#კრიტიკა_ლიტმცოდნეობა
#ლედი_გოდივა
ნინო დარბაისელი სტრონი
ცისფერი ქოლგა ანუ სათაურის პოეტიკა პაოლო იაშვილის შემოქმედებაში
პაოლო იაშვილის ერთ-ერთი ბოლო ლექსი ‘’ელენე დარიანის დღიურებიდან ‘ ცისფერი ქოლგა“ 1922 წელს, ჟურნალ „მეოცნებე ნიამორების“ მეშვიდე ნომერში გამოქვეყნდა.
ც ი ს ფ ე რ ი ქ ო ლ გ ა
მე სოფლის ამბავს შენ მოგიყვები,
(შენ რომ ჰკოცნიდი ტუჩების კიდეს

ისე დაზდილან ჩვენი იხვები,
რომ პეპლაობა დაიწყეს კიდეც.
შემომეჩვიენ ჩუმი მტრედები.
თმას მიხილავენ ლურჯ ნისკარტებით,
ამ სიყვარულით ნაიმედები
თავს ვიმშვიდებდი სოველ ვარდებით.
ვკითხულობ ვაჟას. ვიძულებ პოეს,
ვნატრობ სუსხიან მწარე ამიდებს;
ზურგს ვუფხან დღისით პატარა ხბოებს
და საღამოზე ვიფერავ თითებს.
ვწოვ ყურძენს, როგორც მკივანა ბზიკი,
ტყეში ვნახულობ მე წითელ სოკოს;
ხან მღვრიე მაჭარს ვსვამ რგვალი ჭიქით,
ხან ვგავარ სოფლის მკერდ-სავსე გოგოს.
წვიმაში ვარჩევ სიმინდის ტაროს
და ლამაზ ტაროს ვაკოცებ უცებ,
მერე კი ვათევ ღამეს უმთვაროს
და ეჭვით სავსე გულს არ ვახუცებ.
1922. სექტემბერი
სოფ. ავლევი
ჟანრულად - ესეც პოეტური ეპისტოლეა. პაოლო იაშვილის იმთავითვე, განსაკუთრებული ყურადღება და მუშაობა ამ ჟანრის გასავითარებლად აღნიშნული აქვს არაერთ მკვლევარს, მათ შორის - ლევან ბრეგაძეს.
გარდა ამისა, შეიძლებოდა გვესაუბრა მოდერნისტულ ბუკოლიკურ ლირიკაზეც, ანუ მისი ჟანრობრივი „ფრეიმი“ ამ ორ პუნქტს შორის არის თითქოს საძიებელი. მე აქ გამოვიყენე სიტყვა „თითქოს“ და შევეცდები, მოგვიანებით განვმარტო მიზეზი.
პაოლო იაშვილს და ზოგადად ცისფერყანწერლებს, მისი თავკაცობით, სურდათ, ახალი პოეზია შეექმნათ ერთი მხრით ნააღმოსავლარი ეროვნული და მეორე მხრით, ევრო-ამერიკული ტრადიციების გადაკვეთის წერტილში. ამის შესახებ ჩვენ უკვე ვისაუბრეთ სხვა ოპუსებში, და სიტყვას აღარ გავაგრძელებ.
სატრფიალო ეპისტოლური ჟანრის საუკეთესო ნიმუში, და მე ვიტყოდი, მწვერვალი ქართული პოეზიისა ეს არის ,,ვეფხისტყაოსნიდან ,,ნესტანის წერილი საყვარელთანა მიწერილი“, რომლის მოდერნისტულ პაროდიად და კიდევ რაღაცად, შეიძლება იქნეს გააზრებული ლექსი ,,ცისფერი ქოლგა“.
პაოლოს ლექსში სიტუაცია ვეფხისტყაოსნის პარალელურია: (პაროდირების პირობა) - ქალი დაშორებულია სატრფოს, ჩაკეტილია/მისგან იზოლირებულია რაღაც სივრცეში და ატყობინებს რაიმე ისეთს, რომლის მნიშვნელობაც მხოლოდ ორმა იციან. კოდებია, რომლის დეკოდირებაც მხოლოდ ადრესატს შეუძლია და პოტენციური მესამე თვალი, რომელიც მუდამ იგულისხმება მესიჯის მიწვდის გზაზე, ვერ უნდა მიხვდეს, რას ამბობს შეტყობინება.
სხვათა შორის, ყაზახურ ფოლკლორში, იქნებ სხვაგანაც, არსებობს ასეთი რამ: მცირე ფორმის ლექსები, რომლის შინაარსი ზოგჯერ უპრიმიტიულესადაც მოგეჩვენებათ, მაგრამ სინამდვილეში მათში კოდირებულია ინფორმაცია, რომლის გაგებაც მხოლოდ ადრესატს შეუძლია. ამას თავისი ახსნა აქვს.
ყაზახები მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდნენ, ინფორმაციის ერთმანეთისთვის გადაცემის გზად - სტუმარი -„მესინჯერი’ რჩებოდა. პირდაპირი ტექსტის შეტყობინება - როგორიცაა სამხედრო საიდუმლო, სასიყვარულო ამბები და ასე შემდეგ - გასაგები მიზეზების გამო, არ სჭირდებოდა ავტორს. სხვას არ უნდა გაეგო ნამდვილი შინაარსი, ამიტომ მიმართავდა საკომუნიკაციოდ ლექსის მცირე ფორმაში ჩადებულ კოდებს, რომლის დეკოდირებაც მხოლოდ რეციპიენტს შეეძლო. მაგალითად,
ცხვარმა - ბატკანი მოიგო
მეცხვარემ ვერა გაიგო.
