ამირან გომართელი
ბერძენიშვილის პლაგიატი და კომპილაცია
„საბას“ მოლოდინშია
„საბას“ პრემიაზე, სამ საუკეთესო ფინალისტს შორს, დასახელებულია ლევან ბერძენიშვილის წიგნი, რომელსაც, „ცისფერი მთებისა“ და „ტიანშანისა“ არ იყოს, ორი სათაური აქვს - „1921-1990 ერთი კაცისა და ქვეყნის ამბავი“. ერთ კაცში, რაღა თქმა უნდა, ბერძენიშვილი საკუთარ პერსონას გულისხმობს, ქვეყანაში - საქართველოს. ასეთ ამბიციურობასთან პროლეტკულტელი ალიო მაშაშვილის ბოლშევიკურად თამამი სათაურიც კი - „მე და ბარათაშვილი“ - ერთობ მოკრძალებულად გამოიყურება.
ამ წიგნზე საუბარს ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში დაგპირდით, ორ დღეში შოვის ტრაგედია დატრიალდა და პოსტი აღარ გამოვაქვეყნე. ამჟამად ვასრულებ დანაპირებს.
ამთავითვე უნდა ვთქვა, ბერძენიშვილის წიგნში ახალს და მნიშვნელოვანს ვერაფერს იპოვის მკითხველი, მაგალითისათვის ჯერ შესავალი და პირველი თავი ვნახოთ (დანაჩენებზე მერე), სადაც ზერელე საუბარია 1921 წლის 25 თებერვლის ოკუპაციაზე; ჩამოთვლილია „შულავერის კომიტეტის“ წევრები, რაც დიდი ვერაფერი სიახლეა, ისევე როგორც მოხმობა კოლაუ ნადირაძის ორი სტროფისა საკმაოდ ცნობილი ლექსიდან - „1921 წლის 25 თებერვალი“, რომელზეც ბერძენიშვილამდეც ბევრი თქმულა და დაწერილა. მეტიც, სასკოლო სახელმძღვანელოებშიც კი არის შეტანილი (მერე ამ ლექსს ბერძენიშვილის წიგნის სხვა თავში უფრო ვრცელი ადგილი ეთმობა, რაზეც ქვემოთ ვისაუბრებ); შედარებით კონკრეტულია მსჯელობა მურმან ლებანიძის ლექსზე, რომელშიც პოეტი, სამწუხაროდ, თებერვლის ოკუპაციას გაზაფხულის დადგომას ადარებს, ოღონდ წიგნის ეს პასაჟი სხვა ავტორს ეკუთვნის, ბერძენიშვილი მხოლოდ პლაგიატორია. ის ამჯერადაც, როგორც საჯარო ლექციებისას სჩვევია, გუგლით საზრდოობს და ინტერნეტში გამოქვეყნებულ ტექსტს, მცირეოდენი ცვლილებით, საკუთარ ნააზრევად ასაღებს.
ჯერ ბერძენიშვილის წიგნის გამოცემამდე 2 წლით ადრე, 2020 წლის 25 თებერვალს, ინტერნეტსაიტზე artinfo.ge გამოქვეყნებული ტექსტი ვნახოთ:
„მურმან ლებანიძის პოეზიაში ნამდვილად ბევრია პატრიოტული ლექსი, თუმცა მის შემოქმედებაში არის ლექსი, რომელიც ლიტერატურის მოყვარულებში საკამათოა. მკითხველთა ნაწილს მიაჩნია, რომ პოეტი აიძულეს ასეთი ლექსი დაეწერა და ის ერთადერთი არ იყო, ნაწილს კი სჯერა, რომ პოეტს პირადი გამორჩენის სურვილი ამოძრავებდა.“
ახლა ბერძენიშვილს მოვუხმოთ:
„აი, მაგალითად, მურმან ლებანიძის პოეზია სავსეა პატრიოტული ლექსებით, თუმცა მის შემოქმედებაში გვხვდება ერთი „განსაკუთრებული“ ტექსტი. ზოგიერთები ფიქრობენ, რომ პოეტმა ეს ლექსი პირადი გამორჩენის სურვილით დაწერა, თუმცა, მე მაინც მგონია, რომ მწერლობა მოათვინიერეს და სწორედ ამიტომ დაიწერა ასეთი ლექსი“ (ბერძენიშვილი, 2022, გვ. 19). ამ აბზაცს მერე მურმან ლებანიძის ლექსი მოსდევს.
