20-25 სტრიქონს თუ გაუძლებთ, მერე ბოლომდეც ჩაიკითხავთ ვისაც დრო გაქვთ.
სოროსის ახალი ოინები
დიდი განსაცდელის ჟამი დაუდგება მოკლე ხანში ქართულ სახელმწიფორბრიობას და მართლმადიდებლობას, რომელიც ოდითგანვე გარშემორტყმული იყო სხვადასხვა ჯურის მტრებით. მმაგრამ ვიფრთხილოთ და ვიფხიზლოთ! - მონღოლ-თათრები, მუსლიმები თუ კომუნისტები ყველა ერთად აღებული არაფერია იმასთან შედარებით, რა განსაცდელსაც ამჟამად გვიმზადებს ბედი მუხთალი და ცბიერი. ამჟამად ჩვენს სახელმწიფოს და ეკლესიას გამოუჩნდა ახალი და უმზაკვრესი მტერი - მასონი სოროსი (თავისი უთვალავი მილიარდებით), რომელიც ცდილობს ამოძირკვოს ყოველივე ქართული - მართლმადიდებლური ეკლესიით დაწყებული და ყოველგვარი ეროვნული ატრიბუტიკით დამთავრებული - იქნება ეს ქართული სინდისის სიმბოლო ულვაში თუ ამ სინდისის დანარჩენი ატრიბუტები: ჩოხა-ახალუხი, სვანური თუ ხევსურული ქუდები, სადღეგრძელოები, თამადები და ა.შ. (ჰავაი, ჩოხოსნებო და ჩაბალახ-ყაბალახიანებო!)
მუსლიმებს და კომუნისტებს გადავურჩით, მაგრამ როგორც თავშივე ავღნიშნეთ, ამჟამად ჩვენი სახელმწიფოს და სამოციქულო ეკლესიის წინააღმდეგ უმზაკვრესი, ფულით ზურგგამაგრებული მსოფლიო მასონური სამყაროა დარაზმული, რომელმაც უბეში შემოგვისრიალა ამ მასონური სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი ლოჟის ხელმძღვანელი მილიარდერი ჯორჯ სოროსი.
სარწმუნო წყაროებით ვიცით, რომ ამჟამად ჯორჯ სოროსს დავალებული აქვს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წინააღმდეგ განახორციელოს მასონური სამყაროს საუკუნის პროექტი კოდური სახელწოდებით: “ღია საზოგადოება - გაკრეჭილი მღვდლების საქართველო”. კერძოდ რას წარმოადგენს ეს პროექტი და რა არის მისი უმთავრესი მიზანი, როგორია მისი განხორციელების გზები?
სარწმუნო წყაროები: - ნათელმხილველი სიბილები - ზენარა სანთულაია, ცუცა ლაცუცია და კიდევ ერთი დიდი რანგის ნათელმხილველი, რომელსაც ჯერ არ სურს გამჟღავნდეს მისი სახელი, - კარტით, ყავით და ლობიოს მარცვლებით მარჩიელობისას მივიდნენ აღნიშნული, მზაკვრული პროექტის გაშიფრვამდე და ნიღაბი ახადეს უდიდეს შეთქმულებას, რომელიც როდისმე ჩაუფიქრებიათ საქართველოს მტრებს საქართველოს წინააღმდეგ.
პროექტის მიზანი: საქართველოს ეკლესიის იავარქმნა, ბრმა რწმენის და არქაიზმის აღმოფხვრა, დემოკრატიის სახელით საქართველოს მოქცევა დასავლურ ცნობიერებასა და ორიენტაციაზე, მისი შეტყუება ევროკავშირში, დასავლური ღირებულებების და ენების დანერგვა-სწავლება ქართული ეროვნული ღირებულებებისა და ქართული ენის დავიწყების ხარჯზე და სხვა... (რა იმალება ამ “სხვას” მიღმა საკითხავი აი ეს არის! მაგრამ ქართველი გრძნეული სიბილები გვაიმედებენ, რომ მალე, განსაკუთრებით ლობიოს მარცვლებზე მარჩიელობით ამასაც ახდიან ფარდას, რადგან მათი თქმით (“მასონობა ლობიოობა არ არის!”).
კერძოდ რაში მდგომარეობს პროექტის არსი და რა საშუალებებით აპირებენ მის განხორციელებას?
პირველი ეტაპი - მართლმადიდებელი სამღვდელოების და მათთან მიახლოებული პირების გაკრეჭვა და ამ გზით საქართველოს გადაქცევა გაკრეჭილი მღვდლების ქვეყნად. მეორე ეტაპი: ანაფორების გახდა და საქართველოს გადაქცევა უანაფორო მღვდლების ქვეყნად (როგორც ჩანს სოროსს ჰგონია რომ წვერხავსის და ანაფორების გარეშე საქართველო მოწყდება ნამდვილ სულიერებას და ქვეყანა გახდება გახდება დასავლურ მასონურ სამყაროს შემადგენელი ნაწილი).
