Giorgi Koberidze
17 აპრილის შეჯამება უკრაინაში:
- დღეს განსაკუთრებით მძიმე დღე იყო ხარკივში. ქალაქი განუწყვეტლივ იბომბება. ბოლო ერთი კვირაა პროგრესირებულად იზრდება ხარკივის წინააღმდეგ იერიში. განურჩეველი იერიშის შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპება. თუმცა უკრაინელებმა აქტიური მოქმედებებით მოახერხეს და ქალაქის ირგვლივ შეტევაზე გადავიდნენ. ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთით უკრაინელებმა დაიკავეს და რუსებისაგან გაწმინდეს რამდენიმე მნიშვნელოვანი დასახლებაც. თუმცა ყველაზე საინტერესო აქ მიმართულებაა - უკრაინელები მიუყვებიან
მიმართულებას რომლითაც იზუმში მყოფი რუსული დანაყოფები ე.წ. "ქვაბში" მოქცევის საფრთხის წინაშე დადგებიან. ეს ნიშნავს, რომ თუკი უკრაინულებმა მდინარე ოსკოლს მიაღწიეს მაშინ იზუმში გამაგრებული რუსული ნაწილები სამი მხრიდან უკრაინელებით და მეოთხე მხრიდან მდინარით იქნებიან გარემოცულები და დანარჩენ რუსულ პოზიციებთან ერთი ხიდიღა დააკავშირებთ. შემდეგ კი სამხრეთისაკენ შემობრუნების და დაძვრის შემთხვევაში იზუმის რუსების მიერ შენარჩუნება თითქმის შეუძლებელი გახდება. თუმცა ამ ეტაპზე ნომერ პირველი ამოცანა ხარკივის წინააღმდეგ სარაკეტო და საარტილერიო იერიშების შეჩერებაა.
ამასთან, უკრაინელები ხარკივიდან რუსეთის საზღვრისაკენაც დაიძრნენ. ამ მიმართულებით მათ საარტილერიო დანადგარების განადგურება სურთ.
- იზუმიდან სამხრეთით რუსები ვეღარ მოიწევენ. უკრაინელები რაც კი აქვთ ყველაფერს იყენებენ რუსების შესაჩერებლად. დიდი დაწოლაა, მაგრამ მცველები ართმევენ თავს.
- დღეს დიდი კონტრშეტევა იყო ლუგანსკის რაიონში. უკრაინელებმა სამი ქალაქიდან - ლისიჩანსკიდან, სევეროდონეცკიდან და რუბეჟნოედან კიდევ უფრო შორს აგდეს მოწინააღმდეგე. ყველაზე რთული მონაკვეთი მაინც რუბეჟნოეს ირგვლივაა. ქალაქის დაცემა დანარჩენი ზემოაღნიშნული ქალაქების მდგომარეობას ძალიან დაამძიმებს. ამიტომაცაა, რომ ახლა რუბეჟნოედან უკუგდება რუსული ნაწილების, უკრაინელებს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს. რაც მთავარია რუბეჟნოეს აღმოსავლეთიდან ტყე აკრავს. ტყის დაკავება კი მშვენიერი ჩასაფრების ან საცეცხლე პოზიციის შექმნას გულისხმობს. ამ შეტევისაგან ცნობილია რომ რუბეჟნოეს საფრთხე დროებით შეუმცირდა.
- დონეცკის რაიონში რუსებმა მთელი ფრონტის გავლით სცადეს ერთიანი მასირებული იერიშის წამოწყება. რთული სათქმელია ეს უკვე რუსეთის ახალი იერიშის ნაწილია თუ მხოლოდ პრელუდია, მაგრამ უკრაინელებმა თავი ადვილად გაართვეს რუსულ შეტევას და უკუაგდეს ისინი. ზოგადად, ამ მიმართულებით უკრაინელები საუკეთესოდ არიან მომზადებულები. რეალურად 2014 წლიდან მათი ცოდნა და გამოცდილება, ისევე როგორც თავდაცვის ზღუდეები ძალიან ეხმარებათ მოწინააღმდეგის დამარცხებაში.
- სიტუაცია მარიუპოლში კრიტიკულია. სანაპირო ზოლის მცირე ნაწილისა (პრიმორსკის რაიონში) და ლივობერეჟნის უკიდურესი საზღვრისა უკრაინელები "აზოვსტალის" ფოლადისა და რკინის ქარხნის აკონტროლებენ. დანარჩენ რაიონებში ყველგან რუსები გამოჩნდნენ. როგორც ჩანს უკრაინელებმა სხვა მიმართულებით გაფანტვას და იქ მცირე ძლებით პოზიციების დაცვას ერთ ნაწილში გამაგრება ამჯობინეს. რუსების ულტიმატუმი დანებების შესახებ, ცხადია, უარყვეს უკრაინელებმა. ეს კი მათ წინააღმდეგ ყველა ტიპის იარაღის გამოყენების შესაძლებლობას ნიშნავს. არაა გამორიცხული რუსებმა "აზოვსტალის" სრულ განადგურებას მიჰყონ ხელი. ამასთან, რუსებმა ქალაქის ის ნაწილი რომელიც ბოლო სამი დღეა დაიკავეს ასევე სასაკლაოდ გადააქციეს. მშვიდობიანი მოსახლეობა მათი მთავარი სამიზნეა.
- სამხრეთში, ზაპოროჟიეს რაიონში რუსებმა სცადეს ახალი შეტევა წამოეწყოთ. აშკარაა ისინი წინააღმდეგობის შემოწმებას ცდილობენ. ამჯერად უკრაინელებს უკან დასახევი ნამდვილად აღარ აქვთ რის გამოც წინააღმდეგობა ძალიან ძლიერი იყო, რის გამოც რუსული შეტევა შეჩერდა.
- გაძლიერებული საჰაერო თავდაცვიდან და საარტილერიო იერიშებიდან გამომდინარე, როგორც ჩანს უკრაინაში ჩავიდა არამხოლოდ თავდაცვითი იარაღის დიდი ნაწილი (რომელთაც უკრაინელები კარგად იცნობდნენ და ძირითადად მხოლოდ ათვისება სჭირდებოდათ), არამედ უკვე დაიწყო რეალური განხილვა ლეტალური იარაღის მიწოდების შესახებ. ეს კი შეიძლება იყოს ავიაცია ან დასავლური მოდიფიკაციის მძიმე ტექნიკა და არტილერიაც კი. უკრაინული გადაიარაღება დასრულებულია, თუმცა ამჯერად უკრაინელები თავდაცვის სტილზე არიან მომართულები და შეტევითი ოპერაციისათვის იარაღის რეალურ დეფიციტს განიცდიან. ზოგადად, საჰაერო მხარდაჭერის გარეშე ნებისმიერი შეტევითი ოპერაციის წარმოება, მით უფრო სტეპურ გარემოში ძალიან რთული იქნება. თუმცა აშშ და დიდი ბრიტანეთი არ აპირებს გულხელდაკრეფილი უყუროს რუსეთის მცდელობას დაამხოს არსებული მსოფლიო წესრიგი. ხოლო პუტინის მცდელობა თავი წარმოაჩინოს ყველაფერზე წამსვლელ შლეგ მმართველად საეჭვოა დასავლელ ლიდერებში დაშინების ეფექტის მქონე იყოს.
https://www.facebook.com/giorgi.kob/posts/10216889387667169 This post has been edited by Foreign-Affairs on 18 Apr 2022, 00:06