როგორც ხედავთ, ბერძენიშვილი არც თუ დიდად ირჯება, ორიოდე სიტყვას ცვლის და გადააადგილებს, აკაკი ბაქრაძის ტერმინს - „მწერლობის მოთვინიერებას“ - იშველიებს და საქმეც მომთავრებულია. მურმან ლებანიძის ძველი კრებულის მოძიებაც კი არ დასჭირვებია, ლექსსაც artinfo აქვეყნებს, ბერძენიშვილი კი აკოპირებს. ასე არ ჯობია?! არ გაირთულა კაცმა ცხოვრება!
ახლა ბერძენიშვილის ქურდობა-პლაგიატორობის კიდევ უკეთეს მაგალითს გაგაცნობთ, სადაც, პლაგიატის შენიღბვის მიზნით, დროდადრო თაღლითობებსაც მიმართავს.
წიგნის მე-40 გვერდიდან ბერძენიშვილი კოლაუ ნადირაძის ლექსთან დაკავშირებულ ამბებს, როგორც მოგახსენეთ, უფრო ვრცლად გვიყვება. დასასრულ კი გვირჩევს: „ვისაც მწერალთა კავშირში კოლაუ ნადირაძის საქმეზე გამართული განხილვის დეტალები აინტერესებს, შეუძლია იხილოს უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილების ფონდი, საქმე #3248.“ ეს იმისათვის სჭირდება, დაგვარწმუნოს, მასალა მე თავად მოვიძიეო, თუმც ამ მასალის პუბლიკაციისას „იაღლიშები“ მოსდის, რასაც ქვემოთ თვალნათლივ ვნახავთ. რაც შეეხება ბერძენიშვილის „მოწადინებას“ მკითხველთა დახმარებისა, უნდა შევნიშნო - მართალია, საქმის ნომერი კი მიგვითითა, მაგრამ საქმეც ისაა, რომ არქივში დოკუმენტის ამგვარად მოძებნა იოლი საქმე არ არის, საჭიროა კონკრეტული ფონდისა და ანაწერის მითითებაც. ზუსტად ისე, როგორც ამ საკითხთან დაკავშირებულ, ინტერნეტში განთავსებულ ნინო ჩხიკვიშვილის პუბლიკაციაშია: ფონდი - # 8, ანაწერი - # 1, საქმე # 3248, ფურცელი 20-33.
ერთი სიტყვით, ბერძენიშვილს ბევრი არ უწვალია. ინტერნეტის მეშვეობით იოლად მოიძია კოლაუ ნადირაძის ლექსის გამოქვეყნებასთან დაკავშირებული მასალები, ანუ, როგორც თვითონ უწოდებს - „განხილვის დეტალები“ - სინამდვილეში კი მწერალთა კავშირის 1985 წლის 3 სექტემბრის სხდომის ოქმი. სიტყვა ოქმს და ამ ოქმის თარიღის ხსენებას კი შეგნებულად გაურბის. ეშინია, სხვამაც რომ დაგუგლოს „მწერალთა კავშირის 1985 წლის 3 სექტემბრის ოქმი“ - ხომ გაიყიდება თხასავით?! აღმოჩნდება, რომ „ვისაც... განხილვის დეტალები აინტერესებს“, სულაც არ დასჭირდება არქივში წასვლა, საითკენაც, კვალის დაფარვის მიზნით, გადაგვამისამართა ბერძენიშვილმა. იქ იპოვის, საიდანაც ჩვენმა ინტერნეტგანმანათლებელმა გადმოიწერა - ინტერნეტი აუცილებლად ამოუგდებს ნინო ჩხიკვიშვილის სტატიას - „აქა ამბავი კოლაუ ნადირაძის ლექსისა „25 თებერვალი“, რომელიც წარმოადგენს ვრცელ ამონარიდს ხსენებული ავტორის წიგნიდან „უკანასკნელი ცისფერყანწელი“ (გამომცემლობა „არტანუჯი“, 2015 წელი). ეს სტატია 2016 წლის 25 თებერვალს განუთავსებია ინტერნეტში ნინო ჩხიკვიშვილს, ასევე იძებნება artinfo -ს საიტზეც - ავტორის სახელისა და გვარის მითითებით. ბერძენიშვილი საპრემიოდ გამიზნულ წიგნში, 41-დან 44-ე გვერდის ჩათვლით, პირწმინდად იწერს ნინო ჩხიკვიშვილის ინტერნეტპუბლიკაციას. მეეჭვება, მისი უნარ-ჩვევების კაცს ასეთი საქციელი დიდად ანაღვლებდეს. ძირითადად ხომ ინტერნეტში გამოქვეყნებული მასალითაა ნასაზრდოები მისი საჯარო ლექციებიც.