შეიძლება ნიშნავდეს, ფეხმძიმედ ვიყავი, შვილი შემეძინა, მამაჩემი წასულია და ჯერ არ გაუგია.
სხვათა შორის, თანამედროვე ანეკდოტებიც იყენებენ ამ ხერხს. ცოტა გავმხიარულდეთ:
ცოლიანმა კაცმა ფეხმძიმე საყვარელს დაუბარა, შვილი რომ შეგეძინება, თუ გოგოა, მომწერე ჰამბურგერი ვიგემე, ხოლო თუ ბიჭი - სოსისიო.
დათქმულ დროს მისდის წერილი. ორი ‘’ჰოთდოგის’ და ერთი ჰამბურგერის ჭამით ლამის მოვკვდიო.
გავიცინეთ? !- გვეყოფა, საქმეს დავუბრუნდეთ!
***
ეს ლექსი კი არის ეროტიკული, მკითხველიც აშკარად გრძნობს მის ამგვარობას, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგეს, დასაბუთება გაუჭირდება.
რა განაპირობებს მის ამგვარ შთაბეჭდილებას?
- ზოგადად ელენე დარიანის’დღიურებიდან’’ მოყოლილი ინერცია თუ კიდევ სხვა რაღაც, რომელიც ნამდვილად არსებობს, მაგრამ მოუ-ხელთ-ებელია. ანუ ადვილად ხელშესახები ვერაა.
პაოლო იაშვილისეული მანერით, მთავარი კოდი აქაც ლექსის სათაურშია, ამავე დროს, ტექსტში დამატებითი გასაღებია ხოლმე შენახული.
ლექსს ჰქვია ‘’ცისფერი ქოლგა’ - რა ცისფერი, რა ქოლგა!
რა შუაშია ამ სოფლურ ამბებთან ქოლგა და თანაც ცისფერი - ეს ურბანისტული აქსესუარი?
ლექსში ხომ გადმოცემულია სოფლური ყოფის სურათები! ნახსენებიც არაა რაიმე, ქოლგის მაგვარი, კონოტაციურ ველშიც კი არ მოიაზრება.
მაძიებელი ნატურის მკვლევარი სასწრაფოდ სიმბოლოთა ათასგვარ საცნობარო ლიტერატურას მიაშურებდა, მაგრამ ამაოდ მოცდებოდა (მეც მათ მიმათვალეთ - მოკრძალებით თქვენი ნდს)
ერთი პირობა ისიც შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ რაღაც ტიპოგრაფიული შეცდომის წყალობით გაჩნდა ეს პრინციპულად, ლექსთან დაპირისპირებული სათაური, რომელიც ვიღაცის, სხვის ლექსს ეკუთვნოდა, ანუ როგორც ძველები იტყოდნენ, ‘’ჩაფრინდა სტრიქონი...’ მაგრამ, არა! მთელს მეშვიდე ნომერშიც არაფერია ისეთი, ამ სიტყვებს ‘’ცისფერი ქოლგა’ - სადმე რომ მოირგებდეს.
ისღა დაგვრჩენია, როგორც იტყვიან, დავისველოთ ფეხი წყალში და ტექსტს ჩავუღრმავდეთ:
ჩვენს წინაშეა სათაურად გატანილი ორწევრიანი სინტაგმა’
მისი პირველი წევრი ‘’ცისფერი’ – „ცისფერი ყანწებიდან“ და მთელი სიმბოლისტური ტრადიციიდანაც, ალბათ სკოლის მოსწავლემაც იცის, რომ მარად მიუწვდომლის, მიღმიერის და ა’შ სიმბოლოა. კიდევაც რომ არ იცოდეს, ბარათაშვილის ‘’ცისა ფერს’ ხომ აქვეა.
ქოლგა- რა არის ქოლგა? უტილიტარული გაგებით, ეს არის წვიმისა და მზისგან საფარი, საცავი, ერზაცულად - ვუალი, რიდე, რომლის მიღმაც რაღაც, რაიმე იდუმალი- საიდუმლოა. გამოთქმაც ხომ არსებობს ასეთი - “ერთი ქოლგისქვეშ მოქცევა’, რაღაცასთან გაერთიანება.
ანუ ავტორი ამ სათაურით გვეუბნება, რომ სიმბოლისტური , - ცისფერყანწული საფარის ქვეშ რაღაც საიდუმლოა მოქცეული და რაღაცასთან გაერთიანებული, მაგრამ რა?
წეღან სიტყვა-გასაღები ვახსენე. ეს სიტყვა არის ორტაეპედიდიან:
‘ისე დაზრდილან ჩვენი იხვები,
რომ პეპლაობა დაიწყეს უკვე’
ეს სიტყვაა „პეპლაობა“. სოფლური ყოფით მაცხოვრებელი პირისთვის -
‘პეპლაობა’ ჩვეულებრივი რამაა, რასაც ბავშვობიდან შესცქერის და ფერტილაციას ემსახურება; ადრესატისთვის კი, რომელიც არასოფლურ გარემოში ივარაუდება, ეს სიტყვა- კოდია.
რა ჰქვია იხვს ‘’დასაზრდელ ფაზაში’
რა ჰქვია და „ჭუჭული“ - ხომ არ გაგონებთ ეს სიტყვა ფალოსის ევფემისტურ, საბავშვო, სახელწოდებას?
შეიძლებოდა, აქ აგრეთვე გვემსჯელა კუთვნილებითი ზედსართავის ‘’ ჩვენის’’ შესახებაც.