პროექტის განხორციელების საშუალებები: მთავარი იარაღი და საშუალება, რასაც პროექტის ავტორები (პროექტის თანაავტორი და კოორდინატორი, მართლმადიდებლობის გამოუძინებელი მტერი ზბიგნევ ბჟეზინსკი) მიზნის მისაღწევად გამოიყენებენ ფულს და ფულის მაცდურ ენერგიას. მაგრამ როგორც ძველად, ეს არ იქნება მხოლოდ ოცდაათი ვერცხლი. პროექტის ბიუჯეტი არ იქნება შეზღუდული სოროსის შემოსავლების მსგავსად და შესაძლოა ბიუჯეტის მოთხოვნილებისამებრ გაზრდა და კორექტირება.
პროექტის განხორციელების ხანგრძლივობაც არ არის დროში გაწერილი და გაგრძელდება მანამ, სანამ ბოლო მართლმადიდებელი მღვდელი არ გაიკრიჭება და არ გაიხდის ანაფორას და სანამ ამით ნასიამოვნები სოროსი სატანისტურად არ დაიკრიჭება.
განხორციელება: საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გაიხსნება წვერის და შემდგომ ანაფორების ჩამბარებელი პუნქტები. როგორც პროექტიდან ჩანს, ჩამბარებელი პუნქტების ადგილების უდიდესი ნაწილი დაქირავებული იქნება ფიზიკური თუ სხვადასხვა იურუდიული პირებისგან და ამაში ხელისშემშლელი ფაქტორების გამოსარიცხად გადახდილი იქნება უზარმაზარი თანხები. გამონაკლისი იქნება სოროსის მიერ დაფინანსებული სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ვალდებულნი იქნებიან ჩამბარებელი პუნქტებისთვის უფასოდ გამოყონ წვერ-ანაფორების ჩამბარებელი ოფისები.
ანაფორების ჩაბარების წესი და ღირებულება მისი სიმარტივის გამო პროექტში შედარებით მკაფიოდ არის გაწერილი და ასახული. კერძოდ, ერთი ანაფორის ღირებულება მისი ნახმარობის და ცვეთის მიხედვით მერყეობს და შეადგენს 1599-5000 ამერიკულ დოლარს (შესაბამისი კურსით ქართულ ლარს).
პროექტის ავტორებს როგორც ჩანს დიდი დავა და უთანხმოება ჰქონდათ წვერების ჩაბარების წესზე და პროცესზე, კერძოდ, ზომის რომელი ერთეულით ეხელმძღვანელათ წვერის ჩაბარების დროს - უნციით, კილოგრამობით თუ მოცულობით და ბოლოს მისულან დასკვნამდე, რომ ჩვენი ტრადიციული მენტალიტეტის გათვალისწინებით ყველაზე მართებული იქნება თუ წვერის ჩაბარების ერთეული იქნება საშუალო ბღუჯა, რაც ნიშნავს, რომ წვერის ჩამბარებელ პიროვნებას უნდა ჰქონდეს საშუალო ადამიანური ბღუჯა.
დასაშვებია ბღუჯათა შორის მცირედი სხვაობა, მაგრამ არა ისეთი, როგორი სხვაობაც არის მაგალითად კალათბურთელ მეჯიქ ჯონსონის და გამოჩენილი ჩინელი ჩია ტანის მაგიდის ჩოგბურთელ ჩიან ჩაოს ბღუჯებს შორის.
