Amiran Salukvadze
10 ч. ·
პარლამენტის რეზოლუციის განმარტება, უკრაინისადმი სოლიდარობის გამოცხადების შესახებ
სანამ ქვემოთ რეზოლუციას განვმარტავ, აღვნიშნავ, რომ ამ რეზოლუციაზე პარლამენტის მუშაობამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა შემდეგში:
ა) მთელი საპარლამენტო ოპოზიცია დამუნათებულია ნაციონალური მოძრაობის მიერ;
ბ) პარტიათა კვალიფიკაციის დონე არის ძალიან დაბალი. წაკითხულის სიღრმისეულად აღქმის უნარი არ აქვთ;
გ) ოპოზიციაში დამკვიდრებულია ნაცმოძრაობის დაწესებული სტანდარტები. "მიშა მაგარიას" და "პუწინი ოკუპანტიას" ჟღარუნს იქეთ, ოპოზიცია ვერ განვითარდა. მიტინგის გამოსვლებს და პარლამენტის რეზოლუციას ერთმანეთისგან ვერ ასხვავებენ.
მესმის, რომ რეზოლუციის გამკაცრება გსურდეს. მაშინ დაასაბუთე, რატომ უნდა იყო ნატოს გენმდივანზე, ნატოს წევრ ქვეყნებზე და თავად უკრაინის ხელისუფლებაზე აგრესიული და ხისტი უკრაინის საკითხის შეფასებაში?
იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა გაგრძელდება, მოუწოდებს უკრაინიდან და საქართველოდან ჯარების გაყვანისკენ, არ უწოდებს აგრესორს, ოკუპანტს და იმედს გამოთქვამს, რომ დიპლომატია გაიმარჯვებს.
იგივე ტონია ამერიკიდან. ცდილობენ დუღილის ტემპერატურის დაგდებას. სანქციებს ჯერ არავინ აწესებს. სამაგიეროდ ჩვენი კიდევ ერთი ექს-პრეზიდენტი მარგველაშვილი სანქციების დაწესებას ითხოვს. ალბათ ჩვენი ღვინის შეტანაზე ემბარგო ჩვენს თავს უნდა დავუწესოთ და რკინიგზაც გადავკეტოთ?!
თუ მოუსმინეთ უკრაინის პრეზიდენტს და თავდაცვის მინისტრს, ზელენსკის ორი მიმართვა ჰქონდა, საუბრობენ, რომ რუსეთს ჯერ რაიმე ახალი დამრტყმელი დაჯგუფება არ შეუქმნია, პანიკას ნუ აყვებით, შეინარჩუნეთ სიმშვიდეო. ასევე ითხოვს ნორმანდიული ოთხეულის მოწვევას, ანუ პუტინთან შეხვედრას, უკვე მეორედ, მანამდე ბაიდენთან ერთად,, და აგრესორს არც ის უწოდებს.
ამავე დროს, მთელი დაძაბულობა არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ნატოს გაფართოების ირგვლივაა და, შესაბამისად რუსეთი ემუქრება არა მხოლოდ უკრაინას, არამედ საქართველოსაც. რაღაც ვერ ვხედავ ვინმე სოლიდარობას გვიცხადებდეს.
ახლა განვმარტოთ რეზოლუციის პროექტი.
პირველი თეზისი ასე გამოიყურება:
"(პარლამენტი) გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო და გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული, რაც ახალ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას;"
ადამიანს თუ წაკითხულის აღქმა შეუძლია, ვერ ამოიკითხავს ვინ უქმნის საფრთხეს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას? ერთმა ნაციონალმა დეპუტატმა თქვა, რუსეთი თუ არ დაწერე, გამოდის უკრაინა ახდენს ესკალაციასო? უკრაინა უქმნის საფრთხეს საკუთარ სუვერენიტეტს, მის მშვიდობას და უსაფრთხოებას? როცა წაიკითხეთ, აზრი მიატანეთ ტექსტს? იქნებ ცალკეულ წინადადებებად დაშალოთ?!
კიდევ ერთხელ წაიკითხეთ: "გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული". ეს ფრაზა ვის ეხება, უკრაინას თუ რუსეთს? რა არის გაუგებარი?
მეორე თეზისი:
"(პარლამენტი) აცხადებს, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება და სამხედრო-პოლიტიკური ინსტრუმენტებით ამ უფლების შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია;"
აქ რა არის გაუგებარი? ნატო წლებია ამავე ტექსტით საუბრობს, რომ მესამე მხარეს არ აქვს უფლება გადაწყვიტოს ნატოს გაფართოება, რომ ეს ნატოს და კანდიდატი ქვეყნის საქმეა. მეტიც, აქ წერია, რომ სამხედრო-პოლიტიკური ინსტრუმენტებით ამ არჩევანში ჩარევა მიუღებელია. უკრაინა თავად ერევა თავის არჩევანში სამხედრო ინსტრუმენტებით, ან ნატო? რუსეთი რომ იგულისხმება და თანაც მკაფიოდ, ამას ახსნა სჭურდება? სხვა ვინ შეიძლება მოიაზრებოდეს ან პირველ, ან მეორე თეზისში?
