რავი, ამ სტატიაში რა არის შეთხზული მაგალითად? და ასეთი შემთხვევები ათასობით იყო
იმედი თუ აშუქებდა ასეთ შემთხვევევბს , გასაკვირი არ უნდა იყოს, მის მფლობელსაც წაართვეს ბიზნესები
"ნაცმოძრაობის მმართველობისას დაზარალებული ბიზნესმენები ქონების ჩამორთმევის შემთხვევებს იხსენებენ
ათასობით იძულებით გაფორმებული ქონება და 40 ათასზე მეტი საჩივარი, რომელიც პროკურატურაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ შევიდა, - უწყების სპეციალური დეპარტამენტი 2015 წლიდან იძიებს წინა ხელისუფლების პირობებში იძულებით გადაფორმებული და წართმეული ქონების ფაქტებს. პარალელურად, საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მომავალ გეგმებზე საუბრობს და გრიგოლ ვაშაძის გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ბიზნესის რეკეტს აანონსებს.
ადამიანებმა, რომელთაც წართმეული ქონება უკვე დაიბრუნეს და მათ, ვინც ამ ქონების დაბრუნების მოლოდინში არიან, „იმედის დილასთან“ საუბრისას გაიხსენეს, როგორ ხდებოდა წინა ხელისუფლების მმართველობისას ქონების უკანონოდ ჩამორთმევა.
ბიზნესმენი ტარიელ ფალავანდიშვილი ცხრაწლიანი რეჟიმის დროს, იძულებით მიტაცებულ ავტობაზრობაზე საუბრობს. თბილისში, დიდი დიღმისა და გლდანის შემაერთებელ მაგისტრალზე მდებარე, დაახლოებით თექვსმეტი ათას ხუთას კვადრატულ მეტრ მიწის ფართობს ბიზნესმენი რამდენიმე პარტნიორთან ერთად ფლობდა. ვანო მერაბიშვილის მოთხოვნით, ავტობაზრობა მეორე დღესვე დახურეს, იმ იმედით, რომ ჩინოვნიკების მხრიდან მორალური ზეწოლა ამით დასრულდებოდა. ტერიტორიას ყოველდღიურად პოლიციის თანამშრომლები აკონტროლებდნენ, რომ მაღალჩინოსნებისთვის ეთქვათ, შეასრულეს თუ არა ბიზნესმენებმა მათი ბრძანება.
„2009 წელს გამომიძახეს. მაშინ ქალაქის მერი გახლდათ უგულავა. გამოგვიძახეს უგულავასთან, რაღაც საკითხთან დაკავშირებით. უგულავას კაბინეტში შევედით და აღმოჩნდა, რომ უგულავა მარტო არ იყო. გვერდით უზის ვანო მერაბიშვილი, - მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი. ვანომ გასაგები ენით გვითხრა, რომ ჩვენი ბიზნესი უნდა დაგვეკეტა.
ყოველდღიურად მიბარებდნენ ფინანსურ პოლიციაში. მაშინდელ პოლიტიკურ მდგომარეობაში ყველა მიხვდება, ეს იოლი არ არის, დილით მიხვიდე ფინანსურ პოლიციაში, სადაც შენ თვალწინ, სამაგალითოდ იყო ჩვენება, დაადებდნენ ხელბორკილებს, პირდაპირ გამომძიებლის კაბინეტში და ასე მიჰყავდათ ციხეებში ან წინასწარი დაკავების იზოლატორში. ყველა ჩუმად, ჩურჩულით გვეუბნებოდა, თავი დაანებეთ, მაინც ვერაფერს მიაღწევთ, რაც საჭირო იყო ის გაგვეკეთებინა. აღმოჩნდა, რომ საჭირო იყო ეს ტერიტორია გადაგვეცა, საკუთრება უნდა მიგვეტოვებინა ვინმეს სასარგებლოდ.“ -ამბობს ის.
ტარიელ ფალავანდიშვილმა ზეწოლას ვეღარ გაუძლო, მიწის ფართობი საკუთარი ხელით გადააფორმა და ქონება სახელმწიფოს დაუთმო. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ, ავტობაზრობის იძულებით მისაკუთრების საქმეზე ბიზნესმენებმა სასამართლოს მიმართეს. ბიზნესპარტნიორები დაზარალებულად სცნეს და 2017 წელს საკუთრება სიმბოლურ ფასად დაუბრუნეს.
