„ისტორიულად ეს ტერიტორია სამი ძირითადი დანიშნულებით გამოიყენებოდა – სატყეო, სასოფლო–სამეურნეო და სარეკრეაციო, თუმცა დღეისთვის ამ ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი საცხოვრებელი დანიშნულებით, უსისტემოდ ვითარდება“ – წერია თბილისის გენერალური გეგმის დოკუმენტში ლისის არეალის შესახებ. ამიტომაც, 2019 წელს, მაშინ, როდესაც თბილისის მიწათსარგებლობის დოკუმენტი დამტკიცდა, ლისის ტბის არეალს შეზღუდვა დაუწესდა, რაც გულისხმობს იმას, რომ ლისის არეალის სამშენებლოდ განვითარება დაუშვებელი იყო მანამდე, სანამ თბილისის მერია მისი განვითარების დეტალურ გეგმას არ შეიმუშავებდა.
კვლევებისა და შემდგომში დაგეგმარების პროექტის მომზადების მიზანი იყო – კვლევების საფუძველზე ლისის ტბის მიმდებარე არეალის ქალაქმშენებლობითი პირობების დაზუსტება, რაც სამომავლოდ დედაქალაქის მთავრობას აღნიშნული ტერიტორიის მდგრადი და დაბალანსებული განვითარებისთვის უნდა გაეთვალისწინებინა.
თუმცა, მერიამ 2020 წლის ივლისში ამ არეალს დადებული შეზღუდვა მოუხსნა. მერიის წარმომადგენლები განმარტავდნენ, რომ ლისის არეალს შეზღუდვა სხვა 10 არეალთან ერთად მოეხსნა, რადგან მათ შეისწავლეს ამ ტერიტორიების საჭიროებები და შესაბამისი კვლევები ჩატარდა.
„პუბლიკამ“ სექტემბერში თბილისის მერიის ურბანული სამსახურიდან დეტალური ინფორმაცია გამოითხოვა, რა კვლევის საფუძველზე და რა დასაბუთებების მიხედვით მოეხსნა შეზღუდვა დედაქალაქის 11 არეალს, რომელთა შორის ლისის ტბის არეალიცაა.
თბილისის მერიამ „პუბლიკას“ მხოლოდ ლისისა და შინდისი-ტაბახმელას არეალების კვლევა მიაწოდა. თუმცა კვლევაში ჩართული საპროექტო ორგანიზაციის წარმომადგენლები გასულ თვეში „პუბლიკასთან“ აცხადებდნენ, რომ პროექტი არ დასრულებულა, რომ მათ ლისის ტბაზე არსებული სიტუაცია შეისწავლეს და მომდევნო ეტაპზე, ანუ დაგეგმვის ეტაპზე გადასვლა ვეღარ მოახერხეს. კვლევაში ჩართული ექსპერტები აცხადებდნენ, რომ თბილისის მერიამ ჩაიბარა ლისის არეალზე არსებული მდგომარეობის შესახებ დამუშავებული მასალები, ანუ მხოლოდ ერთგვარი შესავალი კვლევა. თუმცა, მიუხედავად ამისა, მერიამ თქვა, რომ ეს მონაცემები საკმარისი იყო მათთვის, დარჩენილ ნაწილზე კი თავად იმუშავებდნენ.
ლისის არეალის სარეკრეაციო და ეკოლოგიურ მნიშვნელობაზე არაერთი ექსპერტი, თუ დარგის სპეციალისტი საუბრობს. რა ბედი ელის არეალს? როგორია მისი განაშენიანების გეგმა? არსებობს კი ეს გეგმა და რით ასაბუთებს მერია შეზღუდვების მოხსნის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას? ამ კითხვებით ჩვენ თბილისის მერიას არაერთხელ მივმართეთ, თუმცა უშედეგოდ.
პროექტი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის დაკვეთით კომპანია BAU design-ისა და მისი ქვეკონტრაქტორების მიერ მუშავდებოდა.
კვლევის ერთ-ერთი ავტორი, არქიტექტორი შიო დემეტრაშვილი, რომელიც ლისის არეალის კვლევის პროექტში იყო ჩართული, ლისის არეალის განაშენიანების ისტორიას იხსენებს და სარეკრეაციო თვალსაზრისით ამ სივრცის მნიშვნელობაზე გვესაუბრება.
მისი თქმით, ლისის არეალი თბილისის ნაწილი 2006 წლიდან ხდება. მანამდე ის მცხეთას ეკუთვნის. რადგან თბილისს აქვს მსხვილი ეკონომიკური გავლენა, თბილისის გარშემო დაიწყო განაშენიანება და ლისის შემოერთების გადაწყვეტილებაც, სავარაუდოდ, ეკონომიკურ საბინაო ბუმს უკავშირდებოდა. ამ პერიოდში ქალაქის იპოდრომიც ოფიციალურად ლისზე გადადის, თუმცა, ამ ეტაპზე იპოდრომის ბედი კვლავ გაურკვეველია და რეალურად ის ქალაქს კვლავ არ გააჩნია.
მისი თქმით, ლისის არეალი უზარმაზარი ტერიტორიაა. საპროექტო, საკვლევი არეალი მოიცავდა 1 127.73 ჰა-ს. ეს ტერიტორიები წარსულში სასოფლო მიწები იყო, ახლა ამ არეალში ხვდება სოფელი ლისი და სოფელი თხინვალაც. ამ მიწების დიდი ნაწილი სასოფლო-სამეურნეოდ აღარ გამოიყენება, ის დანაწევრდა და ახლა კერძო საკუთრებაშია, უსისტემოდ გაშენებული.
https://publika.ge/article/visia-lisi/ეს ჯერ დასაწყისია მგონი, მანდ ისეთები შეიძლება მოხდეს.