თამარი – წმიდა კეთილმსახური მეფე
15 December, 2015
https://meufeanania.info/ketilmsaxuri/ნაწილი I
დავით აღმაშენებელმა თურქ-სელჯუკები ამიერკავკასიიდან განდევნა, სომხეთისა და შირვანის დიდი ნაწილი გაათავისუფლა და შემოუერთა საქართველოს სახელმწიფოს. ამ დროის საქართველო გადაფენილი იყო „ნიკოფსითაგან დარუბანდისა ზღვამდე და ოვსეთიდგან სოერად და არეგაწამდე“. ქვეყანა, დავითის ანდერძის თანახმად, შედგებოდა „მამული“ და „ახლად მოგებული“ მხარეებისაგან. დავითი მიიჩნევს, რომ ქვეყნის გაფართოებაში ღვაწლი მიუძღოდა არა მარტო მას, არამედ საქართველოს სამეფოს დიდებულებსა და წარჩინებულებს: „კათალიკოსთა, ეპისკოპოსთა, ერისთავთა და ყოველთა შეწყალებულთა“, რადგანაც თავის ძეს, ახალ მეფეს, უანდერძა – „მეფობაი, მამული და ახლად მოგებული, ღვაწლითა ჩემითა და თქვენითა: ნიკოფსითგან ზღვადმდე და ოვსეთითგან არეგაწამდე“, ხოლო ამ „თქვენში“ დავით მეფე გულისხმობს მათ, რომელთაც „უბრძანებს“ ანდერძის დაცვასა და აღსრულებას არსენი ბერის პირით: „…თქვენ, ყოველთა დიდებულთა და წარჩინებულთა სამეფოისა მისისათა: კათალიკოზთა, ეპისკოპოსთა, ერისთავთა და ყოველთა შეწყალებულთა“.
საყურადღებოა, რომ აქ, ისევე როგორც სხვა ძველ წყაროებში, „კათალიკოზი“ მრავლობით რიცხვში მოიხსენება – „კათალიკოზთა“, რადგანაც იგულისხმებიან ქართლისა და აფხაზეთის კათალიკოსები.
„განთავისუფლებულ ქვეყნებს დავითი უშუალოდ იერთებდა, სამეფოდ იპყრობდა. აკად. ნ. ბერძენიშვილის მართებული შენიშვნით, დავითს უთუოდ თავისი საგარეო პოლიტიკა ჰქონდა მხედველობაში, როცა წერდა: „სხვათა სოფლისა კიდეთა ვეძიებ დაპყრობად… ბოროტად გარდავჰხედ საზღვართა და შევჰრთე სახლი სახლსა და აგარაკი აგარაკსა და უუძლურესთა მიჰვხვეჭე ნაწილი მათი და ვიღუწიდ უმეზობლობასა, ვითარმცა მარტოი ვმკვიდრობდ ქვეყანასა ზედა“ („გალობანი სინანულისანი“). როგორც ჩანს, „ყმადნაფიცობას დავითი არ იწყნარებდა და მან, მართლაც, არაერთი „სახლი“ „შერთო“ თავის „სახლს“. დავითმა დაიპყრო ჰერეთ-კახეთის სამეფო, ლორეს სამეფო, ანისის სამეფო, შირვანის სამეფო და ყველგან თავისი მოხელეები „დასხა“, მაგრამ დავითის ამგვარ საგარეო პოლიტიკას XII ს-ის მეორე მეოთხედში უკვე გამგრძელებელი აღარ აღმოაჩნდა. ყმადნაფიცობას, რომელსაც დავითი ასე უარყოფდა, თანდათან ისევ ეხსნებოდა გზა, განსაკუთრებით კი თამარის დროიდან (1178-1213).
