არ ვამტკიცებ, რომ რასაც ახლა დავდებ 100%-ით სიმართლეა, მაგრამ Gulagu.net-ს ყოველთვის კარგი ინსაიდერები ჰყავდა რუსეთის სადაზვერვო სამსახურებში, სწორედ მათ გადასცეს ამავე სოციალური ქსელის დამაარსებელს, ვლადიმერ ოსეჩკინს რუსეთის ციხეებში მიმდინარე წამებების რამდენინე ათასი ვიდეო და სწორედ ეს ინსაიდერები აწვდიდნენ მას არაერთ ფარულ ინფორმაციას, რომელთა ჭეშმარიტებაც რამდენიმე თვეში ირკვეოდა.
მოკლედ, უცვლელად და მინიმალურად თავისუფალი თარგმანით გთავაზობთ ოსეჩკინის აქამდე საკმაოდ სანდო წყაროს ტექსტს მიმდინარე მოვლენებზე:
იმით დავიწყებ საუბარს, რომ ბოლო დღეები თითქმის არ მიძინია, მთელ დროს სამსახურში ვატარებ, გონება კი დაბინდული მაქვს. გადაღლილობისგან ზოგჯერ მგონია, რომ ეს ყველაფერი რეალურად არ ხდება.
გულრწფელად ვიტყვი, პანდორას ყუთი უკვე გახსნილია - ზაფხულში მსოფლიო მასშტაბის საშინელება დაიწყება - გლობალური შიმშილი გარდაუვალია (რუსეთი და უკრაინა ხორბლის ძირითადი ექსპორტიორები იყვნენ, წელს კი მოსავალის რაოდენობა შემცირდება, ლოგისტიკური პრობლემები კი კატასტროფის მასშტაბს გაზრდის).
ვერ გეტყვით, რით ხელმძღვანელობდნენ ზემოთ ამ ოპერაციის დაგეგმვისას, მაგრამ ახლა რიგით თანამშრომლებს შეგვაწმინდეს ხელები. გვლანძღავენ არასწორი ანალიტიკის გამო - აქვე დავაკონკრეტებ, სწორედ ანალიტიკაა ჩემი საქმიანობის სფერო. ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტად გვაქცევდნენ მარწუხებში, ჩვენი ანგარიშები კი არა რეალობას, არამედ შესაბამისად ხელმძღვანელობის სურვილებს უფრო აღწერდნენ. ყველა ეს პოლიტკონსულტანტი, პოლიტიკოსი, მათი ამალა, გავლენის აგენტები - სწორედ ისინი ქმნიდნენ ქაოსს.
ყველაზე მთავარი - არავინ იცოდა, რომ ასეთი ომი დაიწყებოდა, ამას ჩვენც გვიმალავდნენ. და აი მაგალითი: თქვენ გავალებენ (პირობითად) გამოთვალოთ რისკების მასშტაბები ნებისმიერ საკითხში, მათ შორის ისეთი აბსურდული სიტუაციისაც, როგორიცაა ციხეზე მეტეორის დაცემა. ეკითხებით ხელმძღვანელობას, რატომ სურთ მეტეორის დაცემის რისკების მასშტაბების გამოთვლა, ისინი კი გპასუხობენ, ნებისმიერი შემთხვევისთვისო. თქვენ გესმით, რომ ეს ანგარიში მხოლოდ კაპრიზების დაკმაყოფილებისთვის უნდა შეადგინოთ, ურა-პატრიოტულ, გამარჯვებულ სტილში, რადგან არ გაჩნდეს ზედმეტი კითხვები იმის შესახებ, თუ რატომ არ ვართ მზად მეტეორის დაცემისთვის. მოკლედ, იწერება ანგარიში, რომ მეტეორის დაცემისთვის სრულიად ვართ მზად, გვაქვს შედეგების აღმოფხვრის რესურსები, მაგრები ვართ და ყელაფერი კარგად მიდის. ამ სულელური ანგარიშის დაწერის შემდეგ კი, რეალური პრობლემების მოგვარებას ვიწყებთ. გაითვალისწინეთ, რომ ამ რეალური პრობლემების მოგვარებაც კი რთულია - ძალა ისედაც გამოცლილი გვაქვს. და აი ამ დროს, მართლაც გვეცემა მეტეორი და ხელმძღვანელობა ელოდება დამდგარი შედეგის ისე მოგვარებას, როგორც ანგარიშში იყო აღწერილი, იმ ანგარიშში, რომელიც ნახევრად არასერიოზულად იწერებოდა. სწორედ ამიტომ ვართ ტოტალურ პი*დეცში ახლა - არც კი მინდა სხვა, უფრო კორექტული სიტყვის შერჩევა. სანქციებისგან დაუცველი ვართ იგივე მიზეზითვე: ნაბიულინას დიდი ალბათობით კეფაში წამოარტყამენ არაკომპეტენტურობის გამო, მაგრამ რაშია დამნაშავე? არავინ ელოდა ასეთ ომს, შესაბამისად სანქციებისთვისაც არავინ იყო მზად. ეს მეთაურობის დუმილის უკუშედეგია: თუ არავის არაფერი უთხრეს, ვის უნდა გაეთვალა შედეგები?