ტარიელ ფალავანდიშვილისა და კიდევ არაერთი ბიზნესმენის მსგავსად ცხრა წლიანი რეჟიმი შეეხო ნოდარ კაკაბაძესაც. ავიაკომპანია - შპს FLY ADJARA-ს 2008 წლიდან კანონიერ საკუთრებაში ჰქონდა ათი ცალი საფრენი აპარატის კომპლექტი, შპს „ავიატორს“ კი 2010 წლიდან ორი თვითმფრინავი და სამი საფრენი აპარატი. 2012 წლის გაზაფხულზე, აღნიშნული საფრენი აპარატები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების ინტერესის ქვეშ მოექცა და მათი უკანონოდ დაუფლება, ტრადიციული ხერხებით გადაწყვიტეს.
„2010 წლის 29 ოქტომბერს ხომალდი დაეშვა ბათუმის აეროპორტში, ერთი მარტივი მიზეზით, - ტექნიკურად უნდა გამართულიყო, ნავთი უნდა ჩაგვესხა და უნდა წასულიყო ქალაქ აშხაბადში. დატვირთული იყო 137 ყუთი ტყვია-წამლით, რომელიც აშხაბადის, თურქმენეთის უშიშროების სამსახურის ტვირთი იყო. ასეთი რეისები მანამდეც შესრულებული გვქონდა საქართველოს ტერიტორიაზე, არავითარი წინააღმდეგობა არ გვქონდა. ნებართვა გაცემული იყო და ვასრულებდით. მაშინ მე აეროპორტის ტერიტორიაზე ვმოძრაობდი მანქანით, დავხვდი თვითმფრინავს, ხომალდის მეთაური ჩავისვი მანქანაში და ჩავედით საქაერო ნავიგაციაში. 10 წუთის შემდეგ დავბრუნდი და თვითმფრინავი დამხვდა ალყა შემორტყმული. 10-15 წუთის შემდეგ მოვიდა ბაჩანა ახალაია, მაშინდელი თავდაცვის მინისტრი, შემობრუნდა და მითხრა, - რას დაათრევ იარაღს აქეთ-იქით, მე შენ ციხეში მოგივლიო“ - იხსენებს ბიზნესმენი ნოდარ კაკაბაძე.
ბაჩო ახალაიამ დანაპირები შეასრულა. ბიზნესმენი ნოდარ კაკაბაძე ორ პიროვნებასთან ერთად დააკავეს. მესაკუთრეების ნების საწინააღმდეგოდ საფრენი აპარატები, ამწის გამოყენებით, ტრაილერებზე დატვირთეს და მათი შემდგომი გამოყენების მიზნით თბილისში, 31-ე ქარხნის ტერიტორიაზე უკანონოდ გადმოიტანეს, მესაკუთრეებს კი მათი ქონებისა და განკარგვის შესაძლებლობა ჩამოართვეს.
„თბილისში მოგვისაჯეს ორ თვიანი პატიმრობა და გაგვამწესეს გლდანის ციხეში. ჩემზე იყო ზეწოლა, 35 დღე ვიყავი კარანტინში, როცა გამოვთქვი პრეტენზიები, მითხრეს - ეგ შენი საქმე არ არისო. ლევან ზაქარაძეს, პოლიციის დეპარტამენტის უფროსს ვკითხე - რა გინდათ მეთქი, დათმე ორივე თვითმფრინავი და სამივე გახვალთო. ორივე თვითმფრინავი არენდაშია, ავიაკომპანიის მფლობელობაში არ არის მეთქი, მაშინ ოც წელს მოგისჯითო. ჯანდაბას მომისაჯეთ,- მეთქი, 60 წლის კაცი ვარ, ჩემი ცხოვრების ნახევარი გავიარე - მეთქი“ - ამბობს კაკაბაძე.
ნოდარ კაკაბაძის საქმეზე 27 სასამართლო პროცესი გაიმართა. დაახლოებით შვიდი თვის განმავლობაში ბიზნესმენზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ და ოჯახის წევრებისთვის ზიანის მიყენებით ემუქრებოდნენ.
