ოღონდ პრესასთან მანამდეც ილაპარაკა.
„გავრილოვის ღამის“ მონაწილე სპეცრაზმელი უკრაინაში იბრძვის
https://kvirispalitra.ge/article/93044-gavr...inashi-ibrzvis/2022, 30 მაისი
20 წელი სპეციალური დანიშნულების რაზმში იმსახურა, მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს ომში, ახლა უკრაინაში იბრძვის. 2019 წლის 20 ივნისის ღამის შემდეგ ქართველი საზოგადოების ყურადღების ცენტრში ერთი საგულისხმო მომენტის შემდეგ მოექცა - მან იარაღზე ხელი აუკრა კოლეგას, რომელიც აქციის მონაწილეებს რეზინის ტყვიებს დამიზნებით ესროდა. 20 ივლისის ღამეზე და უკრაინაში ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების შესახებ "კვირის პალიტრას" სამხედრო ვიცე-პოლკოვნიკი ლაშა შერგელაშვილი ესაუბრა:
- 2005 წლიდან ვმსახურობდი სპეცდანიშნულების რაზმში. 20-წლიანი მუშაობის შემდგომ პენსიაზე გავედი. ახლა უკრაინაში ვიბრძვი საქართველოს ინტერესებისთვის. მწამს, რომ ახლა აქ, უკრაინაში, წყდება ჩემი ქვეყნის ბედი.
რაც შეეხება "გავრილოვის ღამეს", რუსი დეპუტატის საკანონმდებლო ორგანოში მისვლასა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომის ფაქტს ჩვენც ტელეეკრანიდან ვადევნებდით თვალს და ძალიან არ მოგვეწონა ეს ამბავი. როდესაც ვამბობ, ჩვენ-მეთქი, დანარჩენ სპეცრაზმელებსაც ვგულისხმობ. იმ აქციაზე ჩვენი ოჯახის წევრები, შვილები და მეგობრებიც იდგნენ. როდესაც აქციაზე მივედით, სხვა რაზმის წევრებიც დაგვხვდნენ. ჩვენს დანაყოფს ხმარებიდან ამოღებული ჰქონდა ის ტყვიები, რომლებიც აქციაზე გამოიყენეს და რომლის გამოც ხალხი დაზარალდა. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ ის ვაზნები თურქული წარმოების იყო, ისეთი მომენტებისთვის გათვალისწინებული, როდესაც შეიარაღებული დამნაშავის აყვანა იყო საჭირო. ამ ვაზნას შეუძლია ადამიანს ხელი ან ფეხი მოტეხოს. ის არ იყო გამიზნული მიტინგებისა და აქციების დასაშლელად. მართალია, ანოტაციაში უწერია, რომ არალეტალურია, მაგრამ სინამდვილეში ფატალური შედეგის გამოწვევა შეუძლია. ამერიკელები ამ ტიპის ვაზნებს მხოლოდ ციხეებში იყენებენ. სამწუხაროდ, აღმოჩნდნენ დანაყოფები, რომლებსაც ეს ტყვიები ჰქონიათ შემორჩენილი. არ ვიცი, რატომ გამოიყენეს აქციაზე - ან ინფორმაცია არ ჰქონდათ ტყვიების ლეტალურობის შესახებ, ან კომუნიკაციის დროს მოხდა რაიმე შეცდომა.
- რა განცდა გქონდათ მაშინ, როდესაც მიდიოდით აქციის დასარბევად, სადაც ოჯახის წევრები და ახლობლები გეგულებოდათ?