ფროიდისტული იდეები ოციანი წლების საქართველოში ძალზე პოპულარული იყო. გავიხსენოთ 1927 წელს გამოქვეყნებული მოთხრობა მიხეილ ჯავახიშვილისა ‘ კურდღელი’ და მისი ფროიდისტული კუთხით ანალიზი, რომელიც თეიმურაზ დოიაშვილს ეკუთვნის.
მეორე პლანი ამ ლექსისა პირველს სწორედ სახეთა ფროიდისტული გაგებით უკავშირდება, მაგალითად დიდი გამოცნობა არ უნდა, რომ ამ ნაივურ-ქოლგური სახის მიღმა, მეორე პლანიდან ერეგირებული ფალოსი გამოსჭვივის, ეს მოვლენა ფიქსირებულია ჟესტით ‘’ სიმინდის კოცნით’:
წვიმაში ვარჩევ სიმინდის ტაროს
და ლამაზ ტაროს ვაკოცებ უცებ,
სოკო რომ პირდაპირ, “კლასიკური” ეროტიკულ- პორნოგრაფიული სიმბოლოა და ამავე სფეროს უკავშირდება, - ესეც ნათელია.
შეიძლებოდა საუბარიც მღვრიე მაჭრის გამოკვეთილად “ რგვალი ჭიქით სმაზეც“ , თითქოს ჭიქა სხვა ფორმისაც არსებობდეს, ხოლო რაც შეეხება სტრიქონს:
ვწოვ ყურძენს, როგორც მკივანა ბზიკი,, - არ მგონია, ასევე, დიდი ახსნა სჭირდებოდეს.
ვარდი, როგორც ვაგინის სიმბოლო, სიმბოლიზმამდელია, შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე არქაულიც .’სოველი ვარდი’ - იმერიზმით გადმოტანილი პირველ პლანში, იმის მაგალითია, თუ როგორ კავშირდება სოფლურ-ნაივურ-ქოლგური და პორნოპლანები ერთმანეთთან. სწორედ ამიტომ მოვიხმე ამ წერილის დასაწყისში სიტყვა ‘’თითქოს“
***
დასკვნის სახით კი შეიძლება ითქვას:
პაოლოს ლექსი ‘’ცისფერი ქოლგა’ მისი კიდევ ერთი წარმატებული ცდაა
ეროტიზმის გამოსახვის ქართული გზის პოვნისა.
იგი წარმოადგენს ორპლანიან ლექსს, რომლის ფასადი- ქოლგაც - ეპისტოლურად გადმოცემული სოფლური ყოფის სურათებია, ხოლო ამის მიღმა, მეორე პლანი- უკიდურესად პორნოგრაფიულია, ამ პლანების მიახლოება- გადაკვეთის წერტილებში რეციპიენტი ღებულობს ეროტიკულ ინფორმაციას.
მასში ჩადებულია მაშინდელი ქართული რეცესიული სექსუალური კულტურისთვის ჯერჯერობით სრულიად უცხო გამოცდილება, რომლის პრაქტიკული შეძენაც, როგორც მისი ცხოვრებისეული, ბიოგრაფიული რეალიების ცოდნა ლოგიკურად მაფიქრებინებს, ავტორს ნამდვილად შეეძლო საფრანგეთში, პარიზში, მონმარტრზე, რომელიც გარდა სხვადასხვა რანგის ხელოვანთა, მათხოვრებისა და პროსტიტუტების ბუდეც იყო... და თუ ამ ლექსის შექმნისას ქალის მონაწილეობაზე შეიძლება ლაპარაკი, იმ ქალს უთუოდ უნდა ჰქონოდა ფრანგი პროსტიტუტის ორალური გამოცდილება.
შეგახსენებთ, რომ შარლ ბოდლერის“ მთელი სიცოცხლის სიყვარული“, რომლის არსებითაც სავსეა კრებული ‘’ბოროტების ყვავილები’’, და რომლის ფაქტორიც განაპირობებს სწორედ ამ კრებულის ეროტიკულ-პორნოგრაფიულ შინაარსს- ჟანა დიუვალი - გაურკვეველ აღსასრულამდე პროფესიონალი პროსტიტუტი იყო და მან იმ დროისთვის უკურნებელი სენი შეჰყარა შარლ ბოდლერს.
ასევე, ცნობილია, რომ ამ წიგნის სამი თუ ოთხი ლექსი, სწორედ პორნოგრაფიულობის გამო, სასამართლომდეც მივიდა და აიკრძალა, მაგრამ ამავე დროს, მიუწვდომელის, მარადქალურის პოეტური კონცეპტიც ხომ ჟანას სახეში იყო ჩადებული.
ამიტომაა, რომ ფრანგულით ნასაზრდოები რუსული სიმბოლისტური ეროტიკული გამოცდილებაც უკიდურესად მიუწვდომელ მარია/სოფია/უცნობ ქალსა და მათ უკიდურესად დამდაბლებულ ვერსიას - პროსტიტუტს - შორის მიმოიქცევა.
,,ფერად ბუშტებში” პაოლომ ხომ სწორედ პროფესიონალი პროსტიტუტის ამბავი ასახა. კარგია თუ ცუდი, გასული საუკუნის დასაწყისში ჩვენში ეს სფერო სამოყვარულო დონეზე რჩებოდა.
