ორი თვის წინანდელი ინტერვიუა ედვარდ ლუტვაკთან
გამოიკვეთა ერთი გამოსავალი. უკრაინელებმა შესაძლოა მოახერხონ ხერსონის ოლქის დაბრუნება, მაგრამ ვერ შეძლებენ დონეცკისა და ლუგანსკის დაბრუნებას, და როცა საქმე ამ ეტაპამდე მივა, პუტინმა შეიძლება თქვას: მე გავჩერდები, თუ თქვენც გაჩერდებით, და მე ეს და ეს დამრჩება. პრობლემა მსგავსი „გამოსავლისას“ არის ის, რომ ზელენსკი უკრაინის დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტია და უფლება არ აქვს, უკრაინის ორი დიდი რეგიონი მტერს გადაულოცოს. ერთად აღებული დონეცკი და ლუგანსკი საშუალო სიდიდის ევროპული ქვეყნისხელაა. მეორე მხრივ, პუტინი თუ ერთპიროვნულად იმოქმედებს და ამ რეგიონების ღია ანექსიას შეეცდება, სანქციები ძალაში დარჩება, შედეგად კი რუსეთში „ჩამობნელდება“. მათ საშინელი ეფექტი ექნებათ რუსებზე, მათი ცხოვრების წესზე. ერთადერთ გამოსავლად ამ ჩიხიდან ვხედავ იმას, რომ ზელენსკიმ პლებისციტი გამოაცხადოს [დონეცკსა და ლუგანსკში] - ნამდვილი პლებისციტი და არა რუსული „რეფერენდუმი“. საერთაშორისო მონიტორინგის და მკაცრად განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით ჩატარებული პლებისციტი.
ალტერნატივა ბრძოლის გაგრძელებაა. პლებისციტი კი არის ვარიანტი, რომელიც მისაღები უნდა იყოს ორივე მხარისთვის - ისინი ჩიხში არიან შესულები, ერთადერთი გამოსავალი ამ ჩიხიდან პლებისციტია. თუ ამ გასასვლელს არ გამოიყენებენ, ჩიხში დარჩებიან. აი, რატომ მგონია პლებისციტი ერთადერთი გამოსავალი - პლებისციტში გადაწყვეტილების მიღება უწევს იმ ხალხს, რომელიც იქ ცხოვრობს და ზელენსკის, უკრაინის დემოკრატიულად არჩეულ პრეზიდენტს, არ შეუძლია აპრიორი თქვას: ოჰ, არა, უკრაინა უარს იტყვის დემოკრატიულ გამოსავალზე. დონეცკსა და ლუგანსკს აქვთ უფლება, დემოკრატიული გზით გადაწყვიტონ საკუთარი მომავალი - პუტინიც ხომ ამას გაიძახის? მას ექნება შესაძლებლობა, რუს ხალხს განუცხადოს, რომ დონეცკსა და ლუგანსკს მოუპოვა უფლება, თავიანთი არჩევანი გაეკეთებინათ. ისინი უკრაინის ტყვეები იყვნენ, მაგრამ ამ ომის წყალობით, თუმცა ის ძვირად დაგვიჯდა, მათ აქვთ უფლება, თავად აირჩიონ, რა უნდათ. და თუ ის საკუთარ ნარატივს გადაუხვევს და ამ რეგიონების მიერთებას ეცდება, ომი კიდეც რომ შეწყვიტოს, სანქციებს მაინც არ მოუხსნიან.
ეს რუსებისთვის ისტორიული ნორმაა - საშინლად იწყებენ, ზემოდან ნაკარნახები, მცდარი იდეებით, ცუდი, პოლიტიკანი გენერლებით და ომის განმავლობაში ამ გენერლებს ხსნიან და მათ ადგილზე მოდიან პოლკოვნიკები, რომელთაც საქმე იციან და უკეთ იბრძვიან. დღესაც ასე ხდება. დიდი უკეთესობა არაა, მაგრამ პროგრესი არის. უკრაინელების მსხვერპლი იზრდება. დასავლეთის დახმარება, თუ არ ჩავთვლით შტატებსა და ბრიტანეთს, შეზღუდულია. იტალიაში, მაგალითად, პოლიტიკური ნარატივი გამოიყურება ასე - დიახ, გვინდა დავეხმაროთ უკრაინას, მაგრამ ტანკებს არ გავუგზავნით, რადგან ტანკები შემტევი იარაღია - სხვანაირად რომ ვთქვათ, ეს სამხედრო უვიცობისა და მეტიჩრობის ნაზავია. თითზე ჩამოითვლება იმ ქვეყნების სია, რომლებიც უკრაინას რეალურ სამხედრო დახმარებას უწევენ - ესენია პოლონეთი, რომლებმაც ტანკები მისცეს, ამერიკელები, ბრიტანელები... დანარჩენები სიმბოლური ჟესტებით შემოიფარგლებიან. ასე რომ, უკრაინას აწუხებს შეიარაღების დეფიციტისა და მზარდი სამხედრო დანაკარგების პრობლემა - საკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ „ჩიხიდან“ გამოსავალი ეძებო.