თამარის საგარეო პოლიტიკა არსებითად განსხვავდებოდა დავით აღმაშენებლისა და გიორგი III-ის საგარეო-პოლიტიკური გეგმისაგან და ეს, ამ ორ პოლიტიკურ გეზს შორის არსებითი სხვადასხვაობა, როგორც აკად. ნ. ბერძენიშვილმა მიუთითა, საგანგებოდ ხაზგასმულია თვით თამარის ისტორიკოსის, ბასილი ეზოსმოძღვრის მიერ. მისი სიტყვით, თამარი, წინააღმდეგ დავით აღმაშენებლისა, „არა იღუწოდა უმეზობლობასა, არცა შერთვიდა სახლსა სახლსა ზედა, არცა აგარაკსა აგარაკსა ზედა უცხოსა, არამედ თვისი მამული ძველი კმა იყო, რათა არა უსამართლოდ ჰგონონ და მიმხვეჭელად… შორს განიოტა წურბლისა მსგავსი ვერ მაძღრისობა. ბჭედ ჯდა შორის თავისა თვისისა და მეზობელთა მეფეთა“. თამარმა, ამავე ისტორიკოსის სიტყვით, არათუ მოშალა მეზობლები და შეუერთა „სახლი სახლსა ზედა“, არამედ პირიქით, „რაოდენნი დაგლახაკებულნი მეფენი განამდიდრნა, რაოდენთა მიმძლავრებულთა უკუნ სცა სამეფო თვისი, რაოდენნი განდევნილნი სამეფოდვე თვისად კვალად აგნა… და ამის მოწამე არს სახლი შარვანშეთი და დარუბანდელთა, ღუნძთა, ოვსთა, ქაშაგთა, კარნუქალაქელთა და ტრაპიზონელთა“. არა უშუალოდ შემოერთება, მიმხვეჭელობა და „წურბლისა მსგავსი ვერ მაძღრისობა“, არამედ დამორჩილება, მაგრამ თავისუფლადვე ყმადნაფიცობის პირობით დატოვება, მფარველობა. საქართველოს სამეფოს საგარეო პოლიტიკური გეზის ასეთი რადიკალური ცვლილება დავით IV-დან თამარის დრომდე, ცხადია, გამოწვეული იყო იმ მძიმე ბრძოლებით, რასაც სამეფო ხელისუფლება აწარმოებდა დიდგვარიანთა წინააღმდეგ…
დავით მეფე „გალობანი სინანულისანში“ ასე წერს: „სოლომონისაისა წურბლისა მსგავსად ვერ მაძღარი სხვათა სოფლის კიდეთა ვეძიებ დაპყრობად… ბოროტად გარდავჰხედ საზღვართა და შევჰრთე სახლი სახლსა და აგარაკი აგარაკსა და უუძლურესთა მივჰხვეჭე ნაწილი მათი და ვიღვწიდ უმეზობლობასა, ვითარმცა მარტოი ვმკვიდრობდ ქვეყანასა ზედა“, დავითი ინანიებს თავის მოქმედებას: სხვა ქვეყნების შემოერთებას, თავისი სამეფოს საზღვრებს გარეთ გასვლას, „სახლის სახლზე“ და „აგარაკის აგარაკზე“ შერთვას, რომ უძლურ „სახლებს“ მათი კუთვნილი ნაწილი წაართვა, რომ უმეზობლობისათვის იღვწოდა, თითქოსდა ეს ქვეყანა მხოლოდ მისი სამკვიდრებელი იყო.
აქ „სახლების“ ქვეშ იგულისხმება საქართველოს მეზობელი ქვეყნების სამეფო სახლები, მმართველი ოჯახები. მაგალითად, შირვანის ქვეყანას მართავდა „შარვანშას სახლი“, ანისის სამეფოს – „შაჰანშას სახლი“ და ა.შ.
როგორც ითქვა, დავითმა თავის სამეფოს შემოუერთა ყოფილი ჰერეთ-კახეთის სამეფო, ლორის სამეფო, ანისისა და შირვანის სამეფოები. ცხადია, ამის გამო ამ სამეფოების „კანონიერმა“ სამეფო ოჯახებმა, ანუ სახლებმა სამეფო უფლებანი დაკარგეს, „მაგრამ რადგანაც ამ დროს სამეფო „სახლების“ „კანონიერი უფლებანი“ ისევე ხელშეუხებლად ითვლებოდა, როგორც საკუთრების უფლება, ამიტომაც ამ „სახლებისათვის“ სამეფო უფლების ჩამორთმევა სინანულის საგნად იქცა ქრისტიანი მეფისათვის.
