გერმანიას მაგარი დაეჯვა
თვალთმაქცი გერმანია მუხლებზე დაჩოქილი დგას" - რას წერს The Daily Telegraph
ბრიტანული გაზეთის - „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 14 ივლისის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - „თვალთმაქცი გერმანია მუხლებზე დაჩოქილი დგას“ (ავტორი - დენიელ ჯონსონი), რომელშიც ბერლინის მიერ გატარებული პრორუსული ენერგეტიკული პოლიტიკაა გაკრიტიკებული.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
ბერლინს ყოველთვის უყვარდა იმის ქადაგება, რომ ენერგეტიკული ნეიტრალიტეტის მხარდამჭერი იყო. ახლა გერმანია იძულებულია, თავისი შეცდომების შედეგები იწვნიოს.
აბა, როგორ მოგეწონებათ, თუ თქვენი მთავრობა მოგთხოვთ - შხაპის ქვეშ ხუთ წუთზე მეტი არ უნდა იდგე და აბაზანაშიც შეეცადე მეგობართან ერთად შეხვიდეო? სწორედ ასე იქნება დღეს გერმანიაში, სადაც ენერგიის ნორმირება უკვე გარდაუვალი აუცილებლობა ხდება. გერმანიის სიტუაციის შემყურე, რომელიც ბერლინის რუსული გაზისადმი დამოკიდებულებამ გამოიწვია, ჩვენი ბრიტანული სიძვირე და პრობლემები წვრილმან საკითხებად მოჩანს.
ამ კვირაში მთელი ევროპის კონტინენტი საფრთხის გრძნობამ მოიცვა, როცა რუსეთმა სტრატეგიული გაზსადენის - „ჩრდილოეთი ნაკადი-1“-ის ვენტილი გადაკეტა - თითქოსდა, გეგმიური პროფილაქტიკისათვის“, რომელიც ათ დღეს უნდა გაგრძელდეს. მაგრამ განაახლებს კრემლი გაზის მოწოდებას? მართალია, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ „რუსეთი ყოველთვის მზად არის თავისი ვალდებულების შესასრულებლადო“, მაგრამ მაინც...
პანიკაში ჩავარდა არა მარტო გერმანელი საზოგადოება, არამედ მთავრობაც, რომელიც პერსპექტივაზე ჩაფიქრდა - რა იქნება შემდეგ? გაზი გერმანიაში დიდ მიწისქვეშა გაზსაცავებში ინახება, მაგრამ თუ მთელი ქვეყანა მხოლოდ მის მოხმარებაზე გადავა, მაშინ რეზერვი იანვრამდეც არ ეყოფათ.
მართლაც, ასე თუ მოხდება, გერმანია ისეთი ეკონომიკური ვარდნის წინაშე დადგება, რომელიც 1940-ანი წლებიდან არ მომხდარა. ქვეყნის ეკონომიკა 12%-ით შემცირდება, მანქანათმშენებლობის დარგი 17%-ით დაზარალდება, უმუშევრობის საფრთხის ქვეშ მოექცევა ექბ-ს მილიონამდე მუშა-მოსამსახურე. ერთი გერმანელი ოჯახის ხარჯები გათბობაზე წელიწადში 2 ათასი ევროთი მოიმატებს. მთავრობა უკვე გეგმებს ამზადებს, თუ სად და როგორ განათავსოს ისეთი ადამიანები, რომლებთაც საკუთარი სახლის გათბობის შესაძლებლობა არ ექნებათ.
ამიტომაც მწვანეთა პარტიის თანათავმჯდომარე და ქვეყნის ეკონომიკის მინისტრი რობერტ ჰაბეკი ყველას მოუწოდებს, რომ ენერგია დაზოგონ: „მე ცხოვრებაში შხაპის ქვეშ ხუთ წუთზე მეტი არ ვყოფილვარ“, - ამბობს მინისტრი. იგი ტრაბახობს, რომ მთელი დღე თავის სახლს გათბობის გარეშე დატოვებს (რა თქმა უნდა, როცა თვითონ სახლში არ იქნება, სამსახურში გათბება!). ასეთი ნათქვამი, ბუნებრივია, იმ მოხუც ადამიანებს ვერანაირ შვებას ვერ მოუტანს, რომლებსაც მინისტრის თბილი კაბინეტი არ აქვთ. ზოგიერთი ბინათმფლობელი უკვე აცხადებს, რომ მრავალბინიან შენობებში ზამთარში გათბობას გამორთავს. ადგილობრივი ხელისუფლება კი ბოდიშობს - ღამით ქუჩის განათება არ იქნებაო (გერმანიაში ელექტროენერგია, ძირითადად, რუსულ გაზზე მომუშავე თბოელექტროსადგურებში იწარმოება - რედ.)