- ჩვენ იქ აქციის დასარბევად კი არა, წესრიგის დასაცავად მივედით. მერე რაღაც ისეთი მოხდა, რაც ზედა ფენების არაპროფესიონალიზმისა და დაბნეულობის შედეგი იყო. აქციაზე ცოცხალი ჯაჭვის გაკეთების ბრძანება მივიღეთ. სპეცდანიშნულების რაზმის წევრებთან ერთად ვადიანი სამხედრო მოსამსახურეებიც იყვნენ. აქციის მონაწილეებმა ამ ბიჭების ჯაჭვიდან გატაცება და განიარაღება დაიწყეს. დაახლოებით შვიდი ჯარისკაცი რომ გაიყვანეს, რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება მივიღეთ, რაც ბევრმა ჩვენგანმა გააპროტესტა. ვფიქრობდით, რომ ეს ამბავი აქციის მონაწილეებს უფრო გააბრაზებდა და სიტუაციას დაძაბავდა. მე ხელმძღვანელობას ვუთხარი, რომ ტყვიების გამოყენებას აქციის მონაწილეების ჯაჭვში ნელ-ნელა შემოყვანა და განეიტრალება სჯობდა. ასეთ შემთხვევაში სიტუაცია მარტივად განიმუხტებოდა. სამწუხაროდ, ჩემი და კიდევ სხვა რამდენიმე სპეცრაზმელის რჩევა არ გაითვალისწინეს. რისი მოლოდინიც გვქონდა, ის მოხდა - აქციის მონაწილეები უფრო აგრესიულები გახდნენ, წყლის ბოთლები და სხვადასხვა ნივთები დაგვიშინეს. ცოტა ხანში რადიოსადგურში გაისმა ხმა, სროლა შეაჩერეთო, მაგრამ ამაოდ. როგორც ჩანს, ზოგიერთს, სამ-ოთხ სპეცრაზმელს ეს ხმა არ ესმოდა და სროლას განაგრძობდა. სავარაუდოდ, კომუნიკაციის პრობლემა იყო. ბოლოს დადგა შედეგი, რამაც მთელი ერი აღაშფოთა.
- იმ მომენტის შესახებ გვიამბეთ, როდესაც თქვენს კოლეგას იარაღზე ხელი აუკარით.
- ეგ სპონტანურად მოხდა. მე ზემოთ ვიდექი, ის ამოვიდა თუ არა, ვუთხარი, არ ისროლო-მეთქი. მის ზურგს უკან დეპარტამენტის დირექტორი იდგა. სავარაუდოდ, ბრძანება მან მისცა. როდესაც მომიტინგეს დაუმიზნა, სპონტანურად ავუკარი ხელი. შემდეგ ვკითხე კიდეც, რატომ ესროდი დამიზნებით-მეთქი, არ ვაპირებდი სროლას, ვაშინებდიო.
- უკრაინაში საბრძოლველად წასვლის მოტივი რა გახდა?
- ჩემი ოჯახი და სამშობლო. როგორც კი ომი დაიწყო, მეორე დღესვე მივედი საელჩოში და წასვლის სურვილი გამოვთქვი. მეც მათ შორის ვიყავი, აეროპორტში რომ ამაოდ ელოდებოდნენ თვითმფრინავს. შემოვლითი გზებით ჩავედი უკრაინაში.
- როგორც ამბობენ, უკრაინაში ყველაზე მეტი ქართველი იბრძვის?
- უკრაინელების გარდა, ყველა სხვა ერის წარმომადგენლობა ერთად რომ შეკრიბო, ქართველები მათზე მეტი არიან.
- ამას როგორ ახსნით?
- უკრაინელებსა და ქართველებს საერთო მტერი გვყავს. შემიძლია გითხრათ, პირადად მე რატომ მივიღე ეს გადაწყვეტილება - მერჩივნა, ომი ჩემი ოჯახიდან, შვილებისგან შორს ყოფილიყო. დარწმუნებული ვარ, თუ რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, შემდეგი საქართველო იქნება. ომით თუ ომის გარეშე, ანუ რბილი ძალით, რუსეთი აუცილებლად შეეცდება წართმეულ 20%-ს დანარჩენი საქართველოც შეუერთოს. იმასაც ვშიშობ, რომ დამარცხების შემთხვევაშიც შეეცდება საქართველოში შემოსვლას. უკრაინაში დამარცხების შემთხვევაში პუტინი არ მოინდომებს საკუთარ მოსახლეობასთან შერცხვენილი პირით დაბრუნებას და საქართველოს დაიკავებს. ხელს რა შეუშლის?! ამის გამორიცხვა არ შეიძლება.
- ამისთვის მზად ხართ?