რა თქმა უნდა, ქრისტიანი მეფის ნება ორადაა გაყოფილი: ერთი მხრივ, როგორც სახელმწიფო მოღვაწე, ვალდებულია საქართველოს ისტორიული მიწა-წყალი გააერთიანოს, მაშასადამე, კახეთ-ჰერეთის თუ ლორეს სამეფოები გააუქმოს, მეორე მხრივ, ის როგორც ქრისტიანი, გრძნობს, რომ ამით ის „ბოროტებას“ სჩადის ამ ახლად შემოერთებული სამეფოების მმართველი ოჯახების (სახლების) მიმართ, ამწარებს მათ, ართმევს თავის უფლებას, ქონებას, მეფობას. მეფე განსაკუთრებით მაშინ წუხს, როცა სუსტ, უძლურ „მეფეებს“ წაართმევს „მის ნაწილ“ სამეფოს („უუძლურესთა მივჰხვეჭე ნაწილი მათი“). უნდა ითქვას, რომ საქართველოს გაერთიანების შემდეგ დავით მეფე თუ არ გაათავისუფლებდა მეზობელ ქვეყნებს, მაშინ მათ დაიჭერდნენ თურქები და აქცევდნენ პლაცდარმებად მისი სამეფოს წინააღმდეგ.
თამარ მეფეს კი დავით აღმაშენებლის პოლიტიკა შეუცვლია. მას განთავისუფლებული ქვეყნები უშუალოდ კი არ შემოუერთებია თავისი სამეფოსათვის, არამედ ისინი ყმადნაფიც ქვეყნებად უქცევია. ამით ამ ქვეყნების სამეფო „სახლებისათვის“ სამეფო უფლებანი შეუნარჩუნებია, უფრო მეტიც, „დაგლახაკებულნი„ მეფეები გაუმდიდრებია, ზოგიერთისათვის სამეფო, ხოლო სამეფოდან განდევნილთათვის მეფობა დაუბრუნებია. „ამის მოწამე არს სახლი შარვანშეთი, და დარუბანდელთა, ღუნძთა, ოვსთა, ქაშაგთა, კარნუქალაქელთა და ტრაპიზონელთა“. ეს „სახლები“ თამარის დროინდელი სახელგანთქმული ომებით იყო შემომტკიცებული. ყველაფერი ამის შედეგი იყო, ბასილი ეზოსმოძღვრის სიტყვით, თამარის დროის საქართველოს სამეფოს საზღვრის ორჯერ გაფართოება შედარებით იმასთან, „რომელნი მას დახვდეს“: „გარნა ლომი ბრჭალთაგან საცნაურ არს და თამარ საქმეთაგან… მერმე ცნას ერაყამდის ქვემოთ მისგან დადებული ხარაჯა“.
მაგრამ თამარის მოღვაწეობის დასახასიათებლად მთავარია არა მისი საგარეო თუ საშინაო პოლიტიკური მიღწევები, არამედ მისი სახელმწიფოს გასაოცარი ჰუმანურობა, კაცთმოყვარეობა. რუსთაველის ეპოქის ჰუმანიზმი თამარის სახელმწიფოსა და საზოგადოების ჰუმანიზმს ეფუძნებოდა, ხოლო ის, თავის მხრივ, საფიქრებელია, დავით აღმაშენებლის სულიერ მემკვიდრეობას წარმოადგენდა (იგულისხმება დავითის მიერ თავისი მოღვაწეობის პოლიტიკურ-ქრისტიანული შეფასება ანდერძებსა და „გალობანი სინანულისანში“).
დავით აღმაშენებლის ანდერძი არ იყო დამალული, ანდა დაფარული მისი შემდგომი თაობებისათვის. ის საყოველთაოდ ცნობილი იყო, უფრო მეტიც, მისი აღსრულება ქართველ სახელმწიფო მოღვაწეებს თავიანთ მოვალეობად მიაჩნდათ, განსაკუთრებით, თამარ მეფეს. ამას მიუთითებს ის, რომ თამარის ისტორიკოსი ბასილი ეზოსმოძღვარი სწორედ ამ ანდერძს იღებს საზომად თამარის ღვაწლის შეფასებისათვის.
