აშშ-ს საელჩო - 6 მოსამართლის დანიშვნის გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია - სამწუხაროა, რომ ვერ შესრულდა მმართველი პარტიის მიერ აღებული 19 აპრილის შეთანხმების კეთილსინდისიერად შესრულების ვალდებულება
საქართველოში აშშ-ის საელჩო შეშფოთებას გამოთქვამს უზენაეს სასამართლოში ექვსი მოსამართლის დანიშვნის გამო. როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილება წარმოადგენს მნიშვნელოვან დაკარგულ შესაძლებლობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის გაძლიერებისა და დემოკრატიული განვითარების კუთხით.
„პარლამენტის 12 ივლისის გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში ექვსი მოსამართლის დანიშვნასთან დაკავშირებით, მიუხედავად საქართველოს პოლიტიკურ ლიდერთა 19 აპრილის მკაფიო შეთანხმებისა, „თავი შეიკავონ უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით მოსამართლეთა დანიშვნისგან“ უაღრესად გულდასაწყვეტია. სამწუხაროა, რომ ამ წარდგენისა და დანიშვნის პროცესით და ინკლუზიური და ფართო სასამართლო რეფორმის განუხორციელებლობით, ვერ შესრულდა საქართველოს ლიდერების, მათ შორის, მმართველი პარტიის მიერ აღებული 19 აპრილის შეთანხმების კეთილსინდისიერად შესრულების ვალდებულება.
პარტიები შეთანხმდნენ ამბიციური სასამართლო რეფორმის განხორციელებაზე ფართო და გამჭვირვალე პროცესის მეშვეობით, სამართლის ექსპერტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების მონაწილეობით. ცალმხრივი საკანონმდებლო ცვლილებები, მიღებული საერთაშორისო პარტნიორების რჩევის საწინააღმდეგოდ, იმ დროს, როდესაც ჯერ კიდევ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა 19 აპრილის შეთანხმებაზე, არ შეესაბამება ამ შეთანხმების შინაარსსა და სულისკვეთებას. განსაკუთრებით, საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში აპრილის დასაწყისში შესული ცვლილები, რომელმაც სრულად ვერ ასახა ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, მათ შორის, მთავარი რეკომენდაცია მოსამართლეთა დანიშვნების გადავადებასთან დაკავშირებით.
ფართო და ყოვლისმომცველი სასამართლო რეფორმის განხორციელებამდე დანიშვნის არ შეჩერებას რეალური შედეგები აქვს. სამართლის ექსპერტებმა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ პარლამენტის ხარვეზიანმა პროცესმა ვერ უზრუნველყო ყველაზე კვალიფიციური კანდიდატების დაწინაურება, შედეგად კი, ნაკლებად კვალიფიციური კანდიდატები უვადოდ გამწესდნენ სასამართლოში.
როგორც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) 9 ივლისის ანგარიშშია აღნიშნული „კანდიდატების წარდგენა განხორციელდა გარემოში, სადაც სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის მიმართ საზოგადოების ნდობა მწირია” და „იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განხორციელებული შერჩევის, მოკვლევისა და ინტერვიუების პროცესი ვერ პასუხობდა საერთაშორისო სტანდარტებს“. აღნიშნული კონტექსტის გათვალისწინებით, აუცილებელი იყო, პარლამენტს შეეჩერებინა დანიშვნის პროცესი ინკლუზიური, ყოვლისმომცველი რეფორმის განხორციელების მიზნით, რომელშიც ასახული იქნებოდა სამართლის ექსპერტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის მოსაზრებები. პარლამენტს ჰქონდა ამგვარი მოქმედების უფლებამოსილება და დანიშვნების შეჩერება არ გამოიწვევდა სასამართლო სისტემის ზედმეტ გადატვირთვას. შესაბამისად, ამგვარად არ მოქცევის გადაწყვეტილება ძალიან შემაშფოთებელია და წარმოადგენს მნიშვნელოვან დაკარგულ შესაძლებლობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის გაძლიერებისა და დემოკრატიული განვითარების კუთხით.
შეერთებული შტატები მზადაა გააგრძელოს პარლამენტისა და ქართველის ხალხის მხარდაჭერა საქართველოში სასამართლო სისტემისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის დამაჯერებელ ძალისხმევაში”,-აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.
________________________________________________________________________
ევროკავშირის ქვეყნების ელჩები - ევროკავშირის დროშაზე ორჯერ თავდასხმა საქართველოს დემოკრატიულ და პროევროპულ მისწრაფებებზე პირდაპირი შეტევაც არის
5-6 ივლისს, საქართველოს პარლამენტის წინ აღმართული ევროპის საბჭოს/ ევროკავშირის დროშის შებღალვას საგანგაშოდ მივიჩნევთ, - ამის შესახებ საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის ქვეყნების მისიების ხელმძღვანელების მიერ გავრცელებულ წერილშია აღნიშნული, რომლითაც ისინი „პრაიდის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებსა და შემდგომ რეაგირებასთან დაკავშირებით პრემიერს და მთავრობის წევრებს მიმართავენ.
