Mako Subladze
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 8769
წევრი No.: 12655
რეგისტრ.: 8-September 05
|
#58352001 · 11 Sep 2021, 18:59 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბიჭებო და გოგონებო, ცოტა გაერთეთ, მოდით, წაიკითხეთ:
ესპანურიდან თარგმნა ზაზა გაბუნიამ.
''აურა'' Carlos Fuentes თარგმანს მის მოუდს ვუძღვნი
კითხულობთ განცხადებას, შემოთავაზებას, რომლის მსგავსს ყოველდღე ვერ შეხვდებით. კვლავ და კვლავ კითხულობთ და გეჩვენებათ, რომ განცხადების შინაარსი მხოლოდ თქვენთვისაა, რომ ის თქვენს გარდა სხვას არავის შეიძლება ეხებოდეს. ტექსტის შინაარსით მონუსხულს სიგარეტის ფერფლი ყავის იმ ჭიქაში გივარდებათ, რომელსაც ამ ბინძურ და იაფფასიან კაფეტერიაში სვამთ. კითხვას აგრძელებთ. განცხადების მიხედვით ითხოვენ ახალგაზრდა ისტორიკოსს, ორგანიზებულს, სკრუპულოზურს, ფრანგული ენის სრულყოფილად მცოდნეს, ადამიანს, რომელსაც მდივნის მოვალეობების შესრულება შეუძლია. მაშ ასე: ახალგაზრდა, ფრანგულის მცოდნე, სასურველია, გარკვეული პერიოდით საფრანგეთში ცხოვრების გამოცდილების მქონე. ანაზღაურება თვეში სამიათასი პესო, საჭმელი, მზიანი და კეთილმოწყობილი საძინებელი და სათანადო კაბინეტი. განცხადებას მხოლოდ მისი სახელიღა აკლია. აკლია მხოლოდ ორიოდ შავი, მკაფიო ასო-ბგერით გამოხატული სიტყვა - ფელიპე მონტერო. ითხოვენ ფელიპე მონტეროს, სორბონას ყოფილ სტაჟიორს, უსარგებლო ინფორმაციით დატვირთულ ისტორიკოსს, გაყვითლებული ფურცლების ქექვას ნაჩვევ, კერძო სკოლის მასწავლებლის დამხმარეს, რომელსაც თვეში ცხრაას პესოს უხდიან. მაგრამ თუ ამას წაიკითხავთ, არც დაიჯერებთ, რადგან დაეჭვდებით, რომ გეხუმრებიან. Donceles 815. მობრძანდით პირადად. ტელეფონი არ არის. ოფიციანტს გასამრჯელოს უტოვებთ, იღებთ პორტფელს და ფიქრობთ, რომ შესაძლოა სხვა ახალგაზრდა ისტორიკოსი, რომელიც თქვენსავით აკმაყოფილებს დამკვეთის მოთხოვნებს, უკვე წაიკითხავდა ამ განცხადებას, დაწინაურდებოდა და ვაკანსიასაც მოიპოვებდა. მერე ქუჩის კუთხეში მიმავალი ამის დავიწყებას ცდილობთ. ელოდებით ავტობუსს, უკიდებთ სიგარეტს და მდუმარედ იმეორებთ თარიღებს, რომელთაც იმისთვის იმახსოვრებთ, რომ მოსწავლეთა შორის პატივისცემა მოიპოვოთ. ავტობუსი გიახლოვდებათ, უნდა მოემზადოთ. საკუთარი შავი ფეხსაცმელების წვერებს აკვირდებით. ხელს ჯიბეში იყოფთ და სპილენძის მონეტებით თამაშობთ. ბოლოს ოცდაათ სენტავოს ირჩევთ, მუშტს უჭერთ, ხელს შლით რომ მოძრავ ავტობუსს - რომელიც გაჩერებას არ აპირებს - შეახტეთ. წვალებით ადიხართ, ოცდაათ სენტავოს იხდით, მჭიდროდ მდგარ მგზავრებს შორის ძლივსძლივობით თავსდებით, მარჯვენა ხელით მოაჯირს ეყრდნობით, პორტფელს იღლიაში იჩრით და ხელი შარვლის უკანა ჯიბესთან მიგაქვთ, იქ სადაც ბილეთები გაქვთ შენახული. ამ დღეს სხვა დღეთა მსგავსად გაატარებთ და ხვალ განცხადება აღარც გაგახსენდებათ. მაგრამ, არ გახსოვთ იქამდე, სანამ კვლავ ჩამოჯდებით კაფეტერიის მაგიდასთან საუზმის შესაკვეთად. სანამ გადაშლით გაზეთს და როცა განცხადებების გვერდთან მიხვალთ, გუშინ წაკითხულ სიტყვებს კვლავ შეხვდებით, ისევ იქ იქნებიან ის ასო-ბგერები: ახალგაზრდა ისტორიკოსი. კითხულობთ ამ განცხადებას და ახლა ტექსტის ბოლო ხაზი იპყრობს თქვენს ყურადღებას, სადაც წერია: ოთხი ათასი პესო. მერე იმას უფიქრდებით რომ დონჩელეს ქუჩაზე არ შეიძლება ვინმე ცხოვრობდეს. ყოველთვის ასე მიგაჩნდათ, რომ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში არავინ ცხოვრობდა. მიდიხართ ნელი სვლით და ამ ძველი, კოლონიალური პერიოდის სასახლეების კონგლომერატში ცდილობთ გამოარჩიოთ ციფრი - 815. სასახლეების, რომლებიც ახლა სახელოსნოებად, საათების და ფეხსაცმელების მაღაზიებადაა გადაქცეული. ნომრები შეცვლილი, გადახაზული, გადაღებილი და არეულია. 13-ის შემდეგ 200 წერია. ძველი, ლურჯად დანომრილი დაფა რომელსაც 47 ეწერა, გადახაზულია და ცარცით აწერია: „ახლა 924”. შენობას მზერას მეორე სართულისკენ აყოლებთ. იქ არაფერია შეცვლილი. მუსიკალური ვერცხლისწყლის ნათურები არ ანათებს და იაფფასიანი ფიგურები არ ამშვენებს შენობის მეორე სართულს. ტეზონტლის ქვის ერთიანობა, წმინდანთა ნიშები მტრედების გამოსახულებებით დაგვირგვინებული, მექსიკური ბაროკოს მოჩუქურთმებული ქვა, გისოსებში ჩასმული აივნები, დანალექი ქანების გარგოლიები, გრძელი მომწვანო ფარდებით ჩამუქებული ფანჯრებია: ფანჯარა, რომლისგანაც ვიღაც უკან იხევს, როცა თქვენ მას შენიშნავთ. უყურებთ საკუთარ თავში ჩაწნული ვაზის ორნამენტს, ქვემოთ კი ხედავთ შეუღებავ დერეფანს და აი ისიც - 815, მერე კი 69. ტყუილად ამოძრავებთ ამ სახელურს, სპილენძში ჩასმულ ამ ძაღლის თავს, გაცვეთილს, გლუვს და ურელიეფოს, ისე როგორც ძაღლის სხეულს ბუნებისმცოდნეობის მუზეუმებში. კარი ემორჩილება თქვენი თითების მსუბუქ შეხებას და სანამ შეხვალთ თქვენი მხრის გავლით უკანასკნელად იყურებით უკან, წარბებს კრავთ, რადგან სატვირთოების და მსუბუქი მანქანების გრძელი, ერთ ადგილს მიჯაჭვული რიგის ხრინწიანი ხმა და გამაყრუებელი სტვენა გესმით, მოუთმენლობის გიჟურ კვამლს აფრქვევენ და ამაოდ ცდილობთ თვენს ცნობიერში ერთიანი სახე შეუნარჩუნოთ ერთიანობის არმქონე სამყაროს. ზურგსუკან დარბაზის