ადრე გერმანელები თავიანთ მეზობლებს ნოტაციებს უკითხავდნენ გარემოს დაცვის შესახებ, ახლა ეს ლექციები შეწყდა. ადრე გერმანელები ქვანახშირს ჭუჭყიან საწვავად თვლიდნენ, მაგრამ ახლა შავი საწვავი „სუფთა“ გახდა და, შესაბამისად, ქვანახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურებს ექსპლუატაციაში გასაშვებად ამზადებენ.
დაიწყო დრამატიზმით აღსავსე პროცესი - ვინაა დამნაშავე იმაში, რომ ქვეყანა ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდა? რატომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება წლების წინ ატომური ელექტროსადგურების გაჩერების მიზნით, რის გამოც გერმანია რუსული გაზის ტყვეობაში აღმოჩნდა? ანგელა მერკელის რეპუტაცია,რომელსაც ადრე [იაფი რუსული გაზის გამო] აღმერთებდნენ, დღეს ნულამდეა დაცემული, ხოლო ოლაფ შოლცს ამომრჩეველთა სამი მეოთხედი გმობს - იმიტომ, რომ იგი ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფას ვერ ახერხებს. გარდა ამისა, გერმანიის მთელი პოლიტიკური ისტებლიშმენტი ეკოლოგიურ ტყუილში არის გამოჭერილი - თვით ლოიალურ პრესასაც კი არ შეუძლია, გვერდი აუაროს სახელისუფლებო ელიტის ორსახოვნებას, თვალთმაქცობას, რომელიც მთელ ევროპაში ნახშირწყალბადური საწვავის გამოუყენებლობას ქადაგებდა, ახლა კი თვითონ უბრუნდება ძველ პრაქტიკას.
ასეთი კოლექტიური თვალთმაქცობა ენერგეტიკული პოლიტიკის მიღმაც ვრცელდება. უკრაინის ომის გამო ნიანგის ცრემლების დამღვრელი ოლაფ შოლცი თავის სამთავრობო კოალიციაში ტყავის გადარჩენას ცდილობს და უკრაინას ბედის ანაბარა ტოვებს, ფაქტობრივად, „მატარებლის ქვეშ აგდებს“. თუ ბერლინის მიერ მიცემულ 30-იოდე ჰაუბიცას არ ჩავთვლით, ბერლინს კიევისათვის მძიმე იარაღიდან არაფერი მიუწოდებია და არც აპირებს.
ოლაფ შოლცის მიერ ფართოდ რეკლამირებული სამხედრო ხარჯების გადიდების დაპირებამაც სრული ფიასკო განიცადა. გერმანიის ისედაც გამოფიტული შეიარაღებული ძალების ბიუჯეტი მომავალ წელს კიდევ უფრო შემცირებული იქნება.
ანალენა ბერბოკიც კი, რომელიც ცოტა ხნის წინ თავის მეომრულ განწყობას აჩვენებდა, ახლა ხელებს უსიამოვნოდ იფშვნეტს და ტირილნარევი ხმით აცხადებს - "აბა, რა ვქნათ, ვერაფერს ვიზამთ". გაზისა და დენის ნორმირების პერსპექტივამ უკვე მიიყვანა საზოგადოება იქამდე, რომ უკრაინისადმი მხარდაჭერა მცირდება. სურსათზე და ენერგიაზე ფასები იმატებს და ამ ფონზე, გერმანელების 38% აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სადამსჯელო ზომების მიღება საჭირო არ არისო.
ოლაფ შოლცი ცდილობს, ურთიერთობა ჰქონდეს როგორც თავის ნატოელ მოკავშირეებთან, ასევე, ვლადიმერ პუტინთანაც, მაგრამ ამით იგი პატივისცემას ვერ მოიხვეჭს. დღეს იმ გერმანიას, რომელსაც ოლაფ შოლცი ხელმძღვანელობს, სიძულვილით უყურებენ და უფრო მეტად შეაქვთ ეჭვი მის ცუდ საქმეებში, ვიდრე ეს 1945 წლის შემდეგ იყო.
მოკლედ, ან ბერლინში კოალიციური მთავრობა დაიშლება, ან ბერლინი მოახდენს კაპიტულაციას მოსკოვის წინაშე.
გასულ კვირას ოლაფ შოლცი, თავის სხვა კოლეგებთან ერთად, ბორის ჯონსონის კრახს სიხარულით შეხვდა... მაგრამ გერმანიის კანცლერსაც, გამორიცხული არაა, რომ შეიძლება იგივე ბედი ეწიოს. მისი ღვარძლიანი ღიმილი დიდხანს არ გაგრძელდება.
ოდესღაც გერმანიით ადამიანები აღტაცებულნი იყვნენ, მისი შურდათ, მისით ამაყობდნენ. დღევანდელი გერმანია იმის კლასიკური მაგალითია, თუ როგორი სერიოზული ზიანი შეიძლება მიაყენო საკუთარ ქვეყანას მცდარი საგარეო და ენერგეტიკული პოლიტიკით.
https://kvirispalitra.ge/article/94483-tval...aily-telegraph/