ბოლო 5 წლის განმავლობაში პირველად, საქართველოს რკინიგზა მოგებაზე გავიდა. ამის შესახებ კომპანიის 2021 წლის ფინანსური ანგარიშიდან ხდება ცნობილი.
საქართველოს რკინიგზამ 2017-2020 წლებში ყოველი წელი ზარალით დაასრულა, ხოლო 2021 წელს 52,7-მილიონიანი მოგება ნახა.
კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები ბოლო წლების განმავლობაში ასეთია:
2017 წელი — 354,1 მილიონი ლარის ზარალი;
2018 წელი — 716,5 მილიონი ლარის ზარალი;
2019 წელი — 5,6 მილიონი ლარის ზარალი;
2020 წელი — 164 მილიონი ლარის ზარალი;
2021 წელი — 52,7 მილიონი ლარის მოგება.
საქართველოს რკინიგზის 2021 წლის ფინანსურ ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს კომპანიამ 547,9 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 58,5 მილიონით აღემატება. სხვა სახის შემოსავლებმა 9 მილიონს მიაღწია — ეს მონაცემი წლიურად 3,6 მილიონით არის შემცირებული.
გასულ წელს კომპანიამ ხელფასებისთვის 180,7 მილიონი ლარი გასცა, რაც 2020 წლის სახელფასო ბიუჯეტს 10,2 მილიონით აღემატება. სხვა საოპერაციო ხარჯების მოცულობა კი ამგვარად განაწილდა:
ცვეთისა და ამორტიზაციის ხარჯი — 58,4 მილიონი ლარი;
ელექტორიენერგიის, საჭირო მასალებისა და ტექნიკური მომსახურების ხარჯი — 54,6 მილიონი ლარი;
სხვა სახის საოპერაციო ხარჯები — 97,8 მილიონი ლარი.
შეგახსენებთ, რომ სს საქართველოს რკინიგზა ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის კომპანიაა, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი საქართველოს საპარტნიორო ფონდია
https://on.ge/story/104494-%E1%83%91%E1%83%...%83%93%E1%83%90