კარს ხურავთ და ცდილობთ თაღოვანი დერეფნის წყვდიადში შეაღწიოთ. პატიოს გადიხართ - იგრძნობა ობის, ნესტიანი მცენარეების და დამპალი ფესვების სუნი. სინათლეს ამაოდ ეძებთ. ჩანთის ჯიბეში ასანთის ძებნას იწყებთ, თუმცა მაშინვე მაღალი, გაბზარული ხმა შორიდან მოგიწოდებთ: - არა... არ არის საჭირო. გევედრებით. ცამეტი ნაბიჯი გამოიარეთ და თქვენგან მარჯვნივ კიბეს იპოვით. ამოდით გთხოვთ, იქ ოცდაორი ნაბიჯია. დაითვალეთ. ნაბიჯების გადადგმისას ნესტის და დამპალი მცენარეების სუნი თან გსდევთ, ჯერ ქვის ფილებზე, მერე ნესტისგან დაშლილ და გამომშრალ ხეზე. თქვენ დაბალ ხმაზე ითვლით ოცდაორამდე, მერე ჩრდებით, ხელში ასანთის კოლოფი გიჭირავთ, პორტფელი ნეკნებზე გაქვთ მიკრული. აკაკუნებთ კარზე, რომელსაც ძველი, სველი ფიჭვის სუნი აქვს. სახელურს ეძებთ. ბოლოს ხელს კრავთ და ფეხქვეშ ხალიჩას გრძნობთ. ეს არის თხელი, ცუდად გაშლილი ხალიჩა, რომელზეც წაიბორძიკებთ და თქვენ ახალ სინათლეს ხედავთ, ნაცრისფერს, რომელიც უცნაურ ფორმებს წარმოშობს. - სენიორა - ერთფეროვანი ხმით ამბობთ, რადგან ფიქრობთ რომ უკვე კარგად დაიმახსოვრეთ იმ ქალის ხმა - სენიორა. - ახლა კი უკვე თქვენგან მარცხნივ. პირველი კარია, გეთაყვა.
..............................................
- მე თქვენ გითხარით, რომ ის დაბრუნდებოდა. - ვინ? - აურა, ჩემი დისშვილი და კომპანიონი. - საღამო მშვიდობის. ახალგაზრდა ქალი თავს ხრის. მოხუციც იმეორებს ამავე ჟესტს. - ეს სენიორ მონტეროა. ჩვენთან იცხოვრებს. რამდენიმე ნაბიჯს დგამთ, რომ სანთლების შუქმა მზერა არ მოგჭრათ. გოგონას კი დახუჭუ-ლი აქვს თვალები, ხელები თეძოსთან გადაუჯვარედინებია. თქვენსკენ არ იყურება. მერე ნელ-ნელა ახელს თვალს, თითქოს მასაც ეშინია საძინებლის მკვეთრი სინათლის. და აი თქვენ შეგიძლიათ დაი-ნა¬ხოთ მისი ზღვასავით თვალები, რომელიც მიმოიქცევა, ქაფდება, მწვანე სიმშვიდეს უბრუნდება და მერე კვლავ ტალღასავით მღელვარებს. უყურებთ ამ სანახაობას და საკუთარ თავს ეუბნებით, რომ ეს ყველაფერი არ არის სიმართლე, რომ ეს ლამაზი მწვანე თვალები, მსგავსია სხვა მწვანე, ლამაზი თვალებისა, რომლებიც გინახავთ ან რომლებიც შეგეძლოთ რომ გეხილათ. თუმცა, თავს იტყუებთ, რადგან ეს თვალები მიმოიქცევა და გარდაიქმნება, იმისთვის რომ იმგვარი პეიზაჟი დაგიხატოთ, რომლის წარმოდგენა მხოლოდ თქვენ შეგეძლოთ. - დიახ, თქვენთან ვიცხოვრებ. მოხუცი იღიმის, არა, ამას ახლა უფრო სიცილი ჰქვია. ის გრძნობს თქვენს ინტერესს. ამბობს, რომ ახალგაზრდა გოგონა გაჩვენებთ თქვენს ოთახს. თქვენ კი ხელფასზე ფიქრობთ, ოთხი ათას პესოზე და სამსახურზე, რომელიც