უკრაინისთვის მთავარი პრობლემაა ის ფასი, რომლის გადახდაც კიევს ამ მიწების დასაბრუნებლად მოუწევს. შეძლებენ თუ არა ამას, დამოკიდებულია იმაზე, არიან თუ არა მზად ამ ფასის გადასახდელად და ეს ფასი ძალიან მაღალია. რუსეთს ჯერ კიდევ არ გამოუცხადებია მობილიზაცია, ხალხი, რომელიც დღეს უკრაინაში იბრძვის - ეს საკონტრაქტო ჯარისკაცები არიან, მათთვის ეს პროფესიაა. ამიტომაცაა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბურიატია პატარაა, პატარა მოსახლეობა ჰყავს, მსხვერპლის შეფარდებითი მაჩვენებელი ძალიან მაღალი აქვთ. ოსები, ბურიატები, დაღესტნელები - მათ ყველას არაპროპორციული დანაკარგები აქვთ, რადგან რუსეთი ამ ხალხს საზარბაზნე ხორცად იყენებს. საკონტრაქტო სამხედროებში მსხვერპლს კი ნაკლები პოლიტიკური ან სოციალური ეფექტი, „ხარჯი” აქვს. პოლიტიკური გადმოსახედიდან, უკრაინას მსგავსი „გასახარჯი“ მოსახლეობა არ ჰყავს, მსხვერპლი იქ ბევრად უფრო მტკივნეულად აღიქმება. ჩვენი საუბრის პარალელურად, უკრაინელები ცდილობენ ხერსონი დაიბრუნონ, და თუ პუტინი მართლაც იმ სტრატეგიას მისდევს, რომელსაც მე მივაწერ - რომ დათმოს ყველაფერი, მაგრამ შეინარჩუნოს დონეცკი და ლუგანსკი - მაშინ რუსები ხერსონში დიდ წინააღმდეგობას არ გასწევენ. განსხვავებით დონეცკისა და ლუგანსკისა - თუ უკრაინა ამ რეგიონების დაბრუნებას შეეცდება, რუსული დანაყოფების დიდ მასას შეეტაკება, სერიოზული თავდაცვითი სიღრმითა და მრავალრიცხოვანი არტილერიით გამაგრებულს.
ევროპელები ორ ჯგუფად იყოფიან: პირველში შედიან ქვეყნები, რომლებმაც იციან, რომ თუ მათ ქვეყანას თავს დაესხმებიან, მათი ჯარი ან არ იომებს, ან დამარცხდება, რომ მთავრობა არ დაეხმარებათ და მიატოვებს. ასეთ ქვეყნებს თავდაცვის სამინისტროც ჰყავთ, არმიაც, უნიფორმებიც აქვთ, მედლებიც, მაგრამ არ სწამთ, რომ ეს ყველაფერი რეალურია. ამ ჯგუფს წარმოადგენენ ქვეყნები, რომლებიც უკრაინას იარაღს ჰპირდებიან, მაგრამ ძალიან ცოტას უგზავნიან, ან არაფერს რეალურად გამოსადეგს. ეს ის ქვეყნებია, რომლებიც ორ წუთში დანებდებიან მტერს. ისინი ენთუზიაზმით არიან სავსე პაპისა და კისინჯერის განცხადებების მიმართ. ცხადზე ცხადია, რომ პორტუგალიელებს, ესპანელებს, იტალიელებს - არავითარი ინტერესი, პრინციპული პოზიცია არ გააჩნიათ ამ ომის მიმართ, ისინი უბრალოდ ვიშვიშებენ შექმნილი უსიამოვნებების, დაკარგული ბიზნესების გამო, იმის გამო, რომ მდიდარი რუსები მარბელაში ვეღარ ჩადიან: მარბელაში რესტორნის მფლობელები ამბობენ, რომ რუსების გარეშე რესტორნის დახურვა მოუწევთ, რადგან მხოლოდ რუსები არიან ისეთი იდიოტები, რომ ერთ ბოთლ ღვინოში 2000 დოლარი გადაიხადონ.
ცალკე უნდა ვახსენოთ გერმანელები, რომელთაც გამოიწვიეს კიდეც ეს ომი თავიანთი პოლიტიკით - მერკელმა და შოლცმა გამოიწვიეს ეს ომი, იმით, რომ წინააღმდეგობა არ გაუწიეს გერმანიაში რუსული პოლიტიკური გავლენის გავრცელებასა და რუსეთის წნეხს. არ დაგავიწყდეთ, რომ ლაპარაკია ევროპის ცენტრში მდებარე, დასავლეთ ევროპის ყველაზე მრავალრიცხოვან ერზე. გერმანელებს ყველაფრის ნიჭი აქვთ: მუსიკის, ფილოსოფიის, ბიზნესის, მანქანათმშენებლობის, აი, სტრატეგიის ნიჭი არ მისცათ ღმერთმა. პუტინის აღმავლობის დაწყებიდან მოყოლებული, გერმანული სტრატეგია აბსოლუტურად არაკომპეტენტური იყო. ამ პირველი ჯგუფის საპირწონედ გვყავს სერიოზული ხალხი, რომელსაც სჯერა თავისი არმიის და გამარჯვების მოლოდინი აქვთ - ბრიტანელები, ფინელები, ნორვეგიელები, შვედები, დანიელები, რომელთაც ისტორიულად ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი არმია ჰყავდათ, რომელიც პატარა სახელმწიფოს საჭიროებებზე იყო მორგებული. მოკლედ, ჩრდილოეთევროპელები, ბრიტანელები, ამერიკელები, კანადელები - ესენი სერიოზული ხალხია.
სრულად
https://www.radiotavisupleba.ge/a/31889393....hJ7QnMk_SFlnVl8