კადიროვი ჭკუიდან იშლება. ცოტაც და შეიძლება იარაღი ჩვენსკენ მოატრიალონ: უკრაინელებმა დეზინფორმაცია შემოაგდეს, თითქოს კადიროველთა სპეცდანიშნულების რაზმების გადაადგილების მარშრუტები მათ რუსეთის დაზვერვამ მიაწოდა პირველ დღეებში. იმ დღეებში, როცა კადიროვის რაზმები იქამდე გაანადგურეს უკრაინელებმა, სანამ ისინი ომში ჩაერთვებოდნენ. ჰოდა აზვირთდა: ФСБ-მ გაგვყიდაო. მსგავს ინფორმაციას არ ვფლობ, ასე რომ 1-2%-იანი შანსი მაინც არსებობს, რომ უკრაინელების დეზინფორმაცია სიმართლე იყოს.
ბლიცკრიგი ჩაიშალა. მიზნის შესრულება უკვე შეუძლებელია: პირველ სამ დღეში რომ დაგვეტყვევებინა ზელენსკი და მისი მთავრობის წევრები, შემდეგ კი კიევის ადმინისტრაციული შენობები დაგვეკავებინა, ყველასთვის გვეთქვა, რომ მათმა პრეზიდენტმა კაპიტულაციას მოაწერა ხელი, კი წინააღმდეგობა მინიმუმამდე დაეშვებოდა. თეორიულად. მაგრამ შემდეგ? იდეალურ მდგომარეობაშიც კი ვისთან უნდა გვეწარმოებინა მოლაპარაკებები? კარგი, ჩამოვაგდეთ ზელენსკი, ვის უნდა მოველაპარაკოთ? მისი ჩამოგდების მერე, ნებისმიერი ხელმოწერილი ფურცელი ფასს დაკარგავდა. ОПЗЖ-მ უარი თქვა თანამშრომლობაზე: მედვედჩუკს შეეშინდა და გაიქცა. მეორე ლიდერიც ჰყავთ - ბოიკო, მანაც უარი თქვა. ცარევის დაბრუნება მოვინდომეთ და მასზე პრორუსებმაც კი უარი თქვეს. იანუკოვიჩი დავაბრუნოთ? როგორ? თუ ვამბობთ, რომ ოკუპაციას არ ვაპირებთ, ნებისმიერ ხელისუფლებას ჩვენი წასვლიდან 10 წუთში გაანადგურებენ უკრაინელები. მოვაწყოთ ოკუპაცია? საიდან მოვიყვანთ ამისთვის საკმარის ხალხს? კომენდატურები, სამხედრო პოლიცია, კონტრდაზვერვა, დაცვა - მოსახლეობის მხრიდან მინიმალური წინააღმდეგობის შემთხვევაშიც კი, ადგილზე 500 000-იანი კონტინგენტი დაგვჭირდება. აღარაფერს ვამბობ მომარაგების სისტემაზე. ხარისხის რაოდენობით გადაფარვა, კონტროლის დონეს მხოლოდ და მხოლოდ ზიანს მიაყენებს. ვიმეორებ, ეს ყველაფერი იდეალურ ვარიანტშიც კი ურთულესი იქნებოდა, ეს ვარიანტი კი რეალურად არც არსებობს.
ახლა რა უდა მოხდეს? მობილიზაციას ორი მიზეზით ვერ გამოვაცხადებთ:
1) მასშტაბური მობილიზაცია ქვეყნის შიგნით გაამწვავებს მდგომარეობას: ეკონომიკურს, პოლიტიკურს და სოციალურსაც.