ახლა ისევ ბერძენიშვილის პლაგიატს დავუბრუნდეთ. ბუნებრივია, მას არ უნდა ნინო ჩხიკვიშვილის ხსენება, ამიტომაც საკმაოდ იოლად „იყიდება“. მაგალითად, ნინო ჩხიკვიშვილი წერს: „რაც შეეხება ლექსის დაწერის ნამდვილ ისტორიას, პოეტმა მიამბო, როდის და როგორ დაიწერა „25 თებერვალი“:
„1969 წლის 25 თებერვალი გათენდა და მე და ჩემი მეგობრები: შალვა დემეტრაძე, ლელი ხოტივარი, შალვა კაშმაძე, ლადო გველესიანი (ახლა არცერთი ცოცხალი აღარაა) ქაშვეთში წავედით, სანთლები დავუნთეთ საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლ თავდადებულთა სულებს, მოვინახულეთ გრიგოლ ორბელიანის საფლავი; კაეშანი შემომაწვა გულზე, შინ რომ დავბრუნდი, დავწერე ეს ლექსი და შალვა დემეტრაძეს გადავეცი - შენ ჩემზე გაცილებით ახალგაზრდა ხარ, იქნებ ჩემ შემდეგ მაინც დადგეს ლექსის დაბეჭდვის დრო-მეთქი! არადა, შალვა გარდაიცვალა, მე კი ცოცხალი დავრჩი (არ არის ეს სასწაული? - სულ უკვირდა ბატონ კოლაუს!). მისი არქივი ლიტერატურის მუზეუმმა წაიღო, მათ შორის, ჩემი ლექსიც... და, ეტყობა, არ ენება განგებას ამ ლექსის დაკარგვა! - ასე მოხდა ეს ამბავი, ეტყობა, ლექსსაც, ადამიანისა არ იყოს, თავისი ბედი აქვს!“
ბერძენიშვილს საკუთარი წიგნის 41-ე გვერდზე ნინო ჩხიკვიშვილისგან სიტყვასიტყვით აქვს გადმოწერილი ეს ვრცელი აბზაცი, რომელსაც წინ მხოლოდ რამდენიმე სიტყვა წარუმძღვარა: „... ორი სიტყვა ვთქვათ კოლაუ ნადირაძის მოგონებაზე იმის შესახებ, თუ როგორ დაიწერა „25 თებერვალი“. რა თქმა უნდა, პატიოსნება მოითხოვდა ნინო ჩხიკვიშვილის წიგნის ან ინტერნეტპუბლიკაციის მითითებას. ისე, სადაც სამართალია, ეს ნინო ჩხიკვიშვილის მოგონებაა: (პოეტმა მიამბო, როდის და როგორ დაიწერა „25 თებერვალი“). ამიტომ ბერძენიშვილი ვალდებული იყო დაეწერა: „ნინო ჩხიკვიშვილი იხსენებს პოეტის ნაამბობს,“ მაგრამ, როგორც მოგახსენეთ, ნინო ჩხიკვიშვილს საერთოდ არ ახსენებს, ეშინია, ვინმე არ დაინტერესდეს მისი წიგნით ან პუბლიკაციით, მაშინ ხომ აღარ დაიმალება ამ „სახელგავარდნილი“ (გურამ დოჩანაშვილისეული კომპოზიტია. უწესო ყოფაქცევის ქალზე აქვს ნათქვამი „ვატერ(პო)ლოო-ში“..

ინტერნეტგანმანათლებლის ქურდობა. ამ „მოგონება/გახსენებამ“ მთლად აურია საცოდავს „რამსები“. კიდევ ერთი მაგალითი. ციტატი ბერძენიშვილის წიგნიდან (გვ. 42): „აი, რას იხსენებს მწერალთა კავშირის მაშინდელი თავმჯდომარე - შოთა ნიშნიანიძე“, - ამას მოსდევს ნინო ჩხიკვიშვილისაგან გადმოწერილი, მწერალთა კავშირის სხდომის ოქმში დაფიქსირებული შოთა ნიშნიანიძის ვრცელი სიტყვა, რომელიც ასე იწყება: „გუშინ ჩემთან მოვიდა, როგორც მწერალთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარესთან, პოეტი კოლაუ, ანუ ნიკოლოზ ნადირაძე და როგორც აღსარება ისე გამანდო შემდეგი.“ (აქ მხოლოდ ერთი სიტყვა, სახელი - კოლაუ - ჩაუმატებია. ასეთი მარტივი გზით ცდილობს პლაგიატის შენიღბვას).