***
ერთი ლირიკული გადახვევა: ჩემს ბავშვობაში იატაკის ჯოხები დიდ ხმარებაში იყო. ხალათი ან კაბა რომ გაიცვითებოდა, ბებიაჩემი მკლავებს და ღილებს, ელვა შესაკრავს და ასე შემდეგ დააჭრიდა, შუაში გახვრეტდა და იატაკის მოსაწმენდად იყენებდა. მახსოვს, დავცქეროდი ერთხელ შიდა კიბის თავზე მჯდომი ამ საქმიანობით დაკავებულ ბებიაჩემს და ვფიქრობდი, აი, ესაა ცხოვრება: კარგი კაბისგან იატაკის ტილო გამოვა, საუკეთესო იატაკის ტილოს კი კაბად ვეღარ აქცევ... ალბათ მაშინ იფშნეტდა თვალებს ჩემში პოეტი.
ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ამ მცირე ოპუსს ბოლოში ვურთავ ელენე ბაქრაძის ხელნაწერს და დასკვნა თავად მკითხველმა გამოიტანოს.
(ტექსტი უსათაუროა)
* * *
მინდა გიამბო სოფლის ამბავი,
და შენ დაჰკოცნი ამ ტუჩებს კიდევ,
ცას აზიდულან ჩვენი ვერხვები,
მზეს უგზავნიან ჩემს ლოცვას ისევ.
შემომეჩვიენ ჩუმად გვრიტები,
ჩემს მხრებზედ მკვირცხლად დანავარდობენ,
მათი ჟღმურტულით ნაიმედები,
აღარ მაწუხებს მძიმე დარდები.
ვკითხულობ ვერლენს, ვკითხულობ პოეს,
შენგან მოველი წიგნს დანაპირებს,
ზურგზედ ხელს ვუსვამ პატარა ხბოებს,
შემდეგ წყაროზედ ვიხეხავ თითებს.
ვაზს შევუჯდები და მტევანს ვკიკნი,
ტყეში დავდივარ, დავეძებ სოკოს,
ხან მაჭარს დავლევ ხის თლილი ჭიქით
და ვეზიდები ყურძნიან გოდორს.
წვიმიან დღეში სიმინდის ტარო
მე მომაგონებს არგვეთის ცუდ დღეს,
ჩამომადგება ღამე უმთვაროდ
და იჭვით სავსე აზრი მახუცებს.
სოფ. მერეთი.
* * *
#ავდარიანა
ნინო დარბაისელი
ჯალა
რა არის წლები! -
- ახალგაზრდა რომ ვიყავი, სულ ახალ-ახალ ფილმებს ვეძებდი. ახლა -
პირიქით.
წუხელ, ბელმონდო რომ არის მთავარ როლში, ,,პროფესიონალი” ვიპოვე და ფინალში გავსკდი ტირილით.
ახლა ვიღას ეხსომება. ასეთი ამბავია:
საფრანგეთის დაზვერვა “ტვინს დაუმუშავებს” ერთ სნაიპერს, (ბელმონდოს), რომ აფრიკის რომელიღაც ქვეყნის პრეზიდენტი, ჯალა - ცუდი კაცია და მოსაკლავია.
წავა ეს საწყალი დავალების შესასრულებლად, დაიჭერენ, რამდენიმე წლით აფრიკაში ციხეს ახეხინებენ. იქიდან გამოვა და დავალება ხომ მაინც შესასრულებელი აქვს, როგორც პროფესიონალს, არა?
უნდა, რომ აფრიკელი ჯალა მოკლას, ამასობაში კი საფრანგეთის ხელისუფლებას ჯალასთან საერთო ენაც უნახავს, დამეგობრებია და რაკი ბელმონდო თავისას არ იშლის,
თუ გახსოვთ, ვინაა მოსაშორებელი ახალი თაობის ვინმე, ფრანგი სნაიპერის მიერ?
ყოჩაღ, გხსომებიათ!
ტყვია რომ გავარდა, აი, აქ ავღრიალდი…
ჩემო ძვირფასო ორთოდოქსო ,,ბაქრაძე დარიანისტებო”!
მე შეიძლება უგულო ადამიანად მოვჩანდე ხანდახან, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ სინამდვილეში ერთი გულჩვილი პოეტი ვარ და რომ ვუყურებ თქვენს მდგომარეობას, ახლა, როცა გვიან, მაგრამ მაინც, ა. წ. 12 აპრილს ,,კავკასიურ სახლში” გამართული კონფერენციის წყალობით, საბოლოოდ, დოკუმენტურად დადგენილია, რომ “დარიანული დღიურების” ავტორი პაოლო იაშვილია, აწ უკვე სიყვარულში შეზავებული სიბრალულით ვფიქრობ თქვენზე:
- როგორი ბოლომდე მიმნდობი და პატიოსანი, პროფესიონალი ადამიანები აღმოჩნდით!
ახლა, ვითარების შეცვლის მიუხედავად, როგორ ვერაფერს ხვდებით და ძველებურ აქტიურობას განაგრძობთ, “ჯალა უნდა მოკვდესო”!
ახლანდელი საქმე და ვითარება კი ასეა:
ელენე ბაქრაძისაგან კერპის შექმნით და “დარიანული დღიურების” ავტორად მისი გამოცხადებით, ფსევდო-ფემინისტებმა ათი წლის მანძილზე უკვე მიიღეს ყველანაირი ფინანსური, მორალური და აშ., მოგება; წიგნიც - მეორედ გამოსცეს, შიგ ისევ პაოლოს ლექსების შეტანით.
