https://formulanews.ge/News/65046ღარიბაშვილი: სპორტი უნდა გავმიჯნოთ პოლიტიკისგან, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი გუნდი ჩამოდის
23 თებ 202223:09
პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთისგან აუცილებლად უნდა გაიმიჯნოს, მიუხედავად იმისა, ვინ არის მოწინააღმდეგე გუნდი.
"ჩვენ ყველანი ვამაყობთ ჩვენი ძალიან მაგარი რაგბისტებით, გმირი ბიჭებით, რომლებიც ძალიან ბევრჯერ გვახარებენ, მე მჯერა, რომ კვირას ისინი კიდევ ერთ მორიგ გამარჯვებას მოიტანენ. მე, როგორც ჩვეულებრივ მოქალაქესა და ასევე პოლიტიკოსს, მიმაჩნია, რომ სპორტი ყოველგვარი პოლიტიკისგან უნდა გავმიჯნოთ და არავის მივცეთ საშუალება რაიმე ინტრიგა და პროვოკაცია შეიტანოს სპორტში. მნიშვნელობა არ აქვს რომელი გუნდი ჩამოდის.
ჩვენი ქართველი რაგბისტები პირველად არ ხვდებიან რუს მორაგბეებს. სპორტი, მოქალაქეები, ზოგადად რუსი ხალხი არის ერთ მხარეს და მეორეა ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობები რუსეთის პოლიტიკურ ხელისუფლებასთან, ამიტომ ეს ერთი მეორესგან უნდა დავაშოროთ" - თქვა ღარიბაშვილმა.
რუსთავი 2-ის ეთერში მან რაგბის 27 თებერვალს დაგეგმილ მატჩზე ისაუბრა - საქართველო რუსეთს შეხვდება. მოქალაქეები, აქტივისტები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები გეგმავენ, სტადიონიდან მხარდაჭერა უკრაინას გამოუცხადონ და უკრაინის დროშები გაშალონ.
მმართველი გუნდი ამ ინიციატივას მოსალოდნელ პროვოკაციას უწოდებს.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, სტადიონზე უკრაინის დროშები გაიშლება თუ არა - რაც ყველაფერი პროვოკაციად შეფასდება.
"ძალიან კარგად მესმის, რომ გაკოტრებული პოლიტიკოსები შეეცდებიან ამ სიტუაციაში გარკვეული პროვოკაციების მოწყობას, მაგრამ მე მინდა ისინი გავაფრთხილო, რომ ნებისმიერ ასეთ პროვოკაციას, ძალიან მკაცრი რეაგირება ექნება. მნიშვნელობა არ აქვს, დროშებს მიუტანენ თუ არა.
მინდა ყველას ვთხოვო, რომ მეტი პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ. ამ გაკოტრებულ პოლიტიკოსებს რა უნდათ, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. მათ უნდათ ეკონომიკის გაჩერება, ტურიზმის გაჩერებაც, ქვეყნის დაკეტვაც და ახალი ომის დაწყებაც, რადგან ამაში ხედავენ რაღაც თეორიულ შანსს ხელისუფლებაში დაბრუნების. ჩვენ არავის მივცემთ ქვეყანაში სიტუაციის არევის საშუალებას. ის რაც ჩვენ მოვახერხეთ, გადაჭარბების გარეშე ვამბობ, რომ უპრეცედენტოა. 9 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანას არ ჰქონია ომი, მოვახერხეთ ის, რომ ოკუპაციის პირობებში, შევინარჩუნეთ სიმშვიდე, სიმტკიცე და უამრავი სხვა პერსპექტივა გავუჩინეთ ქვეყანას". - თქვა ღარიბაშვილმა.