borjgali1964
borjgali1964

       
ჯგუფი: Members
წერილები: 20360
წევრი No.: 54504
რეგისტრ.: 27-February 08
|
#58857014 · 10 Feb 2022, 12:25 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (chukius @ 10 Feb 2022, 11:24 ) | QUOTE | " ახლა,რომ მოგკლა,შური ვიძიო...ჩემდაუნებურად,ჩემიანებთან გაგატოლებ ამით... ამის ღირსი კი,მასიმო,არ ხარ"
|
ვაახ.
საიდან არის ეს?
|
ბ-ნი გურამ დოჩანაშვილი-,,სამოსელი პირველი''
აგერ არის მონაკვეთი, თუ რატომ გახდა მოხუცი სანტოსი დიდი კანუდოსელი..
== .....ბნელში ხეს ამოფარებოდა ახლა, ნაჯახი მოიმარჯვა და ის-ის იყო, კამარა უნდა შეეკრა, თავად მასიმო, აი, სწორედ ის, სწორედ მასიმო! - მისკენ წამოვიდა... მთლად გაიტრუნა მოხუცი სანტოსი, გაოგნებულმა, გვერდით ჩავლილს თვალი გააყოლა და მერე უჩუმრად, ფეხშიშველი, მიჰყვა... ხან საითკენ გასწევდა მსხვერპლი და ხან საითკენ, საიმედო ადგილს ეძებდა, თავისი ჭკუით... ერთხანს შედგა და ხეს ააყოლა დაშინებული მზერა, ტოტზე აძრომა მოუნდა თითქოს, მაგრამ გადაიფიქრა... ფეხარეულმა გასწია ისევ, ორად მოხრილი, შურისძიებით ავარვარებული, მისკენ თვალებაპყრობილი, უჩუმრად მიჰყვებოდა სანტოსი... უზარმაზარ, ფუღუროიან ხისკენ გაეშურა მასიმო, ერთხანს ფეხიც კი ასწია, მაგრამ არა, არა - უნდო ფუღურო ჩანდა რაღაცნაირი, რაღაც, გადაიფიქრა... და იქვე, შორიახლოს, ჯაგებში შეძვრა, მხრებს აფართხუნებდა. დინჯად გაიმართა სანტოსი, აცოდვილებულ მსხვერპლს კუშტად დასცქეროდა... და მასიმო რომ შეიყუჟა ჯაგნარში, დაიხარა, შარვლის ტოტზე ორი თითი ზიზღიანად ჩაავლო და იმოდენა გავლენიანი ვაჟკაცი, მასიმო, მთელ ჩვიდმეტ კაცთა ზედა მდგომი, ორი თითით გამოათრია... საკვირველი ხავილი შემოესმა, ფეხისწვერით გულაღმა გადააგორა - მატყლის გორგალი აღარ იყო საჭირო, ხმა ჩაწყვეტოდა მასიმოს, ყმაწვილს, სუსტად ხაოდა... გვერდით მიუწვა სანტოსი ნადავლს, გადაეფოფრა, და იმ თავისი ტლანქი იდაყვებით ისე ღონივრად დაეყრდნო ჩვიდმეტმეთაურს მკლავებზე, ადგილზევე ჩაუჭედა, მოღუნული ფეხი გადასდო ორთავე ფეხზე, მძლავრად დააწვა, გაუკავა, მხრებზე დააბჯინა კოჟრიანი ხელისგულები, მიწას მიალურსმა. იმის ბილწ სახეს ვერა ხედავდა - უმთვარო ღამით, ძალიან ბნელოდა ტყეში; და შურისგებით მოცახცახე, სიხარულით აცეტებული სანტოსი კიდევ უფრო რომ დარწმუნებულიყო მსხვერპლის ნამდვილად არსებობაში, ლოყაზედაც კი - აჰ! - მიეფერა, რა დრო დაუდგა, მერამდენე ღამის ოცნება, რა ჟამი დადგა... ერთი ის იყო მხოლოდ ცუდი, რომ ვერა ხედავდა გამომწყვდეულს, როგორ უნდოდა ახლა სანტოსს, შიშით ამოკარკლული თვალები ეხილა, კარგად ეცქირნა და დამტკბარიყო... ლოყებზე შემოაჭდო თითები, გამაუბედურებელს დაჟინებით ჩასცქეროდა და, გაფითრებული, ერთხანს კინაღამ გამოარჩია სიშავიდან, მაგრამ კვლავ გალღვა ამობჟუტული სახე - ალბათ, თუ გამწვანდაცხვირ-პირზე მაგრად მოუჭირა რკინის თითები სანტოსმა, ნიკაპით სადღაც ტუჩთან დაებჯინა და შიგ თვალებში ჩასჩურჩულებდა საგულდაგულოდ ხან იმას, თუ რანაირი სიკვდილით აღასრულებდა, ხან იმას, როგორ გაუბედურდა, მირცა ახსენა რამდენჯერმე, შვილს არა, არა, არ იგონებდა, ვერა ბედავდა... თანაბრად სუსტად