რუსეთის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი აქვს - ფიფა სკანდალში გაეხვა
რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი აქვს და შესაძლოა, პლეიოფის შეხვედრებში მონაწილეობა მიიღოს. ამ ინფორმაციას პოლონური გამოცემა, Sport Interia ავრცელებს და იუწყება, რომ ფიფა რამდენიმე ვარიანტს განიხილავს.
Sport Interia საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო ცდილობს, იპოვოს გამოსავალი, რომლის წყალობითაც, რუსეთი პლეიოფის მატჩების ჩატარებას შეძლებს. ერთ-ერთი ვარიანტის მიხედვით, შესაძლოა, რუსეთის მონაწილეობით მარტში ჩანიშნული შეხვედრები გადაიდოს და ივნისში გაიმართოს. ფიფაში იმედი აქვთ, რომ იმ დროისთვის უკრაინაში მიმდინარე ომი დასრულებული იქნება.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საფეხბურთო კავშირმა ტურნირების მიღმა დარჩენა სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრა. პოლონური გამოცემის ცნობით, ფიფას პოზიციაზე გავლენას სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს ვერდიქტი იქონიებს. სპორტულმა სამყარომ რუსეთის მოკვეთა და ზომების მიღება გადაწყვიტა, მაგრამ როგორც ჩანს, ფიფას სხვა პოზიცია აქვს...
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო. მხარეებს შორის მოლაპარაკებების ორი რაუნდი უკვე გაიმართა, მაგრამ ცვლილებები ჯერჯერობით არ ყოფილა.
https://www.facebook.com/251116495788604/po...34791927421053/