დასახელება
ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურების კასკადი (პროექტი)
ადგილმდებარეობა
ნამახვანის ჰესების კასკადის საპროექტო ტერიტორია მდებარეობს, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში. პროექტი სამი ნაწილისგან შედგება: ტვიშის, ნამახვანისა და ჟონეთის კაშხალებისგან. სამივე კაშხალი განლაგებულია მდინარე რიონზე არსებულ ლაჯანურ ჰესსა და გუმათის ჰესს შორის. პროექტი გამოიყენებს მდინარე რიონის ჰიდროენერგიის პოტენციალს ზღვის დონიდან 360 მ-დან 200 მ-მდე. საპროექტო ტერიტორიასთან უახლოესი დიდი ქალაქი ქუთაისია.
საკუთრების ფორმა
2009 წლის 8 დეკემბერს, თბილისში, საქართველოს მთავრობამ (წარმოდგენილი საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ალექსანდრე ხეთაგურის მიერ), თურქულმა კომპანიამ Nurol Energy Production and Marketing Inc. („ნუროლი“), კორეულმა კომპანიამ Korea Electric Power Corporation („კეპკო“) და ასევე კორეულმა კომპანიამ SK Engineering and Construction Co., Ltd („სკე&სი“) ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს. მემორანდუმი საქართველოს მთავრობამ თურქულ-კორეული კომპანიების კონსორციუმთან ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის პროექტის განსახორციელებლად დადო.
2012 წლის თებერვალში ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის პროექტი ჯერ კორეულმა და შემდეგ თურქულმა კომპანიებმა დატოვეს. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილის მარიამ ვალიშვილის განცხადებით, მხარეებმა ვერ შეასრულეს მემორანდუმით აღებული გარკვეული ვალდებულებები და პროექტი ვერ გაგრძელდა.
2012 წლის 25 იანვარს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ მიმართა სააქციო საზოგადოება „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ თხოვნით, რომ ამ უკანასკნელს, თავისი 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით, დაეფუძნებინა სააქციო საზოგადოება „ნამახვან ჰესების კასკადი“. 2012 წლის 26 იანვარს სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“, სამინისტროს თხოვნის შესაბამისად, მიიღო სს „ნამახვან ჰესების კასკადის“ დაფუძნების გადაწყვეტილება. სს „ნამახვან ჰესების კასკადის“ წესდების თანახმად, ორგანიზაციის „საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა ნამახვან ჰესების კასკადის მშენებლობა“.
2012 წლის მარტში სს "ნამახვან ჰესების კასკადმა" ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის პროექტირების, მომარაგებისა და მშენებლობის მომსახურების შესაძენად ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ 2012 წ. 3 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული სამუშაოების განხორციელებაზე ინტერესი 40–მა კომპანიამ გამოთქვა.
მოკლე აღწერა
2011 წლის 12 აპრილს, თურქულ-კორეული კომპანიების კონსორციუმმა - ერთობლივმა საწარმომ NS JV (Nurol და SK E&C) - გაზეთში „24 საათი“ გამოაქვეყნა განცხადება, რომლითაც საზოგადოებამ შეიტყო, რომ მომზადდა ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის პროექტის „გარემოზე და სოციალური ზემოქმედების შეფასების“ (გსზშ) ანგარიში. გსზშ ანგარიში ამჟამადაც განთავსებულია ორჰუსის ცენტრის ვებ-გვერდზე (http://aarhus.ge).
ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურების კასკადი სამი კაშხალისგან შედგება: ტვიშის, ნამახვანის და ჟონეთის ჰიდროელექტროსადგურები, რომელთა საპროექტო ტერიტორიაც მდინარე რიონზე მდებარეობს, არსებული ლაჯანურისა და გუმათის ჰიდროელექტროსადგურებს შორის, რომლებიც სამ ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულს მიეკუთვნება: ცაგერს, წყალტუბოსა და ტყიბულს. პროექტის საერთო სიმძლავრე 450 მეგავატია (ტვიში: 100 მვტ, ნამახვანი: 250 მვტ, ხოლო ჟონეთი: 100 მვტ). ელექტროენერგიის საპროექტო გენერაცია წლიურად 1.6 მილიარდ კილოვატსაათს შეადგენს. ის წლიურად 1600 გიგავატ-საათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს (გსზშ ანგარიში, გვ. 13 /15; 14 /15).
