ეხება რომელია

...
- ბატონო გიორგი, მას შემდეგ, რაც მოსკოვმა დასავლეთს პრაქტიკულად ულტიმატუმი წაუყენა, მოითხოვა რა რომ დასავლეთმა ხელი მოაწეროს შეთანხმებას, რომლითაც ნატო არ გაფართოვდება, კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა, რომ არა მარტო უკრაინაა საფრთხეში, რომლის საზღვრებთან რუსული ჯარები დგას, არამედ საფრთხეშია საქართველოც.
დამკვირვებელთა უმრავლესობა თანხმდება, რომ პრეზიდენტი პუტინი დასავლეთს აშანტაჟებს და ცდილობს ევროკავშირსა და ატლანტიკურ ალიანსს უარი ათქმევინოს პოსტსაბჭოთა სივრცეზე უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ.
რუსული ულტიმატუმის პუნქტებს თუ გადავავლებთ თვალს, სულ უფრო ცხადი ხდება, რომ კრემლი არა თუ არ იმჩნევს „ცივი ომის“ შედეგებს, შეტევაზეა გადასული. მეტიც, ერთი შეხედვით უკან დასახევ სივრცესაც არ იტოვებს ვითარებაში, როცა რუსეთის წილი მსოფლიო ეკონომიკაში 2%-იც არაა, ხოლო მისი ოპონენტების აშშ-ს, ჩინეთისა და ერთიანი ევროპის ერთად 75%.
უკრაინაში ვითარების გამწვავების შემთხვევაში რომ არც აშშ და არც ევროკავშირი საომარ მოქმედებებში არ ჩაერთვებიან, ცხადია, მაგრამ საგულისხმო ფაქტია ისიც, რომ 2022 წლის აშშ ბიუჯეტში თავდაცვის სფეროსთვის 777 მილიარდი აშშ დოლარი ჩაიდო, მაშინ როცა რუსეთის მთელი ბიუჯეტი 550 მილიარდს არ აღემატება.
მიუხედავად ამისა რეალობა ასეთია - მოსკოვი ახერხებს ევროპა გაზის კრიზისითა და უკრაინაში ომის დაწყებით აშანტაჟოს. მოსკოვის ულტიმატუმზე დასავლეთის რეაქციები ვნახეთ, მაგრამ ვიდრე ამ თემებზე ვისაუბრებდეთ, ვხედავთ, რომ პუტინის შეჩერებას დასავლეთი ვერ ახერხებს.
სავარაუდოდ, რაა მიზეზი იმისა, რომ დასავლეთი ვერ ახერხებს პუტინის შეჩერებას და ახლა კრემლი მთელ დასავლურ სამყაროს ულტიმატუმის ენით ესაუბრება?- ამ შეკითხვაზე ნაწილობრივი პასუხი ჩვენს ბოლო ინტერვიუში იყო, სადაც მე ავღანეთიდან აშშ-ს გამოსვლის ირგვლივ მომხდარი მოვლენები შევაფასე როგორც დასავლეთის უკუსვლის გაგრძელება, სადაც იგი გავლენის სფეროებით გასული და მიმდინარე საუკუნეების მიჯნაზე არსებულ რეალობას დაუბრუნდა.
ვლადიმერ პუტინის მიერ თქვენს მიერ ნახსენები შეთავაზებაც სწორედ ამ ისტორიული პერიოდის დროს არსებული რეალობის ახალი შეთანხმებით დაკანონებას ითხოვს. საუბარია პირდაპირ 90-იანი წლების მიწურულის რეალობის დაბრუნებაზე აღმოსავლეთ ევროპაში. ამის მიზეზი ლიბერალურ წესრიგზე დამყარებული დასავლური დემოკრატიის გლობალური დასუსტება და უკუსვლაა ავტორიტარული რეჟიმების ზეწოლის ფონზე. ამ დიდი ტენდენციის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ბოლო წლებში სწორედ რუსეთის ფედერაცია და მისი აგრესიული საგარეო-პოლიტიკური დღის წესრიგია.
მოგეხსენებათ, როგორც ბუნება, ისე გეოპოლიტიკური სივრცე ვერ იტანს სიცარიელეს და ძალაუფლების ვაკუუმი აუცილებლად ივსება სხვა უფრო აქტიური მოთამაშეების მიერ და ეს ხდებოდა ბოლო წლების განმავლობაში ჩვენს მომიჯნავე გეოპოლიტიკურ სივრცეებში.
სწორედ ამიტომ, შეიძლება თავდაცვის ბიუჯეტი და სხვა ეკონომიკური მაჩვენებლები გაცილებით აღემატებოდეს მოწინააღმდეგისას, მაგრამ არ არსებობდეს მკაფიო, კონსოლიდირებული ნება ამ უპირატესობების გამოყენებისა, რასაც ბოლო ათწლეულია დასავლეთის რეაქციებში რუსეთის მოქმედებებზე ხშირად ვხედავთ.