ანუ, შესაბამისად, პაოლო იაშვილი, რომელმაც სწორედ ღირსების გამო, 1937 წელს მწერალთა კავშირში სანადირო თოფით თავი მოიკლა და რომელიც ამბობდა, “როგორც აფრის ტკაცუნი
მოვარდნილი ზღვიდან, ისეთი ვაჟკაცური
გაქროლება მინდაო”, თავისი ფსევდო- ფემინისტური საქმიანობით, როგორც კაცი - საბოლოოდ დაასამარეს: გამოიყვანეს რა მოძალადედ, მძარცველად, უღირს ადამიანად!
.. და მათ სხვა აღარაფერი აქ აღარც აინტერესებთ, ჩვენი გაჩუმების მეტი.
ერთ ამბავსაც აქვე გაგიმხელთ - ეს, საკუთრივ პაოლოზე კი არა, მასზე, როგორც ქართული ლიტერატურის ისტორიაში პირველი, პრინციპულად მასკულინური გაერთიანების ,,ცისფერი ყანწების” შემქმნელსა და მთლად თავკაცზე, ანუ მამაკაცთა გაერთიანებაზე მიტანილი ფსევდო-ფემინისტური იერიში იყო და ,,ტრიუმფიც” - რახანია, ნაზეიმები აქვთ.
ისინი, როგორც ვთქვი, უკვე მეტ გამოსარჩენს აქ აღარაფერს მოელიან. მხოლოდ ის უნდათ, რომ დღემდე ნაჭამი შერჩეთ;
უკვე სხვა დიადი მიზნები აქვთ და მოხარულნი იქნებიან, ხელს თუ არ შეუშლით და საშუალებას თუ მისცემთ, უკვე დაივიწყონ ნაჭამ-მონელებული, საზოგადოებასაც დაავიწყონ ეს ყველაფერი და სხვა გამოსარჩენი, ,,კარმუშკა” ეძებონ ჩვეულებისამებრ - არა, როგორც ლიტერატურის ქომაგ-მიმხედავებმა, არამედ როგორც ჩვენი ლიტერატურულ- კულტურული მემკვიდრეობის აქტიურმა, სათავისოდ მომხმარებლებმა;
განაგრძონ საზრდოობა ქართული ლიტერატურული მემკვიდრეობის გამაუპატიურებელი, უცხოური ფულებით დაფინანსებული სხვა, რაიმე, ახალი პროექტებით.
პატივს ვცემ თქვენს გულუბრყვილო პატიოსნებას, მაგრამ იქნებ მიმოიხედოთ და ახალ რეალობას მართლა დაუფიქრდეთ!
ჩვენი მიზანი - იმის გადარჩენაა, თუ კიდევ რაღაცის გადარჩენა შეიძლებოდა მათი ავნამოქმედარიდან. ვიცით, ეს გარკვეულწილად, დონ კიხოტურია, რადგან ამხელა მასმედიას, სადაც თავისი აზრები ავრცელეს და დაამკვიდრეს, ჩვენ - ცარიელი ხელებით, ბევრიც რომ ვეცადოთ, უკვე ვეღარ მოვერევით, მაგრამ როგორც იტყვიან, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.
მე?
მე - ძველი ცოდნა ამერიკაში არად მარგია და გიორგი ლეონიძის პარაფრაზს რომ მივმართო, ტვინსაც უნდა, მეგობრებო, ბერტყვა, როგორც ხურჯინს, ვიდრე ამერიკულ, ტკბილ სიბერეს საბოლოოდ მივცემდე თავს…
რა ბრძანეთ?!
აკი მანდ ჩამოსვლას და მუზეუმის დირექტორობას ვაპირებდი?
გაგიმხელთ ამ საიდუმლოსაც:
უკვე დავადგინე, რომ მაგ ხმებს სწორედ ის მივრცელებდა, მუნდირ-ეპოლეტები რომ უკვე მოზომილი აქვს და თვლის, რომ მისი გადირექტორება მხოლოდ დროის ამბავია.
მინდა გჯეროდეთ, რომ მაინც მიყვარხართ.
თავს მიხედეთ!
გულწრფელად თქვენი
ნინო დარბაისელი სტრონი
* * *
* * *
#კრიტიკა_ლიტმცოდნეობა
ნინო დარბაისელი სტრონი
ტაბიძეები: ვაზა და თავისქალა
ევროპა თუ აზია, აღმოსავლეთი თუ დასავლეთი, დაპირისპირება თუ სინთეზი…ამ საკითხების შესახებ ქართულ ლიტერატურაში საუკუნეზე მეტია, უკვე იმდენი დაიწერა, რომ ახალს ადამიანი ვეღარაფერს იტყვის.
ჩავთვალოთ, რომ ყველას ყველაფერი მეტნაკლებად, ისედაც გვახსოვს.
ჟურნალი “ცისფერი ყანწები”(1916) რომ აღმოსავლურ-დასავლურ ლიტერატურულ
მონაპოვართა სინთეზირებას ესწრაფვოდა და ახალი ქართული ხელოვნების დაბადების წინაპირობად სწორედ ეს მიაჩნდა, მგონი, ეს უკვე სასკოლო პროგრამიდანაა. ყოველ შემთხვევაში, “ გუგლში” ცოტა როდი დევს საჩვენებელი გაკვეთილების გეგმები და ვიდეოები, რომელიც სკოლაში სწავლებისთვის ,,ცისფერყანწელთა”
ლიტერატურულ მემკვიდრეობას სწორედ ამ კუთხით აშუქებს.
დარჩა კი აქ რაიმე სათქმელი? გავიფიქრებდი უმალ თავადვე, ამ წერილის ავტორი კი არა, მკითხველი რომ ვყოფილიყავი
და მაინც!