ტვიშის კაშხლის მშენებლობა დაგეგმილია სოფელ ტვიშისა და გონის მასივის ზედა ნაწილში. ამ ნაწილის ქვედა მხარეს, ხეობა მკვეთრად გადადის დაბლობში, რომელიც ფერმერული მეურნეობისთვის გამოიყენება. ტვიშის კაშხალის აშენება დაგეგმილია იმ ადგილას, სადაც მდინარე რიონი ხეობაში მიედინება. ხეობის ქვევით, დაბლობში მდებარეობს სოფელი ტვიში. ტვიშის კაშხალი აშენდება ხეობის ცენტრალურ ნაწილში. ამგვარად ხეობა აივსება წყლით და წყალსაცავის როლს შეასრულებს. მანძილი ტვიშისა და ნამახვანის ჰესებს შორის 18 კილომეტრია (გსზშ ანგარიში, გვ. 6 /28, 6 /249).
ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის საპროექტო ტერიტორია მდებარეობს მდინარე რიონზე, სოფელ ნამახვანიდან 3 კმ-ით მაღლა მდებარე მონაკვეთზე, მდინარე რიონის შედარებით ვიწრო ნაწილში. კაშხალი იქნება თაღოვანი ტიპის და მისი სიმაღლე საძირკველიდან იქნება 111 მ. კაშხალი შექმნის 14.8კმ სიგრძის წყალსაცავს (გსზშ ანგარიში, გვ. 6/249, 30/249).
ჟონეთის ჰიდროელექტროსადგური აიგება სოფელ ჟონეთის ზევით, მდინარე რიონის შედარებით ფართო ნაწილში. ამ ადგილას მდინარის სიგანე დაახლოებით 80 მეტრია. ჟონეთის ჰიდროელექტროსადგურის პირველადი შენობა-ნაგებობები განთავსდება სოფელ ჟონეთში, ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურიდან 7კმ. წყალდაღმა მიმართულებით (გსზშ ანგარიში: გვ. 7/249, 33/249).
კარიერები: ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობისთვის საჭირო იქნება შემდეგი მასალები: თიხა ჟონეთის კაშხალისთვის და საჭიროების შემთხვევაში რაბების და დამბების ასაგებად; კლდოვანი მასა ჟონეთის კაშხალისთვის ქვიშა და ხრეში ბეტონის ნაგებობებისთვის; პროექტისთვის მასალების მოსაპოვებლად საპროექტო ტერიტორიის სიახლოვეში არის რამდენიმე ალტერნატიული კარიერი. ესენია: ნამახვანის ქვის კარიერი - მარაგი არის დაახლოებით 300000 მ; ონჭეიშის კარიერი - განლაგებულია ნამახვანის კაშხალიდან აღმა 8კმ-ით. მისი მარაგი არის დაახლოებით 800000 მ3. მოლეკურის კარიერი - მდებარეობს ნამახვანის კაშხალიდან 5კმ-ით ზევით და მისი მარაგი არის დაახლოებით 350000 მ3; მამაწმინდის თიხის კარიერი - განლაგებულია ჟონეთის ელექტროსადგურიდან 3კმ-ში. მისი მარაგია დაახლოებით 183500მ3 (გსზშ ანგარიში: გვ. 13/28; 14/28).
პრობლემური საკითხები
პროექტის განხორციელების შემთხვევაში, კახშლების გამო, პროექტის ზემოქმედების ქვეშ აღმოჩნდება დაახლოებით 924.4 ჰა ფართობის ტერიტორია, აქედან 300 ჰა სასოფლოსამეურნეო მიწები, 261.44 ჰა კი, ტყეები. მიკროკლიმატის ცვლილების გამო, პირდაპირი ზემოქმედების ქვეშ აღმოჩნდება უნიკალური ტვიშის ვენახები და დაგეგმილი ხვამლის დაცული ტერიტორია. გაძლიერდება ბუნებრივი ჰაბიტატების, ტყეებისა და მდინარის ბინადარ სახეობათა დაკარგვის პროცესი, მათ შორის, საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი სახეობების.