დავითი თავის ანდერძში გამოთქვამდა წუხილს მისი სახელმწიფო სისტემის ტოტალიტარიზმის გამო, მაგრამ იქვე მიუთითებდა, თუ სახელმწიფოს მეთაურის როგორი მოქმედება იყო მორალური, ქრისტიანული. თამარის ისტორიკოსი დავით მეფის სწორედ ამ თეორიას ეყრდნობა და აცხადებს, რომ თამარის პოლიტიკა იყო აღსრულება დავით აღმაშენებლის ანდერძისა. მაგალითად, თუკი დავითმა „შერთო სახლი სახლსა“, მაგრამ შემდეგ სინანული გამოთქვა ამის გამო, თამარმა აღარ გაიმეორა დავითის ეს პოლიტიკა და „არ შერთო სახლი სახლსა“ (ბასილის სიტყვებია). ცხადია, ეს ყოველივე ქრისტიანობის სფეროს განეკუთვნებოდა. თამარმა იმით, რომ „არ შერთო სახლი სახლს“, აღასრულა ის იდეა, რაც დავითმა გამოთქვა თავის „სინანულში“. მაშასადამე, ამ და სხვა შემთხვევაშიც თამარის კაცთმოყვარეობის ერთ ერთი საფუძველი დავითის ღრმა ქრისტიანობაა.
როგორც ითქვა, რუსთაველისა და მისი ეპოქის ჰუმანიზმი ეფუძნებოდა ქართული საზოგადოებისა და ქართული სახელმწიფოს ჰუმანიზმს (ჩვენ „ჰუმანიზმის“ ქვეშ განზოგადებულ ქრისტიანულ კაცთმოყვარეობას ვგულისხმობთ). ჩამოვთვალოთ თამარის სახელმწიფოს ჰუმანიზმის დამადასტურებელი რამდენიმე მაგალითი: 1. თამარის დროის საქართველოში არსებობდა არა მარტო „რჯულთშემწყნარებლობა“, არამედ აღმსარებლობის, ე.წ. „სინდისის„ თავისუფლება (იხ. ქვემოთ). 2. ენიჭებოდა პატარა ხალხებსა და დამორჩილებულ ქვეყნებს ეროვნულ-ადმინისტრაციული თავისუფლება. 3. არსებობდა მკაცრი სასჯელებისა და სიკვდილით დასჯის გაუქმებისაკენ სწრაფვა.
დავითმა გააერთიანა თავისი სამშობლო. მის სახელმწიფოს შეეძლო კიდევ უფრო გადაეწია თავისი საზღვრები, გაბატონებულიყო სხვა ხალხებზე, მაგრამ დავით აღმაშენებელმა მკაცრი უარყოფითი შეფასება მისცა ასეთ მოქმედებას. ასეთი ქმედება – „წურბლისა მსგავსი ვერ მაძღრობა“, სხვა ქვეყნების „კიდეთა დაპყრობის ძიება“ საზღვრებზე “გარდახდომა“, სხვათა მიწების (აგარაკის აგარაკსა ზედა) „შერთვა„, უმეზობლობის წადილი და სხვა, იწვევდა მისი ხალხის ცოდვის გზაზე დაყენებას. „ვაცოდვე ერი ჩემი ვითარცა მეფეთა მისთა – ისრაელი“ („გალობანი“).
დავით მეფემ ამ სახით თეორიულად უარი განაცხადა, თანამედროვე სიტყვებით რომ ვთქვათ, დიდმპყრობელობაზე, იმპერიალიზმზე, სხვისი მიწების მიტაცებასა და სხვათა დაპყრობაზე. თამარმა, როგორც პოლიტიკურმა მოღვაწემ, პრაქტიკულად განახორციელა დავით მეფის ეს თეორია. სხვათა შორის, დავითის აზრით, სხვათა მიწების „მიჰხვეჭა„ თვით ერისათვის იქნებოდა საზიანო. ამით ცოდვაში ჩავარდებოდა ერი („ვაცოდვე ერი ჩემი“). მაინც უნდა ითქვას, რომ დავითისა და თამარის ჰუმანიზმს საფუძვლად ედო კაცთმოყვარე ბუნება ქართველი ადამიანისა (ეს კაცთმოყვარეობა მასში ქართული ეკლესიის მეცადინეობით იყო დანერგილი, რომელმაც შეძლო გაეთავისებინა ქართველი ადამიანისათვის ქრისტიანობა, ექცია ქართველი ადამიანის სულის ნაწილად ქრისტიანული მორალი და ზნეობა).
დავითამდე და თამარამდე, წინა საუკუნეებში, ერი თვითონ იყო სხვა ერების აგრესიის ობიექტი. მისი მთლიანი ძალისხმევა იმ დროს მიმართული იყო თავისუფლების მოპოვებისა და გაერთიანებისაკენ, მაგრამ როგორც კი ერმა შექმნა ერთიანი, მძლავრი, კავკასიის მასშტაბით უძლიერესი სახელმწიფო, მან უარი განაცხადა სხვათა დაპყრობა – ასიმილაციაზე, გამოამჟღავნა უდიდესი შინაგანი სითბო და სიყვარული, კაცთმოყვარეობა. ეს იყო თამარის სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც, როგორც ითქვა, დავითის ჰუმანიზმს ეფუძნებოდა.
