შეერთებულ შტატებშიც კი, სადაც საავტომობილო კომპანიების ლობი ათწლეულების მანძილზე ეწინააღმდეგებოდა საზოგადობრივი ტრანსპორტის განვითარებას, სუბურბანული ქალაქგეგმარება ავტომობილზე დამოკიდებულს ხდიდა მოსახლეობას, ხოლო პოპ-კულტურა (პირველ რიგში კინო) ავტომობილს ამერიკული ცხოვრების სტილის განუყრელ, საკულტო სტატუსს ანიჭებდა, დღეს აღიარებენ რომ ავტომობილზე ორიენტირებული ქალაქგეგმარება მხოლოდ ჩაკეტილ წრეს ქმნის.
რაში მდგომარეობს ეს ჩაკეტილი წრე? საცობების შესამცირებლად აშენებენ ახალ გზებს, ეს ახალი გზები ასტიმულირებენ დამატებით საავტომობილო ნაკადებს, განტვირთვა დროებითია, რამდენიმე წელში იქმნება მეტი საცობები და მათ შესამცირებლად აშენებენ ახალ გზებს. ეს პროცესი დასრულებელია და შთანთქავს უამრავ რესურსს, როგორც ფინანსურს, ასევე სივრცითს, წარმოშობს ეკოლოგიურ პრობლემებს, აუარესებს საცხოვრებელი გარემოს ხარისხს (იცხოვრებდით ესტაკადებით დასერილ სივრცეში?), ხოლო პრობლემის გრძელვადიან გადაწყვეტას არ ქმნის.
სატრანსპორტო პრობლემების გრძელვადიანი გადაწყვეტა და ზემოთ ნახსენები ჩაკეტილი წრის გაწყვეტა მხოლოდ არასაავტომობილო მობილობის წახალისებაში (ქვეითი, ველო და საზტრანსპორტი) და ავტომობილის გამოყენების მასტიმულირებელ ღონისძიებებზე (ახალი გზების მშენებლობა/გაფართოება ესტაკადები, საპარკინგე სივრცეები და ა.შ.) უარის თქმაში დგომარეობს. ამ ყველაფრის ალტერნატივა ისევ იგივე ჩაკეტილ წრეზე სიარულია.
ეს გზა ევროპამ უკვე გაიარა და დღეს ევროპულ ქალაქებში სტუმრად მყოფი ჩვენი მოქალაქეებიც ხედავენ ავტომობილებისგან განტვირთულ ქუჩებს, სიწყნარეს, საფეხმავლო გარემოს, სადაც თითო-ოროლა ავტომობილს თუ შეხვდები. მალე ამერიკული ქალაქებიც სულ უფრო და უფრო დაუახლოვდებიან ასეთ ევროპულ მოწყობას. რა თქმა უნდა, წინააღმდეგობები იქნება, უზარმაზარი პიკაპის მფლობელი ტეხასელი ლიბერტარანელი ფერმერი საკუთარი „ძირძველი“ უფლებების შელახვად აღიქვამს ამ ყველაფერს და შეიძლება ვინჩესტერსაც დასტაცოს ხელი, მაგრამ პროგრესი შეუქცვადია.
იგივეა ჩვენთან. ძნელია ნებისმიერ საზოგადოებაში ელოდე სწორი რეფომების საყოვეთაო მხარდაჭერას, ჩვენი საზოგადოებაც არც იდეალურია, არც მთლად წყალწაღებული. საზოგადოების მარგინალური ნაწილი რამდენიმე დღის წინ ზეიმობდა ადამიანის დაღუპვას, რადგან მათი შეხედულებებით ეს ადამიანი „სწორად“ არ ცხოვრობდა და „სათანადოდ“ არ გამოიყურებოდა, ასევე საზოგადოების ნაწილი მარჯვენას ულოცავდა საბერძნეთში მცხოვრებ კრიმინალს, რომელმაც 2 საათში რამდენიმე მაღაზია გაქურდა. როცა ისეთ საბაზისო საკითხებზეც არ გვაქვს კონსენსუსი, რომ ყველას აქვს საკუთარი ცხოვრების დამოუკიდებლად წარმართვის და ბედნიერების უფლება, ხოლო ნებისმიერი კრიმინალი (მიწისქვეშა ობიექტებში ცნობისმოყვარეობით მოტივირებული არასანქცირებული შეღწევის გარდა) ცალმხრივად მიუღებელია, არც უნდა ველოდოთ, რომ ყველა მომენტალურად გაიგებს და ერთხმად მხარს დაუჭერს სატრანსპორტო პოლიტიკის ინტიუტიურ დონეზე არც თუ ადვილად გასაგებ, მაგრამ სწორ პრიორიტეტებს.
მაგრამ პროგრესს ვერაფერი შეაჩერებს. გილოცავთ ახალ წელს და ამ პერიოდში არსებულ სხვა დღესასწაულებს.
https://www.nytimes.com/2023/01/06/us/widen...BEs4w3QP1_7WVm4ნიუ იორკ ტაიმსის სტატია 'საავტომობილო მაგისტრალების გაფართოება არ აუმჯობესებს მოძრაობას. მაშინ რატომ ვაგრძელებთ ამის კეთებას?'. 'ზოგი ცუდი ჩვევა ძნელი მოსაშორებელია'.
"ბაიდენის ადმინისტრაციის რჩევაა რომ შტატები უფრო მეტად დაფიქრდნენ სატრანსპორტო საცობების მოგვარების მათეულ საშუალებებზე. ზოგჯერ გაგანიერება საჭიროა, ამბობს ტრასნპორტის მდივანი პიტ ბუტიგეგი, მაგრამ სატრანსპორტო საკითხების მოგვარების სხვა საშუალებებს უნდა მივაქციოთ ყურადღება, არსებული გზების გაუმჯობესებაზე და საზოგადოებრივი ტრანსპორტის უზრუნველყოფაზე უნდა ვიფიქროთ. "ადამიანების გადაადგილება ეფექტიანად და მისაწვდომად ბევრად უფრო რთულია ვიდრე უბრალოდ მეტი ბეტონის და ასფალტის დაგება", ამბობს ის.
ლოს ანჟელესში ბოლო ოც წელში 60 მილიონი დოლარი დაიხარჯა პროექტირებაზე, მაგრამ წინა წლის მაისში 710-ე მაგისტრალის გაფართოების გადაწყვეტილება გაუქმდა. "ჩვენ არ ვფიქრობთ რომ გზების გაგანიერება მისაღები სტრატეგიაა ლოს ანჟელესისთვის", განაცხადა ჯეიმს დე ლოზამ, ლოს ანჟელესის სატრანსპორტო დაგეგმარების სააგენტოს ხელმძღვანელმა.
ნიუ იორკი აპირებს კვლავ დაავიწროვოს მოძრაობით მუდმივად გაჭედილი ბრუკლინ ქუინსის მაგისტრალი.
"თუ თქვენ აგრძელებთ სამოძრაო ზოლების დამატებას იმიტომ რომ სატრანსპორტო საცობის შემცირება გსურთ, ესე იგი თქვენ გადაწყვეტილი გაქვთ არაფერი ისწავლოთ წარსულიდან". მეტ ტერნერი, ბრაუნის უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორი, მოძრაობაზე მაგისტრალების გაფართოების გავლენაზე 2009 წლის კვლევის თანა-ავტორი.