მოსკოვიც თავის მხრივ, სხვადასხვა გზით აქტიურად ცდილობს აღნიშნული ტენდენციის ხელშეწყობას. სწორედ ამ ყველაფრის ფონზე ბედავს მოსკოვი დღეს ულტიმატუმების ენაზე ესაუბროს მთლიანად ევრო-ატლანტიკურ სივრცეს.
რომ შევაჯამოთ, ეს შედეგი მეტწილად რუსეთთან მიმართებით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში დასავლეთის მხრიდან გამოჩენილი ინერტულობის შედეგია. სამწუხაროდ ვერ მოხერხდა რუსული სტრატეგიული კულტურისა და ისტორიული გამოცდილების სათანადო გააზრება.
- მოსკოვის ულტიმატუმზე დასავლეთის რეაქციები ვნახეთ. რჩება შთაბეჭდილება რომ კოლექტიური დასავლეთი ცდილობს დიალოგში შევიდეს რუსეთთან და კიდევ საკითხავია, ეს დიალოგი რა შედეგით დასრულდება.
უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტ ბაიდენის მრჩევლის სალივანის განცხადებით თუ ვიმსჯელებთ კიევსა და თბილისს კარგის მოლოდინი ნაკლებად უნდა ჰქონდეთ.
გასაგებია, რომ სალივანი დემოკრატიული პარტიაში გავლენიან კერისთან ერთად რუსეთის ლობისტებად მიიჩნევიან და სენატსა და კონგრესში „რესპუბლიკური“ პარტიის უმრავლესობა მათ პოზიციებს არ იზიარებენ, მაგრამ, ფაქტია, რომ მათი აქტიურობა საშუალებას აძლევს პრეზიდენტ პუტინს ისეთი ნაბიჯები გადადგას, როგორსაც დგამს.
პრეზიდენტ ბაიდენის კრიტიკოსები გამოთქვამენ იმედს, რომ იგი არ აღმოჩნდება ჩემბერლენი, რომელიც 1938 წელს ცდილობდა ჰიტლერის დაშოშმინებას, მაგრამ ამაოდ.
რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ პრეზიდენტი ბაიდენი ბრიტანეთის პრემიერ ჩემბერლენივით ისტორიულ შეცდომას არ დაუშვებს და ოცდამეერთე საუკუნეში, ამჯერად რუსეთთან „მიუნხენი-2“-ის მსგავს შეთანხმებას არ მოეწერება ხელი?- თუკი რამეს გვასწავლის ისტორია, პირველ რიგში იმას, რომ- არასოდეს არ თქვა არასოდეს. თუმცა, ძნელი წარმოსადგენია ამდაგვარ დათმობებზე დასავლეთის წასვლა, პირველ რიგში კი ვაშინგტონის, ვინაიდან ამგვარი შეთანხმების გაფორმება საბოლოოდ ნიშნავს ლიბერალურ საერთაშორისო წესრიგზე და ღირებულებებზე დაფუძნებული დემოკრატიული დღის წესრიგის დასასრულს.
ეს ნიშნავს მსოფლიო გადანაწილებაზე ხელმოწერას კლასიკური რეალიზმის ყველაზე ცუდი გამოვლინებებით, სადაც სუვერენული და მცირე სახელმწიფოების უფლება თავად აირჩიონ ალიანსები აბსოლუტურად ნიველირებულია და უგულებელყოფილია დიდი მოთამაშეების მხრიდან.
თუ ისტორიულ პარალელებს გავავლებთ, 1938 წელს ყველანაირი ბერკეტი და სამხედრო რესურსი არსებობდა იმისა, რომ არ მომხდარიყო ის რაც მერე მოხდა. სწორედ ნების არ არსებობა და არსებული რესურსების არა ეფექტური გამოყენება გახდა იმ სამხედრო-პოლიტიკური კატასტროფის მიზეზი რაც ინგლისმა და საფრანგეთმა გერმანიის წინაშე განიცადეს.
არ შეიძლება დღეს იმავეს დაშვება, მითუმეტეს აშშ-ს გარეშე წარმოუდგენელია არსებული სამხედრო რესურსებით დღეს ცალკე აღებულმა ევროპამ რაიმე სერიოზული ჩართულობა მოახერხოს უკრაინის კონფლიქტის ფართომასშტაბიან ომად გადაქცევის შემთხვევაში.
თანაც მკაფიოდ ითქვა, რომ ვაშინგტონი არ აპირებს სამხედრო ძალების დამატებით გაგზავნას პოტენციური ომის თეატრში. ამიტომ ვაშინგტონს, ლონდონსა და ბრიუსელს პირველ რიგში კონკრეტული ნაბიჯებით გამყარებული მტკიცე ნების გამოხატვა მართებთ რუსეთის მუქარის მიმართ. მათი მხრიდან სწრაფი სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია.
...