ღირებულება: ერთი საშუალო ბღუჯა მართლმადიდებელი მღვდლის და მათთან გაიგივებული არქაისტული პირების წვერი 7000 (შვიდი ათასი) ამერიკული დოლარი ეღირება. ცოტა ბუნდოვანი ჩანს კერძოდ ვინ იგულისხმება მღვდლებთან გაიგივებულ არქაისტებად, მაგრამ ამ გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად პროექტში მოცემულია გარკვეული განმარტებები: მღვდლებთან გაიგივებულ პირებად შეიძლება ჩაითვალოს ყველა, ვინც მართლმადიდებლობასთან მჭიდრო კავშირშია, იცავს მარხვას, ჰყავს მის მაგიერ მოაზროვნე მოძღვარი მამაო, რომელთანაც რეგულარულად დაიარება ზიარებასა და აღსარებაზე, არის რაც შეიძლება მეტი და მეტი პიროვნების ნათლია, თავის სამუშაო ოთახში გამოფენილი აქვს წმინდანთა ხატები, ვინაც თვლის, რომ მეორედ მოსვლა ქართულ ენაზე ეხარება კაცობრიობას, ვინაც თვლის, რომ ქართულ დამწერლობასა და ენაშია დამარხული სამყაროს წარმოშობის და მისი მომავლის გასაღები და რომ ყველგან და ყველაფერი მომდინარეობს უძველესი ქართველური საწყისებიდან, ვინაც არ ცნობს არც ერთ სხვა რელიგიას მართლმადიდებლობის გარდა, ვინაც თვლის, რომ მხოლოდ ქართველი, ბერძენი და რუსი მართლმადიდებლები გადარჩებიან “უკანასკნელ ჟამს”, ვინაც თვლის, რომ ქრისტიანული დღესასწაულები მხოლოდ დროის ძველი სტილით შეიძლება ავღნიშნოთ. (თუმცა კი მართლმადიდებელი ბერძნები უკვე ახალი სტილით დღესასწაულობენ ყოველივე ამას.
ეს კი საეჭვოა, ძალზე საეჭვო და აქედან გამომდინარე, საეჭვოა უკანასკნელ ჟამს მათი გადარჩენაც. შესაბამისად ბერძენი მართლმადიდებლის წვერის ღირებულებაც ბევრად ნაკლები იქნება). ამრიგად, განმარტებებში ფულის შოვნის საშუალება ეძლევათ უწვერო პირებს, რომლებიც მათი ცნობიერებით მართლმადიდებლები და არქაისტები არიან, ვინაც პატრიარქებზე მეტად პატრიარქები არიან, მაგრამ რატომღაც წვერი არ მოუშვიათ. მათ აქვთ საშუალება პროექტის დაწყებამდე რამდენიც სურთ იმდენი ბღუჯა წვერი მოუშვან და გაიუმჯობესონ საკუთარი ფინანსური მდგომარეობა.
მაგრამ სოროსი არც ისეთი გულუბრყვილოა, რომ ყველა ჯურის ფულისმოყვარულს მისცეს მისი მილიარდების ჩაჯიბების საშუალება და ამიტომაც მან პროექტის განხორციელებისათვის ბილ გეითსს და მის მაიკროსოფთს შეუკვეთა სიცრუის დეტექტორი, რომელმაც უნდა გაარჩიოს წვერხავსიანი პირებიდან მართლა ვინ არის ნამდვილად მართლმადიდებელი ან მათთან გაიგივებული პირი და ვინ არის წვერ-ანაფორის ქვეშ კომერციისთვის შემძვრალი მიყუდებული ბერი თუ მამაო.
სიცრუის პირველი თაობის დეტექტორი საიდუმლოდ და ჩუმად უკვე გამოუცდიათ საქართველოს ჯერ ჩვენთვის უცნობ ტაძრებში, მაგრამ ამ დეტექტორებმა თურმე ვეღარ გაუძლეს იმ სიცრუეს და ფარისევლობას, რაც წვერ-ანაფორიანების სკანირებისას ამ დეტექტორების პროცესორებში შევიდა და ყველა პროცესორი ორიოდე წუთში გამოსულა მწყობრიდან. და რაც სრულებითაც არ არის საკვირველი, ამ დეტექტორებმა გადაწვამდე იმის დაფიქსირება მაინც მოასწრეს, რომ წვერხავსიანების დიდი რაოდენობა თურმე რელიგიური კი არა, ქურდული მენტალიტეტის მატარებელი ყოფილა.
ამ გარემოებიდან გამომდინარე შეფიქრიანებულ სოროსს თურმე მაიკროსფთთან დაუდია ფანტასტიური, ორ მილიარდიანი ხელშეკრულება, რომ ამ უკანასკნელმა საიდუმლოდ კენტუკის შტატში დაამზადოს 150000 (ასორმოცდაათიათას) ტერაბაიტიანი პროცესორი, რომელიც რომ არა ფორსმაჟორი, მხოლოდ რამოდენიმე საუკუნის შემდეგ შეიქმნებოდა. ეს პროცესორი უკვე გაუძლებს თაღლითების და ფარისევლების სიცრუეს (ღმერთმა დაგვიფაროს ამ დეტექტორის პარლამენტსა თუ მთავრობაში გამოყენებისაგან) და ადვილად გაარჩევს მიყუდებულ ბერებსა თუ მოძღვარ მამაოებში, ასევე მათთან გაიგივებულ პირებში, ვისი წვერია იდეოლოგიურად გაფურქჩნულ-ღირებული და ვისი მხოლოდ და მხოლოდ თაღლითობა და ბუტაფორია.