- რა თქმა უნდა, და არა მარტო ჩვენ. უკრაინელი ძმები გვპირდებიან, რომ საჭიროების შემთხვევაში ჩვენ გვერდით უპირობოდ დადგებიან. აღფრთოვანებული არიან უკრაინაში ქართველების თავგანწირული ბრძოლითა და გმირობით. საკუთარ თავზე არაფერს ვიტყვი, მაგრამ აქ ბიჭები ისე იბრძვიან, ისეთ საოცრებებს სჩადიან, ყველას უკვირს. უკრაინელებსაც ძალიან მაგარი ბიჭები ჰყავთ, მაგრამ ეს მაგარი ბიჭები ქართველების განსაკუთრებულობაზე რომ საუბრობენ, ძალიან დასაფასებელია. სხვათა შორის, რუსები ქართველებზე ძალიან გამწარებული არიან, ბრძანება აქვთ, რომ ტყვედ არ აგვიყვანონ... ტყვედ ჩავარდნას არც ჩვენ ვაპირებთ. ვიცით, რაც გველის მათ ხელში - აუცილებლად დაგვამცირებენ, გვაწამებენ და ბოლოს დაგვხოცავენ, ამიტომ ვიცით, როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ სიტუაციაში. განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, აქ ყველა ფიქრობს, რომ თუ რუსეთს უკრაინაში დაამარცხებენ, საქართველო ომსაც თავიდან აირიდებს და დამოუკიდებლობასაც შეინარჩუნებს. მე 2008 წლის ომის ვეტერანი ვარ, დაჭრილიც ვიყავი. მახსოვს უკრაინის პრეზიდენტის თანადგომა. ისიც ვიცი, რამდენი ქართველი გადაარჩინეს უკრაინელმა სამხედრო მფრინავებმა საკუთარი სიცოცხლის ფასად. ახლაც გვპირდებიან, რომ ჩვენ გვერდით დადგებიან, თუ ამის საჭიროება დადგება, ერთი და ორი კაცი კი არა, შეიარაღებული რაზმები წამოვლენ.
- გული არ გწყდებათ, რომ დროდადრო უკრაინელი ხელისუფლების წევრები საქართველოს ხელისუფლებას საყვედურობენ?
- პირადად მე თანამებრძოლებმა მკითხეს, თქვენს ხელისუფლებას რა სჭირს, რუსეთის აგენტები ხომ არ არიანო. ძალიან შემრცხვა. წარმოიდგინეთ, რომ საქართველო გემია, შენ კი ეკიპაჟს წარმოადგენ. ამ დროს ვიღაც გეუბნება, შენი კაპიტანი მტერთან არის შეკრული და მთელ ეკიპაჟს ზღვაში ჩაძირვას გიპირებთო. ყველანაირად შევეცადე ამეხსნა მათთვის, რომ ჩემი ქვეყნის ხელისუფლებას რუსეთის ეშინია და ამიტომაც იქცევა ფრთხილად, მაგრამ ეს მათთვის არგუმენტი არ აღმოჩნდა. ჩვენ ვიცით და თქვენმა ხელისუფლებამ როგორ არ იცის, რუსეთი აქ რომ დაამთავრებს თავის საქმეს, პირდაპირ თქვენთან წამოვაო?! მე, რა თქმა უნდა, იხტიბარს არ ვიტეხდი და ყველანაირად ვცდილობდი ჩემი ხელისუფლების გამართლებას. ძალიან მინდა რაიმე ისეთი მოხდეს, რომ ჩვენი მოძმეების ეჭვი გაქარწყლდეს.
უკრაინაში იმდენი ქართველია და იმდენ კარგ საქმეს აკეთებენ არა მარტო ბრძოლის ველზე, არამედ სხვაგან, რომ უკრაინელი ხალხის უპირობო სიყვარული უკვე მოვიპოვეთ. განსაკუთრებულად ვუყვარვართ და ამას ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობთ. არაერთხელ გვაქვს პირობა მიღებული, რომ რასაც უნდა ფიქრობდნენ ჩვენს ხელისუფლებაზე, ისინი ყოველთვის დადგებიან საქართველოს, ქართველი ხალხის გვერდით. ძალიან ამაყობენ ჩვენით და ეს დიდ სტიმულს გვაძლევს.
- ჩვენც ვამაყობთ თქვენით, სამშობლოში გამარჯვებით დაბრუნებას გისურვებთ.
- გმადლობთ კეთილი სურვილებისთვის და იცოდეთ, თითოეული თქვენი კეთილი სურვილი, გამხნევება, მხარდამჭერი პოსტის დაწერა ჩვენ ძალას, შემართებასა და მოტივაციას გვაძლევს...
რუსეთი უნდა დაინგრეს.