ბერძენიშვილმა კარგად იცის, რომ მის მიერ გადმოწერილი ტექსტი მწერალთა კავშირის იმჟამინდელი თავმჯდომარის გახსენება-მოგონება კი არ არის, არამედ სტენოგრაფიული ჩანაწერია - დაფიქსირებული სხდომის ოქმში, რომელიც ნინო ჩხიკვიშვილმა გაასაჯაროვა, ბერძენიშვილი კი ქურდობის შენიღბვის მიზნით მოგონებად ასაღებს. მთავარია, ნინო ჩხიკვიშვილი არ ახსენოს! საინტერესოა, რომ გვეკითხა, სად წაიკითხა შოთა ნიშნიანიძის, როგორც ის ამბობს, მოგონება, თანაც „გუშინდელი“, რას გვიპასუხებდა?!
პლაგიატის ამდენი შენიღბვა-შეფუთვის მიზნით, ბერძენიშვილმა შუაში გაწყვიტა შოთა ნიშნიანიძის სიტყვა და მოგონების სახე რომ მიეცა, 43-ე გვერდზე ფრჩხილებში ჩაწერა - „(ეს ამბები ხდება 1984 წელს)“.
რაში სჭირდება ეს ჩანართი ბერძენიშვილს, რატომ უთითებს არასწორ თარიღს?! ნინო ჩხიკვიშვილს ხომ გარკვევით უწერია, მწერალთა კავშირის სხდომა 1985 წლის 3 სექტემბერს გაიმართაო. ოთხი გვერდი სრულად „გადმოაკატავა“ და ეს ვეღარ გადმოიწერა?! აქაც მიზანი კვალის არევაა. ნინო ჩხიკვიშვილისგან რომ გადმომეწერა, სხდომის თარიღსაც ხომ გადმოვწერდი, აღარ შემეშლებოდაო. მაინც შეეშალა, მცდელობამ ამაოდ ჩაიარა - კვალი ვერ წაშალა.
ბერძენიშვილმა მერე კიდევ ერთხელ გაწყვიტა შოთა ნიშნიანიძის სიტყვა იმის თაობაზე, თუ რატომ არ ესწრებოდა სხდომას კოლაუ ნადირაძე და ფრჩხილებში ჩაწერა - „(სინამდვილეში თავად გააფრთხილეს კოლაუ ნადირაძე - არ მოხვიდეო)“, ეს ფაქტი ნაღდად მოგონებაა, ოღონდ კოლაუს ვაჟის, ნუგზარ ნადირაძისაა და ესეც ნინო ჩხიკვიშვილისგან შეიტყო ბერძენიშვილმა, რომელიც იმ ამბავს, თუ როგორ გააფრთხილეს კოლაუ ნადირაძე - სხდომაზე არ მოხვიდეო, ასე იწყებს: „როგორც კოლაუს ვაჟი, ნუგზარი, იგონებს...“
ათას რამეს იგონებს საპრემიოდ გამიზნული წიგნის ავტორიც, მისი ქურდობა-პლაგიატორობა რომ არ გამომჟღავნდეს. თვალსაჩინოებისათვის, რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა ბერძენიშვილის ოთხგვერდიანი პლაგიატისა და ნინო ჩხიკვიშვილის ტექსტის სრულად გამოქვეყნება, მაგრამ ფბ პოსტში ასეთი ვრცელი მასალის განთავსება შეუძლებელია.
ახლა კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ რა რთულია ქურდობის შენიღბვა.
ნინო ჩხიკვიშვილი წერს: „ამ ლექსის დაბეჭდვას გადაჰყვნენ...“ და ჩამოთვლის გამომცემლობის იმ თანამშრომელთა თანამდებობებსა და გვარ-სახელებს, ვინც სამსახურიდან დაითხოვეს. მათ შორის ასახელებს ლიტერატურის მუზეუმის თანამშრომელს, გურამ ვანიძეს. აქ ნინო ჩხიკვიშვილს ერთადერთი უზუსტობა აქვს - გურამ ვანიძე არ გაუთავისუფლებიათ.
