მამუკა მდინარაძე - დღეს შედგა კალაძის და გახარიას შეხვედრა - პირდაპირ გეტყვით, რომ კალაძის ერთი გაღიმება უნდოდა იმას, რომ გახარიას დღეს კანდიდატურა არ დაეყენებინა
დღეს შედგა შეხვედრა. პირდაპირ გეტყვით, რომ კახა კალაძის ერთი გაღიმება უნდოდა იმას, რომ გახარიას დღეს კანდიდატურა არ დაეყენებინა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.მისი თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ და ახლა უკვე, თბილისის მერობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ „ქართულ ოცნებას“ ერთგვარი ფინანსური გარიგება შესთავაზა იმის სანაცვლოდ, რომ როგორც მდინარაძემ აღნიშნა, გახარიას მერის პოსტზე მისი კანდიდატურა არ დაეყენებინა.
„დღეს შედგა შეხვედრა. პირდაპირ გეტყვით, რომ კახა კალაძის ერთი გაღიმება უნდოდა იმას, რომ გახარიას დღეს კანდიდატურა არ დაეყენებინა და მისი კანდიდატურა არ ყოფილიყო მერობისთვის ბრძოლაში ჩართული. როცა ჩვენ გვაქვს ისტორია, რომ მელიასთვის გადადგა გახარია და როცა დღეს უკვე, რამდენიმე წუთის წინ ვიგებთ, რომ მელიას მეორე ტურში გადასაყვანად იბრძოლებს ეს ადამიანი, სხვანაირი შეფასება წარმოუდგენელია, - ჩვენთვის სულ ერთია ეს დააყენებს თუ არა კანდიდატურას. ჩვენ მასთან არანაირ გარიგებაში, მისი მცდელობის მიუხედავად, არ შევალთ იმიტომ, რომ საკუთარი გუნდის მოღალატეებთან არაფერზე არ შეიძლება საუბარი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
კახა კალაძე - გახარიასთან შეხვედრა თბილისის მერიაში შედგა, უბრალოდ მითხრა, რომ აპირებდა თავისი კანდიდატურის დაყენებას და ეს რომ არ გამეგო ტელევიზიიდან
დედაქალაქის მერი კახა კალაძე ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს, მერობის კანდიდატ გიორგი გახარიას შეხვდა.
კახა კალაძის თქმით, შეხვედრა თბილისის მერიაში შედგა.
„შეხვედრა იყო, რამდენიმეჯერ იყო ზარი ჩემს ტელეფონზე და მოითხოვა შეხვედრა ნებისმიერ ადგილზე სადაც ვეტყოდი, თბილისის მერიაში მოხდა შეხვედრა, თუმცა არაფერი ისეთი, უბრალოდ მითხრა, რომ აპირებდა თავისი კანდიდატურის დაყენებას და ეს რომ არ გამეგო ტელევიზიიდან“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ირაკლი კობახიძე - იყო პირდაპირი მინიშნებები იმასთან დაკავშირებით, თუ იქნებოდა ჩვენი მხრიდან რაღაც ფინანსური მხარდაჭერა, ამ შემთხვევაში გახარია თავის კანდიდატურას მერის პოსტზე არ დააყენებდა, რაზეც შესაბამისი პასუხის მიიღეს
იყო კომუნიკაციის მცდელობა შუამავლის მეშვეობით, ფინანსურ თემაზე, იყო პირდაპირი მინიშნებები იმასთან დაკავშირებით, თუ იქნებოდა ჩვენი მხრიდან რაღაც ფინანსური მხარდაჭერა, ამ შემთხვევაში გახარია თავის კანდიდატურას მერის პოსტზე არ დააყენებდა, რაზეც შესაბამისი პასუხის მიიღეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, გიორგი გახარია არის „ნიკანორ მელიასთვის გადამგდარი ყოფილი პრემიერი“ და მასთან დაკავშირებით რაიმე სერიოზული შეფასების გაკეთებას არ აპირებს.
„მე სერიოზულ კომენტარს ამაზე არ გავაკეთებდი, ეს არის ნიკანორ მელიასთვის გადამდგარი ყოფილი პრემიერი, რომელიც ახლა დააყენეს მერობის კანდიდატად იმისთვის, რომ რამენაირად მელია გაათრიონ მეორე ტურში, თუმცა, ეს ბუნებრივი მათ არ გამოუვათ. კახა კალაძე პირველივე ტურში მოიგებს ამ არჩევნებს. მას აქვს კონკრეტული დავალება, თუმცა ეს დავალება შესრულებადი არ არის. იყო კომუნიკაციის მცდელობა შუამავლის მეშვეობით ფინანსურ თემაზე, იყო პირდაპირი მინიშნებები იმასთან დაკავშირებით, თუ იქნებოდა ჩვენი მხრიდან რაღაც ფინანსური მხარდაჭერა, ამ შემთხვევაში გახარია თავის კანდიდატურას მერის პოსტზე არ დააყენებდა, რაზეც შესაბამისი პასუხის მიიღეს. დღეს შედგა ასეთი შეხვედრა კახა კალაძეს და გახარიას შორის. საუბრის ერთადერთი თემა იყო ის, რომ გახარია მისი თქმით, აპირებდა კანდიდატურის დაყენებას და არ უნდოდა, რომ კახა კალაძეს გაეგო ტელევიზიის მეშვეობით, რაზე კახა კალაძემ უპასუხა, რომ მისთვის ეს არ იყო საინტერესო და ის ყველა შემთხვევაში მოიგებდა არჩევნებს პირველ ტურში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.