2) ლოგისტიკურად დღესაც კი არანორმალურად ვართ გადატვირთული. უფრო დიდ კონტიგენტს შევყრით, მაგრამ რას მივიღებთ? უკრაინა უზარმაზარ ტერიტოსიას მოიცავს. ჩვენს მიმართ ზიზღი კი არნახულ მასშტაბზეა ასული. ჩვენს გზებს გამტარუნარიანობაც კი არ ეყოფათ უზარმაზარი ქარავნებისთვის - ყველაფერი გადაიჭედება. ორგანიზებასაც ვერ მოვახერხებთ - ყველგან ქაოსია.
და ეს ორი მიზეზი, ერთად გვიშლის ხელს, არადა ერთიც კი საკმარისია ყველაფრის ჩაფლავებისთვის.
დანაკარგებზე: ნამდვილად არ ვიცი რამდენია. არავინ იცის. პირველი ორი დღე მეტნაკლებად ვაკონტროლებდით სიტუაციას, ახლა არავინ იცის რა ხდება. ხშირად ვკარგავთ კონტაქტს დიდ დაჯგუფებებთან, ზოგჯერ ხელახლა ვუკავშირდებით, ზოგჯერ კი ისინი უგზო-უკვლოდ ქრებიან. ადგილობრივმა მეთაურებმაც კი არ იციან, რამდენი ჯარისკაცი დარბის მათ ირგვლივ, რამდენი მოკვდა და რამდენი დაატყვევს. დაღუპულთა რაოდენობა ათასებს უტოლდება. შეიძლება 10 000, შეიძლება 5 000, შეიძლება 2 000. შტაბშიც კი არ იციან ზუსტად. ჩემი აზრით 10 000-მდე უნდა იყოს. ЛДНР-ის დანაკარგებს არც ვითვლით - მათ თავისი ანგარიში აქვთ. ზელენსკი ახლა რომც მოვკლათ, ან დავატყვევოთ - არაფერი შეიცვლება. ზიზღის დონე უკვე ჩეჩნეთის ომისას უტოლდება. ვინც აქამდე ლოიალური იყო, ისინიც კი ჩვენს წინააღმდეგ შეიარაღდნენ. ყველაფერი კი იმის გამო, რომ ზემოდან გვეუბნებოდნენ, მსგავსი რამ არ მოხდება, თავს თუ არ დაგვესხმებიანო. გვეუბნებოდნენ, რომ ჯარები წნეხისთვის მივაყენეთ საზღვრებს, მოლაპარაკებებების ჩვენს სასარგებლოდ წარსამართადო. ზელენსკის წინააღმდეგ აქციებს გვაგეგმინებდნენ და არა პირდაპირ ინტერვენციას.
მშვიდობიან მოსახლეობაში დანაკარგები გეომეტრიული პროგრესიით გაიზრდება - შესაბამისად გაიზრდება წინააღმდეგობაც. ქალაქების დაკავებაც უკვე ვცადეთ, ოცი სადესანტო ოპერაციიდან მხოლოდ ერთი იყო პირობითად წარმატებული. მოსულის შტურმი გაიხსენეთ - არაფერია ამაში ახალი. ალყაში მოვაქციოთ? ევროპაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტები (სერბეთი ყველაზე დიდი გამოცდილების ობიექტია ამ კუთხით) ადასტურებს, რომ ქალაქებს წლობით შეუძლიათ ალყაში ყოფნა და მეტნაკლებად ნორმალურად ფუნქციონირება. ჰუმანიტარული ტვირთი კი უწყვეტ რეჟიმში შესდით ევროპიდან.
პირობით დედლაინად ივნისი დაგვისახელეს. პირობითად იმიტომ, რომ ივნისში ჩვენი ეკონომიკისგან აღარაფერი დარჩება. შემდეგ კვირას დაიწყება გარდამტეხი მოვლენები ეკონომიკის მხრივ. ანალიტიკა შეუძლებელია - შეუძლებელია ქაოსის გამოთვლა. წინათგრძნობებითა და ემოციებით მოქმედება არ შეგვიძლია - პოკერს ხომ არ ვთამაშობთ. ფსომნები გაიზრდება იმის იმედით, რომ რომელიმე ვარიანტმა შეიძლება გაისროლოს. უბედურება კი იმაშია, რომ ერთი არასწორი სვლაც კი დღესვე დაგვაკარგვინებს ყველაფერს.
