის, იტალიური „IVECO“ - ს და ამერიკული „FORD“ - ის მიერ წარმოებული სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ჩანაცვლდება. ჯამში, თავდაცვის სამინისტრო 500-ზე მეტ ერთეულ სპეციალური დანიშნულების ტექნიკას შეიძენს. აღნიშნული პროექტი ჯარის ავტოტექნიკით დაკომპლექტებასა და თავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
აღსანიშნავია, რომ სპეც-ტექნიკისთვის საჭირო ღირებულებას თავდაცვის უწყება ეტაპობრივად, რამდენიმე წლის განმავლობაში გადაიხდის. ახალი სპეც-ტექნიკის შესყიდვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ხარჯების ეფექტურობის თვალსაზრისითაც, რადგან მოძველებული ტექნიკის შენახვა და გარემონტება თავდაცვის ძალებს მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში მილიონობით ლარი უჯდებოდა. ერთი და იმავე ბრენდის მწარმოებლის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ფლობა კი, შემდგომ წლებში მნიშვნელოვნად გაამარტივებს სპეც-ტექნიკის მართვას და ტექნიკურ მომსახურებას. პროექტი რამდენიმე თვეში დასრულდება და შედეგად, კიდევ უფრო გაძლიერდება თავდაცვის ძალების სამხედრო შესაძლებლობები და ზოგადად ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა.
This post has been edited by zviozvio on 3 Oct 2020, 09:50