მინდა, ტიციან ტაბიძის უცნობილესი ლექსის დასაწყისი გავიხსენოთ ჟურნალ ,, ცისფერი ყანწებიდან”:
გაფიზის ვარდი მე პრუდომის ჩავდე ვაზაში,
ბესიკის ბაღში ვრგავ ბოდლერის ბოროტ ყვავილებს.
ძირითადად ეს ტაეპები მოჰყავს ყველას მაგალითად ევრო- აზიური მიმართებების შესახებ მსჯელობისას.
რას ამბობს პოეტი ხომ დიდ გამოცანას არ წარმოადგენს:
გაფიზი/ ხაფიზი/ ჰაფეზი შირაზელი - ყურანის ზეპირად მცოდნე, მეთოთხმეტე საუკუნეში მოღვაწე სპარსი პოეტია, რომლის შემოქმედებაც სპარსული კლასიკური ლირიკის მწვერვალადაა მიჩნეული.
გოეთეს “დასავლურ-აღმოსავლური დივანის” წყალობით, ევროპულმა ლიტერატურამ აზიურის დარად, შეითვისა მისი ლირიკის თემები და მოტივები, მათგან ყველაზე პოპულარული მაინც ვარდ-ბულბულიანია”, რომელიც საყოველთაოდ მოარულ თემას იქცა , (გავიხსენოთ თავად გოეთეს ,,ველური ვარდი”, ოსკარ უაილდის ზღაპარი ,, ვარდი და ბულბული” , მანდელშტამის ,, გაფიზის ვარდი”( სომხეთზე), ქართული პოეტური ტრადიციაც ხომ არაერთ ნიმუშს შეიცავს ამ თემის დამუშავებისა (თეიმურაზ I- ის ,, ვარდბულბულიანი”, ბესიკ გაბაშვილის ,, სტვენს ბულბული” და სხვა არაერთი ლექსი, ყრმა ნიკოლოზ ბარათაშვილის ,,ბულბული ვარდზედ” და ა.შ.)
მოკლედ, საყოველთაო წარმოდგენის გათვალისწინებით რომ ვთქვათ და არ ჩავუღრმავდეთ მის შესახებ არსებულ მისტიკურსა თუ ოკულტისტურ კონცეფციებს, ვარდი - არის სიმბოლო მშვენიერი ქალისა, რომელიც დაცულია ეკლებით, ხოლო ბულბული - მგოსანია, ტრუბადურია მასზე გამიჯნურებული, რომელიც ზოგ ვერსიაში ამ სიყვარულს ეწირება. მშვენიერება კი ამ ტრადიციით, წარმავალია, რადგან ვარდი - მიწიერთა, ცოცხალთა დარად, ჭკნობადია.
ამ ზოგადი კონტექსტის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ ქართველისთვის ,,გაფიზის ვარდი”-
უფრო სხვა რამეა, ვიდრე მაგალითად, რუსისთვის, რადგან მისი თემა - ოდითგანვე, საუკუნეთა მანძილზე, ლიტერატურულად გვაქვს ათვისებულ-დამუშავებული, უკვე საკუთარი, საუკუნოვანი პოეტური ტრადიციის ნაწილად აღვიქვამთ.
რატომ გაფიზი და არა - ჰაფეზი?
ეს სახელთა: ანთროპონიმთა, ტოპონიმთა და ა.შ გასხვანაირების, “გაუცხოურების (და არა - გაუცხოების) საყვარელი ხერხია ცისფერყანწელთათვის და მათი ეპოქის სხვა პოეტებისთვისაც (გავიხსენოთ გ. ლეონიძე, ედგარ პოს პოემა ,,ტამერლანიდან” დაწყებული, უცხოური და შემდგომ რუსული ლიტერატურის კვალად, თემურ ლენგის სახელს როგორ წარმოსთქვამს ლექსში
,,როგორც ხმალი, ძმებო, ტამერლანისა, სიყვარული ისე დამჯახებია”)
ზემოთქმულის გათვალისწინებით, “გაფიზის ვარდი” - ქართულ ტრადიციად უნდა გავიაზროთ.
ვიდრე შემდეგ საფეხურზე გადავიდოდეთ, აქ მოკლედ შეგახსენებთ, რომ ცისფერყანწელნი - უპირისპირდებოდნენ თავიანთი დროის ეპიგონურ პოეზიას, ზედაპირულად გაგებულ და კოპირებულ შემოქმედებას აკაკისი, ილიასი და ა. შ. მათ მიაჩნდათ, რომ რუსთაველი უფრო თანამედროვე იყო, ვიდრე სიმრავლე მათი თანამედროვე ავტორებისა; ასევე ამბობდნენ, რომ ბესიკ გაბაშვილის - აზიით ნასაზრდოები ამ პოეტის მერე პოეზიამ განვითარება შეწყვიტა.
ერთიც: ბესიკ გაბაშვილის ბაღი - მათი ლიდერის პაოლო იაშვილის ,,დარიანული დღიურების” ერთ-ერთი მთავარი ტოპოსი გახდება.
***
ახლა ვცადოთ იმის გარკვევა, თუ რას ნიშნავს ,, პრუდომის ვაზა” . პრუდომი რომ მეცხრამეტე საუკუნის ფრანგი პოეტია, ვიცით. ნუთუ პრუდომის ვაზაში გაფიზის ვარდის ჩადება - მარტივად ნიშნავს ქართული ტრადიციული შინაარსის მოქცევას ევროპულ ფორმაში და მეტს არაფერს?
მეორე სტრიქონით რა გამოდის?
