უნგრეთი: თუ უნგრელი უმცირესობის მიმართ უკრაინა პოლიტიკას არ შეცვლის, ალბათ არ დავეხმარებით
დღეს, 16:24
უკრაინა-რუსეთის დაძაბულობის ფონზე, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს თქმით, თუ უკრაინა უნგრელი უმცირესობის მიმართ არ შეცვლის საკუთარ პოლიტიკას, ეს ბუდაპეშტის მიერ კიევისთვის დახმარების შესაძლებლობას შეზღუდავს, კონფლიქტის შემთხვევაშიც კი.
ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უნგრულ მედიასთან, Magyar Nemzet-თან ისაუბრა.
"მე ევროკავშირისა და NATO-ს კოლეგებს გულწრფელად ვუთხარი, რომ თუ უკრაინელები არ შეცვლიან ამ პოლიტიკას [უნგრული ეთნიკური უმცირესობების მიმართ], ეს სერიოზულად შეზღუდავს უნგრეთის მთავრობის მიერ უკრაინისთვის ნებისმიერი მხარდაჭერის შესაძლებლობას, კონფლიქტის შემთხვევაშიც", – თქვა სიიარტომ.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, გასული წლის ბოლოს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნგრეთის პრეზიდენტ ვიქტორ ორბანთან სატელეფონო საუბრის შემდეგ "ძალიან დადებითად აღწერა მომავალი ორმხრივი ურთიერთობა, ამის შემდეგ კი უკრაინის პარლამენტში შეიტანა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ორმაგი მოქალაქეობა არ იძლევა სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლებას".
"ეს ნიშნავს, რომ მას სურს უნგრელები თითქმის მთლიანად გამორიცხოს ეროვნულ თემებში კუთვნილებისგან. მოვიყვან სხვა მაგალითს: უკრაინელებმა მოგვმართეს თხოვნით, უკრაინისთვის ბუნებრივი აირი უნგრეთის გავლით მიგვეწოდებინა. ამას დავთანხმდით, წლის პირველ სამ თვეში შესაძლებელი გახდა უნგრეთის გავლით უკრაინაში შესულიყო 700 მილიონი კუბური მეტრის ბუნებრივი აირი, რაც დასავლეთიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იმპორტია. ამის პარალელურად, უნგრულ ეროვნულ საზოგადოებასთან დაკავშირებულ საკითხებში პროგრესს ვერ მიაღწიეს", – ამბობს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
უკრაინაში დაახლოებით 150 000-მდე უკრაინელი უნგრელი ცხოვრობს. მათი უმეტესობის საცხოვრებელი რეგიონი იმიერკარპატებია.
ამას გარდა, გასულ დღეებში უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზეც ისაუბრა.
"თუ სანქციებს განვიხილავთ, უნდა ვაღიაროთ, რომ ცენტრალური ევროპა დამოკიდებულია რუსეთის ენერგორესურსებზე. მოგვწონს თუ არა, ეს რეალობაა", – თქვა სიიარტომ.
https://tabula.ge/ge/news/679383-ungreti-tu...olp7Lo7lCMSZ8N41956???