სამშენებლო სამუშაოებმა შესაძლოა გაზარდოს მეწყერებისა და ეროზიების წარმოქმნის ალბათობა. ყველაზე კრიტიკული სექცია არის სოფელ კორენიშის ბოლო (გსზშ ანგარიში, გვ. 6/90, 7/90).
კაშხალს ზემოქმედება ექნება რეგიონის მიკროკლიმატის ცვლილებაზე. ზაფხულობით, რეზერვუარის ზედაპირი შთანთქავს მზის ენერგიას და ზამთარში იგი გამოყოფს მას. ეს გარემოება განაპირობებს ზამთრის შედარებით თბილ პირობებს, რაც თავის მხრივ იწვევს ტენიანობისა და ტემპერატურის ზრდას ზამთარში, ხოლო ტემპერატურის დაწევას ზაფხულში. ზამთარში, როდესაც ცივი ჰაერის მასები ეშვება მთის ფერდებიდან და ხვდება რეზერვუარის ზედაპირზე არსებულ შედარებით თბილ ჰაერს, წარმოიქმნება ნისლი და ბურუსი (გსზშ ანგარიში, გვ. 10/90).
ჰიდროენერგეტიკული პროექტები ზემოქმედებას ახდენენ ტერიტორიის ჰიდროლოგიაზე, მდინარის აუზზე, კაშხლის ზედა და ქვედა დინებაზე როგორც მშენებლობის პროცესში, ასევე საოპერაციო პერიოდში. ასეთი ცვლილებები ზემოქმედებას ახდენს წყლის ხარისხზე და მდინარის დინების სეზონურ ხასიათზე (გსზშ ანგარიში, გვ. 12/90).
ნამახვანის ჰესის მშენებლობის პროცესში ჩატარდება ასაფეთქებელი სამუშაოები კაშხლის ტერიტორიაზე, აფეთქების სამუშაოები გამოიწვევს ვიბრაციის გავრცელებას მიმდებარე ტერიტორიებზე. ვიბრაციას შეიგრძნობს 1 კმ რადიუსში მცხოვრები ხალხი. ჰაერის ძლიერი ტალღა ასევე წარმოიქმნება აფეთქების შედეგად და ვიბრაციის მსგავსად ვრცელდება მიმდებარე ტერიტორიებზე. მას არ აქვს დამანგრეველი ეფექტი, თუმცა შეუძლია გამოიწვიოს მოსახლეობისა და ფაუნის შეშინება. ჰაერის ძლიერი ტალღა იწვევს ახლომდებარე შენობებში ფანჯრების და სხვა შუშის ნაკეთობის ვიბრაციას (გსზშ ანგარიში, გვ. 51/90).
რეზერვუარის მშენებლობა გამოიწვევს ლანდშაფტის თავისებურების მუდმივ ცვლილებას, ძირითადად შეიცვლება ტერიტორიის ტოპოგრაფია წყალსაცავების ფორმირების შედეგად. ამასთან ერთად შეიცვლება პროექტის სხვა კომპონენტები, როგორიც არის შემოვლითი გზა, მიწათსარგებლობა და მცენარეული საფარი (გსზშ ანგარიში, გვ. 56/90).
ტერიტორიაზე მდებარეობს 23 პოტენციური არქეოლოგიური ობიექტი. აღნიშნული 23 პოტენციური არქეოლოგიური ობიექტიდან 13-ზე პროექტი უშუალო ზემოქმედებას ახდენს (ანუ ხვდება დატბორვის ზონაში) (გსზშ ანგარიში: გვ. 58/90).
პროექტის ტერიტორიაზე არსებულ ფლორის სახეობებსა და მცენარეულ საფარზე ზემოქმედებას ძირითადად წყალსაცავების ფორმირება გამოიწვევს. უფრო მეტიც, სამშენებლო სამუშაოები, მათ შორის მისასვლელი და შემოვლითი გზების მშენებლობა, გადამცემი ხაზების დამონტაჟება, გამოიწვევს ფლორის ბინადართათვის ჰაბიტატების ფართობების შემცირებას. პოპულაციები, რომლებიც გვხვდება მომავალი წყალსაცავის ან სამშენებლო, ასევე მისასვლელი და შემოსავლელი გზების ტერიტორიაზე, დაიკარგება (გსზშ ანგარიში, გვ. 59/90, 60/90).