42-ე გვერდზე ბერძენიშვილიც იმავე ლექსიკით - „ამ ლექსს გადაყვნენ“ - იწყებს სამსახურიდან გათავისუფლებულთა ჩამოთვლას თანამდებობების დასახელებით, ოღონდ გვარ-სახელების გარეშე. გათავისუფლებულთა შორის ბერძენიშვილიც ასახელებს ლიტერატურის მუზეუმის თანამშრომელს (ანუ გურამ ვანიძეს). ერთი სიტყვით, თუთიყუშივით იმეორებს სხვის უზუსტობას.
გამეორებას, ანუ ფრაზეოლოგიურ თანხვედრას რაც შეეხება... გასაოცარია პირდაპირ, ამ სახელგანთქმულ ინტელექტუალს გადმოწერის გარეშე, ხშირად, ელემენტარული კომენტარის დაწერაც კი უჭირს. ნინო ჩხიკვიშვილს უწერია: „ისე კი იყო ირონია ბედისა, რომ ლექსი მაინცდამაინც იმ წიგნში დაიბეჭდა, რომელიც დიდი ოქტომბრის რევოლუციის 70-ე წლისთავს მიეძღვნა“. ბერძენიშვილს ისე „მოსწონებია“ გამოთქმა „ბედის ირონია“, რომ 41-ე გვერდზე ერთ აბზაცში ორჯერ იმეორებს. დასაწყისში - „ისე კი ნამდვილად ბედის ირონიაა“ და დასასრულს ისევ აღმოხდება - „შეგიძლიათ ამისთანა ირონიის წარმოდგენა?!“
ჩვენც ამ ირონიით დავამთავროთ დღეს ბერძენიშვილის წიგნზე მსჯელობა. გაგრძელება, რა თქმა უნდა, იქნება!
P.S.
ახლა ბერძენიშვილის ინტერვიუს ერთი ფრაგმენტი მინდა გაგაცნოთ. (kvirispalitra.ge 6 აგვისტო. 2023წ), რომელსაც ორიოდე სიტყვას წარვუმძღვარებ.
1-ელ აგვისტოს გამოქვეყნებულ ჩემს ფბ პოსტში დავაანონსე, რომ ბერძენიშვილის წიგნზე ვისაუბრებდი. იქვე ისიც აღვნიშნე, ბერძენიშვილის ოპუსი ქურდობა-პლაგიატობით და მისი შენიღბვის მცდელობითაც გამოირჩევა-მეთქი. ქურდს ქუდი ასწვია, სასწრაფო ზომები მიუღია და ინტერვიუ გაუშანშალებია. გთავაზობთ ფრაგმენტს ინტერვიუდან:
„ - ჩემი ავტორობით შვიდი წიგნი გამოვიდა, შვიდი კიდევ უნდა გამოვიდეს, თავი მოვიკალი არქივებში ჯდომით და პასუხად მივიღე, რომ მე თურმე დავით აღმაშენებელი არ მყვარებია... პირდაპირ უნდა გითხრათ, რომ ასეთი უსინდისობა არ მეკუთვნოდა!“
ეგებ ვინმემ განუმარტოს ბერძენიშვილს, სხვისი პუბლიკაციის პირწმინდად გადაწერას არ სჭირდება „არქივში ჯდომა“ და „თავის მოკვლა“. თავის მოჭრა და უსინდისობა კი ნამდვილად ჰქვია ასეთ საქციელს.
P.P.S.
ტრადიციულად, ბერძენიშვილის მიერ გალანძღული აკაკი წერეთლის სიტყვებით უნდა დავამთავრო. ამჯერად პერიფრაზით: ახლა გინდ „საბა“ მიეცით და გინდ გონკურების პრემია მაგ თქვენს ... ფალავანსა.
This post has been edited by nino darbaiseli on 16 Aug 2023, 21:59
როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ სიმართლე უყვართ, იგულისხმება მხოლოდ ის სიმართლე, რომელიც მათ სასარგებლოდ მეტყველებს.
...და ჩვენს სასარგებლოდ მეტყველი სიცრუეც - საყვარელი თუ არა, ადვილად ასატანი ხომ მაინც არის?
http://forum.ge/?showtopic=33836566&f=&st=420&#entry20646004