ბესიკის ბაღში, როგორც აღმოსავლური კულტურით ნასაზრდოებ ქართულ ტრადიციულ ნიადაგში - სათავსში, ფორმაში - ევროპული, მოდერნისტული სათქმელი ირგვება - ბოდლერის ,, ბოროტების ყვავილები”.(კრებულის სახელწოდება)
ანუ ეს ორი სტრიქონი რომ შევაერთოთ, გამოდის, რომ ტიციან ტაბიძე ამბობს, ქართულ ტრადიციულ სათქმელს - მოვათავსებ ევროპულ ფორმებში, ხოლო ევროპული, კერძოდ ფრანგული პოეზიის მიღწევებს - ტრადიციული ქართული ფორმით გადმოვცემო?!
ვითომ ასე მარტივადაა საქმე?
პრუდომი კარგი ფრანგი პოეტი იყო, მაგრამ, ნობელიანტობის მიუხედავად, არც იმ სიდიდის ვარსკვლავი, ევროპულ სალექსო ფორმათა მთელი მრავალფეროვნება რომ იტვირთოს მისმა სახელმა.
რა შუაშია პრუდომის ვაზა?
მეტაფორისქმნადობამ გაიტაცა ტიციან ტაბიძე?
***
ახლა ერთი, ფრანგული ლექსის ტექსტს დავდებ... ცხადია, უკვე გამოიცანით რომ მისი ავტორი - სიული, სოულ, თუ რანაირად წარმოსთქვამენ ამ სახელს ქართულად, - პრუდომია:
LE VASE BRISÉ
À ALBERT DECRAIS
Le vase où meurt cette verveine
D’un coup d’éventail fut fêlé ;
Le coup dut effleurer à peine :
Aucun bruit ne l’a révélé.
Mais la légère meurtrissure,
Mordant le cristal chaque jour,
D’une marche invisible et sûre
En a fait lentement le tour.
Son eau fraîche a fui goutte à goutte,
Le suc des fleurs s’est épuisé ;
Personne encore ne s’en doute ;
N’y touchez pas, il est brisé.
Souvent aussi la main qu’on aime,
Effleurant le cœur, le meurtrit ;
Puis le cœur se fend de lui-même,
La fleur de son amour périt ;
Toujours intact aux yeux du monde,
Il sent croître et pleurer tout bas
Sa blessure fine et profonde ;
Il est brisé, n’y touchez pas.
1865
ესეც - ჩემი თარგმანი
სიული პრუდომი
ვაზა გატეხილი
(ციკლიდან “სულის ცხოვრება”)
ვაზაში რომ იდო ვერბენა ლამაზი,
იმ ყვავილს შემთხვევით გამოსდე მარაო.
წამით შეტაკებამ, სხვა რა ვთქვა ამაზე,
ბროლს თითქოს უეცრად შიგ გაუარაო.
არც კი ემჩეოდა ნაბზარი პატარა,
დღითიდღე გაზრდილა, ყოფილა რა მალი,
ნეტავი წრიულად რამ შემოატარა,
ნაპრალად ქცეულა იგი იდუმალი.
თურმე განსაცდელი აქ რაოდენია,
უწყალოდ დამჭკნარა მშვენება ამდარი.
ვაზა ამომშრალა, სითხე დასდენია.
ნუ მიეკარები, თავისით გამტყდარა.
როცა შეგვეხება ხელი სანუკვარი,
სავსე სიყვარულით - გული იბზარება,
ჭრილობა პატარა, თითქოს უჩინარი,
ღრმავდება და გვიჭირს ამ გულით ტარება.
გული იგივეა, მაგრამ ამომშრალა,
მარტოა, გულგრილთა თვალს მონაფარები,
ტკივილით სავსეა, იდუმლად მტირალი,
ის გატეხილია, - ნუ მიეკარები!
1865
(თარგმანი ნინო დარბაისელისა)
ამ ლექსით ცხადია, რომ “პრუდომის ვაზა” - არ არის ტიციან ტაბიძის მიერ შექმნილი პოეტური სინტაგმა.
იგი - მზაა, ფრანგული პოეზიიდან “ნასესხებია” და ნიშნავს ბროლის ვაზასავით უნებურად გაბზარულ - გატეხილ გულს, რომელშიც ,,გაფიზის ვარდი” - უწყლოდ დაჭკნება.
ანუ პირველი სტრიქონი შეიძლება გავიგოთ ასე, რომ ტიციანი - სიყვარულს მოიაზრებს, როგორც ჭკნობადს, წარმავალს და არა - წარუვალს.
რაკი ამ ლექსში მისი პოეტური კრედოა მანიფესტირებული, “გაფიზის ვარდი”, გარდა სიყვარულისა, უთუოდ სასიყვარულო პოეზიის გაგებასაც უნდა შეიცავდეს.
შემდეგი სტრიქონი კი:
,,ბესიკის ბაღში ვრგავ ბოდლერის ბოროტ ყვავილებს - უკვე ახალი, არატრადიციული “არა- მშვენიერი” ესთეტიკის დამკვიდრებისკენ სწრაფვაა, ტრადიციულ ბაღში - მშვენიერების ალაგას.
***
ყვავილები, რაღაც საცავი, წარმავალობა, წარუვალობა…
ჩემთვის და ზოგადად, ქართველი მკითხველებისთვის დღემდე გამოცანაა, მაინც, რა მოხდა “ცისფერყანწელებსა” და გალაკტიონს შორის ისეთი, რომ სამუდამო მტრად მოეკიდნენ ერთმანეთს, თანაც ის რაღაც არცერთ მხარეს რომ არასოდეს არავისთვის უთქვამს!