სახელმწიფოს გამოსავალი აღარ დარჩა. გამარჯვების ვარიანტი უბრალოდ აღარ არსებობს, დამარცხების კი რამდენინე. 100%-ით გაიმეორეს გასული საუკუნის პირველი წლების შეცდომა, როცა იაპონიასთან წამოიწყეს „პატარა, გამარჯვების მომტანი ომი“, შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ჩვენი არმია არაფრად ვარგა. შემდეგ ეს ომი „გამარჯვებამდე ბრძოლის“ ფაზაში გადაიყვანეს, არმიაში ბოლშევიკებიც კი ჩარიცხეს, მარგინალები, რომლებიც მასებს დიდად არც აინტერესებდათ. ამ მარგინალებმა კი ბოლოს ანტისაომარი ლოზუნგები აიტაცეს, დანარჩენი კი ისედაც ყველამ ვიცით.
რაც შეგვეძლო ამ კუთხით ყველაფერი გავაკეთეთ: „შტრაფნიკების“ წინა ხაზზე გაგზავნას ხელი შევუშალეთ. პირველ ხაზზე პატიმრები და „სოციალურად არასანდო“ ხალხი რომ გაგვეშვა, ისედაც განადგურებული საბრძოლო სულისკვეთება არმიაში, მინუსებში გადავიდოდა. მტერი კი მოტივირებულია, საშინლად მოტივირებული. ომი შეუძლია, ოფიცრობა გამოცდილი ჰყავთ ბრძოლებში, იარაღიც აქვთ და მხარდაჭერაც.
რისი გვეშინია ყველაზე მეტად: ზემოთ ძველი პრობლემების ახლით გადაფარვის პრინციპით მოქმედებენ. იგივე მიზეზით დაიწყო 2014 წელს არეულობა დონბასში - ყურადღება სამყაროს ყირიმიდან დონბასის ომზე უნდა გადაეტანა. მაგრამ იქაურმა ომმაც კიდევ უფრო მეტი პრობლემა გააჩინა. შემდეგ ვეცადეთ ერდოღანისთვის ოთხმილიანი „სამხრეთის ნაკადი“ შეგვეტენა და სირიაში შევედით - მას შემდეგ რაც სულეიმანიმ თავიდანვე არასწორი ანგარიშები გამოგვიგზავნა და ამ არასწორ ანგარიშებზე ავაგეთ დავალებები. საბოლოოდ - ყირიმის საკითხი ვერ დავალაგეთ, დონბასში რაც ხდება თქვენც ხედავთ, სამხრეთის ნაკადი ორ მილამდე შემცირდა, სირია კი მუდმივ თავისტკივილად იქცა (გამოვალთ - ასადს ჩამოაგდებენ და იდიოტებად გამოგვიყვანენ, დარჩენა კი რთული და უსარგებლოა).
არ ვიცი ვინ მოიგონა „უკრაინული ბლიცკრიგი“. რეალური ინფორმაცია რომ მოეწოდებინათ გეგმებზე, როგორც მინიმუმ ანგარიშში მივუთითებდით, რომ გეგმა საკამათოა და მას ბევრ პუნქტში სჭირდება გადამოწმება. ძალიან ბევრში. ახლა კი ნეხვში ვართ ყელამდე ჩაფლული და ვერც ვხვდებით რა უნდა ვქნათ. „დენაციფიკაცია“ და „დემილიტარიზაცია“ - ეს არ არის ანალიტიკური კატეგორიები, რადგან არ მათ არ აქვთ მკვეთრად გამოკვეთილი პარამეტრები, რისი მიხედვითაც გავიგებთ შესრულდა, თუ ვერა დასახული მიზნები. ახლა უბრალოდ უნდა ვიცადოთ იქამდე, სანამ რომელიმე დორბლიანი მრჩეველი არ ჩააწვეთებს ხელისუფლებას ევროპასთან სამხედრო კონფრონტაციის აუცილებლობას, სანქციების მოხსნის მოთხოვნით. ან მოხსენით, ან ომი. და უარი რომ თქვან?
არსებობს ლოკალური ბირთვული დარტყმის საფრთხე? კი. არა სამხედრო მიზნით (ეს არაფერს მოგვცემს სამხედრო კუთხით), არამედ სხვების დაშინებით. მზადდება ნიადაგი უკრაინაზე ხელის შეწმენდისთვის - ნარიშკინი უკვე ამზადებს ლეგენდას იმის შესახებ, რომ უკრაინა ბირთვულ იარაღს აზადებდა. წლების განმავლობაში რასაც ვიკვლევდით და რის ანალიტიკასაც ვეწეოდით, იმას ანადგურებენ ეს იდიოტები: ვერ გააჩენ ჰაერიდან არარსებულ ბირთვულ კვალს, ვერც სპეციალისტებისა და ურანის არსებობას დაამტკიცებ (იმის მიუხედავად, რომ უკრაინას დიდი რაოდენობით აქვს გაღარიბებული იზოტოპი 238). წარმოების ციკლი ისეთია, რომ შეუძლებელია არათუ ბირთვული, ბინძური ბომბის დამზადებაც კი უკვალოდ.