ელჩების განცხადებით, დროშაზე ორჯერ თავდასხმა საქართველოს დემოკრატიულ და პროევროპულ მისწრაფებებზე პირდაპირი შეტევაც არის.
„საქართველოს პარლამენტის წინ აღმართული ევროპის საბჭოს/ ევროკავშირის დროშის შებღალვას საგანგაშოდ მივიჩნევთ. ეს დროშა განასახიერებს იმ ფუნდამენტურ ფასეულობებს, რომლებსაც ევროკავშირი და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები ეფუძნება. დროშაზე ორჯერ თავდასხმა საქართველოს დემოკრატიულ და პროევროპულ მისწრაფებებზე პირდაპირი შეტევაც არის,“- ნათქვამია წერილში.
https://www.interpressnews.ge/ka/article/66...i-shetevac-aris * * *
ევროკავშირის საელჩოები მთავრობას: ბოლოდროინდელი მოვლენები „ჩრდილს აყენებს ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებს“
საქართველოში ევროკავშირის დელეგაციამ და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების 24-მა საელჩომ დღეს საქართველოს მთავრობას მკაცრი წერილი გაუგზავნეს, რომელშიც შეშფოთებას გამოხატავენ „ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებმაც ჩრდილი მიაყენა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებსა და საქართველოს, როგორც ადამიანის ძირითადი უფლებების დამცველი ქვეყნის იმიჯს“.
წერილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის სახელზე დაიწერა, თუმცა ხელმომწერებმა განაცხადეს, რომ „ვაღიარებთ რა საქართველოს მთავრობის უფრო ფართო პასუხისმგებლობას, ამ წერილის ასლებს პრემიერ–მინისტრსა და იუსტიციისა და საგარეო საქმეთა მინისტრებსაც ვუგზავნით“.
დიპლომატიურმა მისიებმა განაცხადეს, რომ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ძირითადი, საყოველთაო უფლებებია და მათ საქართველოს კონსტიტუცია უზრუნველყოფს. „მიუხედავად ამისა, 5 ივლისს, ლგბტქი+ თბილისი პრაიდის მონაწილეებმა ვერ შეძლეს ამ უფლებებით სარგებლობა, რადგან მათი უსაფრთხოებისთვის გარდაუვალი რისკი შეიქმნა“, – ნათქვამია წერილში.
წერილის თანახმად, კონტრაქციის მონაწილეებმა 5 ივლისს განახორციელეს ორგანიზებული ძალადობა, რომლის სამიზნე სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები იყვნენ. „ორივე ჯგუფის წარმომადგენლების უსაფრთხოების ფიზიკური ხელყოფა საგანგაშო იყო. ამ კონტექსტში შეგახსენებთ, რომ ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, უსაფრთხოდ და უვნებლად შეასრულონ თავიანთი სამუშაო… მწუხარებას გამოვთქვამთ ტელეოპერატორის ლექსო ლაშქარავას ტრაგიკული დაღუპვის გამო და დაველოდებით გარდაცვალების მიზეზების დამდგენი გამოძიების შედეგებს“, – ნათქვამია წერილში.
წერილში ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირი და საქართველო იზიარებენ და ერთგულნი არიან პრინციპისა, რომ ადამიანის უფლებები საყოველთაო და განუყოფელია და რომ ეს საზიარო ღირებულებები გაცხადებულია ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმებაში და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში.
„ამ ღირებულებების წინააღმდეგ მიმართული აქტიური რიტორიკა ეროვნულ უსაფრთხოებასაც უქმნის საფრთხეს და ზრდის დაუცველობას ქართული დემოკრატიისა, რომელიც უკვე დგას დეზინფორმაციით გამოწვეული მნიშვნელოვანი რისკების პირისპირ“, – ნათქვამია წერილში, რომლის ხელმომწერებიც მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას „დაუყოვნებლივ გადადგათ შემდგომი ნაბიჯები და მიიღოთ შესაბამისი პოლიტიკური და სამართლებრივი ზომები“. „ყველა ძალადობრივი ინციდენტი და დანაშაულებრივი ქმედება ეფექტიანად და სწრაფად უნდა იყოს გამოძიებული და სათანადოდ დასჯილი, კანონის სრული სიმკაცრით“, – აცხადებენ ისინი.
საელჩოებმა ასევე აღნიშნეს, რომ „საქართველოს პარლამენტის წინ აღმართული ევროპის საბჭოს/ევროკავშირის დროშის შებღალვას საგანგაშოდ მივიჩნევთ“. „ეს დროშა განასახიერებს იმ ფუნდამენტურ ფასეულობებს, რომლებსაც ევროკავშირი და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები ეფუძნება“, – ნათქვამია წერილში. „დროშაზე ორჯერ თავდასხმა საქართველოს დემოკრატიულ და პროევროპულ მისწრაფებებზე პირდაპირი შეტევაც არის“.
https://civil.ge/ka/archives/432477