- როგორი შეიძლება იყოს რუსეთის რეაგირება დასავლეთის მხრიდან შეთანხმებაზე უარის შემთხვევაში?- დღეს ამის ზუსტი პროგნოზირება საკმაოდ რთულია, თუმცა ცხადია რომ ბოლო პერიოდში მოსკოვის აქტივობები უკრაინის საზღვართან მუქარის ხასიათს ატარებდა საგარეო პოლიტიკურ ავანსცენაზე შესაბამისი ვაჭრობისათვის სასურველი დუღილის ტემპერატურის მისაღწევად. ამაზე მეც არა ერთხელ დავწერე.
დასავლეთის მხრიდან მტკიცე უარის მიღების შემთხვევაში მოსკოვისათვის რეაგირება უკვე მისთვის ასე „საყვარელი“ და სენსიტიური - პრესტიჟის საკითხი იქნება. ამ რეაგირების შინაარსი კი შეიძლება როგორც ფართომასშტაბიანი ომის დაწყება გახდეს უკრაინის წინააღმდეგ, ასევე უფრო ლოკალური სამხედრო-პოლიტიკური კრიზისების ახალი კერების გაჩენაც, მათ შორის უკრაინაშიც. ასევე ყურადღების სულ სხვა მხარეს, იგივე ამიერკავკასიაში გადმოტანა და აქ მოქმედება.
სიტუაცია ჯამში საკმაოდ სახიფათოა, პირველ რიგში ჩვენს მდგომარეობაში მყოფი სახელმწიფოებისათვის, რომლებიც მის პოტენციურ მოკავშირეებსა და პარტნიორებისგან მოშორებით, გეოგრაფიულ და ლოგისტიკურ პერიფერიაზე იმყოფება.
ასეთი სცენარში მოსკოვის მხრიდან ერთ-ერთი ნაბიჯი შეიძლება სწორედ 3+3 ფორმატში თბილისის იძულებით მონაწილეობის მცდელობაც გახდეს, რაც შემდგომ თანმდევ რისკებს გაუჩენს თბილისს. ვარიანტია ბევრია, შესაბამისი უწყებები ამის ანალიზს უნდა ეწეოდნენ და ემზადებოდნენ.
- თუ კოლექტიურმა დასავლეთმა კრემლის ულტიმატუმს არასაკმარისად მკაფიოდ და ეფექტურად ვერ უპასუხა, რუსეთმა რუსეთის საზღვრებიდან არ გაიყვანა თავისი ძალები და გააგრძელა ვაშინგტონისა და ბრიუსელი ომის დაწყებით შანტაჟი, აქტუალური თემა იქნება ასეთ ვითარებაში როგორი იქნება საქართველოს ქცევა....
- არასასურველი სცენარით მოვლენების განვითარება ზუსტად იმას გულისხმობს, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, ანუ მსოფლიო გადანაწილებაზე ხელის მოწერას და გავლენის ზონების დაბრუნებას ევროპაში. ამასთან ერთად გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება რა შინაარსის შეთანხმება მოხდება.
თუ შეთანხმების არსებულ შეთავაზებულ ტექსტს გავითვალისწინებთ, როგორც უკრაინის, ასევე ჩვენი ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის საკითხი მოიხსნება და რა ფორმას მიიღებს დასავლეთის მხრიდან ამის ჩვენთვის მოწოდება და ბუქარესტის სამიტის დანაპირების უკან წაღება ცალკე საკითხია კიდე.
დასავლეთის მხრიდან რუსეთის მიერ შეთავაზებული შეთანხმების მიღების შემთხვევაში ჩვენი ყველა სამხედრო-პოლიტიკური აქტივობა და პროგრამაც უნდა შეჩერდეს აშშ-სთან და ევროპასთან. ასეთ ვითარებაში, სიტუაცია ძალიან დაემსგავსება 1921 წლის მოცემულობას.
იმისთვის რომ ანალოგიური შედეგებით არ დავასრულოთ, საქართველოს ეროვნული ინტერესების რეალიზაციისთვის საჭირო იქნება მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკური ბალანსირება, რაც დღეს ქვეყანაში არსებული შიდა პოლიტიკური პოლარიზაციის პირობებში უკიდურესად რთულად რეალიზებადი იქნება. მითუმეტეს მსგავსი პოლიტიკა საკმაოდ განვითარებულ ეროვნული ძალაუფლების ინსტრუმენტებს მოითხოვს.
ამიტომ, ამ პოტენციური შედეგების გათვალისწინებით, დასავლეთის პასუხი დღეს რუსეთის ულტიმატუმზე უნდა იყოს მკაფიო და ქმედითი. წინააღმდეგ შემთხვევაში, საგარეო-პოლიტიკური ქარტეხილების წინააღმდეგ ჩვენ საკუთარი შესაძლებლობების ამარად დავრჩებით და როგორც სტრატეგიის ისტორიული ლოგიკა გვასწავლის, მოკავშირეების გარეშე წინააღმდეგობა ძალზედ რთული ამოცანაა.
რუსეთი უნდა დაინგრეს.