დიდგორის 900 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სამხედროები პრემიერის ინიციატივით შექმნილი სპეციალური მედლით დაჯილდოვდებიან. დიდგორობის დღესასწაულს სატელევიზიო პროექტის სახე ექნება და 20:00 საათზე პირდაპირ ეთერში გადაიცემა.
„წელს, დიდგორობის დღესასწაული იქნება განსხვავებული და განსაკუთრებული, პირველი რიგში, თარიღიდან - 900 წლის იუბილიდან გამომდინარე. ეს იქნება არაჩვეულებრივი სატელევიზიო პროექტი, რომლითაც, დარწმუნებული ვარ, მაყურებელი დიდ სიამოვნებას მიიღებს. ღონისძიების რეჟისორია ბასა ფოცხიშვილი, რომელმაც სპეციალურად დიდგორობისთვის, შექმნა როგორც ახალი მუსიკალური, ასევე ძალიან საინტერესო ქორეოგრაფიული ნომრები. დიდგორი თავისთავად არის ერთიანობის სიმბოლო და ღონისძიების კონცეფციაც არის გამარჯვება, ის ერთიანობა და ერთიანი საქართველო, რომელიც ჩვენთვის იმ დროის დანატოვარია“, - განაცხადა თათა სვანიძემ.
პროექტის დამდგმელი მხატვარია თამარ ფოცხიშვილი.