„ხარკოვში მაქვს ბინა, კერძო, შვილი გავგზავნე იქ, შემოსავლის გარეშე, უფულოდ. მეგობრები გვეხმარებოდნენ, ერთ-ერთ შეხვედრაზე მითხრეს, ვიცით სადაც არის შენი შვილი და თუ დაგვჭირდა ჩამოვიყვანთო“ - იხსნებეს ბიზნესმენი.
2012 წელს დაწყებული გამოძიების შედეგად, პროკურატურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე 2015 წელს ნოდარ კაკაბაძეს უკანონოდ ჩამორთმეული ქონება დაუბრუნეს, ყოფილი საჯარო მოხელეების მიმართ კი შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება მიიღეს.
ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ადეიშვილის სახელები ფიგურირებს „აკურას ქარხნის“ საქმეშიც. ბიზნესმენებს - ნოდარ მოდებაძესა და თეიმურაზ მეგრელიშვილს, სხვა შემთხვევების მსგავსად, იძულებით დაათმობინეს თელავში მდებარე „აკურა“-ს ღვინის ქარხანა. 2003 წელს, ბიზნესმენებმა „საქართველოს საზღვაო ბანკი“-დან აიღეს სესხი - ორი მილიონ ექვსასი ათას ლარამდე ოდენობით და შეიძინეს „აკურა“-ს ღვინის ქარხნის აქციების დაახლოებით 90%.
„2004 წლის გაზაფხულზე მათ დაუკავშირდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მაღალი სამართალდამცავი ორგანოებიდან, მაღალი თანამდებობის პირები და მათ უთხრეს, რომ სასწრაფო წესით უნდა დაებრუნებინათ კრედიტი, - უმოკლეს ვადაში და თუ ისინი ვერ შეძლებდნენ გაცემული კრედიტის დაბრუნებას, მაშინ უნდა დაებრუნებინათ ის ქონება, რომელიც შეძენილი ჰქონდათ აღნიშნული კრედიტით. კრედიტის დაფარვის საბოლოო ვადა იყო 2006 წელი, სწორედ ამაში გამოიხატებოდა თანამდებობის პირების უკანონო მოთხოვნა, რომ დაფარვის დრო არ იყო დამდგარი და 2003 წელს გაცემულ კრედიტზე, 2004 წლის ივლისში მოთხოვნა იყო, რომ სრულად დაეფარათ მათი ბანკისგან აღებული კრედიტი. ბუნებრივია, ამ თანხის დაბრუნებას ისინი ვერ შეძლებდნენ და საბოლოო ჯამში, სამართალდამცავ ორგანოებში პერმანენტული სიარული შემდეგ, ამ ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მყოფებმა მიიღეს გადაწყვეტილება - აღნიშნული ქონება გადაეცათ სახელმწიფოსთვის“ - ამბობს ნოდარ მოდებაძისა და თეიმურაზ მეგრელიშვილის ადვოკატი თამაზ სვანიშვილი.
2012 წლიდან „აკურა“-ს საქმეზე გამოძიება საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა აწარმოა. ვანო მერაბიშვილს საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მეორე ნაწილით განესაზღვრა სამი წლით თავისუფლების აღკვეთა, ზურაბ ადეიშვილს კი ორი წლით თავისუფლების აღკვეთა. ეს ამბები მხოლოდ ნაწილია იმ შემთხვევების, რომელსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 2003 წლიდან, ბიზნესმენების მიმართ ახორციელებდა. ტერორის ქვეშ აღმოჩნდა - ანზორ ქოქოლაძე, რომელსაც წაართვეს კომპანია „ელიტ ელექტრონიქსი“, ბიზნესმენი დააპატიმრეს. ზაალ იაკობიძე აიძულეს, მიზერულ ფასად, კეზერაშვილის კომპანიისთვის ნავთობკომპანია „სენტა“ მიეყიდა, კომპანიის აქტივების გადაფორმების შემდეგ ის დაიჭირეს და გირაოს სახით 4 მილიონი გადაახდევინეს. ასევე, ნაციონალური მოძრაობის მმართველობისას, ნავთობ-იმპორტიორი კომპანია „მაგნატი“ დავით კეზერაშვილის სასარგებლოდ დაათმობინეს ჯემალ ლეონიძესაც.
https://imedinews.ge/ge/archevnebi-2018/871...vebs-ikhseneben This post has been edited by Miss_Marple on 22 May 2022, 17:00