გამონაკლისია გალაკტიონის წერილი ოლიასადმი, სადაც სულ ერთი ფრაზაა, მე და გაფრინდაშვილმა ისეთი რამეები ვუთხარით ერთმანეთს, ჩვენი შერიგება აღარ გამოვაო.
ჰო, კიდევ, არის ერთი გალაკტიონისეული ჩანაწერი “ცისფერყანწელთა” შესახებ, “ქუთაისიდან რომ გამომაგდეთო” …
და ამის მიუხედავად, მათი ცხოვრებები და შემოქმედებები - შეიძლება ასე ითქვას, ერთმანეთისადმი მიწყივ დიალოგური იყო.
და ეს დიალოგურობა ცხადია, მაინცა და მაინც სიამტკბილობას არ გულისხმობს, ურთიერთჯიბრობაც, ანტაგონიზმიც - დიალოგის სახეობაა.
“ცისფერყანწელთა” ძმობაცა და გალაკტიონი - მარტოკაციც ერთი პუნქტისკენ - ქართული პოეტური კულტურის, ლექსის რეფორმისკენ ისწრაფვოდნენ, რუსულ- ევროპული გამოცდილების შემოქმედებითი ათვისების მეშვეობით, თუმცა სხვადასხვა გზას ადგნენ, პარალელური იყოო ეს გზები, მე ვერ ვიტყოდი, რადგან დროთა განმავლობაში, სადღაც-სადღაც იკვეთებოდნენ კიდეც.
არაერთი საამისო მაგალითის დასახელება შეიძლება, მაგრამ ამჯერად ერთზე მინდა შევაჩეროთ ყურადღება.
გალაკტიონის და ზოგადად, მეოცე საუკუნის ქართულ პოეზიის საუკეთესო კრებულს, რომელსაც შემოკლებით ,, არტისტულ ყვავილებს” ვუწოდებთ, სრულ სახელად ეწოდება „Cran Aux fleurs artistiques“ - ,, თავის ქალა არტისტული ყვავილებით”(1919)
არტისტული - ჩემი აზრით, ნიშნავს არა “ხელოვნების” ან ,, ხელოვნებისმიერს” , არამედ ,,ხელოვნურს” , ან ორივეს ერთად და იქნებ კიდევ რაღაც სხვასაც…. ანუ ინტეგრირებულ სიახლეს, როგორც გალაკტიონს სჩვეოდა, სიმბოლისტურ სახეთა, კონცეპტთა თუ სინტაგმათა შექმნისას და იგი მიემართება გოეთეს “ფაუსტს”, სადაც ერთ სცენაში, ქალების სიმღერაში ნათქვამია:
,,ხელოვნური ყვავილები ნამდვილს სჯობია, რადგან არასოდეს დაჭკნება”.
ანუ ამ სათაურში საუბარია კვდომის შეუძლებლობაზე, უკვდავებაზე, მარადისობაზე, ხოლო თავის ქალა - (გავიხსენოთ ტრადიციული “ ხელშითავისქალიანი ჰამლეტიც, ,, ჰამლეტის ქნარიც”) უკვე სიკვდილგადატანილი, ამდენად გამარადიულებული “ ვაზაა”, სათავსია ხელოვნური ყვავილების ჩასადებად,
ამავე დროს იგი ,,სიცოცხლისმიღმიერი/ყოფისმიღმიერი-გამოცდილების მქონეცაა.
სათაური: ,,თავის ქალა არტისტული ყვავილებით”, ჩემი ფიქრით, ანტითეზაა გალაკტიონის ალალი ბიძაშვილის ტიციან ტაბიძის სიტყვებისა:
, გაფიზის ვარდი მე პრუდომის ჩავდე ვაზაში”
ანუ აქ თუ ერთ მხარეს - ტიციანთან ფატალურობა და წარმავალობა გვაქვს, გალაკტიონთან - ამის საპირისპიროდ - წარუვალობა და მარადისობა, უკვდავებაა; ისინი მიემართებიან ერთმანეთს, როგორც ყოფა და ყოფიერება.
ამასთანავე, გალაკტიონის კრებული არც კი მოიაზრება ევროპა-აზიის მიმართებათა კონტექსტში, დაწყებული ფრანგული სათაურით, ამას მიდევნებული სამი ფრანგულივე ეპიგრაფით, უკვე ,,ევროპულად სუნთქავს”.
მარკეტინგული თვალსაზრისით, არ არის მაინცა და მაინც სწორი სვლა, მარტო ამსიგრძე, უცხოენოვანი სათაური რომ წააწერო ყდაზე წიგნს და ქართულად ზედ მხოლოდ შენი სახელი ეწეროს (და ბოლოში- “ტფილისი”)
როგორც მახსოვს, წიგნს ტირაჟი ორიათასი ჰქონდა. თუნდაც მეშლებოდეს და ორასი იყოს. ნამდვილად უნდა ნიშნავდეს მარტო შენი სახელი მკითხველისთვის რაღაც დიდს, რომ ასეთყდიანი წიგნი შეიძინოს!
“ცისფერყანწელთა” ეკლექტიზმს… მე ხომ ასაკოვანი დიასახლისი ვარ, მოდით, ჩემს ენაზე ვიტყვი,… მათ რომანტიზმულ- სიმბოლიზმურ-ფუტურიზმულ, ზოგადად მოდერნიზმულ აჯაფსანდალს,
http://urakparaki.com/?m=4&ID=110989 This post has been edited by nino darbaiseli on 5 May 2022, 19:24