შეიძლება სასიამოვნოც კი გამოდგეს, რადგან მოგწონთ ასეთი სამუშაო, სადაც გულმოდგინე კვლევაა საჭირო, სამუშაო, რომელიც გამორიცხავს ფიზიკურ ძალისხმევას, ადგილიდან ადგილისკენ ხეტიალს და ადამიანებთან დამღლელ შეხვედრებს. ფიქრობთ ყველაფერ ამაზე და უკან მიჰყვებით ახალგაზრდა ქალს, მიჰყვებით არა მზერით, არამედ სმენით. ყურს უგდებთ იმ ხმას, რომელსაც ქალის აბრშუმის კაბა შრიალით გამოსცემს, მიჰყვებით სურვილით სავსე, რომ კიდევ ერთხელ მოგეცეთ შანსი მის თალებში ჩახედვისა. ირგვლივ გამეფებული სიბნელის შუაგულში, ამ ხმოვანების მიღმა ხართ. თითქოს სიბნელეს არ ეგუებით. ასე გახსოვთ, რომ დაახლოებით საღამოს ექვსი საათი უნდა იყოს და როცა აურა კარს შეაღებს გაკვირვებთ ის უხვი სინათლე, რომელიც თქვენი ოთახიდან გამოდის. კიდევ ერთი კარი, მერე განზე დგება და გეუბნებათ: - ეს თქვენი ოთახია. ერთ საათში სადილზე გელოდებით. აბრეშუმის კაბის შრიალის ხმით უკან ბრუნდება.
...................................................... აურამ ქვაბს თავი მოხადა. ხახვის სოუსში მოთუშული ხორცის მძაფრ სურნელს გრძნობთ. კერძს აურა გაწვდით, თქვენ კი ბოთლიდან ბროლის ჭიქებს სქელი, წითელი სითხით ავსებთ. ცნობიმოყვარეობის გამო ღვინის ეტიკეტზე დაწერილი ტექსტის წაკითხვას ცდილობთ, მაგრამ მასზე გაშლილი ძველი ლაქა ამაში ხელს გიშლით. აურა მეორე თეფშზე შემწვარ პომიდორებს გიწყობთ. - მაპატიეთ - ამბობთ თქვენ და ჭურჭლის ორ გამოუყენებლ კომპლექტს აკვირდებით - ველოდებით ვინმეს? აურა ცხელი პომიდორების თეფშზე დაწყობას განაგრძობს. - არა. სენიორა კონსუელო ამ ღამით თავს შეუძლოდ გრძნობს. არ შემოგვიერთდება. - სენიორა კონსუელო? დეიდათქვენი? - დიახ. და გთხოვათ, რომ ვახშმის შემდეგ ოთახში ეწვიოთ. მდუმარედ ვახშმობთ. სვამთ იმ განსაკუთრებულ, სქელ ღვინოს და მისკენ თვალს აპარებთ, შემდეგ კვლავ არიდებთ მზერას, აურა რომ არ გააკვირვოთ ამ თავხედური დაჟინებული მზერით, რომლის კონტროლი არ შეგიძლიათ. გსურთ გოგონას სახის ნაკვთები გონებაში ჩაიბეჭდოთ. ყოველ ჯერზე როცა მზერას მოაცილებთ, მაშინვე გიჩნდებათ სურვილი კვლავ შეხედოთ. ის კი როგორც ყოველთვის თვალებს ხრის. მერე სიგარეტის კოლოფს ჯიბეებში ეძებთ, გასაღებს პოულობთ და აურას ეუბნებით: - აჰ, ჩემი მაგიდის უჯრა ჩაკეტილია. დოკუმენტები კი სწორედ იქ მაქვს შენახული. მან კი თითქოს ამოიოხრა. - ასე რომ... გსურთ წახვიდეთ? .........................................................
This post has been edited by Mako Subladze on 11 Sep 2021, 21:28
--------------------
მომავალი ეკუთვნის მშვიდობიან კაცს.
|