მდინარის რეჟიმი შეიცვლება გამდინარედან დამდგარ გარემოზე. ამიტომ ახლად შექმნილ ჰაბიტატში განვითარდება ლიმნოფილური ორგანიზმები ნაცვლად ბენთოსის რეოფილური ფორმებისა. ქვირითოვანი შესართავები გადაინაცვლებს ზემოთ და შლამიანი გახდება. შლამიანობა მოიმატებს ნაპირის ეროზიის გამო და ნაპირები გამოუსადეგარი გახდება თევზების გამრავლებისათვის. შლამიანობის ზრდის შედეგად თევზის კვების რეჟიმი, რომელიც ბენთოსით იკვებება, მოიშლება. პროექტის ფარგლებში ასაშენებელი კაშხლები წყლის ბინადართათვის შექმნის ბარიერს, განსაკუთრებით კი საპროექტო ტერიტორიიდან მდინარის ზედა წელში და შენაკადებში თევზების რეპროდუქტიული მიგრაციისთვის (გსზშ ანგარიში, გვ. 69/90).
ნამახვანის ჰესების კასკადი განვითარების პროექტია, რომელიც მოსახლეობის იძულებით განსახლებას გამოიწვევს. პროექტის უარყოფითი ზემოქმედება მოსახლეობის საარსებო საშუალებაზე ძირითადად დაკავშირებულია მიწასთან და შესაბამისად მათი საცხოვრებელი ადგილების შეცვლასთან. პირდაპირი ზემოქმედება მოსახლეობის საარსებო საშუალებაზე მოიცავს საცხოვრისის და მიწის დაკარგვას. პროექტს ზემოქმედება ექნება 14 სოფელზე. ეს სოფლებია: ჟონეთი, მამაწმინდა, ნამახვანი, საკირე, ზედა ონჭეიში, ქვედა ონჭეიში, მოლეკურა, ბენტკოულა, მეკვენა, ვანისჭალა, დერჩი, ტვიში, ზოგიში, ალპანა (გსზშ ანგარიში, გვ. 71/90).
ნამახვანის ჰესის მშენებლობის შედეგად სოფლის მოსახლეობა, რომელიც ცხოვრობს სოფლებში: ვანისჭალა, მამაწმინდა, მოლეკურა, ნამახვანი, საკირე, ქვედა ონჭეიში და მექვენა, დაკარგავს სასოფლო-სამეურნეო მიწას და საცხოვრებელ ადგილს. მოსახლეობა, რომელიც ცხოვრობს სოფლებში: ალპანა, დერჩი, ზოგიში და ტვიში, დაკარგავს მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო მიწას (გსზშ ანგარიში, გვ. 71/90).
2010 წელს ჩატარებული სოციალური გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ პირდაპირი ზემოქმედების მქონე მოსახლეობას შეადგენს 213 ოჯახის 790 მაცხოვრებელი (გსზშ ანგარიში, გვ. 74/90).
სკოლის ასაკის ბავშვების განსახლება გამოიწვევს გარკვეულ სოციალურ პრობლემებს, როგორიცაა ადაპტაცია ახალ სკოლასა და გარემოსთან. იძულებითი განსახლების გამო გაჩენილი უმნიშვნელობის შეგრძნება იწვევს საზოგადოებიდან გაუცხოებას (გსზშ ანგარიში, გვ. 74/90).
ხანდაზმულები განსაკუთრებით განიცდიან მნიშვნელოვან ცვლილებებს, როგორიც არის მაგალითად განსახლება, რადგან ისინი სწარაფად ვერ ერგებიან ცხოვრების სტილის ცვლილებებს, ან ახალ გარემოს. იმის გათვვალისწინებით, რომ მათი სოციალური კავშირები მოიშლება და მათ ფიზიკური საშუალება არ ექნებათ ახალი სახლების მშენებლობისა და ვერც თანხას გადაიხდიან მთავრობის მიერ განსახლებული სახლებისათვის, პროექტის ზემოქმედება ამ ხალხზე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა კატეგორიებზე (გსზშ ანგარიში, გვ. 74/90).
http://greenalt.org/old/map/text/namaxvan_...axvan_hesi.html