მესამე თეზისი:
"(პარლამენტი) მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომის არდაშვება უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის უმთავრესი საზრუნავი;"
სტანდარტული თეზისია, რასაც ცდილობს საერთაშორისო თანამეგობრობა. აქ რა არის გაუგებარი? ვის შეკავებას ცდილობს დღეს საერთაშორისო თანამეგობრობა?
მეოთხე თეზისი:
"(პარლამენტი) სოლიდარობას უცხადებს მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომელსაც ყოველგვარი შესაძლო სამხედრო ესკალაციით მძიმე ზიანი შეიძლება მიადგეს."
უკრაინელ ხალხს თუ უცხადებს პარლამენტი სოლიდარობას, რაც რეზოლუციის მთავარი მიზანია, ესკალაციაში უკრაინელ ხალხს როგორ დავადანაშაულებთ? თან ვადანაშაულებთ, თან სოლიდარობას ვუცხადებთ?
დასკვნითი თეზისი:
"ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დიპლომატური ინსტრუმენტების გამოყენებითა და სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით, განაგრძოს თავისი წვლილის შეტანა უკრაინაში ომის არდაშვებაში."
ამ თეზისსაც განმარტება სჭირდება? უკრაინა თავადაც არის ჩვენი სტრატრგიული პარტნიორი. ანუ სტრატრგიულ პარტნიორებში მოიაზრება აშშ, ნატო და უკრაინაც.
ოპოზიციის აზრით, ალბათ ასე უნდა დაეწერათ:
"აგრესორ რუსეთს და ოკუპანტ პუტინს (ან პირიქით), მოვუწოდებთ ხელები შორს უკრაინისგან, ვგმობთ კრემლის დამპრყობლურ პოლიტიკას და თუ ჩვენს მოთხოვნას არ შეასრულებს, ჩვენ გავატარებთ უმკაცრეს ზომებს, ენერგეტიკულ, ეკონომიკურ და სატრანსპორტო ბლოკადაში მოვაქცევთ რუსეთს და თუ ესეც საკმარისი არ იქნება, უფრო მძიმე საფასურს გადავახდევინებთ".
ვჩუქნი ოპოზიციას. რეზოლუციის ვერსიას. უკვე ვეღარ დაარეგისტრირებენ, ვერ მოასწრეს დაწერა. რომ ეთქვათ, 5 წუთში დავუწერდი. თუმცა შეუძლიათ დიდ ვატმანზე დაწერონ, ხელი მოაწერონ, მერე ამ ვატმანისგან თვითმფრინავი გააკეთონ და გააფრინონ.
ჰო, ექს-პრეზიდენტ მარგველაშვილის კიდევ ერთი მუქარა დამავიწყდა. იარაღი გავუგზავნოთ უკრაინასო. ეტყობა არაა საქმის კურსში, რომ 30 წელია უკრაინიდან ვყიდულობთ იარაღს. მაინც რომელი სისტემები იგულისხმა? რა უნდა მივაწოდოთ? რუსეთმა აქეთ რომ შემოგვიტიოს? არადა უმაღლესი მთავარსარდალი იყო 4 წელი.
რა უნდა ელაპარაკო იმ ოპოზიციას ან ექს-პრეზიდენტს, რომლებიც ითხოვენ ზელენსკიზე და დასავლეთზე მკაცრ, უფრო სწორად აგრესიულ ტექსტს და საუბრობენ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებასა და რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე?!
ან ვინ აპროტესტებს რეზოლუციის ტექსტს, "ლელო", რომელიც პარლამენტში აღარ უნდა იყოს, თუ "სტრატეგია აღმაშენებელი", ყოფილი ნაციონალური მოძრაობა, რომელსაც არ გაუპროტესტებია კულტურის მინისტრის ცნობილი წერილი, ომიდან 2 თვეში? თუ თავად ნაციონალური მოძრაობა, რომელიც, იმ წერილს რომ თავი დავანებოთ, აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთს ცალმხრივად უვიზო მიმოსვლა აღუდგინა, ტურისტების ნაკადს საზღვარზე დახვდა, ვაჭრობა აღადგინა და WTO-ში მიღრბაზე მწვანე შუქი აუნთო? 2012-ში არჩევნების წინ რომ ყველა ხვრელიდან რუსეთთან, ანუ პუტინთან დიალოგს ითხოვდნენ, ბევრჯერ დავწერე და არ იმჩნევენ. მათთვის ყველაფერი მოსულა.
ეჭვი მაქვს, რომ ბრძანება მიიღეს და კოლექტიურად გაჯიუტდნენ, მაგრამ დავუშვათ და მართლა არ მოეწონათ ტექსტი. ეს რა ოპოზიციაა და რა დონეა, როცა განხილვაზე საკუთარი ტექსტით არ მივიდნენ და წინასწარ არ ჰქონდათ გათვლილი ის გარემოება, რომ მოუწევდათ საკუთარი ვერსიის დაინიცირება? ეს ხომ ელემენტარულია?
მოკლედ, პოლიტიკურ ველზე სავალალო მდგომარეობაა.
P.S. გუშინ, ნორმანდიული ოთხეულის ფარგლებში, პარიზში, ელისეს სასახლეში, უკრაინის და რუსეთის წარმომადგენლებუ შეთანხმდნენ, რომ დონბასში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უპირობოდ უნდა შესრულდეს.