ცახცახებდა მსხვერპლი. მოხუც სანტოსს კი, ახდენილი საწადლისგან გონებაარეულს, ბალღამნარევი ბედნიერების ველური მღერა ჩაესმოდა და მიზანმიღწეული, ქოჩორს ცხელი თითებით ფრთხილად უწეწდა, მოფერებიდან სურდა დაეწყო უმაგალითო, ჯერ არსმენილი ქვეყნად წამება - სულ ასე, ფერება-ფერებაში ამოხდიდა სულს, რის კვამლით გაგუდვა და ნელ ცეცხლზე დაწვა, ან ჩამოხრჩობა, მსხვერპლს ვის, ანდა რას უწილადებდა, ასე, მოფერებით, ყველაფერს სჯობდა. ნელა, ნელინელ, მაგრამ ხანდახან რომელიმე განრისხებული თითი უკითხავად გაექცეოდა, და ისე სწრაფად იფლობოდა ყელში, სანტოსი მეორე ხელით ძლივს ააგლეჯდა - აჰ, არა, არა, უცებ მიხრჩობას რა გემო ჰქონდა, ასე არა სჯობდა? - ნელინელ, ნელა... ცხვირპირში ჩასცინოდა შეგუბებულად სანტოსი, სიცილი რაა, ჯერ იმასაც კი იზოგავდა და იოკებდა, ეს იმიტომ რომ - ნადავლისაგან სულის ამოხდა ხარხარით სურდა დაემთავრებინა. ქშუტუნებდა და განცხრომისგან თვალი მილულა, აძიგძიგებულ ყელზე ეფერებოდა ცალი ხელით. მეორეთი კი, რამ მოაფიქრა - უხიცინებდა... ნეტარებისგან თვალებმილულულს, დამწვარ სულზე ისე საამოდ ესალბუნებოდა მსხვერპლის ამოწკავწკავება, და შიგ სახეში ისევ ჩასცინა, ზემოდან აწვა. „ჩემი ბიჭი, ჩეემი კარგი ბიჭი, - თვალდახუჭული დასჩურჩულებდა სანტოსი, - ჭკვიანი ბიიჭი, დამჯერი ბიიჭი, რა ჭკვიიიანურად წევს... - ფუჰუჰ, რა ავად ეფერებოდა: - ჩეემი მასიმო, ცელქი კამოორელი...“ და მერე, ენაც კი მოუჩლიქა! თვალდახუჭული ეფერებოდა, და როგორც იქნა, ზანტად რომ შეავლო მილულული მზერა, შეკრთა სანტოსი - მთვარე დანათოდათ, და მსხვერპლის სახე ფარფატა შუქზე ლიცლიცებდა... აჰ, ადამიანს აღარა ჰგავდა, და გვერდზე ზიზღიანად გადაგორდა სანტოსი, მძიმედ წამოდგა, დააცქერდა... რაღაცის თქმა უნდოდა მასიმოს და თუმცა გამალებით ეკლაკნებოდა ტუჩები, კრინტს ვეღარ სძრავდა... ხასიათი წაუხდა სანტოსს, ნაჯახს დახედა... თვალმოჭუტული პატარა ხანს მთვარეს შეაცქერდა მერე - ამ მცირე შუქმაც კი... კი, სხვა სიმართლეს მიახვედრა. ისევ დაწოლილს დასჩერებოდა, არარაობას, და არამცთუ რისხვას, ზიზღსაც კი ვეღარ გრძნობდა - სულ სხვა რაღაცას, ამისთანებზე გაცილებით დიდს, მთავარს მიხვდა... მაინც გულდასმით, გლეხის სიდინჯით ფიქრობდა ერთხანს და ამ უეცარი, დიდი მიხვედრის სისწორეში საბოლოოდ რომ დარწმუნდა, მაინც ისევ ფიქრობდა და ცალი ხელით საყელოში სწვდა მერე, მაღლა ასწია, დაძაბუნებულ ფეხებზე დააყენა და რომ შეატყო, ხელშეშვებული, კვლავ რომ წაიქცეოდა, ერთი ისეთი შეაჯანჯღარა, გონს მოიყვანა, უთხრა: „ახლა რომ მოგკლა, შური ვიძიო... - მშვიდად სუნთქავდა, - ჩემდაუნებურად, ჩემიანებთან გაგატოლებ ამით... ამის ღირსი კი, მასიმო, არ ხარ“. ვერაფერს მიხვდა ჩვიდმეტმეთაური, თავზარდაცემული შესცქეროდა. „ისევ მორმა ზღოს, ის მირჩევნია...“ - ჩაილაპარაკა სანტოსმა, დაფიქრებულმა, ერთიც ახედ-დახედა მერე, შეაბრუნა და, პანღურიც კი არ ამოურტყამს, ოდნავ უბიძგა, უთხრა:
- ახლა კი გიშვებ, როგორც ნაბიჭვარს. წადი.
მოხუცი სანტოსი ერთ-ერთი იყო იმ რჩეულ ხუთთაგან, ვინც დიდი კანუდოსელი გახდა.
და არა პრუდენსიო.''
This post has been edited by borjgali1964 on 10 Feb 2022, 12:30
|