შუა საუკუნეებისათვის ამგვარი ქმედება არაჩვეულებრივია.
თუ გადავხედავთ ძველი მსოფლიოს სახელმწიფოთა პოლიტიკას, სხვა სურათს დავინახავთ, უძველესი დროიდან XX საუკუნემდე და თითქმის დღემდე. ძველი ხელმწიფეები იმით ამაყობდნენ, თუ რამდენი ქვეყანა დაიპყრეს, დაანგრიეს, მოსპეს, არც რომისა და ბიზანტიის იმპერატორები იყვნენ გამონაკლისნი, აზიურ თურქულ-სპარსულ სახელმწიფოებზე რომ არაფერი ვთქვათ. თვით XIX საუკუნის „განათლებული“ სახელმწიფო მოღვაწეებიც ასევე იქცეოდნენ.
„…თავისუფლებითსა ცხოვრებასა ამის მიერ იყვნეს და მტერთაგან უზრუნველობასა“.
თამარი თითქოსდა ახალი დროის ენციკლოპედისტებისა და ფრანგი განმანათლებლების იდეებს ახორციელებს, მაგრამ თამარი მათზე 400 წლით ადრე ცხოვრობდა. სიკეთე და სამართლიანობა, გონიერების ზეობა, მოქალაქეთა თანასწორობა ეროვნებისა და რელიგიური კუთვნილების მიუხედავად (ასე იყო თამარის კარზე, სადაც ქურთი თუ ქართველი, მონოფიზიტი თუ დიოფიზიტი თანაბარი უფლებით სარგებლობდა). ეს დამახასიათებელი იყო თამარის პოლიტიკისათვის, ის ეფუძნებოდა ქრისტიანული სარწმუნოების მიერ ქადაგებულ კაცთმოყვარეობას.
თამარის ამ ჰუმანიზმს გასაოცარი სიყვარულით უპასუხეს არაქართველმა ხალხებმა. თამარი უყვარდა არა მარტო ქართველ ერს, არამედ კავკასიის (განსაკუთრებით, მთიანეთის, ჩრდილო კავკასიის) ხალხებს. ისინი საუკუნეთა მანძილზე აქებდნენ თამარს, უძღვნიდნენ ლექსებს, სიმღერებს, ლეგენდებს. მათში ჩაქსოვილი იყო მხოლოდ და მხოლოდ წრფელი სიყვარული (სხვათა შორის, აღსანიშნავია, რომ სიყვარული მეფე ქალის მიმართ გაუგებარი აღმოჩნდა XIX საუკუნეში შემოსული ცარიზმის მოხელეებისათვის. მათ მაშინვე თავიანთი შინაგანი დაცემული ზნეობის შესაბამისად გაიგეს ეს და შემდეგ ლექსებსა და მოთხრობებში თამარის „სიყვარული“ წარმოადგინეს, როგორც არაზნეობრივი).
***
სიონის შერეული გუნდი - დიდება მაღალიანი
https://www.youtube.com/watch?v=qbIL86Mde9g***
National Anthem of Georgia (1918–1921/1990–2004) “დიდება ზეცით კურთხეულს”
https://www.youtube.com/watch?v=j9nfcd1FS6A***
Samani - Female version of Khorumi
https://www.youtube.com/watch?v=GxpckSk3BBYხორუმი – Khorumi by Sukhishvili
https://www.youtube.com/watch?v=8NZ3UUYqUfY***
ჩვენ უნდა გავიხსენოთ, რომ ღირებულებები, რომელთათვისაც ვიბრძვით, სინამდვილეში ქართულია.
საქართველოს წარსული ყოფიერებაა ყველა ცივლიზაციის აკვანი, რომელთაც დღემდე ვიცნობთ.
უბრალოდ ეს ცოდნა თითქოს ჩვენი ცნობიერებიდან ამოშლილია, თითქოს დაგვავიწყდა.
ამ საკითხს პასუხისმგებლობით, სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ სრულიად საქართველო და არა მხოლოდ!
This post has been edited by Катеньки on 8 Sep 2022, 15:32