ასე რომ ფულისმოყვარე უწვერო იეღოველებსაც არავითარი შანსი არ ექნებათ რომ წვერი მოუშვან და ბღუჯა-ბღუჯა წვერებით დასტა-დასტა დოლარებით გაამდიდრონ თავიანთი პრიმიტიული აღმსარებლობა. მართლმადიდებლების გარდა წვერს ჩაიბარებენ მუსლიმების და ყველა ჯურის ფუნდამენტალისტებისაგან. გამონაკლისია ბინ ლადენის წვერი, რომელიც ორმოცდაათი მილიონი დოლარი ეღირება, მაგრამ მის წვერს ჩაიბარებენ მხოლოდ თავფეხიანად.
არ დაფინანსდება: კოსმეტიკური წვერი, ჰიგიენური წვერი, ბლანჟე და მისთანები; თუ ამ სახის წვერთა მფლობელებს ცნობიერება და მენტალიტეტი მართლმადიდებლური და არქაისტული არ ექნებათ. არ დაფინანსდება ნაკურთხწყალმიუწუწებელი ულვაში და ქილვაში.
მონიტორინგი და შეფასება: მონიტორინგი განხორციელდება საქართველოში ვითომ სოციალურ-პოლიტიკურ მოვლენათა გასაშუქებლად აკრედიტირებულ უცხოელ შპიონ-ჟურნალისტების მიერ, რომლებიც დააკვირდებიან წვერხავსიანთა რიცხვის კლებადობას და ჩატარებული საქმიანობის შეფასების ინდიკატორიც სწორედ ამ დაკვირვებიდან მიღებული მონაცემები იქნება.
ამჯერად დავჯერდეთ მხოლოდ ამ მწირ ინფორმაციას, მითუმეტეს, რომ სიბილებმა დამირეკეს, სასწრაფოდ მოდიო! (როგორც ჩანს კარტმა, ყავამ და ლობიომ რაღაც ახალი ინფორმაცია მიაწოდა მათ და თუ მიზანშეწონილად ჩათვლიან ამ ინფორმაციასაც მალე მოგვაწვდიან)
აბა ჰე, ფრთხილად, - წვერის ჩაბარებაა, წვერის ჩაბარება!
პ.ს.
ის იყო, ინფორმაციის მისაღებად მივიჩქაროდი, რომ დავითაშვილის ქუჩაზე ღია ფანჯრიდან გადმოღვრილმა გიტარის სიმთა ჟღერამ შემაჩერა, ვიღაცა პანჩოს ტიპის ბარდი ბობ დილანის მელოდიას უკრავდა. ეს იყო დილანის “Black JackDavey”, რომელშიც დილანი გიჟმაჟი შეყვარებულების ამბავს ასიმღერებს გიტარაში, მაგრამ ქართველმა დილანმა ასთი უცნაური ტექსტით შეცვალა დილანის სიტყვები (როგორც ჩანს მასონი სოროსის ფულით და დაკვეთით... ვერ ვიტყვი, რომ ზუსტად მოვახერხე ტექსტის დამახსოვრება)
ჩვენ ძველი გზით ვერ ვივლით
ვეღარ მივალთ ღმერთთან;
სხვა გზა უნდა მოვნახოთ _
ცალცალკემ თუ ერთად,
ცალცალკემ თუ ერთად.
რაც ძველებმა აშენეს,
რაც დატოვეს სვეტად
ახლა უნდა განვაახლოთ -
ცალცალკემ თუ ერთად,
ცალცალკემ თუ ერთად.
ყველაფერი ძველდება
ან იქცევა კერპად;
კერპები კი დაგვილპა -
ცალცალკე თუ ერთად,
ცალცალკე თუ ერთად.
წინსვლა კი ახალს ითხოვს,
ახალ გზაწვრილს ღმერთთან;
ჩვენც ახალ გზასვრელს ვეძებოთ -
რაც მიგვიყვანს ღმერთთან,
რაც მიგვიყვანს ღმერთთან.
მამაოებს წვერები
გადავპარსოთ ცერად;
სინათლისკენ ვიაროთ
უწვეროდ და ერთად -
ცალცალკემ თუ ერთად.
ღმერთო, დაიფარე ჩვენი ქვეყანა ღვთისმსახურებისაგან!...
...
ღარიბ მამაოს ვერ მაშოვნინებთ?
...
ვინც ნაცების გაკეთებულ კარგ საქმეებს ვერ ხედავს, - ის არის ბრმა.
ვისაც ნაცების დაწიოკებულთა გოდების ხმა არ ესმის, - ის არის ყრუ.