იცით რა დაიწყება ერთ კვირაში? ნუ კაი, თუნდაც ორში. ისე დაგვფარავს სრული პი*დეცი, რომ მშიერი 90-იანები მოგვენატრება. სანამ ვაჭრობა შეწყდებოდა, ნაბიულინამ სწორი ნაბიჯები გადადგა და რუბლი გააჩერა, მაგრამ ეს იგივეა, გახეთქილი კაშხალი შეაჩერო თითით. მაინც გასკდება, უფრო ძლიერად. არც სამი, არც ხუთ და არც 10 დღე აღარაფერს გადაწყვეტს.
კადიროვი ფეხებს აბაკუნებს - მას თავისი პრობლემები აქვს. გავლენიანის და უძლეველის იმიჯი შეიქმნა და როცა ეს იმიჯი შეირყევა, მას საკუთარი ხალხივე შეჭამს.
სირიაში ყველაფერი კიდევ უფრო რთულადაა „ბიჭები გამაგრდებიან სანამ უკრაინაში არ ჩაწყნარდება ამბები“, ვერა ვერ გამაგრდებიან. ნებისმიერ დროს შეიძლება დაუმთავრდეთ რესურსები. თურქეთმა სრუტეები გადაკეტა, თვითმფრინავით მომარაგება კი ბუხარში ფულის ყრას ჰგავს.
გაითვალისწინეთ - ეს ყველაფერი ერთდროულად ხდება. ისეთივე მდგომარეობაში ვართ, როგორც გერმანია 1944 წელს.
ცინიკურად დავამატებ, რომ სამყაროს განადგურების არ მჯერა და არც იმის, რომ პუტინი წითელ ღილაკს დააჭერს ხელს.
პირველ რიგში, ამას ერთი ადამიანი არ წყვეტს, ვიღაც მაინც იტყვის უარს. ხალხი კი ამ წრეში ბევრია - არ არსებობს არანაირი „ერთი წითელი ღილაკი“.
მეორე - დიდი ეჭვი მაქვს რომ სისტემა საერთოდ ფუნქციონირებს. გამოცდილება გვანახებს, რომ რაც უფრო მეტია ღიაობა და კონტროლი, მით უფრო მარტივია ლაფსუსების აღმოფხვრა. აქ კი სრულიად გაუგებარია ვინ და რას აკონტროლებს, ყველა ჩვენს სტილში წერს ანგარიშებს - ყველაფერი კარგადაა, ვიმარჯვებთ. ეჭვი მეპარება, რომ წითელი ღილაკების სისტემა არსებული მონაცემების შესაბამისად მოქმედებს. სხვა თუ არაფერი, პლუტონიუმი ყოველ ათ წელში საჭიროებს შეცვლას.
მესამე - და ყველაზე გულისამრევი, არ მჯერა რომ თავგანწირვისთვის არის მზად ის ადამიანი, რომელიც არავის ენდობა, არც ფედერაციის საბჭოს წევრებს, არც უახლოეს გარემოცვას და არც მინისტრებს ახლოს არ უშვებს. არ აქვს მნიშვნელობა კორონავირუსის შიშით, თუ თავდასხმით. თუ სანდო ხალხსაც კი არ ენდობი, ისე უფრთხილდები სიცოცხლეს, როგორ გადაწყვეტ საკუთარი თავისა და ოჯახის წევრების გაწირვას?
თუ კიდევ რამე გაინტერესებთ, მკითხეთ. შეიძლება რამდენიმე დღე ვერ გიპასუხოთ. ქაოსის რეჟიმში ვართ, ანგარიშებს არ ვწერთ და აღარც არაფერს ვწყვეტთ.
მოკლედ, ანგარიშები ომახიანი გვაქვს, მაგრამ ყველაფერი ნეხვშია ჩაფლული
https://www.facebook.com/wewillriseagain14/...358633596171207https://www.facebook.com/vladimir.osechkin/...811633942268327 This post has been edited by RაTი on 6 Mar 2022, 15:45